გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/6088-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - შპს „------------------------
წარმომადგენელი - ა-----------–---–ი
მოპასუხეები - ვ--------------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ვ--------------------ს შპს „-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან (# T----------) გამომდინარე 8 395. 14 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 393.14 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 972 აშშ დოლარი, ჯარიმა- 30 აშშ დოლარი), აღსრულება მოხდეს მოვალის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასარჩელო მოთხოვნა შპს „----------------------მა“დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:
2018 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელე შპს „----------------------სა“ და მოპასუხე ვ--------------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით გირავნობისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულება (# T----------), რომლის საფუძველზე 2016 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4 000 აშშ დოლარი. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს 290 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - მერსედეს-ბენც E 350 ( სარეგისტრაციო ნომერი: I-----, გამოშვების წელი 2005, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------).
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, არც-ერთი თვის გადასახადი არ გადაუხდია. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით 17.01.2017 წელს მსესხებელს გაეგზავნა შეტყობინება, დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემის მოთხოვნით, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა. ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიცაზიის მიზნით კანონით დადგენილი წესით, 2017 წლის 13 თებერვალს შსს „მომსახურების სააგენტო“-ს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე, 2017 წლის 16 თებერვალს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა. ამ დრომდე არ მომხდარა ავტომობილის მოძიება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ვ--------------------ს დაეკისროს 2016 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხაზით გირავნობისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულებიდან (# T----------) გამომდინარე 8 365.14 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 393.14 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 972 აშშ დოლარი), ვინაიდან ვერ მოხერხდა ავტომობილის მოძიება, 28.09.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხემ პასუხი უნდა აგოს მთელი თავისი ქონებით.
(მტკიცებულება: 26.02.2018 წლის სარჩელი; 10.09.2018 წლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ნ--------------------ს მიყიდა მანქანა იმ პირობით, რომ ვ--------------------ს შპს „----------------------ში“ უნდა დაეგირავებინა მანქანა და შემგომ ნ--------------------ი თვითონ გაისტუმრებდა ლომბარდს. სესხი სარგებლიანი რომ იყო მოპასუხისათვის უცნობია, ვინაიდან არ წაუკითხვას ხელშეკრულება.
(მტკიცებულება: 11.05.2018 წლის შესაგებელი, 10.09.2018 წლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელე შპს „----------------------სა“ და მოპასუხე ვ--------------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით გირავნობისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულება (# T----------), რომლის საფუძველზე 2016 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4 000 აშშ დოლარი. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს 290 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - მერსედეს-ბენც E 350 ( სარეგისტრაციო ნომერი: I-----, გამოშვების წელი 2005, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.09.2016 წლის საკრედიტო ხაზით გირავნობისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულება (# T----------);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.2. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# T----------), გამომდინარე ვალდებულება ვ--------------------ს საერთოდ არ შეუსრულებია და შპს „-------------------------ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად მოპასუხეს დავალიანება 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით არის:
ა) 2018 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან (# T----------) გამომდინარე 8 395. 14 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 393.14 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 972 აშშ დოლარი, ჯარიმა- 30 აშშ დოლარი);
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცებულება, რომ ხელშეკრულება არ წაუკითხავს და ისე მოაწერინეს ხელი სასამართლო სარწმუნოდ ვერ ჩათვლის, ვინაიდან, ხელშეკრულება ხელმოწერილია თავად ვ--------------------ის მიერ ქართულ ენაზე. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.09.2016 წლის საკრედიტო ხაზით გირავნობისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულება (# T----------);
- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ;
- 26.02.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდების ისტორია;
- 17.01.2017 წლის გაფრთხილების წერილი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოპასუხე ვ--------------------ისათვის შპს „-------------------------ს სასარგებლოდ 2016 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან (# T----------) გამომდინარე 8 395.14 აშშ დოლარის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 393.14 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 972 აშშ დოლარი, 30 აშშ დოლარი), აღსრულება მოხდეს მოვალის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.
5.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქმის მასალებით და მათ შორის გადახდების ისტორიით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა საკრედიტო ხაზით გირავნობისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულება (# T----------). ასევე უდაოა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა. მოსარჩელე ითხოვს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერი სხვა ქონებიდან. მხარეთა შორის არსებული 2016 წლის 28 სექტემბრის გირავნობის ხელშეკრულების 6.1 მუხლის შესაბამისად, თუ მოგირავნეს ხელი შეეშალა თავისი უფლებების განხორციელებაში, მას შეუძლია იგივე უფლებები გამოიყენს, რაც მესაკუთრემ. გამსესხებელს აქვს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს უზრუნველყოფილი მოთხოვნა გირავნობის საგნით
2016 წლის 28 სექტემბრის გირავნობის ხელშეკრულების 6.1 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, მოგირავნის მოთხოვნიდან ან გირავნობის მოწმობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში დამგირავებელი არ უზრუნველყოფს მოგირავნისათვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემას, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელი უპირობოდ მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით პირველ რიგში უნდა მოხდეს მოპასუხის ვ--------------------ის საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული ავტომანქანის (მერსედეს-ბენც E 350 (სარეგისტრაციო ნომერი: I-----, გამოშვების წელი 2005, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------) რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად ან სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში დამგირავებელი არ უზრუნველყოფს მოგირავნისათვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემას, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელი უპირობოდ მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.
5.4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სარჩელით შპს „------------------------ ითხოვს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მხარეთა შეთანხმებას შეიცავს 2016 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების 8.12 მუხლის თანახმად, დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის 4%-ისა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 628.84 ლარი.
ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 8 365.14 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა, ვ--------------------ს მოსარჩელე შპს „-------------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 628.84 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხე ვ--------------------ისათვის გირავნობის მოწმობის საფასურის - 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 200 ლარის მოპასუხისათის დაკისრება რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „-------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ვ--------------------ს შპს „-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან (# T----------) გამომდინარე 8 395. 14 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 393.14 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 972 აშშ დოლარი, ჯარიმა 30 აშშ დოლარი.);
3. აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მოპასუხის ვ--------------------ის საკუთრებაში არსებული დაგირავებული ავტომანქანის (მერსედეს-ბენც E 350 (სარეგისტრაციო ნომერი: I-----, გამოშვების წელი 2005, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------) რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროს ვერ იქნება მოძიებული გირავნობის საგანი ან გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის აღსრულება განხორციელდეს ვ--------------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
4. მოპასუხე ვ--------------------ს შპს „-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 628.84 ლარის გადახდა;
5. მოპასუხე ვ--------------------ს შპს „-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის საფასურის - 50 ლარის გადახდა;
6. მოპასუხე ვ--------------------ს შპს „-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 200 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კლეგიის მეშვეობით გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე