გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210116001515901
(2/411-2016 წ )
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14.09. 2018 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - სს „სა-------------------------–--ა“
წარმომადგენელი -ალ---------ე ბრ-----ე
მოპასუხე - გ---- ფი--–---–--ა
წარმომადგენელი - ივ-–---ე ხუ--–--–--ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე სს „სა-------------------------–--ა“-ს სასარგებლოდ, მოპასუხის გ---- ფი--–---–--ასათვის 8006 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:
2013 წლის 7 ოქტომბერს მ--------–-ს რაიონის სოფელ ლ------------ში მოძრაობის წესების დარღვევის გამო ერთმანეთს შეეჯახა ავტომანქანა “ს-------ი ჯ---ი” სახ. №F-----, რომელსაც მართავდა ლ---ო ფ------ა და ავტომანქანა გაზ-3-----, სახ. №G-----, რომელსაც მართავდა გ---- ფი--–---–--ა. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა გ---- ფი--–---–--ა. საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს “ს----------ო კ-------ა ა-–---ს“ მიერ დაზღვეული ავტომანქანა “ს-------ი ჯ---ი” სახ. №F-----. ს----------ვო კ-------ამ გადაიხადა ავტომანქანის შეკეთების ღირებულება -7616 ლარი, ასევე, დაზიანებული ავტომანქანის ევაკუატორით გადაადგილების თანხა -390 ლარი. ერთიანობაში მიყენებულმა ზიანმა შეადგინა შეადგინა 8006 ლარი. ს----------ვო კ-------ა ავტომანქანაზე დახარჯული თანხის გადახდას მოითხოვს გ---- ფი--–---–--ასაგან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. გ---- ფი--–---–--ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. დაადასტურა მისი ბრალეული ქმედებით ავტომანქანის დაზიანების ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს არა 8006 ლარს, არამედ გაცილებით ნაკლებს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 2013 წლის 2 აგვისტოს სს “ს----------ო კ-------ა სლფა“-სა და სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით გაფორმდა “სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” N15 ხელშეკრულება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ, რომლის საფუძველზეც სხვა ავტომანქანებთან ერთად, დაზღვეული იქნა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს კუთვნილი ავტომანქანა “ს-------ი ჯ---ი” სახ. №F----- და გაცემული იქნა ს----------ვო პოლისი A----------. დაზღვევა მოიცავდა ავტომანქანა “ს-------ი ჯ---ი”-ს სახ. №F-----, მთელ რიგ ს----------ვო რისკებს, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ დაზიანებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება N15 (02.08.2013 წ);
- ს----------ვო პოლისი A----------,(03.08.2013წ)
3.1.2. 2013 წლის 7 ოქტომბერს მ--------–-ს რაიონის სოფელ ლ------------ში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახა ავტომანქანა “ს-------ი ჯ---ი” სახ. №F-----, რომელსაც მართავდა ლ---ო ფ------ა და ავტომანქანა „გაზ-3-----“, სახ. №G-----, რომელსაც მართავდა გ---- ფი--–---–--ა. შეჯახების შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა “ს-------ი ჯ---ი” სახ. №F-----. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა გ---- ფი--–---–--ა, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას- „გაზ-3-----“, სახ. №G-----;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები;
-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები;
-საჯარიმო ქვითარი.
3.1.3. დაზღვეული ავტომანქანა ს-------ი ჯ---ი სახ. №F-----, შეაკეთა და აღადგინა შპს“ჯ---- მ---------მა“, რომელსაც დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის თანხა გადაუხადა სს “ს----------ო კ-------ა ა-–---მ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ს----------ვო ანაზღაურების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება N042;
-საგადახდო დავალება N3--- (29.11.2013 წ)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის სადავოა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. მოსარჩელე განმარტავს, რომ ავტომანქანის დაზიანებით მას მიადგა 8006 ლარი, კერძოდ, მანქანის აღდგენაზე დაიხარჯა 7616 ლარი, ხოლო 390 ლარი დაიხარჯა დაზიანებული ავტომანქანის გადასაადგილებლად. ავტომანქანის აღდგენის ხარჯებს მოპასუხე სადავოდ ხდის და განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა გაცილებით ნაკლებია (იხ. მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში).
სადავო გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი, ორივე მხარეს ეკისრება თანაბრად. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ავტომანქანის აღდგენაზე დაიხარჯა 7616 ლარი, ხოლო 390 ლარი დაიხარჯა დაზიანებული ავტომანქანის გადასაადგილებლად. თავის მხრივ, მოპასუხემ უნდა გააბათილოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და დაამტკიცოს, რომ ავტომანქანის აღდგენის ღირებულება შეადგენს გაცილებით ნაკლებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
მოსარჩელემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით სასამართლოს წარმოუდგინა N507490 დაკვეთის საფუძველზე შპს „ჯი თი მ---------ის“ მიერ 2013 წლის 27 ნოემბერს შედგენილი ინვოისი, რომლის მიხედვით, ავტომანქანაზე („ს-------ი ჯ---ი“ სახ. №F-----) გაწეულია შემდეგი სახის სამუშაოები: საბურავის დაშლა/აწყობა - ღირებული 50.85 ლარად; სამღებრო და პოლირება-ღირებული 50.85 ლარად; სათუნუქე და პლასტმასის სამუშაოები-ღირებული 50.85 ლარად; წინა ხიდის ბუდის შეცვლა-ღირებული 50.85 ლარად; წინა ამორტიზატორის შეცვლა-ღირებული 50.85 ლარად; წინა შტანგის შეცვლა-ღირებული 50.85 ლარად; შპილკა-ღირებული -5.00 ლარად; წინა ამორტიზატორი-ღირებული 260.00 ლარად; დისკი-ღირებული 365.00 ლარად; წინა შტანგა-ღირებული 845.15 ლარად; წინა ხიდის ბუდე -ღირებული 2195.00 ლარად; წინა ფრთა (მარცხენა)-ღირებული 563.50 ლარად; ფრთის დამცავი- ღირებული 900.00 ლარად; ტაოტი (450გ)-ღირებული 33.50 ლარად; გერმეტიკი 1215-ღირებული 262.12 ლარად; პიპკა -ღირებული-1.70 ლარად; ხელობის ფასი-1083.12 ლარი;
მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა, სს „საქართველოს ბ----ს“ N3--- საგადასახადო დავალება (29.11.2013 წ), რომლის მიხედვით, შპს “სა-------------------------–--ამ“ შპს „ჯი თი მ---------ს“ ჩაურიცხა 7616 ლარი, გადახდის დანიშნულება -ავტოზარალის ანაზღაურება (№FXF-356; პოლისის N A----------) და N2882 საგადასახადო დავალება (29.10.2013 წ), შპს “სა-------------------------–--ას“ მიერ შპს „ა---------------ა ჯ---ა“ -სათვის ევაკუატორის მომსახურების ანაზღაურების (№FXF-356) 390 ლარის გადახდის შესახებ. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია დაზიანებული ავტომანქანის ფოტოსურათები, სადაც ასახულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების ფრაგმენტები.
3.2.2.მოპასუხის წარმომადგენელი არ ეთანხმება მოსარჩელის არგუმენტებს და საეჭვოდ მიიჩნევს როგორც სათადარიგო ნაწილების ღირებულებას, ისე, ინვოისში მითითებული სათადარიგო ნაწილების გამოცვლის აუცილებლობასაც. ასეთ შემთხვევაში საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე და თვითონ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს თავისი განმარტების მართებულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს ამათუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ დამაჯერებელ შინაგან რწმენას. არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ ერთმანეთს უნდა ,,შეაჯიბროს“ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ასახავენ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულებას და გადაწყვიტოს რომელი მტკიცებულება უფრო მყარია.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირისპიროდ და თავისი პოზიციის დასადასტურებლად მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეები (თ----ზ ბ-----ა, ს---ო ა---–--ა, ვ-–------რ ს--------–-ა), რომლებმაც სასამართლოს განუმარტეს თავიანთი მოსაზრებები ავტომანქანის დაზიანების ხარისხთან და ღირებულებასთან დაკავშირებით, უჩვენეს, რომ ავტომანქანა დაათვალიერეს გარეგნულად და ვიზუალური დათვალიერებით, არ იყო ძლიერად დაზიანებული და არ საჭიროებდა მოთხოვნილი ღირებულების სათადარიგო ნაწილებს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა თუ არა გარეგნულად შეუმჩნეველი ნაწილები, ამაზე განმარტების მიცემა არ შეუძლიათ (სხდომის ოქმი 26.07;27.08)
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ავტომანქანის დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით მათ მიერვე ფაქტის შეფასებაა და სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მათი შეფასება ემყარება ავტომანქანის მხოლოდ გარეგნულ დათვალიერებას.
რაც შეეხება სათადარიგო ნაწილების ღირებულებას, მოპასუხემ მხოლოდ ზეპირად მიუთითა, რომ სათადარიგო ნაწილები ბევრად მეტ თანხადაა შეფასებული, ვიდრე რეალურად ღირს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ მხარეებისათვის ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი სადავოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, თუმცა მთავარია რამდენად სარწმუნოა იგი. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ უფრო უკეთ განახორციელა თავისი საპროცესო მოვალეობა და სასამართლოს წარმოუდგინა უფრო მყარი მტკიცებულება, ვიდრე მოპასუხემ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დაზიანებული ავტომანქანის ფოტოსურათები, ინვოისი და საგადახდო დავალება, უფრო მყარია, ვიდრე მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მოწოდებული ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს იმ მხარის არგუმენტს, ვინც უკეთ შეასრულა თავისი პროცესუალური ვალდებულება და უკეთ დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სადავო გარემოების დადასტურება სათანადო მტკიცებულების წარდგენით ვერ უზრუნველყო, მოწმეთა მიერ მითითებული გარემოებები ვერ აქარწყლებენ მოსარჩლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებითაც დოკუმენტალურად, წერილობით დასტურდება მის მიერ მითითებული ყველა გარემოება.
ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უფრო მყარია, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები და დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის („ს-------ი ჯ---ი“ სახ. №F-----) აღდგენისათვის აუცილებელი იყო წინა ამორტიზატორი, დისკი, შტანგა, წინა ხიდის ბუდე, წინა ფრთა (მარცხენა), ფრთის დამცავი, გერმეტიკი. ასევე ჩასატარებელი იყო სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები. ნაწილებისა და აღდგენითი სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 7616 ლარი, ხოლო 390 ლარი დაიხარჯა დაზიანებული ავტომანქანის გადასაადგილებლად.( N3--- (29.11.2013 წ) და N2882 საგადასახადო დავალებები; „ჯი თი მ---------ი“-ს ინვოისი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- ფი--–---–--ას მართლსაწინააღმეგო ქმედებით დაზიანდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ს-------ი ჯ---ი“ სახ. №F-----. დაზიანებული ავტომანქანის აღდგენას დასჭირდა 8006 ლარი ზიანი აანაზღაურა ს----------ვო კ-------ამ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია ს----------ვო კ-------ას აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3016-317-ე, 992-ე, 799-ე, 832-ე, 408-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ გ---- ფი--–---–--ას მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დააზიანა დაზღვეული ავტომანქანა. ს----------ვო კ-------ამ ავარიით დამდგარი ზიანი აანაზღაურა. გ---- ფი--–---–--ა ცნობს სარჩელს, თუმცა მიაჩნია რომ ავტომანქანის აღდგენითი ღირებულების თანხა მაღალია და მიყენებული ზიანის პროპორციული არ არის. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დააზიანა დაზღვეული ავტომაქანა და უარს ამბობს ზიანის ანაზღაურებაზე, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სს კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე. ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხვისი ქონების დაზიანება, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. ამიტომაც მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლით „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”.
იმისათვის, რომ გ---- ფი--–---–--ას დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ: გ---- ფი--–---–--ა ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით; მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოყვეს ზიანი; ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად. მართლსაწინააღმდეგო ქმედება იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს.
საქმეზე შეკრებილი მასალებით დადგენილია, რომ გ---- ფი--–---–--ა არ დაემორჩილა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოძრაობის წესებს, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. მისი ქმედება შეფასებული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევად. შესაბამისად მისი ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. მან არ უზრუნველყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, რასაც შედეგად მოჰყვა ავტო-საგზაო შემთხვევა. მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და იგი ეწინააღმდეგება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
დელიქტური ვალდებულების ერთერთი წინაპირობაა ის, რომ მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.
გ---- ფი--–---–--ას მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობა, საპატრულო პოლიციის მიერ შეფასებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. მოძრაობის წესების დარღვევა განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. შესაბამისად, გ---- ფი--–---–--ას მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობა წარმოადგენს განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
დელიქტური ვალდებულება არარსებობს ზიანის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომDდელიქტური ვალდებულების არსებობისას, ზიანის არსებობა გამოიანგარიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით და ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით. სასამართლომ დაადგინა, რომ ავტომაქანანა „ს-------ი ჯ---ი“სახ. №F----- გ---- ფი--–---–--ას მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობის შედეგად დაზიანდა. მის აღდგენას დაჭირდა 8006 ლარი, შესაბამისად, ზიანი უნდა განისაზღვროს 8006 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ერთერთი პირობაა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ განზრახი მათლწინააღმდეგო ქმედების და ზიანის არსებობა არაა საკმარისი დელიქტური ვალდებულებისათვის. სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალდებულებისათვის, სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდეს დამდგარ ზიანს და მხოლოდ ეს ქმედება განსაზღვრავდეს და იწვევდეს ზიანის შედეგის დადგომას (მიზეზობრივი კავშირი).
დადგენილია, რომ ავტომანქანა „ს-------ი ჯ---ი“ სახ. №F----- დაზიანდა გ---- ფი--–---–--ას მართვის ქვეშ მქონე ავტო სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადგენილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს მომართვით და მხარეთა განმარტებებით. ავტომანქანის დაზიანებას წინ უსწრებდა გ---- ფი--–---–--ას მართლსაწინააღმდეგო ქმედება. კერძოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ავარია, რამაც დააზიანა დაზღვეული ავტომანქანა. აღნიშნული მიუთითებს, მასზედ, რომ გ---- ფი--–---–--ას მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდა შედეგს და წარმოადგენდა ამ ზიანის დადგომის ერთადერთ განმაპირობებელ გარემოებას. ანუ გ---- ფი--–---–--ას მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
დასკვნის სახით სასამართლო აღნიშნავს, რომ გ---- ფი--–---–--ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ. მისი მართლსაწინააღმდეგობა მდგომარეობს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაში. მან არ დაიცვა კანონით დადგენილი მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიის შედეგად დაზიანდა ეროვნული სატყეო სააგენტოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე გ---- ფი--–---–--ა ვალდებულია აანაზღაუროს მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს ს----------ვო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს ს----------ვო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დადგენილია და სადავოც არარის ის გარემოება, რომ ავტომაქანა „ს-------ი ჯ---ი“ სახ. №F----- დაზღვეული იყო მოსარჩელე ს----------ვო კ-------აში და მან აანაზღაურა ის ხარჯი, რაც ავარიის შედეგად დადგა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.
დადგენილია, რომ ზიანი დადგა გ---- ფი--–---–--ას ქმედებით. შესაბამისად გ---- ფი--–---–--ას ვალდებულებაა გადაიხადოს 8006 ლარი და აღმოფხვრას ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილით : ,,თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით“.
სასამართლომ დაადგინა, რომ გ---- ფი--–---–--ას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი - ზიანი, მოსარჩელემ, როგორც მზღვეველმა, აანაზღაურა. შესაბამისად, ის იკავებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტის ადგილს. შესაბამისად, მისი მოთხოვნა - დაზღვეული ავტომანქანის აღდგენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დამკაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან”. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოსარჩელის მიერ გაღებულია ხარჯი 390.18 ლარი (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი-240.18 ლარი, 150-უზრუნველყოფის ღონისძიების).
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება სრულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 257-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1.დაკმაყოფილდეს სს „სა-------------------------–--ა“-ს სარჩელი მოპასუხის გ---- ფი--–---–--ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1.დაეკისროს გ---- ფი--–---–--ას (პ/ნ 2----------) სს „სა-------------------------–--ა“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 8006 (რვაათასექვსი) ლარის გადახდა.
2. დაეკისროს გ---- ფი--–---–--ას (პ/ნ 2----------) სს „სა-------------------------–--ა“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯების - 390.18 ლარის ანაზღაურება.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია