გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/571-18
160210018002490766
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
წარმომადგენელი - გიო-------------–---–ი
მოპასუხე - შპს "ს----."
წარმომადგენელი - ჯუ------------–--ე (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ს----“-ს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალსიწინებული პირგასამტეხლოს 1 დღეზე 731.01 ლარის გადახდა (სულ 19737.81 ლარის ოდენობით).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 24 აგვისტოს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და შპს "ს----.-ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება (შესაბამისი დანართებით) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N198. რომლის მიხედვითაც მიმწოდებელი შპს ,,ს----''' იღებდა ვალდებულებას ცენტრისთვის განეხორციელებინა სამშნებელო-სამონტაჟე სამუშაოები, კერძოდ შეეღება ცენტრის ბალანსზე რიცხული ნაკვეთები (ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული). შესასრულებელი სამუშაოების სრული ღირებულება შეადგენდა 162 105 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შპს ,,ს----.-ის'' მხრიდან მიწოდებულ იქნა 27 დღის დაგვიანებით, რის გამოც 2015 წლის 24 აგვისტოს N198 ხელშეკრულების 14.2 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (1 დღეზე - 731.03 ლარის ოდენობით) რამაც ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისას შეადგინა19 737.81 ლარი.
2015 წლის 21 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ აქტში შპს "ს----.-ის დირექტორი მედეა კევლიშვილი ხელმოწერით აღიარებს ცენტრის მიმართ დავალაინების არსებობის ფაქტს და იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს (19737.81 ლარის) ანაზღაურებას 2015 წლის 31 დეკემბრამდე, რაც არ ანაზღაურებულა. ცენტრის მხრიდან შპს "ს----.-ი" არაერთგზის იქნა ინფორმირებული (წერილობითი) არსებული დავალიანების (პირგასამტეხლოს) დაფარვასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულებით გათვალიიწნებული თანხის 0.5 პროცენტის ოდენობის პირგასამხტელოს დაკისრებას სულ 27 დღეზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ს-----ის“ წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს - 1 დღეზე 731.03 ლარის (სულ 19 737.81 ლარის) დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და აღნიშნული პირგასამტეხლო შემცირებული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ 0.01%-მდე. მოპასუხემ სარჩელი ცნო 146.20 ლარის ს ფარგლებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და შპს ,,ს----“-ს შორის 2015 წლის 24 აგვისტოს დაიდო N198 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
პუნქტი 3.ხელშეკრულების საგანი:
3.1. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (პროგრამული კოდი:370403) ფარგლებში ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის" სამშენებლო სამონტაჟე სამუშაოების (ცენტრის ბალანსზე რიცხული ნაკვეთების შემოღობვის) (CPV კოდი: 45300000; 45342000) შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით (სატენდერო განცხადების N SPA150012023).
პუნქტი 4. ხელშეკრულების ღირებულება:
4.1. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 162105.00 (ას სამოცდაორი ათას ას ხუთი) ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გათვალისწინებით).
4.2. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
პუნქტი 5. მხარეთა უფლება-მოვალეობები
5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის" შეასრულოს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, ეტაპობრივად, წინამდებარე ხელშეკრულების თანდართული "გეგმა-გრაფიკის" შესაბამისად.
5.2. მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.
5.3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში აუნაზღაუროს მას მოწოდებული საქონლის ღირებულება.
5.4. შემსყიდველი არ აგებს პასუხს მიმწოდებლის მიერ მესამე პირებისათვის მიყენებულ ზიანზე ან ზარალზე.
პუნქტი 6. საქონლის მიღება-ჩაბარების წესი
6.1. სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, ნაკვეთების შემოღობვის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად დასრულებულ ობიექტებზე ფორმა N2 წარმოდგენის მიხედვით.
6.2. მიმწოდებელი ვალდებულია დასრულებული ობიექტის ფორმა N2 წარმოადგინოს სამუშაოს დასრულებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.
პუნქტი 14. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
14.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14.3. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
14.4. იმ შემთხევევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
პუნქტი 17. სხვა პირობები
17.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2015 წლის 12 ოქტომბერს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ:
1.1. შეიცვალა 2015 წლის 24 აგვისტოს N198 ხელშეკრულებაზე თანდართული "ნაკვეთის შემოღობვის დასრულების გეგმა-გრაფიკი" და ჩამოყალიბდა წინამდებარე შეთანხმების აქტზე თანდართული სახით, რომელიც ძალაშია ამ შეთანხმების ხელმოწერისთანავე და წარმოადგენს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და შპს "ს----.-ს" შორის 2015 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული N198 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2015 წლის 13 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ:
1.1. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული N198 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის საფუძველზე მე-4 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 146.206.85 (ას ორმოცდაექვსი ათას ორასექვსი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გათვალისწინებით."
ამასთან, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულების თანდართულ ნაკვეთის შემოღობვის დასრულების გეგმა-გრაფიკში" "ხარჯთაღრიცხვაში" და საერთო ფასების ცხრილში" შეტანილი იქნას ცვლილება და ჩამოყალიბდეს წინამდებარე შეთანხმების აქტზე თანდართული სახით.
წინამდებარე ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და წარმოადგენს სსიპ სოფლის მეურნობის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და შპს "ს----.-ს" შორის 2015 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული N198 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული N198 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
- 2015 წლის 12 ოქტომბრის შეთანხმების აქტი 2018 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული N198 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ;
- 2015 წლის 13 ნოემბრის შეთანხმების აქტი 2018 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული N198 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ;
3.1.2. 2015 წლის 21 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ აქტში შპს "ს----.-ის" დირექტორი მედეა კევლიშვილი აღიარებს ცენტრის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტს და იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს (19737.81 ლარის) ანაზღაურებას 2015 წლის 31 დეკემბრამდე, რაც არ ანაზღაურებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 21 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯთაღრიცხვა,3.1.3. ცენტრის მხრიდან შპს "ს----.-ი'' არაერთგზის იქნა ინფორმირებული (წერილობით) არსებული დავალიანების (პირგასამტეხლოს) დაფარვასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის 04.12.2015 წლის N04/1151 წერილი შპს "ს----.-ს";
- სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის 23.12.2015 წლის N04/1249 წერილი შპს "ს----.-ს";
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოპასუხეს რაიმე სახის მტკიცებულება ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების თაობაზე არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420, 629-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება იწვევს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს, მაშინ როცა სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.5%, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, მართალია ვადის დარღვევით, მაგრამ სრულად მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რასაც ადასტურებს მოსარჩელე მხარე. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო მოპასუხეს არ განუცდია რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 19737.81 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მიყენებულ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.5%-დან შემცირდეს 0.1%-მდე და შესაბამისად შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც: 2015 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს - თითოეულ დღეზე 146.20 ლარის ოდენობით, - ჯამში 27დღეზე 3947.58 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 592.14 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 1.46 ლარი. ამასთან, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 20%. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 118.4 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს "ს----.-ს" მოსარჩელე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 1 დღეზე 146.20 ლარის, სულ 3947.58 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს "ს-----"ს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს - 118.4 ლარის გადახდა.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს გადახდილი ბაჟიდან ნაწილი 1.46 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300093150, 2018 წლის 16 თებერვლის N00769 საგადახდო მოთხოვნა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ნინო თარაშვილი