გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2018
საქმის ნომერი
330210018002494934
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/17638 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გი------ მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე შო----- ას------ი

მოპასუხე გი------ სი----ე

წარმომადგენელი ნუ---------------ე

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გი------ სი----ისათვის არასრულწლოვანი შვილების ლუ-- სი----ის (დაბადებული 2004 წლის 2-------------) და ან-------ა სი----ის (დაბადებული 2006 წლის 0---------------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად თითოეულისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 14 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე შო----- ას------სა და მოპასუხე გი------ სი----ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ლუ-- სი----ე (დაბადებული 2004 წლის 2-------------) და ან-------ა სი----ე (დაბადებული 2006 წლის 0---------------). მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, შო----- ას------თან. მოპასუხე არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის მიზნით მოსარჩელეს ნებაყოფლობით ყოველთვიურად უხდის თანხას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი ბავშვების სრულფასოვანი აღზრდისათვის. მოპასუხე მხარეს აქვს შემოსავალი და იგი ვალდებულია მონაწილეობდეს არასრულწლოვანი შვილების აღზრდის პროცესში და უწევდეს მათ სტაბილურ და სათანადო ფინანსურ დახმარებას.

(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი ლუ-- სი----ის (დაბადებული 2004 წლის 2-------------) და ან-------ა სი----ის (დაბადებული 2006 წლის 0---------------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;

 

მოპასუხე არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდაში; მოპასუხე პერიოდულად არის დასაქმებული (იგი ასრულებს სარემონტო სამუშაოებს), მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი. ამასთან, მოპასუხეს ერიცხება საბანკო დავალიანებები, რის გამოც იგი ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

(იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე შო----- ას------ს და მოპასუხე გი------ სი----ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2004 წლის 2------------- დაბადებული ლუ-- სი----ე და 2006 წლის 0--------------- დაბადებული ან-------ა სი----ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N ნ--------- (ს.ფ. 20);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N ნ--------- (ს.ფ. 21).

 

3.1.2. მხარეები, შო----- ას------ი და გი------ სი----ე ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მოსარჩელე შო----- ას------ი ცხოვრობს მამასთან და არასრულწლოვან შვილებთან, ლუ-- სი----ესთან და ან-------ა სი----ესთან ერთად. მოსარჩელის მამა იღებს ასაკობრივ პენსიას. მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. შო----- ას------ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი.

სსიპ შემოსავლების ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, შო----- ას------ს 2017 წლის 1 იანვრიდან არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი (ხელფასი, პრემია და სხვა). მოსარჩელე მხარეს და მის არასრულწლოვან შვილებს მატერიალურად ეხმარება ძმა, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 06 ივლისს გაცემული ცნობა N----------- (ს.ფ. 38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. არასრულწლოვანი ლუ-- სი----ე დადის კალათბურთის წრეზე, რომლის გადასახადს, თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით იხდის მოპასუხე გი------ სი----ე. ან-------ა სი----ე დამატებით დადის მათემატიკის და ინგლისურის შემსწავლელ წრეებზე. აღნიშნული აქტივობების გადასახადს (თითოეულისათვის 60 ლარს) იხდის მოსარჩელე შო----- ას------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე არის დასაქმებული და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2017 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე გი------ სი----ეს მიღებული შემოსავალი (ხელფასი, პრემია და სხვა) არ უფიქსირდება;

მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი არასტაბილურად არის დასაქმებული (ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს) და აქვს შესაბამისი, არარეგულარული შემოსავალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 06 ივლისს გაცემული ცნობა N----------- (ს.ფ. 38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე 20.08.2018 წლის მდგომარეობით გი------ სი----ეს გააჩნია ფინანსური ვალდებულება. N 55----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 231.88 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის მიზნით ყოველთვიურად იხდის თანხას 382.52 ლარის ოდენობით. ხოლო N5------ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მას ერიცხება დავალიანება 743 ლარის ოდენობით, რომლის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 150,60 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,სა---------–---------ს“ მიერ 20.08.2018 წელს გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ, გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 89-92).

 

3.2.3. მოსარჩელე შო----- ას------ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. თბილისში, გლ------------------------------–--------------------. ასევე, მოსარჩელის სახელზე ირიცხება სხვა უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, გლ-----ს რაიონში. უძრავი ნივთი შეძენილია მოსარჩელის ძმის მიერ, ბინა გაქირავებულია და ყოველთვიურ ქირის საფასურს იღებს მოსარჩელე შო----- ას------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.4. მოპასუხე გი------ სი----ეს არასრულწლოვან შვილებთან, ლუ-- სი----ესთან და ან-------ა სი----ესთან აქვს მეტნაკლებად რეგულარული ურთიერთობა. მოპასუხე იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან და ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. არასრულწლოვანი ბავშვები მამის საცხოვრებელ ბინაში არ მიდიან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.5. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1215-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე შო----- ას------მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები - ლუ-- სი----ე (დაბადებული 2004 წლის 2-------------) და ან-------ა სი----ე (დაბადებული 2006 წლის 0---------------).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე შო----- ას------ს და მოპასუხე გი------ სი----ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2004 წლის 2------------- დაბადებული ლუ-- სი----ე და 2006 წლის 0--------------- დაბადებული ან-------ა სი----ე. მოსარჩელე შო----- ას------ი არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, შო----- ას------ს 2017 წლის 1 იანვრიდან არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი (ხელფასი, პრემია და სხვა). მოსარჩელე მხარეს და მის არასრულწლოვან შვილებს მატერიალურად ეხმარება ძმა, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ. ასევე, მოსარჩელის განმარტებით, მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. თბილისში, გლ------------------------------–--------------------. ასევე, მოსარჩელის სახელზე ირიცხება სხვა უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, გლ-----ს რაიონში. უძრავი ნივთი შეძენილია მოსარჩელის ძმის მიერ, ბინა გაქირავებულია და ყოველთვიურ ქირის საფასურს იღებს მოსარჩელე შო----- ას------ი.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, არასრულწლოვანი ლუ-- სი----ე დადის კალათბურთის წრეზე, რომლის გადასახადს, თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით იხდის მოპასუხე გი------ სი----ე. ან-------ა სი----ე დამატებით დადის მათემატიკის და ინგლისურის შემსწავლელ წრეებზე. აღნიშნული აქტივობების გადასახადს (თითოეულისათვის 60 ლარს) იხდის მოსარჩელე შო----- ას------ი.

 

სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2017 წლის 1 იანვრიდან მოპასუხე გი------ სი----ეს მიღებული შემოსავალი (ხელფასი, პრემია და სხვა) არ უფიქსირდება. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი არასტაბილურად არის დასაქმებული (ახორციელებს სარემონტო სამუშაოებს) და აქვს შესაბამისი, არარეგულარული შემოსავალი. მოპასუხის მიერ სტაბილური დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან და ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. არასრულწლოვანი ბავშვები მამის საცხოვრებელ ბინაში არ მიდიან.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის საბანკო დავალიანებებზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე 20.08.2018 წლის მდგომარეობით გი------ სი----ეს გააჩნია ფინანსური ვალდებულება. N 55----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 231.88 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის მიზნით ყოველთვიურად იხდის თანხას 382.52 ლარის ოდენობით. ხოლო N5------ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მას ერიცხება დავალიანება 743 ლარის ოდენობით, რომლის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 150,60 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის ფინანსური ვალდებულებები არ არის დაკავშირებული არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებთან. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავს კრედიტს, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე. საბანკო სესხი კი როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად.

 

სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვები უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. დადგენილია, რომ მოპასუხე გი------ სი----ეს არასრულწლოვან შვილებთან, ლუ-- სი----ესთან და ან-------ა სი----ესთან აქვს მეტნაკლებად რეგულარული ურთიერთობა. იგი ეხმარება ბავშვებს მატერიალურად და უხდის თანხას თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით. მოპასუხე ასევე იხდის არასრულწლოვანი ლუ-- სი----ის კალათბურთის წრის გადასახადს, თვეში 80 (ოთხმოცი ლარის ოდენობით). ამდენად, უდავოა, რომ მოპასუხე მხარე ბავშვებზე ზრუნვას თავს არ არიდებს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხის სახელზე რაიმე უძრავ-მოძრავი ნივთი საკუთრების უფლებით არ ირიცხება. ასევე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების გარდა სხვა პირების რჩენის ვალდებულება არ აკისრია.

 

მოპასუხე თანახმაა, გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით თითოეული არასრულწლოვანისათვის თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარი. სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს, მათი განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და მოპასუხე მხარის მატერიალური შემოსავლის ოდენობას. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვებზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უ--ნასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილების რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. მოპასუხე დასაქმებულია, აქვს გარკვეული შემოსავალი და იგი ვალდებულია სათანადო მატერიალური დამხარება გაუწიოს არასრულწლოვან შვილებს, რათა ბავშვები აღიზარდონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 240 (ორას ორმოცი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შო----- ას------ის მოთხოვნა - გი------ სი----ისათვის არასრულწლოვანი შვილების ლუ-- სი----ის და ან-------ა სი----ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე შო----- ას------ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, გი------ სი----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორომოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შო----- ას------ის (პირადი N0----------) სარჩელი;

 

დაეკისროს გი------ სი----ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილების - ლუ-- სი----ის (დაბადებული 2004 წლის 2-------------) და ან-------ა სი----ის (დაბადებული 2006 წლის 0---------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 240-240 (ორას ორმოცი - ორას ორმოცი) ლარის, სულ 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2018 წლის 14 ივნისიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

2. დაეკისროს გი------ სი----ეს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გი------ მაისურაძე