განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/24-18
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - სე---------------------------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–----------------–ს, პირადი ნომერი - 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, უმუშევარი, ნასამართლევი, რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი დაკავებამდე: ქ. წა-–----------------------, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - ლე-–-----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თარჯიმანი - ნა----------–---–ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 30 მაისს, დაახლოებით 22 საათზე, ქ. წალ--–---------------------- მდებარე ან-----------------ას მფლობელობაში არსებულ სახლთან, შვილების წაყვანაზე უარით განაწყენებული სე--------------ი, რომელიც ცდილობდა სახლის კარზე ძლიერი დარტყმებით სახლში შეღწევასა და სახლის მიმდებარედ განთავსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან პოლიეთილენის ჭურჭელში საწვავის ჩამოსხმას, დაემუქრა გადაწვით ანუ სიცოცხლის მოსპობით თავის ყოფილ მეუღლეს - ან-----------------ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
3. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII .).
4. განსახილველ საქმეში ბრალდებულ სე--------------ის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ გამხდარი ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარის ინიციატივით, მხარეებმა არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ ცნეს. ბრალდებულმა სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რასაც დაეთანხმა მისი ადვოკატი. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმე ეკ------–---ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ალკტესტი, ნივთმტკიცება და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს სე--------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტებში. ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვისას აღიარა დანაშაული და დაადასტურა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების განხორციელება; დაზარალებულმა ან-----------------მა აღნიშნა, რომ სე----ი მისი ყოფილი ქმარია, ოფიცილურად არ განქორწინებულა, თუმცა მასთან ერთად აღარ ცხოვრობს. 2018 წლის 30 მაისს 22:00 საათზე ნასვამი სე--------------ი მივიდა მასთან ბავშვების წასაყვანად, თუმცა უთხრა, რომ დილით დაბრუნებულიყო, რამდენიმე წუთში კი ისევ მიბრუნდა, დაიწყო კარზე ბრახუნი, იქვე ავტოფარეხთან აიღო ბოთლი, თან ყვიროდა, რომ ამოიღებდა რომელიმე ავტომანქანიდან ბენზინს და გადაწვავდა, ერთი ავტომანქანიდან ვერ შესძლო საწვავის ამოღება და შემდეგ მივიდა მეზობლის მოპედთან, საიდანაც ასევე ცდილობდა საწვავის ამოღებას. მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. მოწმე ეკ------–---მა (მეზობელი) განმარტა, რომ გაიგო სე--------------ის ხმა და ასევე კარზე „ბრაგაბრუგის“ ხმაც შემოესმა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით დაზარალებულის სახლის კარზე აღენიშნება ფეხსაცმლის კვალი, იყო წვიმიანი ამინდი, ასევე ეზოში დგას მოპედი და ამოღებულია პლასტმასის ჭურჭელი სპეციფიკური სუნით. ალკოტესტით შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ სე--------------ს დაუფიქსირდა 0,848%, რაც აღნიშნავს ალკოჰოლურ სიმთვრალეს.
სამართლებრივი შეფასება:
7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, ყოფილი მეუღლე.
8. სასამართლოს შეფასებით, დასტურდება სე--------------ის მიერ ან-----------------ის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღსანიშნავია, რომ მუქარას წინ უძღვოდა დაზარალებულის სახლის კარზე ბრახუნი, საწვავისთვის ჭურჭლის მოძიება და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან საწვავის ამოღების მცდელობა, რამაც, სასამართლოს შეფასებით, გადაწვის მუქარის პირობებში, შექმნა რეალური გარემო დაზარალებულისათვის, ჰქონოდა ბრალდებულის მიერ მუქარის განხორციელების რეალურობის საკმარისი საფუძველი.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სე--------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა სე--------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სე--------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
10. სე--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას, ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი. სე--------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან მეუღლეზე მუქარა ნასვამ მდგომარეობაში განახორციელა. აგრეთვე დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, რაც სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
13. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
14. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
15. სე--------------ი უმუშევარია და მას სასჯელად გამასწორებელი სამუშაო ვერ დაენიშნება. აღსრულების მექანიზმისა და მისი შინაარსის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სე--------------ის მიმართ სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენება სრულიად არაეფექტური ღონისძიებაა. ჩადენილი ძალადობრივი ქმედების გათვალისწინებით, ამ ქმედების აღსრულების ხერხისა და სახის მხედველობაში მიღებით, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 6 აპრილს გამოცემულია შემაკავებელი ორდერი ან-----------------ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ იგი მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენისას, რა დროსაც იმუქრებოდა სახლის გადაწვით, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სე--------------ი უმუშევარია, არის სოციალურად დაუცველი სასამართლოს შეფასებით მიზანშეუწონელია მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ ჯარიმის ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის განსაზღვრა, ასევე მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ხასათიც და ძირითადი მიზეზი ამისა სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებებია, რომლებიც აუცილებელს ხდის მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
16. სე--------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს მის ნასამართლობას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი. სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მინიმუმია 6 თვე, ხოლო მაქსიმუმი 1 წელი, ამიტომ, სასამართლო ვერ გაცდება სსკ-ის კონკრეტული მუხლით დადგენილი სანქციის მაქსიმალურ ვადას, რის გამოც სე--------------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სასამართლო აღარ მსჯელობს დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების შეპირისპირებაზე და სანქციის ზღვარს ადგენს კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე.
17. ასევე სახეზეა პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი და განაჩენთა ერთობლიობა, კერძოდ, სე--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი დაუდგინდა რეალურად მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 29 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულებით სე--------------ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან. პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში სე--------------მა ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის ??????????? ??????? ????????? ????????? ???????? XXI ????? შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან), პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველია. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. სასამართლო ითვალისწინებს სე--------------ის შემამსუბუქებელ გარემოებებს, იმ ფაქტს, რომ აღიარებს დანაშაულს და ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლეთაც მოწმეთა განცხადებების მიხედვით პატრონობს, ასევე იმ გარემოებას, რომ მან წინა განაჩენით რეალურად მოსახდელად დანიშნული სასჯელის უმეტესი ნაწილი მოიხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩადენილი დანაშაულები აბსოლუტურად სხვადასხვაა, არის სოციალურად დაუცველი, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან მხოლოდ 1 წლით თავისუფლების აღკვეთის დამატებას ამჟამად დანიშნულ სასჯელზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სე--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სსკ-ის 2018 წლის 30 მაისს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენით სე--------------ისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენით სე--------------ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და სე--------------ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. სე--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. სე--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 7 ივნისის 12:30 საათიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით - 2 დღე.
6. ნივთმტკიცება - პლასტმასის ჭურჭელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი