გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210018002347007
საქმე #2/208-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.09.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - შო----------–---–ი
მოპასუხე - სსიპ ,,ქ. გურჯაანის №3 საჯარო სკოლა“
წარმომადგენელი - გუ-–----------------–-–---–ი (დირექტორი)
დავის საგანი: 2017-2018 წლის სასწავლო გეგმაში საათების განაწილების უკანონოდ ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. უკანონოდ ჩაითვალოს სსიპ ქალაქ გურჯაანის №3 საჯარო სკოლის მიერ 2017-2018 წლის სასკოლო სასწავლო გეგმით კვირაში 8 საათის ნაცვლად 3 საათის მიცემა და ქალაქ გურჯაანის №3 საჯარო სკოლას დაევალოს მოსარჩელის საათობრივი დატვირთვა კვირაში 3 საათიდან 8 საათამდე გაზარდოს;
1.2. დაევალოს სსიპ ქალაქ გურჯაანის №3 საჯარო სკოლას აუნაზღაუროს 01.12.2016 წლიდან 12.01.2017 წლამდე პერიოდში საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის თანხა 324.94 ლარის ოდენობით.
(იხ. სარჩელი და სასამართლოს 17.07.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:28:38-11:30:25 სთ; სასამართლოს 10.09.18 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:38:16-15:41:15 სთ)
მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შო----------–---–ი (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) ქალაქ გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლაში (შემდეგში - №3 საჯარო სკოლა, მოპასუხე, დამსაქმებელი) ისტორიის მასწავლებლად მუშაობს. 2016-2017 სასწავლო წელს კვირაში 8 საათი ჰქონდა. 2017-2018 სასწავლო წლის გეგმით სკოლის დირექტორმა სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუმცირა საათები და კვირაში 3 საათი დაუტოვა, რითაც მისი შრომითი უფლებები შელახა. დავის საგანს სწორედ 2017-2018 წლების სასკოლო სასწავლო გეგმაში საათების განაწილება წარმოადგენს და მისი უკანონოდ ცნობა და საათების რაოდენობის კვლავ კვირაში 8 საათით განსაზღვრა უნდა მოხდეს. აგრეთვე, მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2016-2017 წლებში იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. ბიულეტინი სკოლაში წარადგინა, მაგრამ მოპასუხემ დაკარგა საავადმყოფო ფურცელი და ანაზღაურებაზე უარი უთხრა.
2 . მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2016-2017 სასწავლო წელს მოსარჩელის სამუშაო საათები კვირაში 8 საათს შეადგენდა. 2017-2018 სასწავლო წელს მას კვირაში 5 საათი მიეცა, საიდანაც 3 საათი იყო ისტორია, ხოლო 2 საათი არჩევითი საგანი - ,,გარემო და მდგრადი განვითარება“. შო----------–---–მა არჩევით საგანზე უარი განაცხადა და ამიტომ კვირაში 3 საათი დარჩა. მასწავლებელი ვალდებულია ელექტრონულ ბაზაში (eschool.emis.ge) თვითშეფასების კითხვარი აწარმოოს და ატვირთოს სამოქმედო გეგმა. მასწავლებლებს, კრედიტქულების დაგროვების მიზნით, აქვთ სავალდებულო აქტივობები, როგორიცაა საგნის გამოცდის ჩაბარება, ტრენინგის გავლა, პროფესიული უნარების ჩაბარება და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებელს სტატუსი უჩერდება. მოსარჩელე ყოველივე აღნიშნულს უგულვებელყოფს და ამ დრომდე გამოცდაზე არ გასულა. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ გასვლას არც სამომავლოდ აპირებს. მოსარჩელეს ტრენინგები არ აქვს გავლილი და საერთოდ, განათლების სფეროში ნებისმიერ სიახლეს ეწინააღმდეგება. ამავდროულად, სკოლაში ისტორიის კიდევ ორი მასწავლებელია, რომლებიც განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ პირობებს ასრულებენ - გადიან პროფესიული უნარების გამოცდებზე, მოიპოვეს შესაბამისი კრედიტქულები, გაიარეს უამრავი ტრენინგი, დამატებით ჩართულები არიან და მოიპოვეს არაერთი წარმატება განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტებში. სწორედ ამ აქტივობების გათვალისწინებით ისტორიისთვის გამოყოფილი 24 საათიდან 12 საათი ერგო ე. ბ----–-–---–ს, რომელსაც 17 კრედიტქულა აქვს, 9 საათი ერგო თ. უ----–---–ს, რომელსაც 7 კრედიტქულა აქვს, ხოლო დარჩენილი 3 საათი შო----------–---–ს მიეცა.
საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდის ანაზღაურებაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელე საავადმყოფო ფურცელი სკოლაში არ წარუდგენია. ამასთან, სკოლის ბიუჯეტი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურების განხორციელების საშუალებას არ იძლევა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარმეოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ,,ქ. გურჯაანის №3 საჯარო სკოლაში“ ისტორიის მასწავლებლად მუშაობს. 2015 წლის 15 სექტემბერს მხარეებმა დადეს წერილობითი ხელშეკრულება (შემდეგში - შრომითი ხელშეკრულება), რომლითაც მოწესრიგებულია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წარმოშობილი შრომითი და თანამდევი ურთიერთობები. შრომითი ხელშეკრულების 3.3. პუნქტში ჩამოთვლილია დასაქმებულის ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულება იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე (პუნქტი 3.3.8.) და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები (პუნქტი (3.3.19). ამავე ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
3.1.2. 2015 წლის 29 სექტემბერს მხარებმა დადეს წერილობითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა 15.09.2015 წლის შრომით ხელშეკრულების 5.2. და 6.1. პუნქტებში. ცვლილების შედეგად შრომითი ხელშეკრულების 5.2. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით - ,,დასაქმებულის სამუშაო დრო განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 28.09.2015 წლის ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე №126/ნ ბრძანებისა და სკოლის ტარიფიკაციის შესაბამისად“; შრომითი ხელშეკრულების 6.1. პუნქტი კი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდა - ,,დასაქმებულის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრება სკოლის ტარიფიკაციის მიხედვით ჩატარებული საათების რაოდენობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 28.09.2015 წლის ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე №126/ნ ბრძანების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით’’;
3.1.3. მოსარჩელის საათობრივი დატვირთვა 2016-2017 სასწავლო წელს შეადგენდა 8 კვ. საათს, ხოლო ყოველთვიური ანაზღაურება 243.92 ლარს, საიდანაც ხელზე ასაღები თანხა 195.14 ლარი იყო;
3.1.4. შო----------–---–ი 2016 წლის სექტემბერში არჩეული იქნა კათედრის თავმჯდომარედ; (იხ. 09.10.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:54:38-14:55:12 სთ)
3.1.5. შო----------–---–ი 2017 წლის 16 იანვრიდან 01 სექტემბრამდე ანაზღაურების გარეშე შვებულებაში იმყოფებოდა (იხ. 09.10.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:06:04- 15:06:45 სთ)
3.1.6. სსიპ ,,ქ. გურჯაანის №3 საჯარო სკოლაში“ სასწავლო გეგმით ისტორიისთვის გათვალისწინებულია 24 კვირეული საათი, საიდანაც 2017-2018 წლის სასწავლო გეგმით საათები შემდეგნაირად განაწილდა - 12 კვ. საათი მიეცა ეთერი ბ----–-–---–ს, 9 კვ. საათი მიეცა თამარ უ----–---–ს და 3 კვ. საათი შო----------–---–ს;
3.1.7. შო----------–---–ს 2017-2018 სასწავლო წელს მიეცა დამატებით კვირაში ორი საათი საგანში ,,გარემო და მდგრადი განვითარება“;
3.1.8. მოსარჩელემ 2017 წლის 26 სექტემბერს განცხადებით მიმართა №3 საჯარო სკოლის დირექტორს და უარი განაცხადა საგანზე ,,გარემო და მდგრადი განვითარება“ იმ საფუძვლით, რომ არ იყო ამ საგნის სპეციალისტი;
3.1.9. მოსარჩელეს 26.09.2017 წლის განცხადდებაზე №3 საჯარო სკოლის დირექტორის 28.09.2017 წლის წერილით ეცნობა, რომ ვინაიდან არჩევითი საგანი ,,გარემო და მდგრადი განვითარება“ ეკუთვნოდა საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფს და შო----------–---–ს ჰქონდა ამ საგნის სწავლების გამოცდილება (იგი ამ საგანს ასწავლიდა 2014-2015 სასწავლო წელს მე-12 კლასში), ამიტომ მოხდა მასზე 2 კვ. საათის მიცემა. რადგან მან უარი თქვა ამ საგნის სწავლებაზე იგი სხვა მასწავლებელს გადაეცა.
3.1.10. შო----------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) №3 საჯარო სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე. განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლის მიზნით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა მოკვლევა. სხვა საკითხებთან ერთად აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა 2017-2018 წლის სასკოლო გეგმის დამტკიცებისთვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვის საკითხი და შედგა დასკვნა №122502181230, რომლის მიხედვით:
Ø ვერ დადგინდა კათედრის მონაწილეობით მოხდა თუ არა სკოლაში სასწავლო გეგმის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის საათობრივი ბადის შემუშავება;
Ø დადგინდა, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც სასკოლო გეგმა უნდა შეეთანხმებინა, არ ჩატარებულა;
Ø სკოლის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში არ ფიქსირდებოდა შო----------–---–ის განცხადება საავადმყოფო ფურცლის წარდგენის შესახებ.
3.1.11. №3 საჯარო სკოლაში შექმნილია პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, საგნობრივი კათედრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);
- შეთანხმება (ს.ფ. 27);
- ცნობები (ს.ფ. 28-29);
- 28.09.2017 წლის წერილი (ს.ფ. 55);
- მონაცემები ელექტრონულ ბაზიდან eschool.emis.ge (ს.ფ. 65-67);
- სერთიფიკატები (ს.ფ. 124-133; 144-154);
- აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა (ს.ფ. 179-187);
- სკოლის წესდება (ს.ფ. 205-217)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმის განხილვის შედეგად 01.12.2016 წლიდან 12.01.2017 წლამდე პერიოდზე გაცემული საავადმყოფო ფურცელის მოპასუხესთან წარდგენის ფაქტი ვერ დადასტურდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, მითითებული გარემოების დასადასტურებლად, 2017 წლის 25 სექტემბერს გაცემულ ცნობაზე მიუთითა, სადაც აღნიშნულია, რომ შო----------–---–ი 01.12.2016 წლიდან 12.01.2017 წლამდე პერიოდში საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა. მოსარჩელით შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ქე-------------–---–ი დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ საავადმყოფო ფურცელი სკოლაში პირადად მიიტანა და სკოლის დირექტორთან დატოვა.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა უარყო მოსარჩელის და ქე-------------–---–ის განმარტება და მიუთითა, რომ საავადმყოფო ფურცელი მასთან არ მიუტანიათ.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით [...] სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
აგრეთვე სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილია მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის, რომლის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც უთითებს და არა მას ვინც უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აკისრია, ვინაიდან მან მიუთითა, რომ საავადმყოფო ფურცელის დასაქმებულთან წარადგინა. ამასთან, მტკიცებულებების შერჩევისას მნიშვნელოვანია მისი რელევანტურობის შეფასება, ვინაიდან სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის ყველა მტკიცებულება ვერ გამოდგება და რიგ შემთხვევებში ფაქტის დადასტურება სათანადო მტკიცებულების უნდა მოხდეს. განსახილველ შემთხვევაში ცნობა შეიცავს მხოლოდ მითითებას, რომ მოსარჩელე საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა, თუმცა საავადმყოფო ფურცლის გაცემის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს საავადმყოფო ფურცლის დამსაქმებელთან წარდგენის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ რესურსცენტრის თანამშრომლის მიერ დათვალიერებული იქნა სკოლის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მასში შო----------–---–ის განცხადება საავადმყოფო ფურცლის წარდგენის შესახებ არ ფიქსირდება.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ მან მოპასუხე მხარეს საავადმყოფო ფურცელი წარუდგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა (ს.ფ. 179-187);
- მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლოს 08.09.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი);
- ცნობა (ს.ფ. 16).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მხარეების ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
5.1. საქართველოს კონსტიტუცია;
5.2. „ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპოლ კონვენცია;
5.3. საქართველოს შრომის კოდექსი;
5.4. ''ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონი;
5.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
5.6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.02.2009 წლის №87/ნ ბრძანება ,,დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით განმტკიცებულია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფას გულისხმობს. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი სოციალური სამართლიანობის იდეის მატარებელია და მისი მიზანია დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი, შეინარჩუნოს საერთო ეკონომიკური წონასწორობა და გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები. საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სფეროს განეკუთვნება შრომითი უფლებების დაცვა.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით, შრომა თავისუფალია. აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან კავშირში განმარტა და კონსტიტუციით დაცული უფლების შინაარსში მოიაზრა არა მხოლოდ უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ხელყოფს შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში დასაქმებულის უფლებების უკანონო შეზღუდვას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად, შრომის უფლების დაცვას პრიორიტეტულად მიიჩნევს.
6.2. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მოცემული კანონის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს სკოლა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ახორციელებს. ზოგადი განათლების მიზანი კი არის საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ამ მიზნის მიღწევისთვის კი სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს არამარტო ფინანსურად უზრუნველყოფს, არამედ შესაბამისი სამინისტროს მეშვეობით შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის სასწავლო მიზნებსა და მისაღწევ შედეგებს (უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და ღირებულებებს), სწავლების შინაარსს, საგნების საათობრივ განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, სასწავლო პროცესის კონცეპტუალურ პრინციპებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებაც, რაც გულისხმობს საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში მომსახურების გაწევას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ახორციელებს. ამასთან, მოპასუხე ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშავოს სასკოლო სასწავლო გეგმა, რომლითაც ზუსტდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული აუცილებელი დატვირთვები, განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე 2017-2018 წლის სასკოლო სასწავლო გეგმაში ისტორიის გაკვეთილისთვის არსებული საათების განაწილების კანონიერებაზე დავობს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2016-2017 წლებში კვირაში 8 საათი ჰქონდა, ხოლო 2017-2018 წლის სასკოლო სასწავლო გეგმით საათების რაოდენობა შეუმცირდა და კვირაში 3 საათი განესაზღვრა, რითაც მისი შრომის უფლება დაირღვა.
იმისათვის, რომ გადაწყდეს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიუთითოს იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება და მასწავლებლებზე საათობრივი დატვირთვის განაწილება.
6.3. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება: სწავლა-სწავლების მიზნები, თითოეულ საგანში შესაძენი ცოდნა და საგანმანათლებლო პრინციპები, რომელთაც სწავლა-სწავლების მეთოდიკა და შეფასების სისტემა უნდა დაეფუძნოს, აგრეთვე ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს: ა) სახელმწიფო ენა; ბ) მათემატიკა; გ) უცხოური ენები; დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები; ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ვ) ტექნოლოგიები; ზ) ესთეტიკური აღზრდა; თ) სპორტი.
მითითებული კანონის 35-ე მუხლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იქმნება თვითმმართველობის შემდეგი სუბიექტები - სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში. საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი და მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ა1“ ქვეპუნქტების მიხედვით, პედაგოგიური საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით, შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანების (აღნიშნული ნორმატიული აქტი მოქმედებდა საჯარო სკოლაში 2017-2018 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების მომენტისთვის. იგი ძალადაკარგულია 2017 წლის 15 სექტემბრიდან მინისტრის 2016 წლის 18 მაისის მარტის №36/ნ ბრძენებით) მე-7 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული იქნება საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. ამავე ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-11 მუხლის 1-4-ე პუნქტების მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის. საჯარო სკოლაში სასკოლო სასწავლო გეგმას მასწავლებლების/კათედრების (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში) და დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო. სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა დამტკიცდეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა სასკოლო საათობრივი ბადის განსაზღვრა. ეს უკანასკნელი კი, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოიცავს თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს, კვირის რომელ დღეს, დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება, შესაბამისი პედაგოგის მითითებით.
ამდენად, სკოლას გააჩნია სასწავლო გეგმა, რომელიც სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრავს კვირის მიხედვით ჩასატარებელ საგნების დასახელებას, საათების რაოდენობასა და შესაბამის პედაგოგს. სასწავლო გეგმის დამტკიცება ხდება პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე, რასაც წინ უსწრებს საკითხის კათედრების მიხედვით განხილვა და შემდგომ სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ №3 საჯარო სკოლაში 2017-2018 წლის სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა და დამტკიცება ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების უგულვებელყოფით მოხდა. სასამართლო ამ მხრივ ყურადღებას ამახვილებს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რომლის მიხედვით, მოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა კათედრის მონაწილეობით სასწავლო გეგმის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის - საათობრივი ბადის შემუშავება. ამავე დასკვნით ცალსახად დადასტურებულია, რომ არ ჩატარებულა სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელზეც სასკოლო გეგმის შეთანხმება უნდა მომხდარიყო. საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 02.03.2018 წლის №185 ბრძანება, რომლის მიხედვით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული დარღვევებიდან გამომდინარე, სსიპ ,,ქალაქ გურჯაანის №3 საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება. მოპასუხე მხარის განმარტებით, აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ №3 საჯარო სკოლის 2017-2018 წლის სასკოლო გეგმის დამტკიცება პროცედურების დარღვევით მოხდა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია №3 საჯარო სკოლის 2017-2018 წლის სასკოლო სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობის დადგენა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ მოქმედი კანონმდებლობით სასკოლო სასწავლო გეგმის ვადა ერთი წლით განისაზღვრება. ამ ვადის გასვლის შემდგომ კი ახალი სასკოლო სასწავლო გეგმის მიღება ხდება. ამასთან, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-71 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და ამ ვადის დადგომამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე სკოლა ვალდებულია შეიმუშავოს და დაამტკიცოს ახალი სასწავლო გეგმა. ამდენად, მისი შემუშავება და დამტკიცება ყოველწლიურად, ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე (15 სექტემბერი) ერთი კვირით ადრე უნდა მოხდეს.
სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვით იგი ითხოვს დადგინდეს, რომ სსიპ ქალაქ გურჯაანის №3 საჯარო სკოლის მიერ 2017-2018 წლის სასკოლო სასწავლო გეგმაში კვირაში 8 საათის ნაცვლად მისთვის 3 საათის მიცემა უკანონოა და მოპასუხეს დაევალოს საათობრივი დატვირთვა კვირაში კვლავ 8 საათით განსაზღვროს. ამასთან, სასამართლოს შეკითხვაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ცვლილების შეტანა 2017-2018 წლის სასკოლო სასწავლო გეგმაში უნდა მოხდეს. (იხ.სასამართლოს 17.07.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:28:38-11:30:25 სთ)
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანს და თავად იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მოსარჩელე მხარე განსაზღვრავს სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აისახება.
„ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპოლ კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავისთავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (იხ.სუსგ საქმე №ას-302-285-2017)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში - აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადის ნომერი: 40765/02), მიუთითებს რომ სინამდვილეში, ხალხისათვის, საზოგადოებისათვის მთავარია, არა თავისთავად აღებული კანონები, სხვა იურიდიული დოკუმენტები, ამ იურიდიულ დოკუმენტებში არსებული ნორმები და არც ვალდებულებების, აკრძალვების ჯამი, არამედ ის გადამწყვეტი გარემოებები, რასაც იურიდიულად, რეალურად აძლევენ ეს ნორმები. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 (§1)მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c.Royaume-Uni , 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (შესაბამისად მოხდება მოსარჩელის პრეტენზიების და იურიდიული ინტერესების დაკმაყოფილება).
საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა კონვენციით უზრუნველყოფილია მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლო ხელმისაწვდომობის გზით დარღვეული უფლებების აღდგენა, სადავო უფლების დადგენადა რეალიზაცია, თუმცა ამისათვის მოსარჩელემ კონკრეტულად უნდა მიუთითოს რაში მდგომარეობს ამ უფლების ხელყოფა და ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად, რომ საფუძვლიანობის შემთხვევაში იძლეოდეს გადაწყვეტილების აღსრულების (ნებაყოფლობით თუ იძულებითი მექანიზმების გამოყენებით) და სესაბამისად, მოსარჩელის რეალური იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებას, აგრეთვე დარღვეული/სადავო უფლებებში აღდგენის შესაძლებლობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა აისახოს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, არ იძლევა გადაწყვეტილების რეალური აღსრულების შესაძლებლობას. მხარის მოთხოვნა არა მხოლოდ საათების განაწილების უკანონოდ ცნობაა, რაც თავისი შინაარსით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, არამედ მოპასუხისათვის გარკვეული ქმედების - საათობრივ ბადეში შესაბამისი ცვლილების შეტანის დავალდებულება წარმოადგენს.
სასამართლომ, საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე არაერთხელ განუმარტა მოსარჩელე მხარეს, რომ 2017-2018 წლის სასკოლო სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანის დავალდებულების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი არ არსებობს, ვინაიდან სასწავლო წელი არის დასრულებული და ამავდროულად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისთვის უკვე ახალი, 2018-2019 წლის სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცება მოხდებოდა. თავისთავად ძველ - 2017-2018 წლის სასკოლო სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანით ვერ განხორციელდებოდა საათობრივი ბადის მოსარჩელის სასარგებლოდ განსაზღვრა, ვინაიდან დასრულებულ სასწავლო წელზე საათობრივი ბადის შეცვლას ვერ მოჰყვება ის შედეგი, რასაც სწავლების პერიოდში საათობრივი ბადის სხვაგვარად განსაზღვრის შემთხვევაში ექნებოდა.
სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საათების განაწილებაზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას შედეგად სასკოლო სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანა უნდა მოჰყვეს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სასკოლო სასწავლო გეგმის განსაზღვრა მხოლოდ ერთი წლით ხდება და ყოველი მომდევნო წლისთვის ახალი სასწავლო გეგმის შემუშავება და დამტკიცება კანონით არის გათვალისწინებული, ძველ სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანა ვერ იმოქმედებს ახალ ურთიერთობაზე, ამასთან, ძველ სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მოსარჩელისთვის რაიმე სამართლებრივ შედეგის მატარებელი ვერ იქნება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ უნდა იყოს აღსრულებადი, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ იმ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომლებსაც სასამართლო ვერც შეცვლის და ვერც გააფართოვებს. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელის მოთხოვნა აღუსრულებადია, შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ორგანოების მიერ. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის მომართვის გზით მხარემ გამოიყენა სახელმწიფო იძულების მექანიზმების ჩართვა დარღვეული უფლების დასაცავად და მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს მართლმსაჯულების განხორციელების გზით თავის უფლებებში აღდგენაში, რასაც ვერ უზრუნველყოს მოპასუხის ნებაზე დამოკიდებული და იძულების წესით აღუსრულებადი სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში განხორციელებული სამართალწარმოება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა იმ სახით, რა სახითაც მოსარჩელემ ჩამოაყალიბა, ვერ აღსრულდება სახელმწიფო იძულების გზით და არ იძლევა მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესებში აღდგენის შესაძლებლობას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ ქალაქ გურჯაანის №3 საჯარო სკოლის მიერ 2017-2018 წლის სასწავლო გეგმაში კვირაში 8 საათის ნაცვლად 3 საათის მიცემია უკანონოდ ცნობის და საათობრივი დატვირთვის კვირაში 3 საათიდან 8 საათამდე გაზრდის დავალდებულების ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. მოსარჩელის მეორე მოთხოვნას 01.12.2016 წლიდან 12.01.2017 წლამდე პერიოდში საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში 324.94 ლარის დაკისრება წარმოადგენს.
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლით - 1) ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 2) შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. 3) შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, საქართველოს შრომის კოდექსმა ორგანული კანონის სტატუსი შეიძინა, რითაც სახელმწიფომ შრომის უფლების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, არეგულირებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, სამუშაოს შესრულების, შრომის პირობების დაცვის, შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების დადებისას, მოქმედებს ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი, რაც მხარეთა დამოუკიდებელი და თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, სამართალურთიერთობის წარმოშობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების დაწყების მომენტიდან, თუ მხარეებმა თავად ხელშეკრულებით სხვა პირობა არ განსაზღვრეს. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა უკავშირდება მხარეთა კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტს, მათ შორის დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას განუსაზღვროს კონკრეტული სამუშაო დასაქმებულს და ამ სამუშაოების შესრულების სანაცვლო ანაზღაურება, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებული ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, პირადად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. შრომითი ხელშეკრულებით მხარეები, როგორც წესი, განსაზღვრავენ ძირითად უფლება-მოვალეობებს და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დავის დაწყების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში განსაზღვრულ თითოეულ უფლება-მოვალეობას, მათ შინაარსს, დავის გადაწყვეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მხარეებმა 2015 წლის 15 სექტემბერს შრომითი ხელშეკრულება დადეს, რომლითაც მოწესრიგებულია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წარმოშობილი შრომითი და თანამდევი ურთიერთობები. შრომითი ხელშეკრულების 3.3. პუნქტში ჩამოთვლილია დასაქმებულის ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულება იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე (პუნქტი 3.3.8.) და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები (პუნქტი (3.3.19). ამავე ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.02.2009 წლის №87/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“ (შემდგომში - წესი) რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დასაქმებულთათვის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო/საჯარო მოსამსახურეთათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის დამსაქმებელს/დაწესებულებას.
ამავე წესის მე-3 მუხლის მიხედვით, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის), ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში – დუბლიკატის, შესაბამის დამსაქმებელთან/დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად. ამავე წესის მიხედვით დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამასთან, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ინიშნება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან (იხ. წესი მუხლი მე-4, პუნქტები მე-3 და მე-4)
ამავე წესის მე-5 მუხლში ჩამოთვლილია რა შემთხვევაშიც არ ხდება დახმარების გაცემა, ესენია: ა) პირებს, რომლებმაც ტრავმა მიიღეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ან განზრახ აყენებენ ზიანს თავიანთ ჯანმრთელობას; ბ) მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევისას; გ) თუ დროებითი შრომისუუნარობა გამოწვეულია დაავადებით ან ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია არაფხიზელი მდგომარეობა (ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით თრობა); დ) კანონით დადგენილი წესით სამსახურიდან ჩამოშორების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე ყოფნის დროს.
ამდენად, როგორც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, აგრეთვე მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილია, რომ დასაქმებულს უნდა მიეცეს დახმარება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში. მისი ოდენობა კი საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის გაანგარიშდება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს და დანამატების მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა (დირექტორმა) სასამართლოს 17.07.2018 წლის სხდომაზე განმარტა, რომ დროებითი შრომისუუნარობის პერიოდზე დახმარების გაცემას არ ახორციელებს სკოლის მცირე ბიუჯეტის გამო (იხ. 17.07.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:14:58-12:16:00 სთ).
სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ლახავს დასაქმებულის იმ უფლებებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით არის დადგენილი, ვინაიდან, დამსაქმებელი ვალდებულია გასცეს დახმარება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდზე კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ოდენობის მიხედვით. მითუმეტეს, რომ ამგვარი შეთანხმება თავად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. დირექტორის განმარტება ეწინააღმდეგება არა მარტო შრომით ხელშეკრულებას, არამედ მოქმედი კანონმდებლობით დასაქმებულის სასიკეთოდ დადგენილ მინიმალურ სტანდარტს. ამიტომ, დასაქმებულის მიერ დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხე ვალდებულია შესაბამისი დახმარების გაცემა განახორციელოს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სწორედ ასეთი დახმარების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, მაგრამ მხარემ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ დროებითი შრომისუუნარობის ფურცელი მოპასუხესთან წარადგინა. არადა სწორედ ამ მოქმედების შესრულების დადასტურებაზეა დამოკიდებული სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობა. სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული წესით დადგენილია დასაქმებულის უფლება წარადგინოს დამსაქმებელთან დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთი (საავადმყოფო ფურცელი). ამ პირობის შესრულების შემთხვევაში კი დამსაქმებელს უჩნდება მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება. ამავდროულად, მითითებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ გაიცემა დამსაქმებლისათვის/დაწესებულებისათვის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში. ამდენად, კანონმდებლობით განსაზღვრულია როგორც დასაქმებულის უფლება, აგრეთვე უფლების რეალიზაციის ვადა, რომლის მიხედვით მან საავადმყოფო ფურცელი დამსაქმებელს საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან სამი თვის ვადაში უნდა განახორციელოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ დასაქმებული მოთხოვნის უფლებას კარგავს.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რელევანტური მტკიცებულება, რომლითაც მისი მხრიდან საავადმყოფო ფურცლის მოპასუხესთან წარდგენის ფაქტი დადასტურდებოდა, ამიტომ სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმეიწო ბაჟის გადახდევინების დაკისრების საფუძველი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-250-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შო----------–---–ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ ,,ქალაქ გურჯაანის №3 საჯარო სკოლის“ მიმართ, არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე