გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - მ---------------–ი
წარმომადგენელი - ი-----------ე
მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - თ---------------ი
მესამე პირები - ბ--------------ე, ს----------------ე
კანონიერი წარმომადგენელი - მ---------------–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის N7-- ბრძანება ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ---------------–ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირების - ბ--------------ისა და ს----------------ის კანონიერი წარმომადგენელი - მ---------------–ი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ---------------–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო N----------).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 116).
4.1.2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით მ---------------–ი დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 37930.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (მომზადების თარიღი 19.09.2017წ) (ს.ფ. 141).
4.1.3. 2017 წლის 26 ივლისს შედგენილი „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილის თანახმად, მ---------------–ი დამისამართებულია: ხ-–----ი, შ-------------–---------, ფაქტობრივი მისამართი: ხ-–----ი, შ-------------–---------/19. ამავე ცხრილის მიხედვით, მოსარჩელეს სოციალური კრიტერიუმის სიღარიბის მაჩვენებელში მიენიჭა - 2,5 ქულა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 26.07.2017 წლის „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილი (ს.ფ. 98).
4.1.4. მ---------------–ის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის შესაბამისად, მ---------------–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ხ-–----ი, შ-------------–---------/19 (ყოფილი საავადმყოფო). მ---------------–ს ჰყავს მეუღლე - ბ-----------------ე და ორი შვილი - ს----------------ე და ბ--------------ე. ოჯახს უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯია: სურსათზე, სასმელზე - 90 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 15 ლარი, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 45 ლარი, სათბობსა და ელექტროენერგიაზე - 15 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 15 ლარი, სხვა ხარჯები - 10 ლარი, სულ - 190 ლარი. ამავე კითხვარის თანახმად, მ---------------–ის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) – 144 ლარი, სხვა შემოსავალი - 50 ლარი, სულ - 194 ლარი. მ---------------–ის ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მისი სარეიტინგო ქულაა 57001-ზე ნაკლებს. მ---------------–ის საცხოვრებელ სტატუსს წარმოადგენს - მართლზომიერ მფლობელობაში გაცემული საცხოვრებელი ფართი (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი). ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 101-112).
4.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის №101 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად შევსებული განაცხადებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე განიხილა, ქ. გორში ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ნგრევადი, კერძო საკუთრებულებაში არსებული და სახელმწიფო ან/და თვითმართველობისათვის მნიშვნელოვანი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლებისა და ქ. გ----–--------–-----–-----------ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.
ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე მ---------------–ს ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ქ. ხ-–----ში, რ---------–----------ში რეაბილიტირებული ფართით დაკმაყოფილება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის №101 ოქმი (ს.ფ. 117-122).
4.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის N7-- ბრძანების თანახმად, მ---------------–ის ოჯახს, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე მიღებული საცხოვრებელი ფართის გამო, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის N7-- ბრძანება (ს.ფ. 132).
4.1.7. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის N3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა და რეპატრიაციის მიმართულებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა და რეპატრიაციის მიმართულებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3--------, მოსარჩელე - მ---------------–ი, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მესამე პირები - ბ--------------ე, ს----------------ე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება (ს.ფ. 209-211).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ---------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის N7-- ბრძანება ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილია – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ამდენად, კანონქვემდებარე აქტით დეტალურად არის გაწერილი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია და იძლევა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ამავე წესით განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს საქმიანობა ემყარებოდეს ამ სფეროში შემუშავებული და მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების დებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით გათვალისწინებულია და შეიცავს მთელ რიგ კრიტერიუმებს, რომელთა შეფასებაც ხდება შესაბამისი კომისიის მიერ და აღნიშნული შეფასება წარმოადგენს დევნილის გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობას და შესაბამისად, სამინისტროს დეპარტამენტების მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაცვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ შემდგომ კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას და განმცხადებლის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვასა თუ დარღვევას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ---------------–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო N---------).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ---------------–ის ოჯახი განსახლებული იყო დაბა ს------ში მდებარე ს---------------------–---ში’’. ს---------------------–---ის’’ შენობის ნგრევადობის გამო, გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ განახორციელა აღნიშნულ შენობაში მცხოვრები დევნილების ოჯახების უზრუნველყოფა ალტერნატიულ საცხოვრებლით ქ. ხ-–----ში, რ---------–----------ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში (ყოფილი საავადმყოფო). მ---------------–ი ცხოვრობდა ბინა N19-ში რ--------------–თან, ვ--–-----------–-–---–თან და ზ--------------–თან ერთად. შესაბამისად, სამინისტრომ მიუთითა, რომ მ---------------–ი ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული იყო საცხოვრებული ფართით სახელმწიფოს მიერ. ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიჩნია, რომ მ---------------–ს უარი უნდა თქმოდა ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე, უარის თქმის საფუძველს კი წარმოადგენდა ერთხელ უკვე მიღებული საცხოვრებელი ფართის არსებობა. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის N7-- ბრძანებით, მ---------------–ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროება მოპასუხემ არასწორად შეაფასა, მიიჩნია რა, რომ მისი ოჯახი ერთხელ უკვე უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართით, თუმცა მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხ-–----ი, შ-------------–----------ში არსებული ფართი წარმოადგენს მის მშობლებისა და ძმის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ფართს, რომელიც დღეის მდგომარეობითაც არ არის მათთვის საკუთრებაში გადაცემული. ამდენად, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, განსახილველი დავის ფარგლებში, სწორედ ამ ჭრილში განიხილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანი განსახლებისას. სამინისტრო, როგორც აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ინდივიდუალურად შეაფასოს კონკრეტული ოჯახის საჭიროებები და ამგვარად საკითხის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე - მ---------------–ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მათ შორის, ხ-–----ში, შ-------------–----------ში არსებული ფართი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, კერძოდ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულება, წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რამდენადაც, უძრავ ნივთზე არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი მფლობელობა მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას არ ქმნის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. კანონის აღნიშნული დებულებები ხელს უწყობს უფლების მქონე, ასევე, მესამე პირთა ინტერესების დაცვას სამოქალაქო ბრუნვაში და სწორედ ამ მიზნითაა დადგენილი რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია (სსკ-ის 312-ე მუხლი). ამდენად, იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, შეუძლებელია იგი მიჩნეულ იქნეს აღნიშნული ფართის მესაკუთრედ. შესაბამისად, შეუძლებელია იგი ერთხელ უკვე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად იქნეს მიჩნეული სამინისტროს მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ დევნილი პირის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმისას უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------------–ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის პროცესში არ მოხდა საქმის ჯეროვნად და ყოველმხრივ გამოკვლევა, ვინაიდან, მართალია უდავოა, რომ მ---------------–ი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მშობლების მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ფართში - ხ-–----ი, შ-------------–----------ში, თუმცა აღნიშნული ფართი დღეის მდგომარეობითაც არ არის დაკანონებული. ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მ---------------–ის მამას - რ--------------–ს, დედას - ვ--–-----------–-–---–სა და ძმას - ზ---------–-–---–ს ცალკე აქვთ განცხადება გაკეთებული ხ-–----ი, შ-------------–----------ში არსებული ფართის დაკანონების თაობაზე, ხოლო თვითონ მ---------------–ს არ გამოუთქვამს თანხმობა მშობლებთან ერთად აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ---------------–ის ოჯახისთვის მუდმივი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება. მათ შორის სამინისტროს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ხ-–----ი, შ-------------–----------ში მდებარე ფართი წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ფართს, რომელზეც მ---------------–ის საკუთების უფლება არ ირიცხებოდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სპეციალური კანონით განსაზღვრული და კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებული კრიტერიუმის შეფასებისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჰქონდა სრული შესაძლებლობები და ბერკეტი იმისათვის, რომ ეფექტურად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა, რომლის უფლებამოსილებაც მას კანონით აქვს მინიჭებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, მოპასუხე ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და თავად სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული უფლებამოსილებისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის N7-- ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობას.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის N7-- ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ---------------–ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 თებერვლის N7-- ბრძანება ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ და დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;
3. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე