გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2018
საქმის ნომერი
080210016001661395
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3183-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე, თამარ შალამბერიძე

მოსარჩელე - თ-----ი კ--------

წარმომადგენელი - ი---- ა------------ე

მოპასუხე - მ--- ბ--------ე

წარმომადგენელი - ნ-----–---- კ------

დავის საგანი: ალიმენტის და საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლა/შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ----- კ--------სათვის მ--- ბ--------ის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილების - 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------ისა და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- თ-----ის ასული ბ--------ის სარჩოდ, ალიმენტის სახით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გონივრულ ოდენობამდე, 100-100 ლარამდე შემცირების, სულ გადასახდელად 200 ლარის დაკისრება, და გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის 5000 ლარამდე შემცირება და 2018 წლის აპრილ-მაისში მოპასუხისათვის გადარიცხული თანხის 1800 აშშ დოლარის ჩათვლა, ეროვნული ვალუტის კურსით - 4400 ლარი (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. ს/ფ 233-247 ).

 

დაზუსტებული სარჩელის საფუძვლები: მოსარჩელე თ----- კ-------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე მ--- ბ--------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------ე და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- თ-----ის ასული ბ--------ე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ--- ბ--------ის სარჩელი და მოსარჩელე თ----- კ--------ს, მ--- ბ--------ის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილების გ------- და ქ------- ბ--------ეების სარჩოდ, ალიმენტის სახით, დაეკისრა ყოველთვიურად თითოეულ შვილზე 500-500 ლარის, სულ 1000 ლარის გადახდა, შვილების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის შემოდგომაზე იგი მძიმედ დაავადდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა ამბულატორიულ და სტაციონალურ (ჰოსპიტალურ) მკურნალობაზე. ამ დროის განმავლობაში იგი არ მუშაობდა, არ გააჩნდა არავითარი მატერიალური შემოსავალი და თავს ირჩენდა მხოლოდ მეგობრების მიზერული დახმარებით. იგი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო დაქირავებულ მძღოლად 2016 წლის ივლისიდან, სადაც მუშაობდა 2017 წლის 31 ოქტომბრამდე, რის შემდეგაც კვლავ უმუშევარია. მუშაობის პერიოდში მისი ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატებოდა 16.500 რუსულ რუბლს, რაც საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსით შეადგენს დაახლოებით 500 ლარს. სხვა რაიმე შემოსავლის წყარო მას არ ჰქონია, არც ამჟამად აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც პერსპექტივა გააჩნია.

 

მოსარჩელის განმარტებით, მასზე დაკისრებული ალიმენტის თანხის ოდენობა არის აშკარად კაბალური, რომლის გადახდასაც იგი ვერ შეძლებს. ამ ხნის მანძილზე მას დაუგროვდა სარჩელის აღძვრამდე 13 თვის და სარჩელის აღძვრის შემდგომი განვლილი პერიოდის საალიმენტო დავალიანება 15.000 ლარამდე ოდენობით, რომლის სრულად გადახდის არავითარი საშუალება, არც მატერიალური და არც ჯანმრთელობის მდგომარეობით არ გააჩნია, რის გამოც ითხოვს ალიმენტის თანხის შემცირებას 100-100 ლარამდე, სულ 200 ლარამდე და გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების შემცირებას 5000 ლარამდე, რომლის ანგარიშშიც უნდა ჩაითვალოს ა/წლის აპრილსა და მაისში მოპასუხისათვის გადმორიცხული 1800 აშშ დოლარი, რაც ეროვნული ვალუტის კურსით შეადგენს 4.400 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი სრულად დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და დამატებით განმარტა რომ, მისი მარწმუნებელი 2017 წლის დეკემბრიდან აღარ მუშაობს მძღოლად, სრულიად უმუშევარია. მას როდესაც ჰქონდა შემოსავალი, კიდეც გადმოუგზავნა შვილებს 1800 აშშ დოლარი. მათ მიერ საქმეში წარმოდგენილია ყველა საჭირო მტკიცებულება მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ყოფილი სამუშაო ადგილების შესახებ, მოსარჩელის ხელფასის ოდენობა არასოდეს აღემატებოდა 500 ლარს. სამწუხაროდ ის დროულად ვერ ჩაერთო თავდაპირველი სარჩელის განხილვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს, შემცირდეს დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, რადგან თ----- კ--------ს არ შეუძლია მისი გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე არ დაეთანხმა ალიმენტის ოდენობისა და საალიმეტო დავალიანების შემცირების მოთხოვნას და აღნიშნა რომ, მოსარჩელე მხარე თავს არიდებს მამობრივ პასუხისმგებლობას, იგი მალავს შემოსავლებს, უთითებს ჯანმრთელობის თითქოსდა მძიმე მდგომარეობაზე, რათა არსებითად შემცირდეს მისი საალიმენტო გადასახადი. არ ეთანხმება საალიმენტო თანხაში მოსარჩელის მიერ გადმოგზავნილი 1800 აშშ დოლარის ჩათვლას, ვინაიდან იგი გადმოგზავნილი იყო მიზნობრივად, კერძოდ მობილური ტელეფონების შესაძენად შვილებისათვის და არა როგორც საალიმენტო გადასახადი. მას აქვს საკმარისი შემოსავალი, რის გამოც, არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს თავიანთ შესაგებელს და დამატებით განმარტეს, რომ დაზუსტებულ სარჩელს არ ეთანხმებიან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსარჩელე თ----- კ--------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიზანია სასამართლოს შეცდომაში შეყვანა, რომ იგი თითქოს არ მუშაობს და მოხდეს მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

 

მოსარჩელის მიერ მოხდა არასრულწლოვანი შვილებისათვის 1800 აშშ დოლარის გადმოგზავნა კონკრეტული მიზნით, რომ მათ შეეძინათ მობილური ტელეფონები. ეს გარემოება ადასტურებს იმას, რომ შეუძლებელია იგი იყოს უმუშევარი და უმუშევარმა ადამიანმა შეძლოს არც თუ ისე მცირე თანხის გადმორიცხვა. იგი აშკარად მალავს შემოსავლებს, რათა ალიმენტის გადახდას აარიდოს თავი. შესაბამისად არც 1237-ე მუხლის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოსარჩელეს ჰყავს ,,ტრაილერი’’, ამუშავებს და აქვს კიდეც საკმარისზე მეტი შემოსავალი, ამიტომაც მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თ----- კ--------სა და მოპასუხე მ--- ბ--------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------ე და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- თ-----ის ასული ბ--------ე. ბავშვები გვარის შეცვლის შედეგად ატარებენ დედის გვარს, ბ--------ეს.

თ----- კ--------ს აქვს სატელეფონო კომუნიკაცია შვილებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობები (ს.ფ.111-112),- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს/ფ 15-18, 23-26),- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი)

 

3.1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ--- ბ--------ის სარჩელი და მოსარჩელე თ----- კ--------ს, მ--- ბ--------ის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილების გ------- და ქ------- ბ--------ეების სარჩოდ, ალიმენტის სახით, დაეკისრა ყოველთვიურად თითოეულ შვილზე 500-500 ლარის, სულ 1000 ლარის გადახდა, შვილების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, სარჩელის აღძვრის დღიდან 2015 წლის 20 ნოემბრიდან.

 

3.1.3. მოპასუხე თ----- კ--------ს მიერ გასაჩივრებული იქნა 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საბოლოოდ ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება (დაზ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება(ს.ფ. 15-18)

-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 ივლისის განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ (ს.ფ. 19-22)

-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 23-26)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი გამოსაწერი ეპიკრიზის, ავადმყოფობის N3567 ისტორიით დადგენილია, რომ მეტაჟიანცი (კ--------) თ-----ი გ---ს ძე, მცხოვრები რუსეთის ფედერაცია, ქ. კ------–--–-, კ------–----ს ქუჩა N22ა-ში, ასაკი 51 წლის, იმყოფებოდა ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში 2016 წლის 02 იანვრიდან 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით. მას დაესვა შემდეგი დიაგნოზი: მწვავე ჩირქოვანი ორმხრივი ორქიეპიდიდიმიტი, სათესლის პარკისა და შორისის ჩირქოვან-ნეკროზული ფლეგმონა, სეფსისი. 2016 წლის 07, 13 და 15 იანვარს ჩაუტარდა ოპერაციები და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ამბულატორიული მკურნალობისათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან (ს.ფ.27-29).

- მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2.3. ამბულატორიული ბარათის ამონაწერით ჯსსსდ „კა-----–--–ის ცრს“ დადგენილია, რომ თ-----ი გ---ს ძე კ--------, დაბადებული 0--------- წელს, 25.03.2015 წლიდან 30.03.15 წლამდე მკურნალობდა ჯსსსდ „კა-----–--–ის ცრს“-ს ქირურგიულ განყოფილებაში. 26.03.2015 წელს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. 2017 წლის ამბულატორიული ბარათის მონაცემებით, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიკლინიკაში სამედიცინო დახმარების თაობაზე არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამბულატორიული ბარათის ამონაწერი (ს.ფ.132-133).

- მოსარჩელისა წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2.4. 2016 წლის 19 ნოემბერს გაცემული N3 შემოსავლების შესახებ ცნობის თანახმად, თ----- კ--------, დაბადებული 1--- წლის 02 დეკემბერს, 2016 წლის 04 ივლისიდან მუშაობდა მძღოლად ი/მ რ--------------სთან (ინნ5-----------, ოგრნ 3--------------) და მისმა ხელფასმა 2016 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით ჯამში შეადგინა 66000 რუბლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა შემოსავლების შესახებ (ს.ფ.32-33).

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2.5. საქმეში წარმოდგენილი ინდ. მეწარმეთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ი----- რ--------------ს სამეწარმეო საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2008 წლის 08 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ამონაწერი ინდ. მეწარმეთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან (ს.ფ.78-109)

 

3.2.6. წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებით, გადახდის უწყისებითა და სახელფასე უწყისებით დადგენილია, რომ 2017 წლის 01 იანვარს თ----- კ-------- ინდ. მეწარმე ი.ნ. პ-----------სთან გაფორმდა მძღოლად და მას 2017 წლის 16 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ერიცხებოდა ხელფასი - 2017 წლის 16 იანვრიდან - 30 ივნისის ჩათვლით 7177.50 რუბლი, ხოლო 2017 წლის 14 ივლისიდან - 31 ოქტომბრის ჩათვლით 7464.60 რუბლი. 2017 წლის 31 ოქტომბერს კი გაუქმდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გადახდის უწყისები (ს.ფ.152-193).

-შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.194-202)

-სახელფასე უწყისი(ს.ფ.204-217)

 

3.2.7. მოსარჩელე თ-----ი კ-------- ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, მურმანსკის ოლქის ქ. კ------–--–-ში, პროფესიით არის მძღოლი და ამჟამად შრომისუნარიანი პირი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან (ს.ფ. 27-29).

მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, ს/ფ 294-305)

3.2.8. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საალიმენტო დავალიანება მხარის მიერ არ შესრულებულა. 2018 წლის 22 მაისის, 21 და 28 აპრილის ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ განცხადებების მიხედვით, თ-----ი კ--------მ მოპასუხე მ--- ბ--------ეს პირად ანგარიშზე გადაურიცხა ფულადი თანხები 500-500 აშშ დოლარი და 800 აშშ დოლარი, ჯამში 1800 აშშ დოლარი, რომელშიც დანიშნულება მითითებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ინფორმაცია თანხების გადარიცხვების შესახებ (ს.ფ. 250-258).

-მხარეთა ახსნა-განმარტებები ( 2018 წლის 13 აგვისტოს სასამ. სხდომის ოქმი)

 

3.2.8. მოპასუხე მ--- ბ--------ე დასაქმებულია და აქვს შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მოპასუხის ახსნა-განმარტება ( 2018 წლის 13 აგვისტოს სასამ. სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნაწილობრივ შეიცვალა მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, გ------- და ქ------- ბ--------ეების რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ნაწილობრივ უნდა შემცირდეს და ნაცვლად 500-500 (ხუთას-ხუთასი) ლარისა, იგი განისაზღვროს 200-200 (ორას-ორასი) ლარით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლისა და შემცირების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე, 1234-ე, 1237-ე მუხლები,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, კონკრეტულად სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

6.2. დადგენილია, რომ თ----- კ--------სა და მ--- ბ--------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------ე და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- თ-----ის ასული ბ--------ე. მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე მ--- ბ--------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, ხოლო მოსარჩელე თ----- კ-------- რუსეთის რესპუბლიკაში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ--- ბ--------ის სარჩელი და მოსარჩელე თ----- კ--------ს, მ--- ბ--------ის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილების გ------- და ქ------- ბ--------ეების სარჩოდ, ალიმენტის სახით, დაეკისრა ყოველთვიურად თითოეულ შვილზე 500-500 ლარის, სულ 1000 ლარის გადახდა, შვილების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, სარჩელის აღძვრის დღიდან 2015 წლის 20 ნოემბრიდან.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

6.4. ,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

6.5. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არამარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ გ------- ბ--------ე და ქ------- ბ--------ე არიან არასრულწლოვნები, გვარის შეცვლის გამო, ამჟამად ატარებენ დედის გვარს და აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები.

 

6.7. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----- კ-------- ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, 2016 -2017 წლებში იგი მუშაობდა მძღოლის პოზიციაზე, ხოლო 2017 წლის 31 ოქტომბრიდან კი უმუშევარია. მის მიერ წარმოდგენილი ცნობებით ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ, ირკვევა, რომ მას გარკვეული მოკლე პერიოდი ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა იგი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა საავადმყოფოდან 2016 წლის მარტში, ხოლო 2017 წლის ამბულატორიული ბარათის მონაცემებით, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიკლინიკაში სამედიცინო დახმარების თაობაზე არ მიუმართავს.

 

მოცემულ დოკუმენტებში არაფერია მითითებული მის შრომისუუნარობაზე და სამომავლო სამსახურებრივი პერსპექტივის არარსებობაზე. 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ თ----- კ-------- მ--- ბ--------ეს ყოველთვიურად უგზავნიდა ფულად გზავნილს 1000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო განსახილველ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ის უმუშევარია, შესაბამისად შეიცვალა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა. მოპასუხე მ--- ბ--------ემ კი ვერ დაადასტურა მოსარჩელე თ----- კ--------ს ყოველთვიური სტაბილური შემოსავლის არსებობა სარჩელის აღძვრის და შემდგომი პერიოდისათვის.

 

შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, შეიცვალა რა მოსარჩელე თ----- კ--------ს მატერიალური მდგომარეობა მისი გაუარესების გზით, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მართალია ბავშვების ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 500-500 ლარი, აღარ არის მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი, ნაწილობრივ სახეზეა სსკ-ის 1121-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, არამედ საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. თუმცა მაინც უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

6.8. მოპასუხე მ--- ბ--------ე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი გ------- და ქ------- ბ--------ეების რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვნების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არცერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები.

 

გ------- და ქ------- ბ--------ეები არიან არასრულწლოვნები, მათ აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსურ სახსრებს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვების ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 100-100 ლარი, საკმაოდ მცირეა დღეის მდგომარეობით ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით.

 

6.9. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვები დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.

 

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელეს არ უდასტურდება სტაბილურად ყოველთვიური მაღალი შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ თ----- კ-------- 2017 წლის ოქტომბრამდე იყო დასაქმებული, იგი არ არის შრომისუუნარო და სამომავლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შესძლოს კვლავ დასაქმება, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვები საცხოვრებლად იმყოფებიან დედასთან მ--- ბ--------ესთან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის 2016 წლის დეკემბრისათვის შეადგენდა - 161.60 ლარს, რომელიც დღეისათვის გაზრდილია და შეადგენს 171.4 ლარს. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის ნაწილობრივ შეცვლის, ბავშვების ასაკის, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2016 წლის 28 დეკემბრიდან, უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 200-200 (ორას-ორასი) ლარით.

 

6.10. სს კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საალიმენტო დავალიანების თანხის შემცირებისა და ჩათვლის ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოსარჩელის განმარტებას, რომ 2015 წლის შემოდგომაზე იგი მძიმედ დაავადდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა ამბულატორიულ და სტაციონალურ (ჰოსპიტალურ) მკურნალობაზე. ამ დროის განმავლობაში იგი არ მუშაობდა, არ გააჩნდა არავითარი მატერიალური შემოსავალი, თავს ირჩენდა მხოლოდ მეგობრების მიზერული დახმარებით, რის გამოც ვერ შეძლო დაკისრებული ალიმენტის თანხის გადახდა, რადგან ამ გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მან გაიკეთა ოპერაცია და მხოლოდ რამდენიმე დღე იმყოფებოდა სტაციონარში და ოპერაციების გადატანის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებისთვის აღარ მიუმართავს. შესაბამისად ის გახლავთ შრომისუნარიანი პირი.

 

ამდენად, გარდა იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე თ----- კ--------ს განესაზღვრა ყოველთვიურად ალიმენტის თანხის 500-500 ლარის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

აღნიშნული ერთი თვის გარდა, თ----- კ-------- აღარ იმყოფებოდა მკურნალობის ქვეშ, მუშაობდა და ჰქონდა შემოსავალიც. რის გამოც განსახილველი სარჩელის აღძვრამდე უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის 5000 ლარამდე შემცირების და შესაბამისად 1800 აშშ დოლარის (ეროვნული ვალუტის კურსით - 4400 ლარი) ჩათვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

ამდენად, მოსარჩელე თ----- კ--------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელე თ----- კ--------ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - თითოეული შვილის მიმართ 500-500 (ხუთას-ხუთასი) ლარი უნდა შეუმცირდეს 300 (სამასი) ლარით და დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების, 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------ის და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- ბ--------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 -200 (ორას-ორასი) ლარის გადახდა 2016 წლის 27 დეკემბრიდან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლის და შემცირების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ალიმენტის შემცირების მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით ნაცვლად 100 (ასი) ლარისა გადახდილი ჰქონდა 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო საალიმენტო დავალიანების შემცირების მოთხოვნის ნაწილში 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი ალიმენტის შემცირების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა გადახდეს 22 ლარი, ხოლო გადახდილი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად. ვინაიდან სარჩელი საალიმენტო დავალიანების შემცირების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოპასუხე მ--- ბ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 216 (ორას თექვსმეტი) ლარის ოდენობით შემცირებული ალიმენტის ოდენობის პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 41-ე, 42-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. თ----- კ--------ს (წარმომადგენელი ი---- ა------------ე) სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოსარჩელე თ----- კ--------ს (პირადი №6----------) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - თითოეული შვილის მიმართ 500-500 (ხუთას-ხუთასი) ლარი შეუმცირდეს 300 (სამასი) ლარით და დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების, 2003 წლის 26 აპრილს დაბადებული გ------- თ-----ის ძე ბ--------ის (პ/ნ 5---------- ) და 2005 წლის 28 დეკემბერს დაბადებული ქ------- თ-----ის ასული ბ--------ის (პ/ნ 5----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200-200 (ორას-ორასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2016 წლის 27 დეკემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე;

 

3. თ----- კ--------ს მოთხოვნა გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლის და შემცირების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მოპასუხე მ--- ბ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 216 (ორას თექვსმეტი) ლარის გადახდა;

 

5. მოსარჩელე თ----- კ--------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ორმოცდაათი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ამასთან, დამატებით დაეკისროს 22 (ოცდაორი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე