განაჩენი

სისხლის სამართლის 05.09.2018
საქმის ნომერი
190100118002576955
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლე--------–------ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ------------------–----------------------–-------–-–---------–-----------------------------------------------–----------------------------–----------–-------–----–---------–----------------------–---------------------–------------------------------–------------------------------------–---------------------------------–------------------------–-------------

 

ადვოკატი - ლე------------ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 26 ივნისს, შუადღის საათებში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვ---ში ვა–-----------ს ოჯახში იმყოფებოდა ლე----–-------ე, რომელიც ყურადღებას აქცევდა მათი ოჯახის კუთვნილ ფერმას. ლე----–-------ეს და ვა–-----------ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც შურისძიების მოტივით ლე----–-------ემ საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა სანადირო თოფი, ჩაუსაფრდა და მოკვლის მიზნით ესროლა ვა–-----------ს, რომელიც ცეცხლსასროლი მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

 

ამ ქმედებისთვის ლე----–-------ეს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

 

2018 წლის 26 ივნისს, შუადღის საათებში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვ---ში ვა–-----------ს ოჯახში იმყოფებოდა ლე----–-------ე, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. ლე----–-------ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ვა–-----------. გარდა ამისა, აღნიშნული ქმედების ჩადენისას, ცეცხლსასროლი იარაღით მომარჯვებული ლე----–-------ე, სიცოცხლის მოსპობით რამოდენიმეჯერ დაემუქრა ვა–-----------ს სიდედრს - ლე--–----–------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

ამ ქმედებისთვის ლე----–-------ეს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდი:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ,, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. სიცოცხლის უფლება დაცულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის პირველ ფაქტობრივ წინაპირობად უნდა განისაზღვროს, რომ ხელყოფა მიმართული იყო ცოცხალ ადამიანზე, ხოლო მეორე ფაქტობრივი წინაპირობაა - სიცოცხლის დამთავრებისა და სიკვდილის მომენტის დადგენა. ვინაიდან ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, სადაც აღნიშნულია, რომ სიცოცხლე ხელშეუხებელი უფლებაა და მას იცავს კანონი. ამრიგად, ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და იგი დაცულია არა მარტო კონსტიტუციით, არამედ საქართველოში არსებული სხვა კანონმდებლობითაც. ადამიანის სიცოცხლის დაცვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სისხლის სამართალს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განზრახი მკვლელობისათვის დაწესებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და ამ დანაშაულის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია პირის განზრახი ქმედება მიმართული სხვისი სიცოცხლის მოსპობისაკენ, ხოლო შედეგი - სიკვდილის სახით მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს უშუალოდ ქმედებასთან. ამასთან ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა და ხასიათი, მისი ლოკალიზაცია, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და შემდეგ ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.

 

ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება.

 

სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.

 

ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა. იგი დამთავრებულია დანაშაულებრივი შედეგის, ანუ სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი აქვს მკვლელობის მცდელობას ან მომზადებას.

 

პირის მოქმედებასა და უმოქმედობას, ერთი მხრივ და სიკვდილის დადგომას შორის, მეორე მხრივ, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. მისი არსებობისათვის აუცილებელია, რომ დამნაშავის ქმედება დროში წინ უსწრებდეს სიკვდილს, იყოს მისი აუცილებელი პირობა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უცილობლად უნდა გამოიწვიოს სიკვდილი.

 

ყველა სახის მკვლელობისა და სიცოცხლის მოსპობის ამსრულებელია, კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით და ბრალდებულ ლე----–-------ის აღიარებითი განმარტებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, შუადღის საათებში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვ---ში ლე----–-------ეს და ვა–-----------ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც შურისძიების მოტივით ლე----–-------ემ საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა სანადირო თოფი, ჩაუსაფრდა და მოკვლის მიზნით ესროლა ვა–-----------ს, რომელიც ცეცხლსასროლი მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდი:

 

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მუქარისთვის დაწესებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძვნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან.

 

სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას.

 

საზოგადოდ ცნობილია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც, თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული. მუქარის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით.

 

აღნიშნული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.

 

ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად სახეზე გვაქვს მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა დაზარალებულს, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმით, არამედ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით. ეს ნიშნავს, რომ მუქარის საფუძვლიანობის შესაფასებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანი და განისაზღვროს, ჩათვლიდა თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას რეალურად. მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება (აგრესიული, ან წარსულში ნასამართლევი სხვადასხვა განზრახი დანაშაულისათვის), ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არა ერთგზისობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა.შ.) ხოლო სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებაში უნდა დადგინდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა, თუ არა დაზარალებულს ასეთი შიში.

 

ამდენად, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.

 

განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ივნისს, შუადღის საათებში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვ---ში ვა–-----------ს ოჯახში იმყოფებოდა ლე----–-------ე, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. ლე----–-------ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ვა–-----------. გარდა ამისა, აღნიშნული ქმედების ჩადენისას, ცეცხლსასროლი იარაღით მომარჯვებული ლე----–-------ე, სიცოცხლის მოსპობით რამოდენიმეჯერ დაემუქრა ვა–-----------ს სიდედრს - ლე--–----–------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას მოითხოვა ბრალდებულ ლე----–-------ის დამნაშავედ ცნობა, დანაშაულის ჩადენისთავის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, მიუთითა, რომ ბრალდებული ლე----–-------ე სრულად აღიარებს ვა–-----------ს განზრახ მკვლელობის ჩადენას, რაც გამოიწვია ვა–-----------ს მიერ ეჭვიანობის ნიადაგზე ბრალდებულის დედის ნო---–-------ის თანდასწრებით დედის გინებამ და უცენზურო გამონათქვამებმა. ამდენად, ბრალდებული ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნას, რომ ბრალდებულს არ აქვს დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო შემამსუბუქებელ ფაქტორებად გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი გარემოებები: ბრალდებული დაკავების პირველივე დღიდან აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, აქვს ოჯახში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, კერძოდ, ჰყავს მხოლოდ ავადმყოფი დედა და ძმა, ოჯახი იმყოფება სოციალურად დაუცველ ოჯახთა სიაში, დანაშაულის მაპროვოცირებელი გახდა თვითონ გარდაცვლილის ქმედება, რომელმაც ლე----–-------ეს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დედის ნო---–-------ის თანდასწრებით აგინა დედის მისამართით.

 

რაც შეეხება ლე--–----–------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს ასეთს ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს. დაცვის მხარის განმარტებით მუქარის ნაწილში წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის მიმართ ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებამ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ ლე--–----–------ის ჩვენება, რომ ლე----–-------ის მიერ მის მიმართ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და დაზარალებულის შვილის მა------–------ის ჩვენება, რომელმაც პირველადი ჩვენებისგან განსხვავებით, მხოლოდ დამატებით გამოკითხვისას მიუთითა, რომ ლე----–-------ემ გარდა ვა–-----------ს განზრახ მკვლელობისა, ჩაიდინა ლე--–----–------ის სიცოცხლის მოსპობის მუქარა. დაცვის მხარის მოსაზრებით, მა------–------ის ჩვენება მუქარის ჩადენის ეპიზოდში არის არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი, რის გამოც სასამართლოს მიერ ის არ უნდა იქნას გაზიარებული და გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოწმე მა------–------ის ჩვენებების არათანმიმდევრულობასა და არადამაჯერებლობის ნაწილში, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, რომელიც დაცვამ უდაო მტკიცებულებებად ცნო დასტურდება, რომ მა------–------ი მოწმის სახით პირველად გამოიკითხა 2018 წლის 26 ივნისს, 18:50 საათიდან 21:00 საათამდე გამომძიებელ მე--------------–---–ის მიერ უშუალოდ ვა–-----------ს მკვლელობის ფაქტზე და არსებითი ყურადღება არ გამახვილებულა ბრალდებულ ლე----–-------ის სხვა დანაშაულის შემცველ ქმედებებზე. დაზარალებული ლე--–----–------ი პირველად მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 ივნისს, 23:00 საათიდან 27 ივნისის 01:25 საათამდე პერიოდში გამომძიებელ იგ---------–--ის მიერ რა დროსაც ლე--–----–------მა გარდა ვა–-----------ს განზრახ მკვლელობის დეტალების აღწერისა, მიუთითა ლე----–-------ის მხრიდან უშუალოდ მის მიმართ განხორციელებული დანაშაულის შესახებ, რაც სასამართლოს ბუნებრივად მიაჩნია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჩადენილი იყო განზრახ მკვლელობა, რაც მისი არსით და დანაშაულის კატეგორიის სიმძიმით (განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას) მნიშვნელოვნად აღემატება ისეთ დანაშაულს, როგორიც არის მუქარა (განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), ამასთანავე, მუქარის შედეგად შიში განიცადა უშუალოდ დაზარალებულმა - ლე--–----–------მა. საყურადღებოა, რომ მა------–------ი გამოიკითხა შემთხვევიდან უფრო ადრე ვიდრე ლე--–----–------ი და მათი გამოკითხვა მოხდა სხვადასხვა გამომძიებლის მიერ. მას შემდეგ, რაც ლე--–----–------ის გამოკითხვით გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაერთგზის მუქარის განხორციელებას, სასამართლოს ბუნებრივად და სარწმუნოდ მიაჩნია, რომ გამოძიებას მოეხდინა მა------–------ის დამატებით გამოკითხვა და მა------–------ს მისცემოდა შესაძლებლობა, მის ჩვენებაში დაეზუსტებინა დამატებითი გარემოებები, მათ შორის დაეზუსტებინა ლე----–-------ის მოქმედებები, რომელიც გარდა ვა–-----------ს განზრახ მკვლელობისა, შეიცავდა ლე--–----–------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის არაერთგზის მუქარას.

 

რაც შეეხება ლე----–-------ის მხრიდან ჩადენილი მუქარის განხორციელების რეალობის შეფასებას სასამართლო მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. რაც შეეხება საფუძვლიანი შიშის რეალობის შეფასებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლე----–-------ემ პირველ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, ხოლო მეორე შემთხვევაში მუქარის განხორციელებამდე უშუალოდ ლე--–----–------ის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა ვა–----------- და სწორედ მას შემდეგ, იმავე ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით განახორციელა ლე--–----–------ზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ამდენად, როგორც სუბიექტური ასევე ობიექტური შეფასების პირობებში სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია, რომ ლე----–-------ის ქმედებით ლე--–----–------ი განიცდიდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიან შიშს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულ ლე----–-------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ლე--–----–------ის, მა------–------ის, ნო---–-------ის, და-----–-------ის, არ---–-–----–-–---–ის, გი----------–--ის, ალ-------------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვა–-----------ს გვამის დათვალიერების ოქმი, ვა–-----------ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ლე----–-------ის სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ლე----–-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლე----–-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ლე----–-------ის სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ოჯახში აქვს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ეპიზოდში სასამართლო დამამძიმებელად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა შეუიარაღებელი ვა–-----------ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ჩასაფრებით და უშუალოდ გარდაცვლილის ახლო ნათესავების (მეუღლის და სიდედრის) თანდასწრებით, თან ისეთი საშუალებით (ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი საფანტით), რომელმაც ერთი გასროლით ვა–-----------ს მიაყენა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები და შესაბამისად, არ გამორიცხავდა საფრთხეს მის ახლოს მყოფ სხვა პირსაც მიეღო სხეულის დაზიანებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ლე----–-------ის სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ოჯახში აქვს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ეპიზოდში სასამართლო დამამძიმებელად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ქმედება ჩაიდინა არაერთგზის, მათ შორის უშუალოდ დაზარალებულ-ლე--–----–------ის თვალწინ მისი ახლო ნათესავის (სიძის) ვა–-----------ს განზრახ მოკვლის შემდეგ და იმავე იარაღის დემონსტრირებით, რომლითაც ჩაიდინა მკვლელობა, რამაც ბუნებრივია გამოიწვია დაზარალებულის უფრო მძაფრი შიშის განცდა, ვიდრე ეს მოხდებოდა სხვა შემთხვევაში.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ლე----–-------ის სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ოჯახში აქვს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ეპიზოდში სასამართლო დამამძიმებელად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა შეუიარაღებელი ვა–-----------ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა ჩასაფრებით და უშუალოდ გარდაცვლილის ახლო ნათესავების (მეუღლის და სიდედრის) თანდასწრებით, თან ისეთი საშუალებით (ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი საფანტით), რომელმაც ერთი გასროლით ვა–-----------ს მიაყენა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები და შესაბამისად, არ გამორიცხავდა საფრთხეს მის ახლოს მყოფ სხვა პირსაც მიეღო სხეულის დაზიანებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ლე----–-------ის სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ოჯახში აქვს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ეპიზოდში სასამართლო დამამძიმებელად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ქმედება ჩაიდინა არაერთგზის, მათ შორის უშუალოდ დაზარალებულ-ლე--–----–------ის თვალწინ მისი ახლო ნათესავის (სიძის) ვა–-----------ს განზრახ მოკვლის შემდეგ და იმავე იარაღის დემონსტრირებით, რომლითაც ჩაიდინა მკვლელობა, რამაც ბუნებრივია გამოიწვია დაზარალებულის უფრო მძაფრი შიშის განცდა, ვიდრე ეს მოხდებოდა სხვა შემთხვევაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების, კერძოდ: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაძლებელი იქნება ბრალდებულ - ლე----–-------ის მიმართ საბოლოოდ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით, ასევე დამატებით სასჯელის სახით ისეთი სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა, რომლის ვადის ათვლაც დაიწყება ძირითადი სასჯელის ვადის ათვლის მომენტიდან.

 

საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად. მათ შორის, სასამართლოს გამოყოფს მა------–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის სისტემის პისტოლეტის, ამ პისტოლეტისთვის განკუთვნილი მჭიდის და ორი ვაზნის საკითხს და განმარტავს: ვინაიდან, საქმის მასალების მიხედვით მათ არანაირი შემხებლობა არ აქვთ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან, ხოლო ბრალდების მხარის განმარტებით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები იყო ვა–-----------ს კანონიერი კერძო საკუთრება, შესაბამისად, მართალია ისინი შეტანილ უნდა იქნეს გარდაცვლილ ვა–-----------ს სამკვიდრო მასაში და შემდგომი მესაკუთრის ვინაობის განსაზღვრის და უფლებამოსილი ორგანოსგან ნებართვის მიღების შემდეგ, გადაეცეს კანონიერ მესაკუთრეს, თუმცა, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მესაკუთრის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლოს მასალის კანონიერად შეძენა - შენახვის წესები მკაცრად არის დადგენილი „ იარაღის შესახებ “ საქართველოს კანონით და საბოლოოდ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის კანონიერი ფლობა-განკარგვის უფლება მიიღება კომპეტენტური ორგანოს ნებართვით, მიზანშეწონილია ამ გარემოებათა დადგენამდე მა------–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მჭიდით და ორი ვაზნით ვა–-----------ს დანაშთ ქონებაზე კანონიერი მემკვიდრის დადგენამდე დროებით შესანახად გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლე----–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით 05 (ხუთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლება;

 

ლე----–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ლე----–-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით 05 (ხუთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლება;

 

2. ლე----–-------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან 2018 წლის 27 ივნისის 08:35 საათიდან;

 

3. ლე----–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ლე----–-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თოფი, ორი ვაზნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თოფი, ერთი ცალი გაუსროლელი გილზა, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი გილზა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღსარიცხად გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს.

 

მა------–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მჭიდით და ორი ვაზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ვა–-----------ს დანაშთ ქონებაზე კანონიერი მემკვიდრის დადგენამდე დროებით შესანახად გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს.

 

ლე----–-------ისგან ამოღებული ტანსაცმელი - ჟაკეტი, შორტები, რეზინის ჩექმები; ვა–-----------ს ტანსაცმელი - შორტები, ტრუსი, წყვილი წინდა, წყვილი ფეხსაცმელი; ნო---–-------ის ტანსაცმელი - შარვალი, ჯემპრი, წყვილი ფეხსაცმელი; ლე--–----–------ის ტანსაცმელი - პერანგი, შარვალი, წყვილი ფეხსაცმელი; მა------–------ის ტანსაცმელი - ჟაკეტი, შარვალი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონები ,,iphone“-ი და ,,Samsung“-ი, წყვილი ჩუსტი, სათვალის ბუდე და სათვალის ორი შუშა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

ვა–-----------ს გვამიდან ამოღებული სამი ცალი მეტალის დეფორმირებული საგანი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ღია ფერის ჭურჭლის ნატეხები, ორი ცალი ცარიელი გილზა, თოფის განმუხტვისას გამოყენებული ხელთათმანები, ფანერა, მუყაოს ქაღალდი, ქაღალდის ფრაგმენტები წარწერით 1, 2, ცამეტი ცალი ბიოლოგიური ჩხირის ანაწმენდი მუქი ფერის ლაქებით; ნო---–-------ის თმის ნიმუში, ხელების ანაწმენდის ნიმუში, ხელის ფრჩხილების ნიმუში, ნერწყვის ნიმუში; ლე--–----–------ის თმის ნიმუში, ხელების ანაწმენდის ნიმუში, ხელის ფრჩხილების ნიმუში, ნერწყვის ნიმუში; მა------–------ის ხელის ფრჩხილების ნიმუში, თმის ნიმუში, ხელების ანაწმენდის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში; ვა–-----------ს გვამის სახისა და ხელის ანაწმენდის ნიმუში, ხელის ფრჩხილების ნიმუში, ხელის კვლების ნიმუში, სისხლის ნიმუში, თმის ნიმუში; ლე----–-------ის თმის ნიმუში, ხელების ანაწმენდების ნიმუში, ხელის ფრჩხილების ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლების ნიმუში, სისხლის ნიმუში და სუნის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ DVD დისკზე და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე