გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.08.2018
საქმის ნომერი
080370017002201220
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080370017002201220

საქმე №3/1395-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

მოსარჩელე - ე-–------ ბ--------

წარმომადგენელი - თ---------------

წარმომადგენელი - ვ----–---------

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - შ------------–--–---–ი, ა--------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 9 ნოემბრის №29909 ბრძანება;

 

1.3. ნაწილობრივ (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის N30823 ბრძანება; კერძოდ იმ ნაწილში რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე-–------ ბ--------ს საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე.

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელის ოჯახი შედგება ორი წევრისგან (თავად ე-–------ ბ-------- და მეუღლე თ----- შ----–--ე), რომლებიც ცხოვრობენ წალენჯიხის რაიონი სოფელ ჯ---–ში. 2017 წლის 30 იანვარს ხანძრის შედეგად მთლიანად დაეწვათ საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლის აღდგენისა და დახმარების მიზნით მოსარჩელემ მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 26 აგვისტო და 3 სექტემბერს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები N1000183021 და N1000183756 ხე-ტყის დამზადების უფლებით. 2017 წლის 25 სექტემბერს ხე-ტყის დამუშავების შემდეგ მის საკუთრებაში არსებული ხე-ტყის მასალა ჩამოიტანა ქალაქ ზუგდიდში, მაგრამ ვინაიდან იყო ნედლი და შემოდგომის დროს ბუნებრივ პირობებში გაშრობა ვერ ხერხდებოდა მეგობარ ბადრი გოგოხიას სთხოვა დახმარება მასალის თბილისში ტრანსპორტირებაში, რათა თბილისში არსებულ საამქროში მომხდარიყო ხელოვნური გაშრობა. 2017 წლის 9 ოქტომბერს, როდესაც ბადრი გოგოხიას თბილისში გადაჰქონდა მასალა, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო 2017 წლის 26 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრის მიერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, მიუხედავად იმისა, რომ ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული მასალა წარმოადგენდა მის საკუთრებას და არ იყო განკუთვნილი სამეწარმეო საქმიანობისათვის, რის დამადასტურებლადაც წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 2017 წლის 01 თებერვლის N288412 ცნობის თანახმად დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვარს ხანძრისგან მთლიანად განადგურდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ---–ში მდებარე ე-–------ ბ--------ს საცხოვრებელი სახლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. ცნობა და ფოტოსურათი (ს.ფ. 52-55)

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 აგვისტოს ე-–------ ბ--------ს სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N1000183021, რომლის თანახმად:

 

მორების რაოდენობა: 1; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 49 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 45სმ;

მორების რაოდენობა: 2; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 57 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 52სმ;

მორების რაოდენობა: 3; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 64 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 55სმ;

მორების რაოდენობა: 4; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 58 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 48სმ;

მორების რაოდენობა: 5; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 53 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 47სმ;

მორების რაოდენობა: 6; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 46 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 40სმ;

მორების რაოდენობა: 7; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 55 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 52სმ;

 

მორების რაოდენობა: 9; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 67 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 58სმ;

მორების რაოდენობა: 10; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 49 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 39სმ;

 

დამზადების ადგილი: მესტიის სატყეო უბანი, ხე-ტყის სართო მოცულობა მ3 -13,920; დოკუმენტის შევსების თარიღი - 20:30 26.08.2017. გადამუშავებული მ3- 13,97; მიღებული პროდუქტი - 10,47.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (ს.ფ. 15)

- მონაცემები ხე-ტყის მოცულობის შესახებ (იხ. ს.ფ. 142-144);

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 3 სექტემბერს ე-–------ ბ--------ს სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N1000183756, რომლის თანახმად:

მორების რაოდენობა: 1; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 52 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 45სმ;

მორების რაოდენობა: 2; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 56 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 51სმ;

მორების რაოდენობა: 3; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 62 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 56სმ;

მორების რაოდენობა: 4; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 53 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 44სმ;

მორების რაოდენობა: 5; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 56 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 51სმ;

მორების რაოდენობა: 6; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 54 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 43სმ;

მორების რაოდენობა: 4; მორების სიგრძე - 6მ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით მსხვილი- 49 სმ; დიამეტრი ბოლოების მიხედვით წვრილი - 42სმ;

 

დამზადების ადგილი: მესტიის სატყეო უბანი; ხე-ტყის საერთო მოცეულობა (მ3) - ჯამი 9,000; დოკუმენტის შევსების თარიღი 03.09.2017; გადამუშავებული მ3- 9; მიღებული პროდუქტი - 6,75.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელ ტყის წარმოშობის დოკუმენტები (ს.ფ. 14)

- მონაცემები ხე-ტყის მოცულობის შესახებ (იხ. ს.ფ. 145-146; 148)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ ინფორმაციით დადგენილია, რომ გადამუშავების შედეგად ხე-ტყის მოცულობამ შეადგინა 1,970+1,750=3,72მ2.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ (იხ. ს.ფ. 144; 148);

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ოქტომბერს ბადრი გოგოხია ახორციელებდა დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის ტრანსპორტირებას DD177MM სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით.

 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 10 ოქტომბრის N43664/10/17 დასკვნით დადგენილია, რომ ბადრი გოგოხიას მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე სახ. ნომით DD177MM ძარაში განთავსებული დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 18,82 კუბ.მ-ს, შეფასების თარიღისთვის (10.10.2017წ) მისი საორიენტაციო ღირებულებაა - 12233 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.

 

საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს 12:35 საათზე ხაშურის რაიონის სოფელ ჩუმათელეთში შეჩერებული იქნა ზემოაღნიშნული DD177MM სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ბადრი გოგოხია. აღნიშნული ავტომანქანის მონაცემები გადამოწმებული იქნა ,,oracle’’ ელექტრონულ ბაზაში და აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა გადაადგილდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ე-–------ ბ--------ს და ბადრი გოგოხიას.

 

2017 წლის 26 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის განყოფილების ოფიცრების გიორგი ქრისტესიაშვილის და ლევან გოგიტიძის მიერ შედგა მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად შესწავლილი იქნა ხე-ტყის წარმოშობის N1000183756 და N1000183021 დოკუმენტები, რომელთა გადამუშავების შედეგად ჯამში მიღებულია 3,72 მ3 ფიცარი, ხოლო DD177MM სახ. ნომრის მქონე ავტომანქანით ბადრი გოგოხია ახდენდა 18,82მ3 ფიცრის ტრანსპორტირებას კანონმდებლობით განსაზღვრული ზედნადების გარეშე.

 

აღნიშნულის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს ე-–------ ბ--------ს მიმართ შედგა N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სსკ-ის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით. სახდელად განესაზღვრა - ფულადი ჯარიმა - 5000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

2018 წლის 26 ოქტომბერს ე-–------ ბ--------ს მიმართ შედგა ასევე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB813510 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და სახდელად განესაზღვრა - ჯარიმა 500 ლარი.

 

დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 09 ნოემბრის N299909 ბრძანებით, გასწორდა ფ/პ ე-–------ ბ--------ს მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების 2017 წლის 26 ოქტომბერს შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევის N165890 ოქმში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მე-6 გრაფაში შეფარდებული სანქცია, სანქციის სახე ან/და ოდენობა’’, ნაცვლად სსკ-ის 286 მუხლის 12 ნაწილი, ფულადი ჯარიმა (5000 ლარი) და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა’’, მიეთითა სსკ-ის 286-ე მუხლის 32 ნაწილი, ფულადი ჯარიმა (10,000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2017 წლის 10 ოქტომბრის N43664/10/17 დასკვნა (ს.ფ.136139);

- N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს.ფ. 49);

- N CB813510 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს.ფ. 150);

- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 09 ნოემბრის N29909 ბრძანება (იხ. ს.ფ. 11);

- მოხსენებითი ბარათი (იხ. ს.ფ. 152-153);

 

3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და NCB813510 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ე-–------ ბ--------მ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე-–------ ბ--------ს საჩივარი. გაუქმდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის NCB813510 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია. დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 ნოემბრის N 30823 ბრძანება (იხ. ს.ფ. 6-10)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №ბს-1635-1589(კ-08)).

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, ვინაიდან ბადრი გოგოხიას მიერ მინდობილობის საფუძველზე ტრანსპორტირებული დახერხილი ხის მასალა განკუთვნილი იყო ე-–------ ბ--------ს პირადი საჭიროებისათვის და არა სამეწარმეო საქმიანობისთვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-9, 43-ე, 136-ე, 269-ე, 286-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 9 ნოემბრის №29909 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის N30823 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219 (კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ.

 

საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის“.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს; ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში; გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს (72-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. ამავე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმების განმარტების შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ე-–------ ბ--------ს მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №165890, რომლის თანახმადაც, გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით DD177MM, რომლითაც ბადრო გოგოხიას გადაჰქონდა ე-–------ ბ--------ს კუთვნილი 18.8მ3 დახერხილი ხის მასალა (საბაზრო ღირებულება - 12233 ლარი), სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის საფუძველზე, ე-–------ ბ-------- დაჯარიმდა 10, 000 (ათი ათასი) ლარით (2017 წლის 09 ნოემბრის შესწორებული ბრძანება).

 

სასამართლო, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 286-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში საქმეზე №ბს-205-203(კ-14) საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტების შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასაქონლო ზედნადები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას ან იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმცემი (გამყიდველი) მის მიერ დაქირავებული თანამშრომლის, დისტრიბუტორის მეშვეობით ახორციელებს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას, ე.ი. გამყიდველი (მეწარმე) ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული - გამოწეროს სასაქონლო ზედნადები, მას ამგვარი ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარუდგენს მეწარმის დამადასტურებელ დოკუმენტს. ზედნადების ქონის ვალდებულება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ე-–------ ბ--------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

სასამართლო მიუთითებს სადავო მუხლის დისპოზიციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. ამდენად, მუხლის მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების შევსების მიზანია გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამდენად, საგადასახადო მიზნებისთვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის. მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება შეიძლება, არ წარმოადგენდეს მოგების მიღების მიზნით განხორციელებულს. ფიზიკური პირები ყოველდღიურად უამრავ სხვადასხვა გარიგებას დებენ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მათი ნებისმიერი მოქმედება არ უნდა იქნას მიჩნეული სამეწარმეო მიზნებისთვის განხორციელებულად, არამედ აღნიშნული მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადგინდეს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ცნობას, რომლის თანახმად, 2017 წლის 30 იანვარს ხანძრისგან მთლიანად განადგურდა ე-–------ ბ--------ს საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის განმარტებით მან დახმარების მიზნით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. 2017 წლის 26 აგვისტოს და 2017 წლის 3 სექტემბერს ე-–------ ბ--------ს სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბადრი გოგოხიამ განმარტა, რომ პროფესიით არის მძღოლი, ახლო ურთიერთობა აქვს ე-–------ ბ--------სთან, რომელმაც სთხოვა ხის მასალის თბილისში ტრანსპორტირება გაშრობის მიზნით. საამქროს ზუსტი მისამართი სადაც უნდა დაეტოვებინა მასალა მისთვის უცნობია, რადგან აღნიშნულს დააზუსტებდა თბილისში ჩასვლის დროს. მას ტრანსპორტირებისას თან ჰქონდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი. მოწმის განმარტებით მისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელეს სახლი დაეწვა და აღნიშნული მასალა სჭირდებოდა სახლის ასაშენებლად.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ხე-ტყის მოპოვების უფლება და იგი სამეწარმეო საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, ვინაიდან ხის მასალა (ფიცარი) ე-–------ ბ--------ს სჭირდებოდა სახლის შესაკეთებლად, მოპოვებული ხე-ტყე საჭიროებდა დამუშავებას, რაც დაკავშირებულია გარკვეულ დროსა და პროცედურებთან.

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში, ადასტურებს, რომ ე-–------ ბ--------ს არასამეწარმეო (პირადი) მიზნებისთვის სურდა ხის მასალი (ფიცრის) გამოყენება.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამდენად, სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-48-43(2კ-13)).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-205-203(კ-14)). განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ე-–------ ბ--------ს მიერ ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადასტურებს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტსა და საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას ტრანსპორტირებული საქონლის მოცულობებს შორის სხვაობა. აღნიშნულ სხვაობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ N 0000378-2017-11-0001 ცნობაზე, რომლის თანახმად, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ძელაკის მოცულობაა - 8.500, ფიცარი -1.970; N0000378-2017-12-0002 ცნობის თანახმად, ძელის მოცულობაა - 5.000, ფიცრის 1.750. მოსარჩელე მხარის განმარტების თანახმად, აღნიშნული ძელების (8.500+5.000) დამუშავების შედეგად მიიღო დამატებითი რაოდენობა ფიცრები, რომელიც იყო განთავსებული ავტომანქანაზე. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილია სხვადასხვა ტენიანობის ხის მასალა - ფიცარი (ნედლი). ტენიანობა განისაზღვრა ტენიანობის საზომი ხელსაწყოს საშუალებით. შესრულებული აზომვის ცდომილებად განისაზღვრა +-7%, ხოლო უფრო მაღალი სიზუსტის მისაღებად აუცილებელი იყო ხე-მასალის მანქანის ძარიდან ჩამოცლა და ფიცრის სათითაოდ აზომვა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ მას ხის მასალა (ფიცარი) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ ნივთს წარმოადგენდა, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, მათ შორის ცნობა იმის თაობაზე, რომ ხის მასალა (ფიცარი) სჭირდებოდა ხანძრის შედეგად განადგურებული სახლის ასაშენებლად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც მისი მხრიდან შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

სარჩელის ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

 

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს სარჩელზე დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, იურიდიული პირებისათვის 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია 380 (სამას ოთხმოცი), მხარე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომლის თანახმად, მას სახდელად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარი. შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 300 ლარს (დავის ღირებულების 3%), აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 ლარის ოდენობით, ხოლო 300 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ე-–------ ბ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის №165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 9 ნოემბრის N29909 ბრძანება.

 

4. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №30823 ბრძანება; კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე-–------ ბ--------ს საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 26 ოქტომბრის N165890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე.

 

5. სსიპ შემოსავლების სამსახურს ე-–------ ბ--------ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.

 

6. დაუბრუნდეს ე-–------ ბ--------ს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 (ოთხმოცი) ლარი. (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 18/12/2017 წელი, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’, გადამხდელი გიორგი ჭელიძე, გადახდილი თანხა 380 ლარი, სახაზინო კოდი 300183150);

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი