გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
330310018002499775
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3752-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - ა---- კ----ა

წარმომადგენელი - გ---- ფ-----

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ----- ა-----

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 ივნისის №MES 0------------ გადაწყვეტილება - უარი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ა---- კ----ას მიერ უცხოეთში - კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიაში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2018 წლის 28 მარტის №6-- ცნობის თანახმად, დგინდება, რომ ა---- კ----ამ ნამდვილად დაამთავრა სწავლა პერსონალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიაში, სპეციალობა: სამართალმცოდნეობა, სპეციალიზაცია: საერთაშორისო კომერციული სამართალი, საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო დონე: ბაკალავრი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2018 წლის 28 მარტის №6-- ცნობა (ს.ფ.99-101);

 

3.2. საქმეში წარმოდგენილი კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის მიერ გაცემული B18 N0----- ბაკალავრის დიპლომის თანახმად, მოსარჩელემ აღნიშნული აკადემია დაამთავრა 2018 წელს, მიენიჭა კვალიფიკაცია: უმაღლესი განათლების საფეხური ბაკალავრი, სწავლების მიმართულება სამართალმცოდნეობა. სპეციალიზაცია საერთაშორისო კომერციული სამართალი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის მიერ გაცემული B18 N0----- ბაკალავრის დიპლომი (ს.ფ. 25-26);

 

3.3. კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის მიერ 2018 წლის 21 მაისის N5--- ცნობით დგინდება, რომ ა---- კ----ამ ნამდვილად დაამთავრა სწავლა პერსონალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიაში (სპეციალობა: იურისპრუდენცია, სპეციალიზაცია: საერთაშორისო კომერციული სამართალი, სასწავლო საათების რაოდენობა: 7830, საგანმანათლებლო-კვალიფიკაციური დონე: ბაკალავრი) აღნიშნული ცნობით დასტურდება სესიების გრაფიკი: 02.09.2013 წლიდან - 11.02. 2018 წლამდე;

 

2018 წლის 13 ივნისის N6--- ამონაწერით ჩათვლა-გამოცდის უწყისიდან დგინდება ა---- კ----ას მიერ (დისციპლინა/სპეციალობა: იურისპრუდენცია, სპეციალიზაცია: საერთაშორისო კომერციული სამართალი) 26.12.2013 წლიდან 8 სემესტრის გავლის ფაქტი ასევე, გავლილი სასწავლო დისციპლინებისა და საბოლოო შეფასებების შესახებ ინფორმაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის მიერ 2018 წლის 21 მაისის N5--- ცნობა (ს.ფ. 123-125);

- 2018 წლის 13 ივნისის N6--- ამონაწერი ა---- კ----ას ჩათვლა-გამოცდის უწყისიდან (სფ.126-131);

 

3.4. 2018 წლის 7 მაისს, ა---- კ----ამ განცახდებით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს და მოითხოვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.

 

ა---- კ----ას 2018 წლის 07 მაისის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 მაისის №MES 6------------ წერილით ა---- კ----ასგან მოთხოვნილ იქნა სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

ა---- კ----ას განცხადებით ცენტრს ეცნობა, რომ მის მიერ პერსონალის მართვის რეგიონაშორისო აკადემიაში სწავლა ხორციელდებოდა დისტანციურად საქართველოდან, შესაბამისად ის არ იმყოფებოდა უცხოეთში, რის გამოც შეუძლებელია სწავლების ქვეყანაში მისი ყოფნის დოკუმენტაციის წარდგენა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 მაისის №MIA 6------------ წერილით დგინდება, რომ ა---- კ----ას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2014 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 29 მაისამდე არ დაფიქსირებულა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ა---- კ----ას 2018 წლის 07 მაისის განცხადება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ს.ფ. 93-95);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 მაისის მიმართვა (ს.ფ. 103);

- ა---- კ----ას პასუხი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 მაისის მიმართვაზე (ს.ფ. 105);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 მაისის წერილი საზღვრის კვეთაზე (ს.ფ.ფ 108);

 

3.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 ივნისის №MES 0------------ გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით ა---- კ----ას უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე. მოპასუხემ მიიჩნია, რომ არ დასტურდება ა---- კ----ას მიერ სრულად ან ნაწილობრივ, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესში მონაწილეობის ფაქტი, ასევე არ დგინდება ა---- კ----ას სრული ან ნაწილობრივი მონაწილეობა სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 22018 წლის 05 ივნისის №MES 0------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 21-23);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია (ლისაბონი 1997წ), უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 ივნისის №MES 0------------ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ა---- კ----ა კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიაში განათლებას იღებდა სწავლის დისტანციური ფორმით. სწავლის დამთავრების შემდეგ მოსარჩელის სახელზე 2018 წელს გაიცა B18 N0----- ბაკალავრის დიპლომი. სადავო გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის „უ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება. ცენტრის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან ა---- კ----ას მიერ 2014-2018 წლებში საზღვრის კვეთის შესახებ გამოთხოვილი ინფრომაციის თანახმად კი, ა---- კ----ას მიერ საზღვრის კვეთის ფაქტი არ ფიქსირდება.

 

ამავე კანონის 474-ე მუხლის თანახმად, ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის სტუდენტთან ან/და მასწავლებელთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის VIII თავით დადგენილი წესით.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული §1 დანართის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 მუხლების თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). 4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. აღნიშნული ნორმა დღეს მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №147/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე.

 

სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს 2016 წლის 3 ნოემბრამდე არსებულ რეგულაციაზე, რომლის პირობებში მოსარჩელე უკვე სწავლობდა დისტანციური ფორმით. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასა და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს, გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ამ მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. მე-7 პუნქტის თანახმად, შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ უმაღლესი განათლების მიღების პროცესში მოქმედი ნორმატიული აქტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის ადგენდა მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილებას, მოეთხოვა პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. თუმცა აღნიშნული წესი სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა და მხოლოდ კონკრეტული გადასაწყვეტი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესწავლის საჭიროებას ადგენდა. ამასთან, ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტის შინაარსი არ გამორიცხავდა უცხოეთში სწავლების ამა თუ იმ ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას.

 

საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ დინსტანციურად სწავლა კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიაში დაიწყო 2013 წლის 02 სექტემბერს და დაასრულა 2018 წლის 11 თებერვალს. ამდენად, მოსარჩელემ აღნიშნულ სასწავლებელში სწავლა დაასრულა ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით ახალი წესის დადგენის შემდგომ. სწავლების პროცესში, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით დადგენილ იქნა ახალი წესი, რომლის დადგენამდე მოსარჩელეს ჰქონდა უფლება მის მიერ მიღებული განათლება აღიარებული ყოფილიყო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ ახალი მოწესრიგების მოსარჩელის მიმართ გავრცელება ავტომატურად აუარესებს მის მდგომარეობას, ზემოქმედებს უკვე განხორციელებულ უფლებაზე - განათლების მიღების უფლებაზე, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლს, რომლის მეორე პუნქტის თანახმად ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

 

აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

 

6.3. სასამართლო ასევე მიუთითებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებში ასახულ პრინციპებზე, კერძოდ: უმაღლეს განათლებაში სტუდენტთა და დაინტერესებულ მხარეთა ნდობის მოპოვება უნდა დაეფუძნოს და შენარჩუნებული იქნას ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური ღონისძიებების საშუალებით, რომლებიც იძლევიან იმის გარანტიას, რომ პროგრამები კარგად იქნება შექმნილი, რეგულარულად მოხდება მათი მონიტორინგი და პერიოდული შემოწმება. პროგრამებისა და დიპლომების ხარისხის უზრუნველყოფა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: სწავლების დაგეგმილი შედეგების შემუშავება და გამოქვეყნება, კურიკულუმებისა და პროგრამების შედგენისა და მათი შინაარსის მიმართ ყურადღებით მოპყრობა, სხვადასხვა სახის მიწოდების სპეციფიკური საჭიროებანი (მაგ. სრული დრო, ნახევარი დრო, დისტანციური სწავლება, ელექტრონული სწავლება) და უმაღლესი განათლების ტიპები (მაგ. აკადემიური, პროფესიული, პროფესიულ-ტექნიკური); სასწავლო რესურსების მისაწვდომობა, პროგრამების ოფიციალურად დამტკიცების პროცედურები იმ ორგანოს მიერ, რომელიც განსხვავდება იმისგან, ვინც ამ პროგრამით ასწავლის; სტუდენტების პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგი, პროგრამების პერიოდული შემოწმება (გარეშე წევრების გუნდის ჩათვლით), დამსაქმებელთა, შრომის ბაზრის წარმომადგენელთა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან რეგულარული რეაგირება. ცალკე ინიციატივა იქნა შემუშავებული ერთობლივად OECD-ს და UNUNESCO-ს მიერ. მათ შეიმუშავეს ხარისხის შეთავაზების სახელმძღვანელო პრინციპები საზღვრის იქითა უმაღლეს განათლებაში. ეს პრინციპები საბოლოო სახეს მიიღებს 2005 წელს, თუმცა მისი შექმნის პროცესში გამოიკვეთა სხვაობა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის დარეგულირების საჭიროებისა იმ ფაქტთან, რომ არსებული ეროვნული ხარისხის უზრუნველყოფა აქცენტირებულია მხოლოდ შიდა მიწოდებაზე შიდა ინსტიტუტების მიერ. ამდენად, არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომ განავითარონ შესაფერისი მეთოდოლოგიები და მექანიზმები, რომლებიც ეროვნულ მომწოდებლებსა და პროგრამებთან ერთად მოიცავს უცხოელ მომწოდებლებს და უცხოურ პროგრამებს იმ მიზნით, რომ მოხდეს სარგებლიანობის მაქსიმალიზაცია და შეიზღუდოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციით მიღებული პოტენციური ზარალი. OECD-UNESCO-ს სახელმძღვანელო პრინციპები ითვალისწინებენ, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებმა უზრუნველყონ, რომ მათი ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობა ითვალისწინებდეს უცხოურ და სარგებელზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს/მომწოდებლებს, და აგრეთვე დისტანციურ სწავლებას და განათლების მიწოდების სხვა არატრადიციულ მოდელებს. თუმცა, სახელმძღვანელო პრინციპების შექმნის პროცესი აცნობიერებს, რომ უცხოელი მომწოდებლების მონაწილეობა, ნაციონალური სააგენტოების დასუსტების თავიდან ასაცილებლად, უმრავლეს შემთხვევაში მოითხოვს ეროვნულ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ცვლილებებს.

 

აქვე, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ არჩეული სწავლების ფორმა - დისტანციური სწავლება აღიარებულია უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. თუმცა უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძვანელო პრინციპები ასევე ითვალისწინებენ გარე მომწოდებლისათვის გარკვეული ნორმატიული ჩარჩოების დადგენას, მაგრამ ამგვარი შეზღუდვა უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. ა---- კ----ას არ შეეძლო ევარაუდა სასწავლო კურსის მიმდინარეობის პროცესში განსახორციელებელი ნორმატიული ცვლილებების შინაარსი, რაც გამორიცხავდა არჩეული სწავლების ფორმით განათლების მიღების შეუსაბამობის ვარაუდს. ამდენად, ალბათობა იმისა, რომ მოსარჩელის მიერ დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, განათლების მიღების პროცესში არ არსებობდა. შესაბამისად, უკვე განხორციელებულ უფლებაზე - განათლების მიღების უფლებაზე, დღეს მოქმედი ნორმატიული დანაწესის გავრცელება, რაც ფაქტობრივად მიღებული განათლების უფლების შეზღუდვას (საქართველოს ფარგლებში) იწვევს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგად წესს, ასევე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის დანაწესს.

 

6.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 ივნისის №MES 0------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა---- კ----ას მიერ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის - ა---- კ----ას სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის გადახდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რამეთუ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელის ა---- კ----ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით;

 

გარდა ამისა, სფ. 20-ზე წარმოდგენილი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------, რეგისტრაციის თარიღი: 11.06.2018 წელი დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია საზღაური სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის, სულ 13 ლარი და 80 თეთრის ოდენობით, შესაბამისად, როგორც სასამართლოს გარეშე ხარჯი, მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის - ა---- კ----ას სასარგებლოდ მინდობილობის მომზადების ხარჯის - 13 ლარის და 80 თეთრის და სახელმწიფო ბაჟის გადარიცხვის საკომისიოს -1 ლარის ანაზღაურება;

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---- კ----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 ივნისის №MES 0------------ გადაწყვეტილება;

 

3. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა---- კ----ას მიერ უცხოეთში - კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიაში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ;

 

4. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის - ა---- კ----ას სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადარიცხვის საკომისიოს 1 ლარის და მინდობილობის მომზადების ხარჯის- 13 ლარის და 80 თეთრის ანაზღაურება;

 

5. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის ა---- კ----ას სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე