გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820310018002313595
№3-09/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.08.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე - ნ-----–- ჯ----ე
მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების ულფების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - ხ----- გ-------–--ე
მესამე პირი - საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენელი - ნ---- ჩ------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
- ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №25 განკარგულება და დავალდებულდეს კომისია გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სარჩელში მოსარჩელე თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილებით ნ-----–- ჯ----ეს (პ--------------) ეღიარა საკუთრების უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში მდებარე 2054 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 2015 წლის 07 ოქტომბერს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №----. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე.
2015 წლის 26 ოქტომბერს წერილობითი განცხადებით №---- მოსარჩელემ მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმება (ზედდების მოხსნა).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, არ დგინდება ნ-----–- ჯ----ის მიერ სოფელ კირნათში მდებარე 2054 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა მიწაზე სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სამინისტროს მითითებით სსიპ საჯარო ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 19 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილების საფუძველზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან „განცხადებაზე თანდართული დოკუმენტი (ინფორმაცია) არ არის წარმოდგენილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, კერძოდ, ზედდება რეგისტრირებულ და არსებულ მონაცემებთან ს/კ 22.32.01.8-- - მესაკუთრე სახელმწიფო, ზედდება სახელმწიფო საზღვრის შიდა 500 მეტრიან ზოლთან“. მათი თქმით საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ განხილვისას მხედველობაში არ იქნა მიღებული შესწავლილიყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2015 წლის 07 ოქტომბრის გაცემული №---- საკუთრების მოწმობის და მის საფუძვლად არსებული შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილების მიღების კანონიერება.
ადმინისტრაციული წარმოების დროს დადგინდა, რომ 2015 წლის 23 აპრილს მოსარჩელემ შეიტანა განცხადება სოფელ კირნათში მდებარე 2370 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. 2015 წლის 25 სექტემბერს №10 საოქმო გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოსარჩელის განცხადება და მის სახელზე გაიცა საკუთრების მოწმობა №----. სასაზღვრო პოლიციისგან გამოთხოვილი ინფორმაციით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს საქართველოს-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ, 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში, ხოლო სახელმწიფო საზღვრიდან დაშორებულია დაახლოებით 370 მეტრით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამიუქმდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბერს ნ-----–- ჯ----ის (პ--------------) სახელზე გაცემული №---- საკუთრების უფლების მოწმობა და 2015 წლის 25 სექტემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილება. ზემოთხსენებული გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას, ვინაიდან სასაზღვრო ზოლთან გაცილებით ახლოს მყოფ მოქალაქეებს უკვე უღიარეს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე.
2.მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კანონის სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილებები, კერძოდ:
მოქალაქე ნ-----–- ჯ----ემ 2015 წლის 23 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებისა უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა, რომელითაც მოითხოვა სოფელ კირნათში მდებარე 2370 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2015 წლის 25 სექტემბრის №10 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა განცხადება, ხოლო 2015 წლის 7 ოქტომბერს მოქალაქე ნ-----–- ჯ----ის (პ--------------) სახელზე გასცა №---- საკუთრების უფლების მოწმობა. 2015 წლის 19 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის №8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. 2015 წლის 25 ოქტომბერს ნ-----–- ჯ----ემ განცხადებით (რეგ№----) მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომელითაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმება (ზედდების მოხსნა).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილით თანახმად არ დგინდება ნ-----–- ჯ----ის მიერ სოფელ კირნათში მდებარე 2054 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ასევე სამინისტრო განმარტავს რომ ნ-----–- ჯ----ის მიერ საკუთრებაში სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია რეგისტრირებულ მონაცემებთან ს/კ 22.32.01.8-- - მესაკუთრე სახელმწიფო, აგრეთვე აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფო საზღვრის 500 მეტრიან ზოლთან, ამასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საქმეზე გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ საქმისათვის არსებითი გარემოების შესწავლა არ განუხორციელებია, არ მიიღო მხედველობაში მთელი რიგი მნიშვნელოვანი გარემოებები, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2016 წლის 29 ივნისის №01-10/2--- მომართვით ითხოვს კომისიის მიერ 2015 ელის 07 ოქტომბრის გაცემული №---- საკუთრების უფლების მოწმობას და მის საფუძვლად არსებული შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილების კანონიერებად იქნას შესწავლილი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2016 წლის 29 ივნისის №01-10/2--- მომართვის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული წარმოებისას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ შესწავლილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადმოგზავნილი და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის არქივში დაცული მასალები, აგრეთვე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ №11/1265 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან, რაზედაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 09 ნოემბრის MIA 17 02710336 წერილით განმარტებულია, რომ სოფელ კირნათში მდებარე 2054 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს საქართველო - თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში, ხოლო სახელმწიფო საზღვრიდან დაშორებულია 370 მეტრით. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო ამავე მე-5 პუნქტის შესაბამისად სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, სასაზღვრო ზოლში დაუშვას გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა.
.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 21 სექტემბრის №20 საოქმო გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ნ-----–- ჯ----ის მიერ კომისიაში 2015 წლის 23 აპრილს წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ გადაფარვის ცნობაში მითითებულია, რომ განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, ზედდებაში იყო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ 1 (ერთი) უძრავ ნივთთან, თუმცა კომისიის მიერ არ მოხდა საკუთრების უფლების აღიარების შესაბამისი ინფორმაციის ოფოციალურად მოძიება, ყოველივე ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კომისიამ მიიჩნია რომ 2015 წლის 25 სექტემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილების, ნ-----–- ჯ----ის ნაწილში, როგორც მომზადების, ისე გამოცემისას უხეშადაა დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავი. აქედან გამომდინარე, კომისია თვლის, რომ კომისიის მიერ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია არა მარტო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, არამედ უხეშადაა დარღვეული კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №3 სხდომაზე კომისიამ გადაწყვიტა: „ბათილად იქნეს ცნობილი, ძალაში შესვლის დღიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბერს ნ-----–- ჯ----ის (პ/ნ61006009808) სახელზე გაცემული №---- საკუთრების უფლების მოწმობა, მოწმობაზე თანდართული ნახაზი და გაცემის საფუძვლად არსებული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილება ნ-----–- ჯ----ის ნაწილში“.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილებით ნ-----–- ჯ----ეს (პ--------------) ეღიარა საკუთრების უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში მდებარე 2054 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 2015 წლის 07 ოქტომბერს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, მხარის ახსნა განმარტება;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის ოქმი №10.
საკუთრების უფლების მოწმობა №----
3.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 29 ივნისის №01-10/2--- მიმართვის საფუძველზე გამოკვლეულ/შემოწმებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ ნ-----–- ჯ----ის (პ/ნ61006009808) სახელზე 2015 წლის 7 ოქტომბერს გაცემული №---- საკუთრების უფლების გაცემის და 2015 წლის 25 სექტემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილების მიღების კანონიერება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, მხარის ახსნა განმარტება;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის ოქმი №3.
3.3 სადაო 2054 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრიდან 370 მეტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, მხარის ახსნა განმარტება
საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წერილი;
3.4 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების ულფების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 იანვრის №25 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების ულფების აღიარების კომისიის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბრს ნ-----–- ჯ----ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სარჩელი, ახსნა განმარტება;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 იანვრის №25 განკარგულება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 სასამართლო მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების ულფების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 იანვრის №25 განკარგულება გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოცემულ შემთხვეევაში არ არსებობს ნ-----–- ჯ----ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების ულფების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 იანვრის №25 განკარგულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601. მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
6.3 „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის გ) ქ/ პუნქტის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწაა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
6.4 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო ამავე მე-5 პუნქტის შესაბამისად სასაზღვრო ზოლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მოვლასთან, სასაზღვრო ნიშნების შემოწმებასთან და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არის გათვალისწინებული. ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, სასაზღვრო ზოლში დაუშვას გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2-ე მუხლის ე) ქ/პუნქტის თანახმად სასაზღვრო ზოლია - არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს;
მოცემულ შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების ულფების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 იანვრის №25 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების ულფების აღიარების კომისიის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბრს ნ-----–- ჯ----ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა , ვინაიდან მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში, საკუთრების მოწმობის გაცემით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს ინტერესები, იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს და არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად გადაწყვეტილების მიმღებმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად ცნო მის მიერვე კანონის დარღვევით მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ძალაში შესვლის დღიდან.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარის ახსნა-განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების ულფების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 იანვრის №25 განკარგულება მიღებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–- ჯ----ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–- ჯ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი