განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002495332
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/319-18 19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ა-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული კ-------------–----------------------------–-------–-–---------------–--------------–-----------------------------–-------------------–-----------------------------------–-----------–---------------–-------–--------------–-----------------------------------–------------------------------------------------------------------–-----------------------------------------–------------------------------.
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის წევრის მიმართ პირადად უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის
2.2 ადვოკატი ბ-------------–---–-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2002 წლიდან ვ---------------ა და კ------------ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 201--–-–-----------–ის განჩინებით შეწყდა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე საქმისწარმოება მხარეთა მორიგების გამო. აღნიშნული განჩინებით დამტკიცდა მორიგება ვ---------------ასა და კ------------ას მიერ ქორწინების განქორწინებით შეწყვეტის შეთანხმების პირობით. მიუხედავად ამისა, 2018-–-–------------–ის მდგომარეობით (ამ მდგომარეობის შეცვლის შესახებ მასალები არც შემდეგ წარმოდგენილა) ქორწინების აქტის ჩანაწერის სტატუსია აქტიური. 2016 წლიდან კ------------ა განუწყვეტლივ ახორციელებდა ვ---------------ას მიმართ ადევნებას. კერძოდ, 201--–-–------------–--დე სისტემატურად მიდიოდა ვ---------------ას სამუშაო ადგილას, რის გამოც ვ---------------ას სამსახურში შეექმნა პრობლემა და დადგა სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე. გარდა ამისა, ყოველ დილით სამსახურში მიმავალს ხვდებოდა საცხოვრებელ სახლთან, ხოლო საღამოს სახლში მიმავალს ხვდებოდა სამსახურთან, მიყვებოდა მას უკან. მიუხედავად ვ---------------ას მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა, რომ შეეწყვიტა არასასურველი კომუნაკაცია ტელეფონით, არ გამოჩენილიყო მის სიახლოვეს, კ------------ა მობილური ტელეფონით სისტემატურად უკავშირდებოდა ვ---------------ას, რომელიც არასასურველი კომუნაკაციის გამო იძულებული იყო, ტელეფონი ჰქონოდა გამორთული, ხოლო როდესაც კ------------ას ნომერი დაბლოკა ტელეფონში, კ------------ა მას ურეკავდა სხვადასხვა ნომრიდან. ვ---------------ას არაერთჯერადი განმარტების მიუხედავად, რომ თავი დაენებებინა, კ------------ა კვლავაც აგრძელებდა ვ---------------ას მიმართ სისტემატურ უკანონო თვალთვალსა და მასთან ტელეფონით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. აღნიშნულმა გარემოებებმა ვ---------------ას მნიშვნელოვანი შეფერხება შეუქმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის მიღებაში, რაც, თავის მხრივ, მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. კერძოდ: აღნიშნულის გამო ვ---------------ას მობილური ტელეფონი ძირითადად აქვს გამორთული, ფიქრობს რომ გაყიდოს მშობლების სახლი, სადაც ცხოვრობს და სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად. კ------------ას სისტემატურმა ქმედებამ გამოიწვია ვ---------------ას ტანჯვა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის წევრის მიმართ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოწმეების: ნ-------------ს, ე-–-------------–-ას, ზ---------–--ას, ბრალდებულის და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, ქორწინების ჩანაწერის აქტით, სასამართლოს განჩინებით მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული კ------------ა არის დაზარალებულის ოჯახის წევრი. აღნიშნული ფაქტი დაცვის მხარესაც სადავოდ არ გაუხდია.
2.2. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც ხორციელდება სისტემატურად
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
კ------------ას ბრალად წარდგენილი აქვს ოჯახის წევრის მიმართ პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება.
თვალთვალი ნიშნავს პირის საქმიაობის, გადაადგილებისათვის თვალ-ყურის დევნას, მისი ქმედებების, მის მიერ მონახულებული ადგილებისა და შეხვედრილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას; უკანონო თვალთვალი - აღნიშნულის განხორციელებას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ე.ი. პირის სურვილის საწინააღმდეგოდ ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, ამისათვის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე.
ტელეფონი გულისხმობს შორს ხმის მიწვდენის ტექნიკურ საშუალებას, რომლის დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის შორ მანძილზე გადაცემა და მიღება. კომუნიკაცია გულისხმობს მოკლევადიან ან გრძელვადიან ურთიერთობას, ინფორმაციის, ემოციების გადაცემას. ტელეფონით კომუნიკაცია ნიშნავს ხმოვანი ან ტექსტური ფორმით ურთიერთობის დამყარებას, ინფორმაციის მიწოდებას, ემოციის გაზიარებას. ტელეფონით არასასურველი კომუნიკაცია გულისხმობს ზემოთ აღწერილი სახის კომუნიკაციას პირთან იმ ვითარებაში, როცა მას არ სურს ეს.
აქვე უნდა განიმარტოს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით.
ბრალდებული კ------------ა პირადად სისტემატურად უთვალთვალებდა ვ---------------ას ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ - მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება და იცოდა, რომ ვ---------------ას არ სიამოვნებდა და ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებდა ასეთი ქმედება, ყოველ დილით სამსახურში მიმავალს ხვდებოდა საცხოვრებელ სახლთან; სისტემატურად პირადად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის მეშვეობით, რის გამოც ვ---------------ა იძულებული იყო გამოერთო ტელეფონი, დაებლოკა კ------------ას ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ფაქტები მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. ისინი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის ჩვენებით, დაზარალებულ ვ---------------ას ჩვენებით, მოწმეების: ნ-------------ს, ე-–-------------–-ას, ზ---------–--ას, მ------------–---–იას და დ---------------ას გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ კ------------ა პირადად სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა და პირადად სისტემატურად ამყარებდა დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ასევე ტელეფონის მეშვეობით.
2.3. იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 1511-ე პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - თვალთვალს და არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, შედეგს - ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებებსა და შესაძლო შედეგს შორის.
ფსიქიკური ტანჯვა გულისხმობს უსიამოვნო გრძნობით გამოწვეულ წვალებას, ხანგრძლივ, აუტანელ წუხილს. რაც შეეხება ცხოვრების წესს, ის კომპლექსური გარემოებების ერთობლიობას გულისხმობს, რაც მოიცავს სოციალურ ურთიერთობებს, სამსახურს, ოჯახურ, პირად ურთიერთობებს, თავისუფალი დროის გამოყენებას ნება-სურვილის მიხედვით და ა.შ.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ ცნობილი სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულის, მოწმეების: ნ-------------ს, ე-–-------------–-ას, ზ---------–--ას, მ------------–---–იას და დ---------------ას გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ბრალდებულის ქმედებების გამო დაზარალებული თავს შეურაცხყოფილად, დამცირებულად თვლის, რაც იწვევს მის ტანჯვას. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები უნდა შეფასდეს, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით (ნორმალური სოციალური ურთიერთობების შეზღუდვა, თავისუფლად გადაადგილების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების შეზღუდვა) შიშის, დამცირების, პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც ვ---------------ა განიცდის დამცირებას, რაც იწვევს მის ტანჯვას, რაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, რაც გამოიხატება საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის შეცვლის საკითხის დაყენებაში, ტელეფონის შეცვლის აუცილებლობაში.
3. სამართლებრივი შეფასება
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილთ გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს კ------------ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც კ------------ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
კ------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
კ------------ას პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედებების ხანგრძლივობა და ინტენსივობა, დანაშაულებრივი ქმედების სხვადასხვა ხერხის გამოყენება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (შეურიგდეს დაზარალებულს), მიზანს (დაზარალებულის დაყოლიება), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (სისტემატური თვალთვალი და სისტემატური არასასურველი კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ტელეფონით სისტემატური არასასურველი კომუნიკაცია, სისტემატური თვალთვალი), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ფსიქიკური ტანჯვის გამოწვევა, რამაც ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება შექმნა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან ჯარიმის გამოყენება. მით უმეტეს, რომ ბრალდებული ეხლაც გამოხატავს დაზარალებულთან ერთად ცხოვრებისკენ მისწრაფებას, რამაც გამოიწვია მისი დანაშაულებრივი ქმედებები და მძიმე შედეგი, რაც მიუთითებს მსგავსი ქმედებების გამეორების საფრთხეზე. ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, მსჯავრდებულს შეეფარდოს უმკაცრესი სახის სასჯელი. რაც შეეხება სასჯელის ზომას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით განსაზღვრულ მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კ------------ას ქმედებები მიმართულია კონკრეტული პირის მიმართ კონკრეტული გრძნობის არსებობის გამო და ის არ წარმოადგენს ზოგადად საზოგადოებისათვის საფრთხის წყაროს, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენებით კონკრეტულ შემთხვევაში უფრო მეტად იქნება დაცული, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის, მეორე მხრივ - დაზარალებულის უფლებები, ვინაიდან პირობითი მსჯავრის შემთხვევაში, ერთი მხრივ, მსჯავრდებული არ იქნება იზოლირებული საზოგადოებისგან, შეძლებს გააგრძელოს საქმიანობა და არჩინოს შვილები, მეორე მხრივ, პირობით მსჯავრს ახასიათებს დაკისრებული მოვალეობების დარღვევის შემთხვევაში დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის შესაძლებლობა, რაც წარმოადგენს მსჯავრდებულის მართლზომიერი ქმედების მასტიმულირებელ ფაქტორს. ეს კი დაზარალებულის უფლებების დაცვის დამატებით გარანტს წარმოადგენს.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. მომავალი საფრთხეების მხედველობაში მიღებით, იმისათვის, რომ ეფექტურად იქნეს დაცული დაზარალებულის უფლებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლასთან ერთად, სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად და იმისათვის, რომ ბრალდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მსჯავრდებულს უნდა დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, რომელიც აღემატება სასჯელის სახით მისთვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ზომას, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ------------ასთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავის რესოციალიზაციას, ხოლო რაც შეეხება დანაშაულის თავიდან აცილებას, ვინაიდან ის უკავშირდება კონკრეტული დაზარალებულის უფლებების დაცვის აუცილებლობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება მსჯავრდებულისთვის დამატებითი ვალდებულებების დაკისრების თაობაზე. კერძოდ, მსჯავრდებულს უნდა დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არ დაამყაროს რაიმე ფორმით კონტაქტი დაზარალებულ ვ---------------ასთან, თავი აარიდოს მასთან შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, არ მოინახულოს მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები. აღნიშნული გარემოებები ხელს შეუწყობს დაზარალებულის უფლებების დაცვას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ, საქმის მასალების მიხედვით, კ------------ა მიდრეკილია ალკოჰოლური სასმელების მიღებისკენ, მისი სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაეკისროს მოვალეობა, არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი, გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი, ასევე გაიაროს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი სპეციალური ტრენინგ პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს მის მიერ დაზარალებულის უფლებებისა და თავისუფლების უკეთ გააზრებას და საკუთარი ქმედებების შესაბამებას დაზარალებულის უფლებებისა და მისი დაცვის ვალდებულებისადმი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.
სსსკ–ის 79–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება, მესაკუთრეს ან მფლობელს არ უბრუნდება ან სახელმწიფოს არ გადაეცემა, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია წერილი და ხელწერილის ნიმუში, რაც უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაეკისროს მოვალეობები: არ დაამყაროს რაიმე ფორმით კონტაქტი დაზარალებულ ვ---------------ასთან, თავი აარიდოს მასთან შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, არ მოინახულოს მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები, არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი, გაიაროს ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი, ასევე ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი სპეციალური ტრენინგ პროგრამა.
პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში კ------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე თვალყურის დევნა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
კ------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1--------- №12/7---2018 განჩინებით 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ უძრავი ქონებას (საკადასტრო კოდი 4-----------) მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: წერილი და ხელწერილის ნიმუში დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია