გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2018
საქმის ნომერი
010210117001832123
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001832123

2-644/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02/08/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: სს ,,კ------------ი“

წარმომადგენელი: რ---------–--–-

მოპასუხეები: ხ------- ჯ-–ი და ი--- ს-------ა

მოპასუხე - ს--–---- ჯ-–ი

წარმომადგენელი: მ------–--------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

სს ,,კ------------ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ხ------- ჯ-–ს, ს--–---- ჯ-–ს და ი--- ს-------ას მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4790.10 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2015 წლის 20 აპრილს შპს ,,მ-----------------------------–-----------ს“ და ხ------- ჯ-–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხ------- ჯ-–ზე 36 თვის ვადით სესხად გაიცა 5000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი საერთო ჯამში შეადგენდა 2 656.74 აშშ დოლარს. მსესხებელს ასევე უნდა გადაეხადა დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემია 254.88 აშშ დოლარი, ასევე ყოველწლიური საკომისიო 43.98 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში 219. 59 აშშ დოლარის შენატანების შეტანის გზით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ გადახდის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 5 %, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 % ნაკლებია 2 ლარზე, მაშინ პირველ გადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო დღეებზე 150 დღის განმავლობაში ძირი თანხის 0.27 %. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულებები დადო ს--–---- ჯ-–თან და ი--- ს-------ასთან. მათ ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრეს სესხის დაფარვის ვალდებულება. ხ------- ჯ-–მა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 3447.56 აშშ დოლარი, სარგებელი - 921.13 აშშ დოლარი, სადაზღვევო პრემია 141.60 აშშ დოლარი, საკომისიო 16.40 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 263.41 აშშ დოლარი. სესხი არ დაფარეს თავდებმა პირებმაც. ვალდებულების შესრულების შეწყვეტის გამო მოსარჩელემ გამარტივებული წარმოებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი და დაიწყო გამარტივებული წარმოება, მაგრამ მოპასუხეები არ დაეთანხმენ გადახდევინების ბრძანების გამოცემას, რის გამოც გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეები სარჩელს სცნობენ მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში. დანარჩენი თანხის ნაწილში სარჩელს არ სცნობენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2015 წლის 20 აპრილს შპს ,,მ-----------------------------–-----------ს“ და ხ------- ჯ-–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხ------- ჯ-–ზე 36 თვის ვადით სესხად გაიცა 5000 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. ტ.1. 27-28.

3.1.2. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში, 219. 59 აშშ დოლარის შენატანების შეტანის გზით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. ტ.1. 27-28.

3.1.3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულებები დადო ს--–---- ჯ-–თან და ი--- ს-------ასთან. მათ ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრეს სესხის დაფარვის ვალდებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 30-32

 

3.1.4. ხ------- ჯ-–მა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 3447.56 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების შესახებ. ტ.1. ს.ფ. 33

- მხარეთა განმარტებები

 

3.1.5. სესხის დაფარვის მიზნით, თავდებ პირებს მოსარჩელისათვის თანხა გადახდილი არ აქვთ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებანი.

 

3.1.6. შპს ,,მ------------------------------–---------ომ“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და საქმის განხილვის მომენტისათვის მისი სახელია სს ,,კ------------ი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ.

 

3.1.7. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ მოსარჩელემ გამარტივებული წარმოებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი და დაიწყო გამარტივებული წარმოება, მაგრამ მოპასუხეები არ დაეთანხმენ გადახდის ბრძანების გამოცემას, რის გამოც გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. ტ.1. ს.ფ. 45

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეები სადაოდ ხდიან სარგებელის, საკომისიოს, სადაზღვევო პრემიის და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნას.

საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ გადახდის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 5 %, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 % ნაკლებია 2 ლარზე, მაშინ პირველ გადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო დღეებზე, 150 დღის განმავლობაში ძირი თანხის 0.27 %.

იხ. 2015 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 27-28.

 

3.2.2. პირგასამტეხლოს მსგავსდ, 2015 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას საკომისიოს, სადაზღვევო პრემიის და სარგებელის შესახებ. ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია. მასზე გადასახდელი სარგებელი საერთო ჯამში შეადგენს 2 656.74 აშშ დოლარს. მსესხებელს ასევე უნდა გადაეხადა დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემია 254.88 აშშ დოლარი და ყოველწლიური საკომისიო 43.98 აშშ დოლარი.

იხ. 2015 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 27-28.

3.2.3. სარგებელის, საკომისიოს, სადაზღვევო პრემიის და პირგასამტეხლოს შესახებ მითითებულია ხელშეკრულებაში და მასზე შეთანხმება ხელმოწერით დადასტურებული აქვს ხ------- ჯ-–ს. ხელმოწერას ხ------- ჯ-–ი სადაოდ არ ხდის. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სარგებელზე, საკომისიოზე, სადაზღვევო პრემიასა და პირგასამტეხლოზე მხარეთა შეთანხმებას.

იხ. 2015 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 27-28.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ ხ------- ჯ-–მა მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ავადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს თავდები პირების მიერ სესხის გადაუხდელობა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

დადგენილია, რომ სს ,,მ-----------------------------–-----------სა“ და ხ------- ჯ-–ს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2015 წლის 20 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 36 წლის ხ------- ჯ-–ს ასესხა 5000 აშშ დოლარი. სესხს სარგებელის სახით უნდა დარიცხვოდა საერთო ჯამში 2656.74 აშშ დოლარი. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 1 რიცხვში სესხის დაფარვის მიზნით გადაეხადა 219.79 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ხ------- ჯ-–ისათვის მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ხ------- ჯ-–ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ხ------- ჯ-–მა დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 3447.56 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ხ------- ჯ-–ი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

 

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. ხ------- ჯ-–ს საერთო ჯამში უნდა გადაეხადა 2 656.74 აშშ დოლარი. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. ხ------- ჯ-–მა გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანა თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით ხ------- ჯ-–ს გადასახდელი აქვს სარგებელი 921.13 აშშ დოლარი. გარდა ამისა ხ------- ჯ-–ს უნდა გადაეხადა დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემია 254.88 აშშ დოლარი, ასევე ყოველწლიური საკომისიო 43.98 აშშ დოლარი. ხ------- ჯ-–მა საკომისიოს და სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს სადაზღვევო პრემია 141.60 აშშ დოლარი, საკომისიო 16.40 აშშ დოლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 5 %, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 % ნაკლებია 2 ლარზე, მაშინ პირველ გადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო დღეებზე, 150 დღის განმავლობაში ძირი თანხის 0.27 %.

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ ხ------- ჯ-–მა ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 263.41 აშშ დოლარი.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხ------- ჯ-–თან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო ს--–---- ჯ-–თან და ი--- ს-------ასთან. მათ იკისრეს ვალდებულება ხ------- ჯ-–თან ერთად პასუხი აგონ სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

 

ხ------- ჯ-–ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევისა და სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო, ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ხ------- ჯ-–ს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ხ------- ჯ-–ის, ასევე ს--–---- ჯ-–ისა და ი--- ს-------ას მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 348.23 ლარს. მოპასუხეებმა სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე სცნეს 3447.56 აშშ დოლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივად სცნეს, ამიტომ ისინი ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 250.62 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ. მათ გადასახდელად უნდა დაეკისროთ 97.61 ლარი. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის თანხა 50 ლარი.

 

საპროცესო ხარჯებს წარმოადგენს ასევე აღსრულების ბიუროში გადახდილი აპლიკაციის საფასური 100 ლარი, კერძო საჩივარზე გადახდილი 50 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების სააღსრულებო ბიუროში რეგისტრაციისათვის გადახდილი 200 ლარი, სულ 350 ლარი. დასახელებული თანხის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

7.2. მოსარჩელე მოითხოვს სასამართლო 200 ლარის გადახდა სოლიდარულად დააკისროს მოპასუხეებს. დასახელებული თანხა წარმოადგენს იმ ხარჯს, რომელსაც მოსარჩელე გაწევს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე. ანუ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ მოსარჩელე გადაწყვეტილებას წარადგენს აღსრულების ბიუროში, რა დროსაც მას დაჭირდება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. აღნიშნული ქმედებისათვის მას გადასახდელი ექნება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოსაკრებელი 100-100 ლარი. სასამართლო ადასტურებს ასეთი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას, მაგრამ იგი არ წარმოადგენს საპროცესო ხარჯებს. იგი გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯია და რეგულირდება სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონით და მის ამოღება ხორციელდება აღმასრულებლის მიერ იმ წესებით რაც დადგენილია კანონით. შესაბამისად ამ ნაწილში მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისისა და 12 სექტემბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ს--–---- ჯ-–ისა და ი--- ს-------ას საბანკო ანგარიშებს. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად შესაბამისად სახეზეა აღსასრულებელი გადაწყვეტილება. საქ. სსკ-ის 1991 -ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,კ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ხ------- ჯ-–ს, ს--–---- ჯ-–ს და ი--- ს-------ას სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

· ძირთადი თანხის - 3447.56 აშშ დოლარის გადახდა.

· სარგებელის - 921.13 აშშ დოლარის გადახდა.

· პირგასამტეხლოს სახით - 263.41 აშშ დოლარის გადახდა.

· საკომისიოს სახით - 16.40 აშშ დოლარის გადახდა.

· სიცოცხლის დაზღვევის პრემიის - 141.60 აშშ დოლარის გადახდა.

3. ხ------- ჯ-–ს, ს--–---- ჯ-–ს და ი--- ს-------ას სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 97.61 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის თანხის 50 ლარის, აღსრულების ბიუროში გადახდილი აპლიკაციის საფასურის - 100 ლარის, კერძო საჩივარზე გადახდილი 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების სააღსრულებო ბიუროში რეგისტრაციისათვის გადახდილი 200 ლარის ანაზღაურება.

4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 250.62 ლარი (საგადასახადო დავალება N207377, გადახდის თარიღი - 06/03/2017 წელი, გადამხდელის ბანკი - სს საქართველოს ბანკი, მიმღების ბანკი/სახაზინო კოდი - 300 693 150)

5. მოსარჩელეს უარი ეთქვას გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისათვის გადასახდელი მოსაკრებლის 100-100 ლარის წინასწარ ანაზღაურებაზე.

6. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30)

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე