გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
340210013398489
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები, ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210013398489

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.09.2018 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე მა----- გო----–-–--ლი

მოსარჩელის წარმომადგენელი: ხ-------------–------, გ-----------------

მოპასუხე თა----- ბეჟ-–--ლი, ი---- გო----–-–--ლი

მოპასუხის წარმომადგენელი: გიორგი ღუნაშვილი

დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ი---- გო----–-–--ლს და თა----- ბეჟ-–--ლს შორის 2013 წლის 12 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში მდებარე უძრავ ნივთზე, რომლის საკადასტრო კოდია #57.01.52.0----

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ი---- გო----–-–--ლმა საჯარო რეესტრში უკანონოდ დაირეგისტრირა საკუთრების უფლება მა----- გო----–-–--ლის კუთვნილ, ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო კოდია #57.01.52.0-- და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე აჩუქა თავის შვილს- მოპასუხე თა----- ბეჟ-–--ლს. ი---- გო----–-–--ლის საკუთრების უფლება სადავო ნივთზე გაუქმებულია, ამიტომ მოითხოვს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

(ს.ფ. 118, დაზუსტებული სარჩელი )

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მა----- გო----–-–--ლი და ალ-------რე (იგივე ა-------) გო----–-–--ლი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1978 წლიდან ; ალ-------რე გო----–-–--ლი გარდაიცვალა 1980 წლის 18 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

-ქორწინების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 18-19) ;

 

3.1.2. მოპასუხე ი---- გო----–-–--ლი მოსარჩელე მა----- გო----–-–--ლის მამამთილია (აწ გარდაცვლილი ალ-------რე (ა------) გო----–-–--ლის მამა) , ხოლო მოპასუხეები ი---- გო----–-–--ლი და თა----- ბეჟ-–--ლი მამა-შვილი არიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. ი---- გო----–-–--ლის ოჯახი საკოლმეურნეო კომლის კატეგორიას განეკუთვნებოდა. ი---- გო----–-–--ლის და ალ-------რე გო----–-–--ლის ურთიეთშეთანხმების საფუძველზე, სოფელ მთისძირის ამხანაგური სასამართლოს 1978 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ი---- გო----–-–--ლის კომლი ორ კომლად გაიყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ი---- გო----–-–--ლის კომლს ერგო ახალადაშენებული ორსართულიანი სახლის ორი ოთახი დაბლა-მაღლა ბალკონით დასავლეთ მხარეს და სხვადასხვა მოძრავი ნივთები, ხოლო ალ-------რე გო----–-–--ლის კომლს, რომლის წევრიც იყო მოსარჩელე მა----- გო----–-–--ლი, სასამართლოს გადაწყვეტილებით ერგო ახალადაშენებული სახლის ორი ოთახი დაბლა -მაღლა აღმოსავლეთ მხარეს და სხვადასხვა მოძრავი ნივთები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამხანაგური სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ 20)

 

3.1.4. დადგენილია, რომ ამხანაგური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ი---- და ალ-------რე გო----–-–--ლების კომლები ცალ-ცალკე კომლებად აღირიცხნენ. კერძოდ, ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირის 1986-1990, 1991-1997 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსია ი---- გო----–-–--ლი, მისი კომლის შემადგენლობაში ირიცხება: ს------- გო----–-–--ლი -ცოლი; აღნიშნულ წლებში კომლს ერიცხება მიწა სულ 0.25 ჰა და 1972 წელს აგებული 40 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი.

-ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირის 1986-1990, 1991-1997 წლების საკომლო წიგნებში

კომლის უფროსია მა----- გო----–-–--ლი, მისი კომლის შემადგენლობაში ირიცხება: ი--- და ა------ გო----–-–--ლი -შვილები; აღნიშნულ წლებში კომლს ერიცხება მიწა სულ 0.25 ჰა და 1972 წელს აგებული 120 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საარქივო ცნობა, ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ 41, 207-218,- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.12.2016 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 171

 

3.1.5. დადგენილია, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერებში ი---- და მა----- გო----–-–--ლების კომლებზე რიცხული ,,1972 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი“ არის სოფელ მთისძირის ამხანაგური სასამართლოს 1978 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაში მოხსენიებული და მათი კომლებისთვის მიკუთვნებული ,,ორსართულიანი ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლი“, რომლის ,,ორი ოთახი დასავლეთ მხარეს დაბლა -მაღლა ბალკონით“ ერგო ი---- გო----–-–--ლის კომლს, ხოლო ,,ორი ოთახი დაბლა -მაღლა აღმოსავლეთ მხარეს “ მა----- გო----–-–--ლს კომლს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.6. დადგენილია, რომ მიწის რეფორმის კომისიის მიერ როგორც ი---- გო----–-–--ლის კომლზე, ასევე მა----- გო----–-–--ლის კომლზე გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტები , რომლითაც სარეფორმო მიწებთან ერთად ი---- გო----–-–--ლის კომლს გამოეყო მიწის რეფორმამდე არსებული ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან - 0.32 ჰა, ხოლო მა----- გო----–-–--ლის კომლს - მიწის რეფორმამდე არსებული ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან - 0.19 ჰა .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მიღება -ჩაბარების აქტი, ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ. 27, 28, 207-218)

- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.12.2016 წლის გადაწყვეტილება ( ს.ფ. 171)

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2013 წლის 11 ივნისს ი---- გო----–-–--ლმა საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში მდებარე 2979 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ №57.01.52.0-- და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები, მათ შორის 1972 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი მთლიანად. იმავე დღეს, 2013 წლის 11 ივნისს, ი---- გო----–-–--ლმა საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ს/კ №57.01.52.0-- მოსაზღვრედ მდებარე მეორე ნაკვეთი - ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში მდებარე 2979 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ №57.01.52.025

3.1.8. დადგენილია, რომ 2013 წლის 12 ივნისს ი---- გო----–-–--ლმა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თავის შვილს- თამარ ბეჟ-–--ლს აჩუქა ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია- №57.01.52.0-- და ს/კ №57.01.52.025. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ დარეგისტირირდა თამარ ბეჟ-–--ლი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 32, 36, 40)

3.1.9. 2013 წელს მა----- გო----–-–--ლმა მიმართა საჯარო რეესტრს და მისი კომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით მა----- გო----–-–--ლის განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდეგ შეწყდა, მიწის ნაკვეთების მონაცემების ზედდების გამო, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკადასტრო კოდი №57.01.52.0--.

3.1.10. დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.12.2016 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მა----- გო----–-–--ლის ადმინისტრაციული სარჩელი, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის და მესამე პირების: თა----- ბეჟ-–--ლის და ი---- გო----–-–--ლის მიმართ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 11 ივნისის №882013256692-03 გადაწყვეტილება, ი---- გო----–-–--ლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 57.01.52.0--, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 24.07.2013 წლის №882013338517-03 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში;

3.1.11. დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.04.2018 წლის #187619 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად არის ცნობილი რეგისტრაციის შესახებ #882013270326-03 გადაწყვეტილება , რითაც 2013 წლის 12 ივნისს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა თა----- ბეჟ-–--ლის საკუთრების უფლება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში მდებარე უძრავი ქონებაზე, საკადასტრო კოდი- №57.01.52.0--, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 24.07.2013 წლის №882013338517-03 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ადმინისტრაციული წარმოების მასალები

- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.12.2016 წლის გადაწყვეტილება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524. მუხლით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. იმავე კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გარიგების მოჩვენებითი ხასიათის სპეციფიკურობა მისი მტკიცების საშუალებაში გამოიხატება, კერძოდ, ასეთ დროს რთულია გარიგების დამდები პირების ნების ნაკლის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, ამიტომ სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რომელშიც სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა; გარიგების დამდები პირების დამოკიდებულება და ა.შ.

 

დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამოვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ”ურთიერთშეთანხმება”, ”გარიგება” მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ”ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება, და ამ საფუძვლით ითხოვს გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება მოსარჩელეს ევალება. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე. (აღნიშნული დასაბუთება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, იხ. სუსგ საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2012 წელი).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების მხარეები მამა-შვილი არიან, ხოლო ჩუქების საგანი არის უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც ი---- გო----–-–--ლის და მისი ვაჟის-ალ-------რე გო----–-–--ლის კომლის გაყოფის დროს ორივე კომლს მიეკუთვნა, რაც საკომლო დავთრებში აისახა. დადგენილია ისიც, რომ მა----- გო----–-–--ლი და მისი შვილები ცხოვრობდნენ მათი კომლისთვის მიკუთვნებულ საცხოვრებელ სახლში, და მათი ნივთებიც აღნიშნულ სახლში იყო განთავსებული, რაც როგორც მჩუქებლისთვის, ასევე დასაჩუქრებულისთვისაც ცნობილი იყო. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა არა მხოლოდ ის გარემოება, რომ გარიგების მხარეები მამა-შვილი არიან, არამედ საქმეში წარმოდგენილი 2012 წელს პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილი თა----- ბეჟ-–--ლის გამოკითხვის ოქმიც (ს.ფ. 143) , ამიტომ სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2013 წლის 12 ივნისს ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს, დასაჩუქრებულისთვის ცნობილი იყო, რომ ქონება მოსარჩელეს ეკუთვნოდა და ჩუქების ხელშეკრულების დადება ქონების დაბრუნებისგან თავის არიდების მიზანს ემსახურებოდა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს .

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობისთვის მხოლოდ მისი მოჩვენებითი ხასიათი საკმარისი არ არის, ასევე უნდა არსებობდეს იურიდიული ინტერესი, ანუ ის შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარე სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში მიაღწევს.

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ბათილობის შესახებ სარჩელი, თავისი შინაარსით, აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღნიშნული განმარტების მიხედვით, აღიარებითი სარჩელის აღსაძრავად აუცილებელია აღიარების ნამდვილი იურიდიული ინტერესის ქონა. იურიდიული ინტერესი კი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების დამატებითი პირობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარემ სარწმუნოდ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რისი მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მიმართავს სასამართლოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ იურიდიულ ინტერესად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე მიუთითა და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრმა შესაბამისი აქტით სადავო ზედდების ნაწილში ი---- გო----–-–--ლის საკუთრების უფლება ბათილად ცნო, რადგან ამ ქონებაზე მისი საკუთრების უფლება არ დგინდება, მაგრამ სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის გარეშე მოსარჩელის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუძლებელია, რის გამოც ითხოვს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას (ს.ფ. 207-218)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული საფუძვლით სადავო ხელშეკრულების მთლიანად ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით მოსარჩელეს რეალური ინტერესი შეიძლება გააჩნდეს სადავო ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, რომლის საკადასტრო კოდია №57.01.52.0--, მხოლოდ ზედდების ნაწილში, სწორედ ამ ნაწილში მოხდა სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაც, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და ი---- გო----–-–--ლის და თა----- ბეჟ-–--ლს შორის 2013 წლის 11 ივნისს უძრავ ნივთზე, რომლის საკადასტრო კოდია 57.01.52.0--, დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ, მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 24.07.2013 წლის №882013338517-03 გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ზედდების ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველია ;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ი---- გო----–-–--ლს და თა----- ბეჟ-–--ლს შორის 2013 წლის 12 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი №57.01.52.0--, მხოლოდ სადავო ზედდების ნაწილში , რადგან ი---- გო----–-–--ლმა საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა უძრავი ქონება, რომელზეც მისი საკუთრების უფლება არ დგინდება და მოჩვენებითი გარიგებით აჩუქა შვილს-თა----- ბეჟ-–--ლს, რაც სადავო ზედდების ნაწილში გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია .

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;

მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია, ამიტომ სახ. ბაჟი 297 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ .

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოსგარეშე ხარჯის- ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება , 1000 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ

მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურებისათვის გასწია ხარჯი და ადვოკატს გადაუხადა 1000 ლარი, საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეებისთვის დაკისრების საფუძველი არ არსებობს .

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. მა----- გო----–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ .

2. ბათილად იქნეს ცნობილი 12.06.2013 წელს ი---- გო----–-–--ლს და თა----- ბეჟ-–--ლს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირი, საკადასტრო კოდი 57.01.52.0--, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 24.07.2013 წლის №882013338517-03 გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ზედდების ნაწილში

 

3. მოპასუხეებს ი---- გო----–-–--ლს და თა----- ბეჟ-–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახ. ბაჟის -297 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელეს უარი ეთქვას ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი