გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.08.2018
საქმის ნომერი
330310018002455641
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3110-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ--------–--ე

წარმომადგენელი - დ----------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ო-------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის №M-------------- აქტი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 იანვრის №1----- აქტი;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 01 მარტის M---------------- აქტი, ნ--------–--ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;

 

1.4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროგრამის გასავლელად ნ--------–--ის ჩარიცხვის შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წელს მონაწილეობდა სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამით გამოცხადებულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კონკურსში, რომელსაც ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი. გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, აჭარის სამმართველოს კადრების უფროსის დაპირების მიხედვით, მას უნდა გაევლო ექვსთვიანი კურსები პოლიციის აკადემიაში, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინებით დაზუსტდებოდა კურსებზე წასვლის თარიღი. მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვა კანდიდატებმა სასწავლო კურსი გაიარეს. ამის შემდეგ, ნ--------–--ემ მსმენელად ჩარიცხვის მოთხოვნით მიმართა სამმართველოს უფროსს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გასაუბრების ეტაპის გავლა ავტომატურად არ გულისხმობდა სპეციალური მომზადების კურსზე ჩარიცხვას. მითუმეტეს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული ფაქტი. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ნ--------–--ემ 2007 წლის 16 მარტს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოს და გამოთქვა შინაგან საქმეთა ორგანოში დასაქმების სურვილი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში 2007 წლის 20 მაისს ჩატარდა გასაუბრება იმ მიზნით, რომ შერჩეულიყვნენ პირები, რომლებიც წარდგენილი იქნებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სპეციალური მომზადების ექვსთვიანი კურსის გასავლელად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარმა სამმართველომ ნ--------–--ე არ წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, სპეციალური მომზადების კურსის გასავლელად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება (ს.ფ. 41-43).

 

3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს 2007 წლის 25 სექტემბრის წერილით ნ--------–--ეს 2007 წლის 21 სექტემბრის №მ--- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ უმოკლეს ვადაში გამოცხადებულიყო კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს 2007 წლის 01 ოქტომბრის წერილით ნ--------–--ეს დამატებით ეცნობა, რომ ვაკანტური ადგილების უქონლობის გამო მისი შსს აჭარის მთავარ სამმართველოში შრომით მოწყობის საკითხი ამ ეტაპზე ვერ მოხდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს 2007 წლის 25 სექტემბრის №2----------- წერილი (ს.ფ. 17);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს 2007 წლის 01 ოქტომბრის №2----------- წერილი (ს.ფ. 18);

 

3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის M---------------- წერილით, ნ--------–--ეს, 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანების თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად კანდიდატმა უნდა გაიროს წინასწარი შესარჩევი ტესტირება/გასაუბრება. ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge ) მეშვეობით, ელექტრონულად, შესაძლებელია შეავსოს აღნიშნულ ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, რომელშიც მას სურს მუშაობის დაწყება. განცხადებას (აპლიკაციას) თან უნდა დაერთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ფოტოსურათი (3X4).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის M---------------- აქტი (ს.ფ. 15);

 

3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 იანვრის №1----- წერილით, ნ--------–--ეს, 2018 წლის 12 იანვრის №9---- (შემ. №12----, 16.01.2018წ.) განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანების თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად კანდიდატმა უნდა შეიტანოს განცხადება (აპლიკაცია) შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში და შსს აკადემიაში გაიაროს წინასწარი ტესტირება/გასაუბრება. ზემოაღნიშნული პროგრამის დადებითად გავლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 იანვრის №1----- აქტი (ს.ფ. 15);

 

3.5. ნ--------–--ემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის M-------------- და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 იანვრის №1----- აქტები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 01 მარტის M---------------- წერილით ნ--------–--ეს №4----- ადმინისტრაციული საჩივრის პასუხად ეცნობა, რომ თავისი უფლებების დასაცავად შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა სასამართლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ--------–--ის 2018 წლის 24 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 13-14);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 01 მარტის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 21).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის M-------------- გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 იანვრის №1----- გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 01 მარტის M---------------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს, რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროგრამის გასავლელად ნ--------–--ის ჩარიცხვის შესახებ.

6.2. სასამართლო მიუთითებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მითითებული კანონი ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, განსაზღვრავს პროფესიული განათლების სახეებს, საფეხურებსა და დაფინანსების პრინციპებს.

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალური პროფესიული განათლებას წარმოადგენს განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის კადრების სპეციალური პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამინისტროს აკადემიაში. ამასთან, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად კანდიდატთა შერჩევისა და ჩარიცხვის წესს ადგენს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი, რომელიც დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) მისაღები პირებისთვის და სამინისტროს მოსამსახურეებისთვის წესდება სპეციალური პროგრამები, რომელთა შორისაცაა, უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

სასამართლო მიუთითებს სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის მე-3 მუხლზე და განმარტავს, რომ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა (შემდგომში – კანდიდატი) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეიძლება შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სამინისტროს იმ დანაყოფში (ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩასარიცხმა კანდიდატმა, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვის სამმართველოებში), რომელშიც სურს მუშაობის დაწყება, თუ აღნიშნულ დანაყოფს გააჩნია შესაბამისი საკადრო დანაყოფი (შემდგომში – შესაბამისი საკადრო დანაყოფი), ხოლო თუ ასეთი საკადრო დანაყოფი არ არსებობს, მაშინ სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში. განცხადებას (აპლიკაციას) უნდა დაერთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ფოტოსურათი (ზომით 3X4); დ) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები პირების შემთხვევაში - სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი.

 

მითითებული წესის მითითებული რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ან შესაბამისი საკადრო დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატთა განცხადებების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათთან გასაუბრებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, კანდიდატის მიერ წარდგენილი განცხადების (აპლიკაციის) განხილვა წყდება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდება მათი სიყალბე ან მნიშვნელოვანი უზუსტობა ან თუ კანდიდატი ვერ გაივლის ამ მუხლით გათვალისწინებულ გასაუბრებას.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ შსს აკადემიაში უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.police.ge) მეშვეობით ელექტრონულად შეავსოს აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული განცხადება (აპლიკაცია) ან წერილობითი ფორმით შევსებული განცხადება (აპლიკაცია) წარადგინოს სამინისტროს იმ დანაყოფში, სადაც სურს მუშაობის დაწყება. სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ან შესაბამისი საკადრო დანაყოფი უზრუნველყოფს კანდიდატთა განცხადებების მიღებას, საჭიროების შემთხვევაში მათთან გასაუბრებას და ამის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას მსმენელად ჩასარიცხი კანდიდატის შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ნ--------–--ემ უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნით განცხადება შეიტანა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, ამავე სამინისტროს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტში. ასევე, დადგენილია, რომ ორივე ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელს აკადემიაში მსმენელად ჩარიცხვასთან დაკავშირებით მიუთითეს იმ აუცილებელ ღონისძიებებზე, რაც მას უნდა განეხორციელებინა.

ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მან 2007 წელს გაიარა გასაუბრება, თუმცა არ იქნა წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური მომზადების კურსის გასავლელად, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2007 წლის 01 ოქტომბრის №2----------- წერილზე, რომლითაც ნ--------–--ეს უარი ეთქვა ამავე სამმართველოში შრომით მოწყობაზე. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეთანხმებოდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, შეეძლო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის აპელირებას გარკვეული დროის განმავლობაში კონკრეტული პირების ზეპირსიტყვიერ დაპირებაზე და იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას საქმეში სათანადო მტკიცებულების არარსებობასთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადავო აქტების გამოცემისას იმოქმედეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და განმცხადებელს აცნობეს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მისი ჩარიცხვა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ნ--------–--ის სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროგრამის გასავლელად ნ--------–--ის ჩარიცხვის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ამდენად, ვინაიდან ნ--------–--ის მიერ წარმოდგენილ სარჩელთან დაკავშირებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს დ----------------ის მიერ 2018 წლის 21 მაისს სს „ვ-----------------------–ი“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა (მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი). მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. მოსარჩელე ნ--------–--ეს დაუბრუნდეს დ----------------ის მიერ 2018 წლის 21 მაისს სს „ვ-----------------------–ი“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი). მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე