გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.09.2018
საქმის ნომერი
160210018002490645
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/570-18

160210018002490645

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

წარმომადგენელი - გიორგი დარჩიაშვილი

მოპასუხე - შპს "ს----."

წარმომადგენელი - ჯ--------------–--- (არ გამოცხადდა)

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ს-----ს“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, 1 დღეზე 900 ლარის გადახდა (სულ 60 300 ლარის ოდენობით).

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 10 ნოემბერს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს "ს----.-ს" (სატენდერო განცხადების N SPA150027874) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (შესაბამისი დანართებით) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N293, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელი (შპს ,,ს----;''' იღებდ ავალდებულებას მიეწოდებინა ცენტრისთვის სენდვიჩ-პანელებით ასაწყობი საოფისე და სასაწყობო შენობები თანამდევი სამუშაოთი და მომსახურებით. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 179 999.82 ლარით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შპს ,,ს----.-ს'' უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. ვინაიდან აღნიშნულ ვადაში შპს ,,ს----.-ის'' მხრიდან არ მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მიმწოდებელს ხელშეკრულების 14.2 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე (1 დღეზე - 900 ლარის ოდენობით) რამაც ხელშერკულების მოქმედების ვადის ამოწურვისას შეადგინა 60 300 ლარი.

 

2015 წლის 30 დეკემბერს შპს "ს----.-ს" გაეგზავნა წერილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისაგან რათა კომპანიის მხრიდან ანაზღაურებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 900 ლარს). აღნიშნული წერილი გაიგზავნა ფოსტით 2015 წლის 30 დეკემბერს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. კომპანიას განესაზღვრა ვადა (10 დღიანი) პირგასამტეხლოს გადასახდელად, რაც კომპანიის მხრიდან არ იქნა გადახდილი.

 

2016 წლის 4 მარტს (ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ) შპს "ს----.-ს" კიდევ ერთხელ გაეგზავნა წერილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისაგან რათა კომპანიის მხრიდან ანაზღაურებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გადაცილებით შესრულების შემთხევვაში დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც წარმოადგნედა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 900 ლარს) სულ კი 60 300 ლარი, ვინაიდან, შპს "ს----.-ის" მიმართ მიწოდების ვადები დაირღვა 67 (სამოცდაშვიდი) დღით. აღნიშნული წერილი გაიგზავნა ფოსტით კომპანიის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე დაგენსზღვრა ვადა (10 დღიანი) პირგასამტეხლოს გადასახდელად, რაც კომპანიის მხრიდან დღემდე არ არის გადახდილი.

 

2016 წლის 25 მარტს შპს "ს----.-მა" სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N293-ით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად ცნობა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს "ს----.-ის მოთხოვნა ვალდებულების შესრულებულად აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის ვალდებულება აღიარებულ იქნა შესრულებულად, თუმცა შპს "ს----.-ს" უარი ეთქვა ვალდებულების შესრულების თარიღად 2016 წლის 29 თებერვლის განსაზღვრაზე. აქედან გამომდინარე, შპს "ს----.-ის" მიერ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის მიმართ ვალდებულება არათუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (45 კალენდარული დღე), არამედ ხელშეკრულების ვადის გასვლიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ს-----ის“ წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს - 1 დღეზე 900 ლარის (სულ 60300 ლარის) დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და აღნიშნული პირგასამტეხლო შემცირებული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ 0.01%-მდე. მოპასუხემ სარჩელი ცნო 603 ლარის ფარგლებში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და შპს ,,ს----“-ს შორის 2015 წლის 10 ნოემბერს დაიდო N293 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

 

პუნქტი 3.ხელშეკრულების საგანი:

 

3.1. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (პროგრამული კოდი: 370403) ფარგლებში ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის" მა-------–-ს რაიონის სოფელ შუ-–-----ში (ს.კ. 83.09.14.4--) სენდვიჩ - პანელებით ასაწყობი საოფისე და სასაწყობე შენობების (თანმდევი სამუშაოებით) (კოდი: 44200000) შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშაულებით (სატენდერო განცხადების N SPA150027874).

 

პუნქტი 4. ხელშეკრულების ღირებულება:

 

4.1. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 179 999.82 (ას სამოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 82 თეთრი) ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გათვალისწინებით).

4.2. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებები მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

პუნქტი 5. მხარეთა უფლება-მოვალეობები

5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისათვის" შეასრულოს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 50 კალენდარული დღის ვადაში, SPA150027874 ტენდერში მოცემული პირობების შესაბამისად შემდეგ მისამართზე: მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელი შუ-–-----ი (ს.კ. 83.09.14.4--).

5.2. მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.

5.3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში აუნაზღაუროს მას მოწოდებული საქონლის ღირებულება.

5.4. შემსყიდველი არ აგებს პასუხს მიმწოდებლის მიერ მესამე პირებისათვის მიყენებულ ზიანზე ან ზარალზე.

5.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კომუნალური გადასახადების (წყალი, ელექტროენერგია) გადახდა.

 

პუნქტი 6. საქონლის მიღება-ჩაბარების წესი

6.1. გაწეულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით სამუშაოების დასრულებისთანავე.

6.2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს ექსპერტიზის (სსიპ ლევან სამხარაულის სახელბის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის) დასკვნა, რომელიც დაადასტურებს გაწეული სამუშაოების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებასთან.

 

პუნქტი 14. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის

 

14.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

14.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

14.3. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.

14.4. იმ შემთხევევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

პუნქტი 17. სხვა პირობები

17.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2016 წლის 01 მარტის ჩათვლით, გარდა ხელშეკრულების მე-8 მუხლისა, რომლის მოქმედების ვადა იწურება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებისას.

 

3.1.2. 2015 წლის 30 დეკემბერს შპს "ს----.-ს" გაეგზავნა წერილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისაგან რათა კომპანიის მხრიდან ანაზღაურებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 900 (ცხრაასი) ლარს). აღნიშნული წერილი გაიგზავნა ფოსტით 2015 წლის 30 დეკემბერს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. კომპანიას განესაზღვრა ვადა (10 დღიანი) პირგასამტეხლოს გადასახდელად, რაც კომპანიის მხრიდან არ იქნა გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.12.2015 წლის სსიპ სოფლის მეურნეობის ხემეცნიერო-კვლევითი ცენტრის წერილი N04/1282 შპს "ს-----ისადმი";

 

3.1.3. 2016 წლის 4 მარტს (ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ) შპს "ს----.-ს" კიდევ ერთხელ გაეგზავნა წერილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისაგან რათა კომპანიის მხრიდან ანაზღაურებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გადაცილებით შესრულების შემთხევვაში დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 900 (ცხრაასი) ლარს) სულ კი 60 300 (სამოციათას სამასი) ლარი, ვინაიდან, შპს "ს----.-ის" მიმართ მიწოდების ვადები დაირღვა 67 (სამოცდაშვიდი) დღით. აღნიშნული წერილი გაიგზავნა ფოსტით კომპანიის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე დაგენსზღვრა ვადა (10 დღიანი) პირგასამტეხლოს გადასახდელად, რაც კომპანიის მხრიდან დღემდე არ არის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

04.03.2016 წლის სსიპ სოფლის მეურნეობის ხემეცნიერო-კვლევითი ცენტრის წერილი N04/276 შპს "ს----.-ისადმი";

 

3.1.4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ს----.”-ის სარჩელი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიმართ ვალდებულების შესრულებულად აღიარების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს ,,ს----.”-ის მიერ 2015 წლის 10 ნოემბრის #293 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღიარებულ იქნა შესრულებულად. შპს ,,ს----.”-ს უარი ეთქვა ვალდებულების შესრულების თარიღად 2016 წლის 29 თებერვლის განსაზღვრაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 05.04.2017 წლის გადაწყვეტილება N2/247-16

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოპასუხეს რაიმე სახის მტკიცებულება ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების თაობაზე არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420, 629-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება იწვევს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს, მაშინ როცა სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აცხადებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

6.3 სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.5%, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, მართალია ვადის დარღვევით, მაგრამ სრულად მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რასაც ადასტურებს მოსარჩელე მხარე. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო მოპასუხეს არ განუცდია რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 60 300 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მიყენებულ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.5%-დან შემცირდეს 0.1%-მდე და შესაბამისად შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც: 2015 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს თითოეულ დღეზე 179.99 ლარის ოდენობით, - ჯამში 67 დღეზე 12 059 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 1809 ლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 19 ლარი, ამასთან, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 20%. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 361.8 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. დაეკისროს მოპასუხე შპს "ს----.-ს" მოსარჩელე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 1 დღეზე - 179.99 ლარის, ჯამში სულ 12 059 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს "ს-----"ს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს - 361.8 ლარის გადახდა.

 

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს გადახდილი ბაჟიდან ნაწილი - 19 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300093150, 2017 წლის 25 დეკემბრის N06452 საგადახდო მოთხოვნა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი