გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210117001995389
№2-2494/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - ი----ბ ს---–----–---–ი
წარმომადგენელი - ნ----------–--–---–ი
მოპასუხე - შპს „S-----R“
წარმომადგენელი - რ-----–----ე
დავის საგანი - ხელშეკრულების მოშლა და თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ი----ბ ს---–----–---–ის სასარგებლოდ 36 000.00 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე შპს „S-----R“-ისათვის.
1.2. მოპასუხე შპს „S-----R“-ისათვის“ 2015 წლის 10 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება, 103 680.00 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ი----ბ ს---–----–---–ის სასარგებლოდ, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, 2017 წლის 4 ივლისამდე.
1.3. მოპასუხე შპს „S-----R“-ისათვის“ 2015 წლის 10 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება, 103 680.00 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ი----ბ ს---–----–---–ის სასარგებლოდ, სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 4 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე,მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2015 წლის 10 ივლისს შპს „S-----R“-სა და ი----ბ ს---–----–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „S-----R“-მა“ იკისრა ვალდებულება ი----ბ ს---–----–---–ისათვის საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ა-----ს II ჩიხი, N---ში მდებარე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-11 სართულზე არსებული ბინა N---. ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულების 6.8 პუნქტით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაესრულებინა დაწყებიდან 20 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2016 წლის 01 დეკემბრისა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში, გადაეცა მყიდველზე საკუთრების უფლება. უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის ბრალით შეფერხდებოდა მშენებლობა, რომელიც გამოიწვევდა სახლის ექსპლუატაციაში გაშვების შეფერხებას, მყიდველი უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში - პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.
გამყიდველმა უხეშად დაარღვია ხელშეკრულების 6.8 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, რის გამოც მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ნასყიდობის საგნის ღირებულება და პირგასამტეხლო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების არსებით დარღვევას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე შპს „S-----R“ წარმოადგენს ქ. ბათუმში, ა-----ს II ჩიხი, N---ში მდებარე უძრავი ქონების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული მშენებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 68-69;
3.2.2. 2015 წლის 10 ივლისს შპს „S-----R“-სა და ი----ბ ს---–----–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „S-----R“-მა“ იკისრა ვალდებულება, ი----ბ ს---–----–---–ისათვის საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმი, ა-----ს II ჩიხი N---ში მდებარე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-11 სართულზე არსებული ბინა N----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება - ს. ფ. 17-19;
- აზომვითი ნახაზი - ს. ფ. 20;
3.2.3. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 33 000 აშშ დოლარით. მყიდველმა ი----ბ ს---–----–---–მა ნასყიდობის საგნის სანაცვლოდ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე გამყიდველს საკუთრებაში გადასცა მის საკუთრებაში რიცხული, მხარეთა შეფასებით 36 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალება, შემდეგი მახასიათებლებით: მარკა - „B--”, მოდელი – 7----, საიდენტიფიკაციო კოდი - W----------------. 2015 წლის 10 ივლისის ხელწერილით, მხარეებმა ხელმოწერით, წერილობით დაადასტურეს ი----ბ ს---–----–---–ის მიერ, ზემოთ მითითებული ავტომანქანის შპს „S-----R“-ისათვის“ საკუთრებაში გადაცემის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება - ს. ფ. 17-19;
- 10.07.2015 წლის ხელწერილი - ს. ფ. 21;
3.2.4. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალების შპს „S-----R“-ისათვის“ საკუთრებაში გადაცემით ნასყიდობის საგნის (ბინა #----ის) ღირებულება გადახდილად ჩაითვალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება - ს. ფ. 17-19;
3.2.5. 10.07.2015 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულების 6.3. პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის ბრალით შეფერხდებოდა მშენებლობა, რომელიც გამოიწვევდა სახლის ექსპლუატაციაში მიღების შეფერხებას, მყიდველი უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში - პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 6.4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოითხოვდა ნასყიდობის ფასის უკან დაბრუნებას, გამყიდველი მას დაუბრუნებდა ნასყიდობის საგნის ფასს 33 000 აშშ დოლარს და არა ნასყიდობის ფასის გადახდის საშუალებას - ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება - ს. ფ. 17-19;
3.2.6. ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულების 6.8 პუნქტით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაესრულებინა დაწყებიდან 20 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2016 წლის 01 დეკემბრისა. საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში კი, გადაეცა მყიდველზე საკუთრების უფლება. ამასთან, გამყიდველი კისრულობდა ვალდებულებას მყიდველისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი გადაეცა შემდეგ მდგომარეობაში: მოეწყო ბინის კონტურის კედლები და ბინის ტიხრების, დაემონტაჟებინა ელექტროგაყვანილობის დგარი, სანიტარულ-ტექნიკური დგარები (ცივი წყალი, კანალიზაცია), მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, ბინის შესასვლელი კარი, აივანი მოეპირკეთებინა მეტლახის დაგებით, აივნები მოეწყო შუშის მოაჯირებით, მოეწესრიგებინა სადარბაზო, ფასადი, სახურავი, კეთილმოეწყო ტერიტორია, სააბაზანო და საპირფარეშო, სამზარეულო ოთახი კეთილმოეწყო სამზარეულოს ავეჯით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება - ს. ფ. 17-19;
3.2.7. ი----ბ ს---–----–---–სა და შპს „S-----R“-ს შორის 2015 წლის 10 ივლისს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარ ხელშეკრულებაში მითითებული ქ. ბათუმში, ა-----ს მე-2 ჩიხი N---ში მდებარე ბინა N--- (ს/კ 0------------------) საკუთრების უფლებით დღემდე ირიცხება მოპასუხე შპს „S-----R“-ის სახელზე, თუმცა აღნიშნულ ბინაზე მომავალ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 68-69;
3.2.8. შპს „S-----R“-მა ქ. ბათუმში, ა-----ს II ჩიხი N---ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივად ააშენა 2016 წლის 01 დეკემბრამდე, მაგრამ ამ პერიოდში ვერ უზრუნველყო მისი სრულად კეთილმოწყობა - რაც გამოიხატა მასში, რომ დასრულებული არ იქნა მოპირკეთებითი სამუშაოები, მშენებლობადასრულებული საცხოვრებელი სახლის სადარბაზოებიდან, ეზოდან და მიმდებარე ტერიტორიიდან გატანილი არ იქნა სამშენებლო ნარჩენები, დამონტაჟებული არ იქნა ლიფტი. 2017 წლის მაის-ივნისის მდგომარეობით სადავო საცხოვრებელ სახლი უკვე კეთილმოწყობილი იყო, მოწესრიგებული იყო ყველა ელექტრო და კომუნალური მომარაგების სისტემა და შესაძლებელი იყო არსებულ ბინაში ცხოვრება. სადავო N--- ბინაც ამ პერიოდისათვის იყო გარემონტებული, ბინაში ჩასმული იყო ლითონის კარი, იატაკი მოპირკეთებული იყო კერამიკული ფილებით, დამონტაჟებული იყო სამზარეულოს კარადები, მოწესრიგებული იყო სველი წერტილები. ამასთან დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში დღემდე არ არის მიღებული.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, ა-----ს მე-2 ჩიხი N---ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი მართალია აშენებული იყო 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მაგრამ მოპირკეთებითი, ასევე სამშენებლო ნარჩენების გატანის სამუშაოები დასრულდა მოგვიანებით.
მხარეებს შორის 2015 წლის 10 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებით დგინდება, მოპასუხე შპს „S-----R“-მა ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება 2016 წლის 1 დეკემბრამდე დაესრულებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულება იკისრა სახლის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად მხარეებმა ხელშეკრულებით მართალია განსაზღვრეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების კონკრეტული თარიღი, თუმცა დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს შემდგომ ეტაპს და მისი განხორციელების კონკრეტული თარიღი მხარეთა მიერ ხელშეკრულებით არ ყოფილა განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა რა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გასვლის გამო ნასყიდობის ღირებულების უკან დაბრუნება, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში - 2016 წლის 01 დეკემბრამდე ვერ უზრუნველყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება და მისი ექსპლუატაციაში გადაცემა. მოპასუხის განმარტებით კი, 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებული იყო. ექსპლუატაციაში გადაცემის ვადა კი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება მშენებარე ობიექტის შესახებ 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არ წარმოუდგენია. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმით, აუდიტის დასკვნებითა და ფოტოსურათებით, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებითა კი დასტურდება, რომ 2017 წლის მაის-ივნისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ფაქტობრივად იყო დასრულებული და მიმდინარეობდა გარკვეული სახის სამუშაოები საცხოვრებელი სახლის კეთილმოსაწყობად. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული სამუშაოები არ უშლიდა ხელს, რომ საცხოვრებელ სახლში არსებული ფართები გამოყენებული ყოფილიყო დანიშნულებისამებრ სარგებლობისათვის - მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრება შესაძლებელი იყო და რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა კიდეც. სახლი უზრუნველყოფილი იყო ელექტრო და კომუნალური მომარაგების სისტემებით, დამონტაჟებული იყო ლიფტებიც.
შპს „ა----------------“ მიერ 2017 წლის 5 ივნისს გაცემული აუდიტორული დასკვნით დასტურდება, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელისათვის გადასაცემი ფართი, კერძოდ, ქ. ბათუმში, ა-----ს ჩიხი II, N---ში შპს „S-----R“-ის 20 სართულიანი ტერასით მშენებარე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მე-11 სართულზე მდებარე ბინა N---, 2017 წლის 05 ივნისის მდგომარეობით უკვე კეთილმოწყობილი იყო, მოწესრიგებული იყო ყველა ელექტრო და კომუნალური მომარაგების სისტემა და შესაძლებელი იყო არსებულ ბინაში ცხოვრება.
ზემოთ მითითებულ გარემოებას ადასტურებს, ასევე, თავად მოსარჩელის დაკვეთით, შპს „ე-----------------ს“ მიერ წარმოებული კვლევის საფუძველზე, 2017 წლის 22 ივნისს გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ კვლევის პერიოდში ქ. ბათუმში, ა-----ს მე-2 ჩიხი N---ში მდებარე ბინა N--- გარემონტებულია, ბინაში ჩასმულია ლითონის კარი, იატაკი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით, დამონტაჟებულია სამზარეულოს კარადები, მოწესრიგებულია სველი წერტილები, ბინას გააჩნია გრძივი აივანი საერთო ფართით 6 კვმ. ბინის საბაზრო ღირებულება კი შეადგენს 53 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები;
- ფაქტების კონსტატაციის ოქმი - ს. ფ. 41-45;
- ფოტოსურათები;
- შპს „ა----------------“ 05.06.2017 წლის აუდიტორული დასკვნა - ს. ფ. 29-31;
- შპს „ე-----------------ს“ 22.06.2017წლის დასკვნა - ს. ფ. 37-40;
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 30.06.17 წერილი - ს. ფ. 28;
3.2.9. 2017 წლის ივნისში ი----ბ ს---–----–---–ის წარმომადგენელმა წერილით მიმართა შპს „S-----R“-ის დირექტორს, სადაც მიუთითებდა, რომ ვინაიდან საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2016 წლის 1 დეკემბრამდე არ დასრულდა, მყიდველმა დაკარგა ინტერესი ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ და მოითხოვდა გადახდილი თანხის 36 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება.
ი----ბ ს---–----–---–ის წარმომადგენელს შპს „S-----R“-ის 2017 წლის 05 ივნისის წერილით ეცნობა, რომ ქ. ბათუმში, ა-----ს მე-2 ჩიხი N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკვე დასრულებული იყო და შპს „S-----R“ გამოთქვამდა ნებისმიერ დროს მზადყოფნას ი----ბ ს---–----–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართი. წერილს თან ერთვოდა შპს „ა----------------“ 2017 წლის 05 ივნისით დათარიღებული დასკვნა, რომლის მიხედვით, ქ. ბათუმში, ა-----ს ჩიხი II, N---ში მდებარე შპს „S-----R“-ის 20 სართულიანი ტერასით მშენებარე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მე-11 სართულზე მდებარე ბინა N--- კეთილმოწყობილია, მოწესრიგებულია ყველა ელექტრო და კომუნალური მომარაგების სისტემა და შესაძლებელია არსებულ ბინაში ცხოვრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- წარმომადგენელ ნათია გულიაშვილის წერილი - ს. ფ. 32-34;
- შპს „S-----R“-ის 2017 წლის 05 ივნისის წერილი - ს. ფ. 29-31;
- შპს „ა----------------“ აუდიტორული დასკვნა 05.06.2017წ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 115-ე, 319-ე, 327-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 477-ე, 629-ე, 636-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102 და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ივლისს ი----ბ ს---–----–---–სა და შპს „S-----R“-ს შორის გაფორმებული იქნა უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში და რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების შესაბამისად შპს „S-----R“-ს უნდა უზრუნველეყო ქ. ბათუმი, ა-----ს II ჩიხი N---ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განხორციელება და საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მე-11 სართულზე მდებარე ბინა N----ის საკუთრების უფლებით მოსარჩელისათვის გადაცემა.
სასამართლო, სახელშეკრულებო პირობების შინაარსის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 07 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს შერეული ტიპის ხელშეკრულებას, რომელის შეიცავს როგორც ნარდობის, ასევე ნასყიდობის ურთიერთობას. შესაბამისად მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხი ამ ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმებით უნდა გადაწყდეს.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ მოპასუხე შპს „S-----R“-ის ვალდებულება, რომ მოსარჩელის დაკვეთით განახორციელოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და 2016 წლის 01 დეკემბრამდე უზრუნველყოს მისი დასრულება, არის ნარდობა, ხოლო სახლის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ მოსარჩელისათვის დამზადებულ ნივთზე (ბინის სახით) საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხზე უნდა გავრცელდეს ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ შემკვეთს იგი გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
6.3. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და არ დაასრულა მშენებლობა შეთანხმეულ ვადაში, რის გამოც მოითხოვს მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ამდენად მოსარჩელე ფაქტობრივად მოითხოვს მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მხარებს შორის 2015 წლის 10 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების მოშლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას - მიღებული შესრულების დაბრუნებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუ კი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ: ა) ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა; ბ) დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; გ) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი; დ) მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2015წლის 10 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული უძრავი ქონების წინასწარი ხელშეკრულება წარმოადგენს შერეული ტიპის ხელშეკრულებას, რომელის შეიცავს როგორც ნარდობის, ასევე ნასყიდობის ურთიერთობას. მოპასუხე შპს „S-----R“-ის ვალდებულება, რომ მოსარჩელის დაკვეთით განახორციელოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და 2016 წლის 01 დეკემბრამდე უზრუნველყოს მისი დასრულება, არის ნარდობის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო სახლის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ მოსარჩელისათვის დამზადებულ ნივთზე (ბინის სახით) საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ შეთანხმება, არის წინარე ნასყიდობა.
სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „S-----R“-ის მიერ უკვე დამზადებულია ნაკეთობა მოსარჩელის დაკვეთით უძრავი ქონების სახით. როგორც საქმის მასალებით, მათ შორის 2017 წლის 05 ივნისს და 22 ივნისს შედგენილი აუდიტის დასკვნებით დგინდება, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი უკვე აშენებულია, გარემონტებულია, დამონტაჟებულია სამზარეულო, კეთილმოწყობილია და მოწესრიგებულია სველი წერტილები და ბინა იმ მდგომარეობამდეა მიყვანილი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა და მოპასუხისათვის გადასაცემი ფართი მიყვანილი იქნა იმ მდგომარეობაში, როგორც იყვნენ შეთანხმებული მხარეები ხელშეკრულებით. მართალია, ფართი 2016 წლის 01 დეკემბრისათვის არ იყო იმ კონდიციამდე მიყვანილი და გარემონტებული, რასაც ითვალისწინებდა მხარეთა შეთანხმება, თუმცა დადგენილია, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი 2016 წლის დეკემბრისათვის აშენებული იყო, 2017 წლის დასაწყისში კი შესაძლებელი იყო სადავო ფართით სარგებლობა. ამასთან, დადგენილია, რომ 2017 წლის ივნისის თვემდე მოსარჩელეს მოპასუხისათვის რაიმე პრეტენზია სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო არ წარუდგენია. ამ პერიოდისათვის კი დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებული იყო.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, მოპასუხე კომპანიის მიერ ვალდებულების დარღვევა იმდენად უმნიშვნელოა, რომ დაუშვებელია ამ საფუძვლით ხელშეკრულებაზე უარის თქმა. თუ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლით სარგებლობა და მისი საკუთრებაში მიღება, აღნიშნულის საშუალება მხარეს გააჩნდა 2016 წლის 01 დეკემბრისათვის თუ არა, 2017 წლის დასაწყისში მაინც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელეს შპს „S-----R“-ის დირექტორის 2017 წლის 05 ივნისის წერილით ეცნობა, რომ შპს „S-----R“ გამოთქვამდა მზადყოფნას ნებისმიერ დროს გადაეცა ფაქტობრივ მფლობელობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი გარემონტებულ მდგომარეობაში, თუმცა მოსარჩელემ ფართის მიღებაზე უარი განაცხადა და ისე მოითხოვა ხელშეკრულების მოშლა, რომ არც დამატებითი ვადა მიუცია მოპასუხისათვის და ასევე მის მიერ არ არის დასაბუთებული თუ რატომ დაკარგა ასე მცირე დროში ინტერესი ვალდებულების შესრულებამ. ასეთ შემთხვევაში კი სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია ხელშეკრულებაზე უარი.
გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების მოშლის და 36 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნებს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების ნაწილშიც და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება.
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მხარეები 2015 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების 6.3 პუნქტით წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე, მაგრამ დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად ისინი შეთანხმდნენ, რომ პირგასამტეხლო მოპასუხეს დაეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ბრალით შეფერხდებოდა მშენებლობა და „მყიდველს“ წარმოეშობოდა მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. სწორედ აღნიშნული თანხის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში შეთანხმდნენ მხარეები, რომ მოპასუხე გადაუხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %.
ამდენად, უდავოა, რომ 10.07.2015 წელს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შპს „S-----R“-ის ვალდებულებას, პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ, ითვალისწინებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია შესაბამისი წინაპირობის არსებობის მიუხედავად, დროულად არ უზრუნველყოფდა მიღებული თანხის უკან დაბრუნებას. სხვა შეთანხმებას, პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ, მხარეთა შორის არსებული გარიგება არ ითვალისწინებდა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ წარმოშობია მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება და შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე. ამდენად არ არსებობს არც ამ თანხის დროულად გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრების საფუძველიც.
6.5. ამდენად, სასამართლო, მხარეთა თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპის დაცვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით აფასებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ არ არსებობს ი----ბ ს---–----–---–ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით საერთო ჯამში გადაიხადა 3000.00 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,S-----R"-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქ. ბათუმი, ა-----ს II ჩიხი, N--, სართული 4, ბინა N--, - ს/კ 0------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ასევე უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 აგვისტოს განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,S-----R"-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქ. ბათუმი, ა-----ს II ჩიხი, N--, სართული 2, ბინა N--, - ს/კ 0------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ი----ბ ს---–----–---–ის სასარჩელო მოთხოვნები შპს „S-----R“-ის მიმართ.
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,S-----R"-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქ. ბათუმი, ა-----ს II ჩიხი, N--, სართული 4, ბინა N--, - ს/კ 0------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 აგვისტოს განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,S-----R"-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქ. ბათუმი, ა-----ს II ჩიხი, N--, სართული 2, ბინა N--, - ს/კ 0------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი