განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/446-18
(N041190418006; 041150418003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 სექტემბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე
სტაჟიორ-პროკურორი: რუსუდან ლაბაძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ბაქარი გუგუმბერიძე
მამის სახელი: მალხაზი
დაბადების თარიღი: 25.01.1999 წელი
პირადი ნომერი: 60001137453
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის ქ. N27, ბ. N57;
ადვოკატი: დავით ბრეგაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი);
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 6 აპრილს, ქუთაისში ავტომშენებლის ქ. N3-ში მდებარე შპს ,,დეილიდან“ ბაქარი გუგუმბერიძე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ალკოჰოლურ სასმელს ,,ცელსიუს“, ღირებულს 11,6 ლარად.
2018 წლის 13 აპრილს, ქუთაისში ავტომშენებლის ქ. N3-ში მდებარე შპს ,,დეილიდან“ ბაქარი გუგუმბერიძე ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ალკოჰოლურ სასმელს ,,ივერიონს“, ღირებულს 21,80 ლარად.
2018 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 02:40 საათზე, ბაქარი გუგუმბერიძე, ქუთაისში, ილ-- ჭა-------ს გამზირზე N67-ში მდებარე სს ,,ფუდმარტი“-ს მაღაზია სპარში, ფარულად დაეუფლა ,,ხორტიციას“ ფირმის არაყს. სს ,,ფუდმარტს“ მიადგა 26,2 ლარის ქონებრივი ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
ბაქარი გუგუმბერიძის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმების თეა ტოფაძის, გრიგოლ ჩხობაძის, პაატა ნიქაბაძის, საბა ხაჭაპურიძის გამოკითხვის ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები და ვიდეოჩანაწერი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გამოკითხვის ოქმები, კამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ბაქარი გუგუმბერიძის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბაქარი გუგუმბერიძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (სამი ეპიზოდი) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბაქარი გუგუმბერიძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ბაქარი გუგუმბერიძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, რომ ხასიათდება დადებითად, მის ასაკს, იმ გარემოებას, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე ითვალისწინებს, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ზიანი ანაზღაურებულია და დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ბაქარი გუგუმბერიძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ბაქარი გუგუმბერიძის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება (სამი ეპიზოდი), კერძოდ, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
გამომდინარე იქიდან, რომ ბაქარი გუგუმებრიძე არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილი ქმედებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი კარგად აცნობიერებს მისი ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, გულწრფელად ნანობს ჩადენილს, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბაქარი გუგუმბერიძეს შეეფარდოს არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით, ხოლო ჯარიმის ოდენობა ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შპს ,,დეილიდან’’ ამოღებული ჩანაწერი - ერთი ცალი დისკი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები - ერთი ცალი დისკი; CD-R დისკი (რომელზეც ჩაწერილია ქურდობის ფაქტი) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბაქარი გუგუმბერიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით, საბოლოოდ ბაქარი გუგუმბერიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ბაქარი გუგუმბერიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ბაქარი გუგუმბერიძის მიმართ დაკისრებული ჯარიმის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:
შპს ,,დეილიდან’’ ამოღებული ჩანაწერი - ერთი ცალი დისკი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები - ერთი ცალი დისკი; CD-R დისკი (რომელზეც ჩაწერილია ქურდობის ფაქტი) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური