გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/12312-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - სს „ლ--------------’’
წარმომადგენელი - გ--------------
მოპასუხე - თ---------- დ----–---–ი, ი-----------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-------- დ----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ლ--------------’’-ს სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს თ---------- დ----–---–ს და ი-----------–---–ს „ლ--------------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2014 წლის 12 მარტის N00------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 14 024.59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7 512 ლარი, პროცენტი - 4 302.59 ლარი და პირგასამტეხლო - 2 210 ლარი;
1.2. დაეკისროს მოპასუხე თ---------- დ----–---–ს სს „ლ--------------’’-ს სასარგებლოდ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 667.81 ლარის გადახდა (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 17 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ,,ლ-------------ს’’ და თ---------- დ----–---–ს შორის 2014 წლის 12 მარტს გაფორმდა N00------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 11 000 ლარი. წლიური 17.25%-ად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 28.02.2019 წელი. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
N00------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფის მიზნით სს ,,ლ-------------ს’’ და ი-----------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 16 341.95 ლარით. მ
სს ,,ლ--------------’’-ს მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 28 ნოემბრიდან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა, შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლო ერიცხება აღნიშნული თარიღიდან. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0.5%-ს.
მოპასუხე თ---------- დ----–---–მა ასევე გააქტიურა ოვერდრაფტი. მან აღნიშნული ხელშეკრულების პირობები დაარღვია 29.06.2016-დან.
სს ,,ლ-------------მა’’ 2018 წლის 16 და 25 მარტს წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს და განუმარტა, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველეყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც მოსარჩელის მიერ განხორციელდა შეტყობინების საჯარო პუბლიკაციით გამოქვეყნება.
მოპასუხეთა დავალიანება N00------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შედგენს 14 024.59 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 7 512 ლარი, პროცენტი - 4 302.59 ლარი და პირგასამტეხლო - 2 210 ლარი. მოპასუხე თ---------- დ----–---–ის დავალიანება ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი შეადგენს 667.81 ლარს (2018 წლის 17 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეთა პოზიცია სს ,,ლ--------------’’-ს სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხეებმა თ---------- დ----–---–მა და ი-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი ცნოს ნაწილობრივ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის დაკისრების ნაწილში. კერძოდ, მოპასუხეებმა თ---------- დ----–---–მა და ი-----------–---–მა სარჩელი ცნეს 2014 წლის 12 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 7 512 ლარის გადახდის ნაწილში. მოპასუხე თ---------- დ----–---–მა სარჩელი ასევე ცნო ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 667.81 ლარის გადახდის ნაწილში.
მოპასუხეთა განმარტებით, მათ არ მიუღიათ მოსარჩელისგან შეტყობინება თანხის ნებაყოფლობით გადახდასთან მიმართებით. მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით, კერძოდ იმ გარემოებით, რომ მოპასუხე თ---------- დ----–---–ი 2015 წლის მარტიდან გათავისუფლდა სამსახურიდან. იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. გარდა აღნიშნულისა, 2016 წლის 15 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას დაუზიანდა ჯანმრთელობა, დასჭირდა რამდენიმე ოპერაცია, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 12 მარტს სს ,,ლ-------------სა’’ და თ---------- დ----–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N00------------3 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19.87%-ით, კრედიტის მოქმედების ვადა - 2019 წლის 28 თებერვლამდე. ხელშეკრულების თანახმად კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად. ყოველთვიური შესატანის ოდენობა კი განისაზღვრა 274.86 ლარით.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 18);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ.19-21);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სს ,,ლ-------------სა’’ და თ---------- დ----–---–ს შორის 2014 წლის 12 მარტს დადებული საბანკო კრედიტის N00------------3 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე თარიღში სს ,,ლ-------------სა’’ და ი-----------–---–ს შორის დაიდო თავდებობის შესახებ ხელშეკრულება N00------------3-1, რომლითაც თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 16 341.95 ლარით.
ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი ამ მუხლში აღწერილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/არბიტრაჟის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 24);
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოპასუხე თ---------- დ----–---–ის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის N00------------3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2016 წლის 28 ნოემბრიდან და მას შემდეგ მას აღარ განუხორცილებია თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. საბანკო კრედიტის N00------------3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდისთვის მოპასუხეთა დავალიანება სს ,,ლ--------------’’-ს წინაშე შეადგენს 14 024.59 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 7 512 ლარი, პროცენტი - 4 302.59 ლარი და პირგასამტეხლო - 2 210 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 16);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოპასუხე თ---------- დ----–---–მა განახორციელა სს ,,ლ-------------ში’’ მის სახელზე არსებული ოვერდრაფტიდან N71-----------1 თანხის ათვისება. აღნიშნული ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკი მის მიერ დაირღვა 2016 წლის 29 ივნისიდან. მიმდინარე პერიოდისთვის მოპასუხე თ---------- დ----–---–ის დავალიანება სს ,,ლ--------------’’-ს წინაშე N71-----------1 ოვერდრაფტიდან გამომდინარე შეადგენს 667.81 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 17);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 26-36)
- 2018 წლის 17 სექტემბრის ამონაწერები ანგარიშიდან (ს.ფ. )
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. მოპასუხეებს თ---------- დ----–---–ს და ი-----------–---–ს სს ,,ლ--------------’’-ს მიერ გაეგზავნათ შეტყობინებები საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, თუმცა მოპასუხეებს ვერ ჩაბარდათ აღნიშნული საფოსტო გზავნილები. 2018 წლის 4-5 აპრილს მოსარჩელის მიერ განხორციელდა მოპასუხეთა ინფორმირება დავალიანების თაობაზე გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში’’ პუბლიკაციის განთავსების გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვები, საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ. 37-46);
- ამონაწერი გაზეთიდან (ს.ფ. 47-49)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. მოპასუხეებმა თ---------- დ----–---–მა და ი-----------–---–მა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 2014 წლის 12 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 7 512 ლარის გადახდის ნაწილში.
მოპასუხე თ---------- დ----–---–მა სარჩელი ასევე ცნო ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის - 667.81 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ სს „ლ--------------’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 2014 წლის 12 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 7 512 ლარის გადახდის ნაწილში. ამასთანავე, მოპასუხე თ---------- დ----–---–მა სარჩელი ასევე ცნო ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის - 667.81 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 12 მარტს სს ,,ლ-------------სა’’ და თ---------- დ----–---–ს შორის დადებული საბანკო კრედიტს ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.25%-ით
ასევე დადგენილია, მოპასუხე თ---------- დ----–---–ის მიერ დარღვეულ იქნა 2014 წლის 12 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2016 წლის 28 ნოემბრიდან და ამის შემდეგ მას აღარ განუხორცილებია თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. რის შედეგადაც მას ერიცხება დავალიანება კრედიტორის სასარგებლოდ.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------სა’’ და ი-----------–---–ს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი ამ მუხლში აღწერილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/არბიტრაჟის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის 2014 წლის 12 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის - 4 302.59 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
დადგენილია, რომ 2014 წლის 12 მარტს სს ,,ლ-------------სა’’ და თ---------- დ----–---–ს შორის დადებული ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 28 ნოემბერს და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 12 მარტის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 2 210 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეებს 2014 წლის 12 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 221 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილი აქვს 427.49 ლარი. ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 225 ლარით, მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 6.75 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის - 7 512 ლარის გადახდის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 225.36 ლარი. ამასთან, ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად დაკმაყოფილებული მოთხოვნის (4523.59 ლარის 3%) პროპორციულად მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის - 135.70 ლარის ანაზღაურება. სარჩელზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (1989 ლარის 3%) - 59.67 ლარის ოდენობით კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 50 ლარი. მოსარჩელემ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 135 ლარით სასამართლო სხდომაზე, ხოლო მოთხოვნილი 667.81 ლარი მოპასუხემ ცნო სრულდ, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი სრულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლიბერთი ბ----’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს თ---------- დ----–---–სა და ი-----------–---–ს „ლ--------------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2014 წლის 12 მარტის N00------------3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 14 024.59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7 512 ლარი, პროცენტი - 4 302.59 ლარი და პირგასამტეხლო - 2 210 ლარი;
1.2. დაეკისროს მოპასუხე თ---------- დ----–---–ს სს „ლ--------------’’-ს სასარგებლოდ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 667.81 ლარი;
2. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ლ--------------’’ - ში 25.04.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 427.49 ლარიდან 232.11 ლარი (საგადახდო დავალება #51--------);
3. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ლ--------------’’ - ში 25.04.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება #51--------);
4. დაეკისროთ სოლიდარულად მოპასუხეებს თ---------- დ----–---–ს და ი-----------–---–ს სს ,,ლ--------------’’-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 135.70 ლარის ანაზღაურება;
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 59.67 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია