გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/6308-17 22 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - თ----------------ე
წარმომადგენლი - ე-------------------ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ-----------------–---–ი
მესამე პირი - ნ----------–---------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისში, მ-----------ის ქუჩა N2/6-ში მდებარე 56 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.--------015) აუცილებელი (სამანქანე) გზის უფლების რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირების პოზიცია
მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ნ----------–---------ის კუთვნილ, ქალაქ თბილისი, მ-----------ის ქუჩა N2/6-ში მდებარე 56 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.--------015) ამ ნაკვეთის მომიჯნავე ნაგებობის მესაკუთრეების - მ----------------ისა და თ----------------ის სასარგებლოდ აუცილებელი (სამანქანე) გზის უფლება დადგინდა. ამავე გადაწყვეტილებით მ----------------ესა და თ----------------ეს ნ----------–---------ის სასარგებლოდ, აუცილებელი გზის თმენისათვის ერთჯერადი კომპენსაციის სახით 500 ლარის გადახდა დაეკისრათ.
მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-18).
4.2. 2017 წლის 8 ივნისს თ----------------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისი, მ-----------ის ქუჩა N2/6-ში მდებარე 56 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება ერთვოდა.
მტკიცებულება: შემოვლის ფურცელი, განცხადება (ს.ფ. 56, 57).
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილებით თ----------------ეს უფლების რეგისტრაციაზე უერი ეთქვა იმაზე მითითებით, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, აუცილებელი გზა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას არ ექვემდებარებოდა.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 19).
4.4. 2017 წლის 17 ივლისს თ----------------ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N3-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და N8----------- განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 78-80).
4.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილებით თ----------------ეს 2017 წლის 17 ივლისის N3-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია და შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლსა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლს. გადაწყვეტილების მიხედვით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ჩამონათვალში აუცილებელი გზა არ არის მითითებული, შესაბამისად, კანონმდებლობა აუცილებელი გზის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას არ ითვალისწინებს.
მტკიცებულება: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-26).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.
7. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილების კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმ გარემოებების გამოკვლევით, ჰქონდა თუ არა მარეგისტრირებელ ორგანოს ქალაქ თბილისში, მ-----------ის ქუჩა N2/6-ში მდებარე 56 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.--------015) მ----------------ისა და თ----------------ის სასარგებლოდ აუცილებელი გზის უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი.
საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის განსაზღვრავს.
დასახელებული კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი). უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლებისა და მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა ხორციელდება რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით (მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი).
ამავე კანონის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (კანონის მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები). რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე (კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი). სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტები).
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტში ასახულია არის იმ უფლებათა ჩამონათვალი, რომელიც რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. კერძოდ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები; მ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, აუცილებელი გზის უფლების დადგენის თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი მესაკუთრეს საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულებას უდგენს და ეს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივი მექანიზმია; უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზის უფლების რეესტრში ასახვა კი სრულად შეესაბამება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების მიზნებს, უზრუნველყოფილ იქნეს უძრავ ნივთებზე არსებული მონაცემების საჯაროობა. ამასთან, როგორც მიეთითა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ასეთს კი წარმოადგენს მესაკუთრის ვალდებულება, ითმინოს კუთვნილი ქონებაზე აუცილებელი გზით სარგებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის არასწორი გამოყენების შედეგად და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, რის გამოც უნდა იქნეს ბათილად ცნობილი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უმსჯელია, თუ რამდენად აკმაყოფილებდა თ----------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები რეგისტრაციის პირობებს, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა დაევალოს, გააკეთოს შესაბამისი შეფასებები, იმსჯელოს აუცილებელი გზის უფლების რეგისტრაციის საკითხზე, გამოიკვლიოს და დაადგინოს საამისოდ საჭირო გარემოებები, სარეგისტრაციო უფლების ფარგლები და ამგვარად მიიღოს გადაწყვეტილება.
6.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით, ცხადია, რომ დასახელებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით დადგინდა, რაც საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული აქტის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 35-36). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს N3----- გადაწყვეტილება;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 14 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ გამოსცეს ახალი აქტი;
4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია