გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.09.2018
საქმის ნომერი
330310018002566469
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4776-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - მ-------------ა

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ-------------–---ა

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე მ-------------ას სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების (დარიცხული) - 259,41 ლარის, ხელზე ასაღები 222,96 ლარის ანაზღაურება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მიერ 2018 წლის 05 ივლისს გაცემული M---------------- ცნობის თანახმად, მ-------------ას I საზენიტო-სარაკეტო დივიზიონში ნამსახურობის პერიოდში, კერძოდ 1999 წელს (მესამე, მეოთხე კვარტალი) დარიცხული დავალიანება შეადგენს სულ: 99,24 ლარს. აქედან 10,04 ლარი საშემოსავლო, ხელზე ასაღები 89,20 ლარი.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მიერ 2018 წლის 10 ივლისს გაცემული M---------------- ცნობის თანახმად, მ-------------ას მიმართ 1998 (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) -1999 (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) – 2000 (აპრილი, მაისი, ივნისი, ოქტომბერი) წლების დარიცხული თანხები (ხელფასი, კვება, ჯილდო) შეადგენს 160,17 ლარს, დაქვითვა 26,41 ლარი, ხელზე გასაცემი 133,76 ლარი.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- წერილის თანახმად, მ-------------ას მისი 2018 წლის 21 ივნისის N6----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მიერ 2018 წლის 05 ივლისს გაცემული M---------------- ცნობა (იხ.ს.ფ. 16);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2018 წლის 10 ივლისის M---------------- ცნობა (იხ.ს.ფ. 15);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 ივლისის M---------------- წერილი (იხ.ს.ფ. 14).

 

3.3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ მ-------------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში მ-------------ას მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვს მოპასუხეს დაევალოს მის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხოლო, მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.

 

ამდენად, აღნიშნული მუხლი ასევე მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელო, ხელფასი.

 

ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა (გარდა კვების კომპენსაციისა), აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოსარჩელის მოთხოვნა – კვების კომპენსაციის შესახებ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ასევე ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

 

ამასთან, რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 13 ივლისის M---------------- წერილს, სასამართლო აღნიშნავს, რომ წერილის შინაარსი არ განიმარტება ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ იმოქმედებდა ხანდაზმულობის ვადებზე; აღნიშნული წერილი მხოლოდდამხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ იკითხება ვალის აღიარებად და მისი გადახდის დაპირებად შესაბამისი თანხების არსებობისას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მ-------------ას სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების გაცემის შესახებ ხანდაზმულია, შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ. N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე