გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2018
საქმის ნომერი
140210017002020497
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017002020497

საქმე № 2/1079 -17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - გ-------–-----ე (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - თ----------–-–--ე

მოპასუხეები - ს---------------------------–--“

გ---------------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ა-----------–---–ი (სს „ფინკა ბანკის“ წარმომადგენელი)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ს--------------ი“ (მონაწილეობის გარეშე)

 

დავის საგანი: ხელშეკრულების (თავდებობის წერილის) ბათილად ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს თავდებობის წერილი, რომელითაც გ-------–-----ე წარმოადგენს გ---------------–-–---–ის თავდებს ს---------------------------–--სა“ და გ---------------–-–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობის სოლიდარულ ვალდებულებაზე.

 

1.2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორი, ქუთაისის ქ. № 79, საკადასტრო კოდი: 66.45.19.075

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2016 წლის 06 დეკემბერს გ--------------–-–---–-ა და ს---------------------------–--ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გ-------–-----ესთან გაფორმდა თავდებობის წერილი, რომლითაც მან იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ს---------------------------–--ს“ წინაშე. იმის გამო რომ გ---------------–-–---–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები ბანკის წინაშე, ყადაღა დაედო გ-------–-----ის კუთვნილ უძრავ ქონებას. როგორც მოსარჩელე განმარტავს მისთვის ცნობილი არ იყო თავდებობის წერილის შინაარსი, რომელიც წვრილი შრიფტით იყო შესრულებული, რის გამოც ვერ შეძლო მისი წაკითხვა, მას არ გადასცემია სესხის ხელშეკრულება და არ იცოდა სესხის ოდენობის შესახებ. თავდებობის წერილით მთლიანად შელახულია გ-------–-----ის პიროვნული თავისუფლება, მას ყველა სახის ქონებრივი უფლება გადაცემული აქვს ბანკისათვის, რითაც თავისუფალი სუბიექტის მდგომარეობიდან ჩაყენებულია მონურ მდგომარეობაში, რაც ეწინაარმდეგება საზოგადოების თავისუფალი წევრის სტატუსს და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. მოსარჩელის კუთვნილი ყადაღადადებული უძრავი ქონება არ იყო ზემოთ აღნიშნული სასესხო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით დატვირთული და თავდებობის წერილში არსებული დათქმა, რომ „ბანკს უფლება აქვს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაციით“, წარმოადგენს როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგების ნაწილს, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და შესაბამისად, ასეთი გარიგება არ შეიძლება გახდეს უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველი. გარდა ამისა, გ-------–-----ის კუთვნილი უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით სს „ბაზისბანკთან“ დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად (იხ. სარჩელი და 23.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ს---------------------------–--მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გადახდის ბრძანების საფუძველზე, საქმეზე დაწყებულია სააღსრულებლო წარმოება, რომელიც არის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალის მქონე აქტი. მოპასუხე ს---------------------------–--ს“ წარმომადგენლის განმარტებით რესპოდენტს (გ-------–-----ეს) გაეგზავნა შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ მას თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე სთხოვდნენ თანხის გადახდას. გადახდის ბრძანება ჩაბარდა მოსარჩელის მეუღლეს, მას კანონით დადგენილ ვადაში არ გაუპროტესტებია მოთხოვნა. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე ითხოვს საქმის წარმოების შეწვეტას. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოპასუხე მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა გამორიცხავს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებასაც (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმის განხილვისას არ გამოვლენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2016 წლის 06 დეკემბერს გ---------------–-–---–სა და ს---------------------------–--ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების ფარგლებში გ-------–-----ემ თავდებობის წერილის საფუძველზე იკისრა სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე.

 

მტკიცებულება:

- სესხის ხელშეკრულება № 301893.3222.001

- თავდებობის წერილი

 

3.2.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით არ ყოფილა დატვირთული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ 66.45.19.075

 

მტკიცებულება:

- სესხის ხელშეკრულება № 301893.3222.001

 

3.2.3. სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ თავდებობის წერილის საფუძველზე გაიცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის აღსრულების მიზნითაც ყადაღა დაედო მოსარჩელე გ-------–-----ის კუთვნილ უძრავ ქონებას ს/კ 66.45.19.075

 

მტკიცებულება:

- გადახდის ბრძანება;

- აქტი

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა სს „ფინკა ბანკ საქართველოსა“ და გ---------------–-–---–ის მიმართ ხელშეკრულების (ხელწერილის) ბათილად ცნობისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახდებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 319-ე, 327-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 180-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ თავდებობის ხელწერილი დადებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევით, კერძოდ, იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, რითაც დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მოპასუხეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება და ასევე ამ სესხის უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმება თავდებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე (თავდები), 25 000 ლარის ფარგლებში, კისრულობს პასუხისმგებლობას ძირითადი მსესხებლის, გ---------------–-–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებაზე.

 

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის თავდებობის ხელშეკრულების კანონიერებას, კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ გ-------–-----ემ ისე მოაწერა ხელი თავდებობის ხელწერილს, რომ არ გასცნობია ძირითად ხელშეკრულებას, მისთვის ცნობილი არ იყო კრედიტის ოდენობა, თავდებობის ხელწერილის შინაარსი.

 

6.2. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედგების გამომწვევია. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს. კერძო სამართლის სუბიექტების ავტონომია თავისუფლად დადონ გარიგებები გარკვეულად შეზღუდულია. შეზღუდვა გამომდინარეობს უპირველეს ყოვლისა კანონის მოთხოვნებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველი თავს იჩენს თუ ხდება იმ ფასეულობათა დარღვევა, როგორიცაა კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესისა თუ აკრძალვის დარღვება გულისხმობს, ყველა იმ გარემოებას, რომელსაც გააჩნია ბათილობის კანონით განსაზღვრული საერთო საფუძველი (მაგ. მოტყუება, იძულება და სხვა), ასევე, ცალკეული გარემოებებისათვის დამახასიათებელი სპეციალური საფუძველი. რაც შეეხება საჯარო წესრიგს, მასში იგულისხმება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ინტერესთა ერთობლიობა. საჯარო წესრიგის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა პრინციპულ სამართლებრივ ფასეულობათა უარყოფაში. რაც შეეხება ზენობის ნორმების დარღვევას, აღნიშნული შეფასებითი საკითხია. გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობას, როცა იგი დადგენილი ზნეობით აკრძალული მოქმედების შესრულებას ითვალისწინების, ანდა პირიქით, განზრახ აბრკოლებს ზნეობის შესატყვისი მოქმედების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მითითება კანონით დადგენილი წესის, საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმებთან ხელშეკრულების შეუსაბამობასა და წინააღმდეგობრიობასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან წარმოდგენილი სადავო ხელშეკრულება, ყველა მისი პირობა და დანაწესი დადგენილი და გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით, შეესაბამება თავდებობის ხელშეკრულების საკანონმდებლო დანაწესებს და დადგენილ მოთხოვნებს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მხარეთა ნება გამოხატული იქნა ნათლად და საქმეზე არ დგინდება მისი რაიმე სახის ნაკლის (არანამდვილობის) ფაქტი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს აღნიშნული ნორმით დადგენილი სამართლებრივ საფუძვლების დარღვევის დასადასტურებლად, შესაბამისად, ამ კუთხით თავდებობის წერილის ბათილობის წინაპირობები არ არსებობს.

 

სასამართლოს ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში თავდებობის ხელშეკრულების დადებისას დაირღვა მის ფორმა, კერძოდ: არ არსებობს განცხადება და მის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განცხადება თავის ბუნებით არის გარიგება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს რომ გარიგების დასადებად საჭიროა ნამდვილი ნების გამოვლენა, აღნიშნული კანონი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ შეიძლება დაიდოს კონკლიდენტური მოქმედებითაც.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მივიდა ბანკში და გამოხატა მზაობა რომ დასთანხმებოდა თავდებობას გ---------------–-–---–ის სასარგებლოდ, რაც დასტურდება თავდებობის წერილზე მისი ხელმოწერით, აბსოლუტურად შეესაბამება თავდებობის ხელშეკრულების ფორმას.

 

აქედან გამომდინარე მოსარჩელის პრეტენზია თავდებობის ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.

 

რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჩაბარებია ძირითადი ხელშეკრულება, არ იცოდა არც სესხის ხელშეკრულების შინაარსი, სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: გ-------–-----ემ ხელშეკრულებას თავისი ნებით მოაწრა ხელი, თავად შეეძლო მოეთხოვა აღნიშნული ხელშეკრულების ასლი, მას არ მიუთითებია, რომ მან მოითხოვა რაიმე სახის ინფორმაცია სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და უარი მიიღო, მითუმეტეს, რომ საქმის მასალების მიხედვით გ-------–-----ის კუთვნილი უძრავი ქონება დაყადაღდა 2017 წლის 30 მაისს და აღნიშნული დაყადაღების აქტს ხელს აწერს თავად გ-------–-----ე. გ-------–-----ის კუთვნილი უძრავი ქონების დაყადაღებამდე, 2017 წლის 25 აპრილს გ-------–-----ეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაეგზავნა შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც ჩაბარდა 28 აპრილს. აღნიშნული შეტყობინებით გ-------–-----ეს მიეცა წინადადება შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, 2017 წლის 18 მაისს აღსრულების ბიუროს მიერ გაიცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომელიც გ-------–-----ის მეუღლეს ჩაბარდა 2017 წლის 25 მაისს. გ-------–-----ემ არც ამჯერად გამოიყენა აღნიშნული ბრძანების გასაჩვივრების უფლება და მხოლოდ მას შემდეგ მიმართა სასამართლოს სარჩელით, როდესაც მისი კუთვნილი უძრავი ქონება დაყადაღდა. მითითებული გარემოებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს გ-------–-----ის მიერ მითითებულ გარემოებებს სესხის ხელშეკრულების და თავდებობის ხელწერილის შინაარსის არცოდნის შესახებ.

 

გარდა ზემოთ მითითებული გარემოებებისა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ქონების ყადაღისაგან გათავსუფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვისას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

ხელშეკრულების ბათილობა თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელია იურიდიული ინტერესის არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის სამართლებრივ საშუალებად აღიარებით სარჩელს ითვალისწინებს. თუმცა, ამ სახის მოთხოვნა, როგორც აღინიშნა, ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესით. ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს. ამდენად, მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა, რომელსაც კანონის თანახმად იწვევს ხელშეკრულების ბათილობა. ზოგადი პრინციპის მიხედვით, ხელშეკრულების ბათილობა იწვევს შესრულების რესტიტუციას, ანუ ამ ხელშეკრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების ანულირებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის იურიდიულ ინტერესს, მიზანს, წარმოადგენს ხელშეკრულებების ბათილობის გზით მისი კუთვნილი უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. წარმოდგენილ შემთხვევაში ვინაიდან არ არსებობს უძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების იურიდიული ინტერესის განხორციელების შესაძლებლობა აღნიშნული გადაწყვეტილების 6.1. პუნქტით მითითებული სამართლებრივი მსჯელობის შესაბამისად, არ არსებობს 2017 წლის 06 დეკემბრის თავდებობის წერილის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნათა მიმართ მხარის მიღწევადი იურიდიული ინტერესი და შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხარეს უნდა ეთქვას უარი. სასამართლო აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით დაკავშირებით განმარტავს, რომ გადახდის ბრძანება რომელიც უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველი გახდა, გაცემულია თავდებობის წერილის საფუძველზე, რომლის ნამდვილობასთან და კანონშესაბამოსობასთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე იმსჯელა, შესაბამისად, მეორე სასარჩელო მოთხოვნაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 500 ლარი. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა გ-------–-----ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და შეჩერდა გ-------–-----ის კუთვნილი ქონების, მდებარე გორი, ქუთაისის ქ.N79 (ს/კ: 66.45.19.075) აუქციონზე რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 14 ივლისის გაჩინებით სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. გ-------–-----ის სარჩელი ს---------------------------–--სა“ და გ---------------–-–---–ის მიმართ, მესამე პირი სს „ბაზისბანკი“, ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი