გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
140210018002325155
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002325155

საქმე №2/350-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათააშვილი

 

მოსარჩელე - სს „საქართველოს ბანკი“

წარმომადგენელი - ირაკლი გვასალია

მოპასუხე - ნელი ჩიტიშვილი

წარმომადგენელი - თამუნა ტლაშაძე

 

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე ნელი ჩიტიშვილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ნადირაძის ქუჩა 17/17, ს/კ: №66.05.20.086.01.017, მოპასუხე გამოსახლდეს ამ უძრავი ქონებიდან და საცხოვრებელი სახლი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს სს „საქართველოს ბანკს“.

 

მოსარჩელის განმარტება:

 

მოსარჩელის განმარტებით, სს „საქართველოს ბანკმა“ აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება მდებარე გორი, ნადირაძის ქუჩა №17/17, ს/კ: №66.05.20.086.01.017, თუმცა აღნიშნული ქონება ისევ მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია, რის გამოც მესაკუთრე ვერ ფლობს და ვერ სარგებლობს კუთვნილი ქონებით, ასევე ვერ განკარგავს საკუთრებას თავისი სურვილისამებრ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ნელი ჩიტიშვილმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არის მარტოხელა, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი, სადავო ბინა მის მიერ შეძენილია 1999 წელს და წარმოადგენს მის ერთადერთ საკუთრებას და თავშესაფარს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი იგი დარჩება ღია ცის ქვეშ (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორი, ნადირაძის ქუჩა №17/17, საკადასტრო კოდი №66.05.20.086.01.017 მოპასუხე ნელი ჩიტიშვილის მფლობელობაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გორში, ნადირაძის ქუჩა №17/17-ში, მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №66.05.20.086.01.017, საკუთრების უფლებით, რეგისტრირებულია სს „საქართველოს ბანკის“ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 24 ივლისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.2. სადავო ბინას მოპასუხე ფლობს უკანონოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებებები

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს განიხილა რა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სს „საქართველოს ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხე ნელი ჩიტიშვილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს სს „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი, გორში ნადირაძის ქუჩა №17/17-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №66.05.20.086.01.017, მოპასუხე გამოსახლდეს აღნიშნული ბინიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მის მესაკუთრეს სს „საქართველოს ბანკს“.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. მფლობელობის მართლზომიერების ე.ი. სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (ნივთის მფლობელს) ეკისრება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გორში ნადირაძის ქუჩა №17/17-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №66.05.20.086.01.017 საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს „საქართველოს ბანკს“.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს.

 

სასამართლომ, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეს გააჩნია კუთვნილი უძრავი ნივთის ფლობის უფლება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამათლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხეს ეკისრებოდა წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ იგი არის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი და მის მიერ ქონების ფლობას აქვს სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული სახის მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით და აგრეთვე სასამართლო სხდომაზე მოპასუხეს არ გაუხდია სადავოდ, რომ სადავო ქონება აუქციონის გზით შეიძინა სს „საქართველოს ბანკმა“.

 

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე (მესაკუთრე) არ იმყოფება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის სს „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე კი მართალია რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მაგრამ საარსებო შემწეობის მიმღები არ არის და არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლებით, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-248-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს „საქართველოს ბანკის“ სარჩელი მოპასუხე ნელი ჩიტიშვილის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ნელი ჩიტიშვილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ქონება მდებარე ქ. გორი, ნადირაძის ქ.№17/17-ში (ს/კ: №66.05.20.086.01.017), ნელი ჩიტიშვილი გამოსახლდეს აღნიშნული ქონებიდან და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს სს „საქართველოს ბანკს“.

 

3. მოპასუხე ნელი ჩიტიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი