გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
330210017002066915
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22841-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - სს „---------------------------------------–-------

წარმომადგენელი - ლ---------------–ია

მოპასუხე - დ------------–---–ი

წარმომადგენელი - დ----------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ------------–---–ს მოსარჩელე სს „---------------------------------------–------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4089.47 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 16 ივლისს დ------------–---–ი, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალება "ჰონდა"-ს სახ. ნომრით B--------, შეეჯახა სს „---------------------------------------–-----ში“ დაზღვეულ ტოიოტას მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით 0--------.

 

სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა დ------------–---–ი.

 

სს „---------------------------------------–------ს“ მიერ ზიანი განისაზღვრა 1812.87 აშშ დოლარით, რომლის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 4089.47 ლარი ანაზღაურებულ იქნა დამზღვევის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დ------------–---–მა სადაო არ გახადა ზიანის მიყენების ფაქტი, მაგრამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული თანხები იყო გაზვიადებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 03:40 საათზე, ქ. თბილისში, ბალანჩივაძის და ჩაილურის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომანქანა "ჰონდა" სახელმწიფო ნომრით B--------, რომელსაც მართავდა დ------------–---–ი და ავტომანქანა "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" დიპლომატიური ნომრით 0--------, რომელსაც მართავდა ტეეტ კივისონი. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა დ------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ელექტორნული საჯარიმო ქვითარი;

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი.

 

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" დიპლომატიური ნომრით 0--------, დაზღვეული იყო სს „---------------------------------------–-----ში“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი;

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანი მოსარჩელის მიერ შეფასდა 1812.87 აშშ დოლარის ოდენობით. სს „---------------------------------------–--------ს მიერ ზიანი ანაზღაურებულ იქნა სრულად, ეროვნულ ვალუტაში 4089.47 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- შპს "ავტოექსპერტიზას" ინვოისი;

- სადაზღვევო ანაზრაურებათა კომიტეტის ოქმი #2---------;

- თანხის გადახდის დამადასტრურებელი ქვითარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის პოზიციას, რომ დაზიანებული ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების მეორადი ნაწილებით ჩანაცვლების ხარჯი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ნახევარს არ აღემატება, რაც საბოლოოდ, ხელობის ჩათვლით შეადგენს - 2 481 ლარს (1611+870).

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღდგენითი ხარჯის განსაზღვრისას მოსარჩელემ იხელმძღვანელა ახალი სათადარიგო ნაწილების ღირებულებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დამზღვევის სატრანსპორტო საშუალება არის 2008 წელს გამოშვებული, ხოლო საგზაო შემთხვევა მოხდა 2015 წლის 16 ივლისს. ამდენად, საგზაო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალება იყო 3 წლის და დამზღვევსა და მზღვეველს შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო კომპანიას შეეძლო ხარჯის განსაზღვრისას დაყრდნობოდა ლიცენზირებული სარემონტო ცენტრის კალკულაციას (შეფასება მომხდარიყო ახალი ნაწილების ღირებულების გათვალისწინებით).

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნდა დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ. ანუ დაზღვევის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში ავტომობილის მფლობელს შეეძლო მოეთხოვა ზიანის მიმყენებლისგან მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რაც საჭირო იქნებოდა პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად. რაც თავისთავად არ გულისხმობს უპირობოდ ახალი ნაწილებით აღდგენას, ვინაიდან შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო იმავე ხანდაზმულობის მეორადი სათადარიგო ნაწილები. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ იყო თუ არა შესაძლებელი მეორად სათადარიგო ნაწილებით აღდგენა, აღნიშნულის შეუძლებელობის მტკიცების ტვრითი იმთავითვე მოსარჩელის მხარეზე იყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზრაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ზიანის მიყენების ფაქტი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა და მიუთითა, რომ აღდგენა შესაძლებელი იქნებდა მეორადი ნაწილებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მოსარჩელეს რაიმე დასაბუთებული შედავება ან სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2481 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 389-ე, 408-ე, 409-ე, 832-ე, 992-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: ზიანი - დადგენილია. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ დ------------–---–მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა დ------------–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში დ------------–---–ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს,მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ, სუსგ, 22 ივნისი, 2016 წელი, საქმე №ას-380-364-2016).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა მიყენებული ზიანის დამზღვევისათვის ანაზღაურება, რითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გადავიდა მოსარჩელეზე, მზღვეველზე - სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგზე”.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს, აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოება, რატომ უნდა მოხდეს მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღურება იმ ოდენობით, რაც მის მიერ გაწეული იქნა დამზღვევის სასარგებლოდ. მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა მეორადი ნაწილების ფასების გათვალისწინებითაც, რაც მოპასუხისვე განმარტებით სარჩელით მოთხოვნილი თანხის ნახევარია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 123 ლარი. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 61.5 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნიდან 50%).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „---------------------------------------–------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. დაეკისროს მოპასუხე დ------------–---–ს მოსარჩელე სს „---------------------------------------–------ს“ სასარგებლოდ 2481 ლარის გადახდა;

3. დაეკისროს მოპასუხე ნოდარ ნავროზაშვილს მოსარჩელე სს „---------------------------------------–------ს“ სასარგებლოდ 61.5 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე