გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
330210018002427526
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/12975-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - ნ----- ქ--------–-–---–ი

წარმომადგენელი - დ----- ტ------ე

 

მოპასუხე - სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - დ----- მ----–---–ი

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს ,,ს----------–--------ს“ მოსარჩელე ნ----- ქ--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი ვალდებულების შესრულება 305.92 აშშ დოლარისა და 1384.13 ლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2014 წლის 05 დეკემბერს, ნ----- ქ--------–-–---–ს და სს ,,პ------------ს“ შორის დაიდო ანაბრის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ----- ქ--------–-–---–მა სს ,,პ------------ის“ უცხოურ ვალუტაში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე 6 თვის ვადით განათავსა 4 112.64 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, ამერიკულ დოლარში გახსნილი ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6%-ს ოდენობით.

 

2015 წლის 21 იანვარს გაფორმდა საანაბრე მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სს ,,პ------------ის“ ლარში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე 12 თვის ვადით განათავსა 6 500 ლარი. ხელშეკრულების თანახმად ლარში გახსნილ ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 12.5%-ს ოდენობით.

 

აღსანიშნავია, რომ უცხოურ ვალუტაში - აშშ დოლარში გახსნილი ანაბრის ხელშეკრულებით თანხის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 05.06.2015 წელი, ხოლო ეროვნულ ვალუტაში - ლარში გახსნილი ანაბრის ხელშეკრულებით თანხის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 21.01.2016 წელი.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ანაბრის ვადის ამოწურვისას თუ მეანაბრე არ მოახდენდა ბანკის ანგარიშზე განთავსებული თანხების გატანას, მაშინ ანაბრის ვადა გაგრძელდებოდა ავტომატურად კიდევ ერთი ვადით, მეტიც თუ მომდევნო ვადის ამოწურვის შემდგომაც არ მოხდებოდა მეანაბრის მიერ თანხების გატანა ყოველი მომდევნო ანაბრის ვადა გაგრძელდებოდა წინა ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

 

2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნა სს ,,პ------------ის“ რეორგანიზაციის შესახებ და ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,პ------------ი“ შეერწყა (მიუერთდა) სს ,,ს----------–--------ს“. აღნიშნული პერიოდიდან, სს ,,პ------------მა“ როგორც იურიდიულმა პირმა შეწყვიტა არსებობა და სს ,,ს----------–--------ი“ გახდა სს ,,პ------------ის“ უფლებამონაცვლე. შერწყმის (მიერთების) შედეგად სს ,,პ------------ის“ აქტივები და ვალდებულებები გადაეცა სს ,,ს----------–--------ს“.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2015 წლის 11 მაისიდან მოყოლებული ნ----- ქ--------–-–---–სა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის ავტომატურად გაგრძელდა 2014 წლის 05 დეკემბრის და 2015 წლის 21 იანვრის საანაბრე მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, სს ,,ს----------–--------ში“ ფიზიკური პირებისათვის ვადიან დეპოზიტზე განთავსებულ თანხებზე მოქმედებდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები. კერძოდ, დოლარში გახსნილ ანაბარზე 6 თვემდე ვადით: 05/06/2016 პერიოდზე - 4%; 05/12/2015 წლის პერიოდზე - 3 %, 05/06/2016 წლის პერიოდზე - 2.50%, 05/12/2016 წლის პერიოდზე 2.50%, 05/06.2017 წლის პერიოდზე 2 %. ხოლო ლარში გახსნილ ანაბარზე 12 თვემდე ვადით: 21/01/2016 წლის პერიოდზე 11%, 21/01/2017 პერიოდზე 10%.

 

ორივე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებში, სს ,,ს----------–--------ი“ ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ განთავსებული ანაბრის თანხაზე დაერიცხა ის სარგებელი, რომელიც მოქმედებდა სს ,,ს----------–--------ში“ ფიზიკური პირებისათვის ვადიან დეპოზიტზე განთავსებული თანხების მიმართ. ამასთან, არ უნდა შეცვლილიყო თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვის წესი.

 

მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ არ განხორციელდა მის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა, 2017 წლის 09 სექტემბერს მის მიერ ორივე ანაბრიდან მოხდა თანხის გატანა (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს ,,ს----------–--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნ----- ქ--------–-–---–თან 2014 წლის 05 დეკემბრის საანაბრო მომსახურების ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 05 ივნისს, ხოლო 2015 წლის 21 იანვრის საანაბრო მომსახურების ხელშეკრულება 2016 წლის 21 იანვარს, რადგან სწორედ ამ ვადით დაიდო შეთანხმება ნ----- ქართელიშვილსა და სს ,,პ------------ს“ შორის. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ნ----- ქ--------–-–---–სა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის შეთანხმება არ მომხდარა ახალი ხელშეკრულების დადებისა ან არსებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე.

 

2015 წლის აპრილში სს ,,პ------------მა“ და სს ,,ს----------–--------მა“, სს ,,ს----------–--------ის“ ვებ-გვერდზე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც მიეთითა, რომ სს „პ------------ში“ ანაბრების არსებული საპროცენტო განაკვეთები შენარჩუნდებოდა, ხოლო ანაბრების ვადის გასვლის შემდეგ მათი ავტომატური პროლონგაცია აღარ მოხდებოდა. ამასთან, მეანაბრეებს საშუალება ექნებოდათ გაეხსნათ ახალი ანაბრები სს „ს----------–--------ის“ სერვისცენტრებში და ინტერნეტბანკით. იმის გათვალისწინებით, რომ საანაბრო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსარჩელე ნ----- ქ--------–-–---–ს არ მოუმართავს სს ,,ს----------–--------ისთვის“, მითითებული ხელშეკრულებების გასახანგრძლივებლად, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებაა, რომ სს „ს----------–--------ის“ მიერ ანაბრის ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილია ანაბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი.

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2014 წლის 05 დეკემბერს ნ----- ქ--------–-–---–ს და სს ,,პ------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება საანაბრო მომსახურების შესახებ, რომელიც მოქმედებდა ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის პროცენტების გაანგარიშების წესის გათვალისწინებით ანაბრის ვადის გაგრძელებისას. ანაბრის უკან დაბრუნების დღე შედიოდა პროცენტების დარიცხვის პერიოდში.

 

აღნიშნული ანაბარი იყო „სტანდარტული“ ტიპის, ანაბრის წლიური საპორცენტო განაკვეთი შეადგენდა 6%-ს, ზოლო ვადა კი შეადგენდა - 6 თვეს. პირველადი შენატანი განისაზღვრა 4112,64 აშშ დოლარით, ხოლო სარგებლის დარიცხვა კი ყოველთვიურად უნდა განხორციელებულიყო.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, თუკი ანაბრის ვადის ამოწურვისას მეანაბრე ბანკს არ განუცხადებდა თანხების გატანის შესახებ, მაშინ ანაბრის ვადა ავტომატურად გრძელდებოდა კიდევ ერთი თვით, რომელიც მითითებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების პუნქტში - ანაბრის მონაცემები. ანაბრის ვადა არაერთგზის გრძელდებოდა ბანკში მეანაბრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ანაბრის ახალი ვადის ათვლა იწყებოდა წინა ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ახალი ვადით ანაბრის ავტომატურად გაგრძელების შემთხვევაში პროცენტების დარიცხვა ანაბრის თანხაზე ხორციელდება იმ საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ბანკში ამავე დასახელებისა და ვადის ანაბრებზე წინა ანაბრის ვადის დამთავრების დღისთვის, ხელშეკრულებაზე ყოველგვარი დამატებითი შეთანხმების გაფორმების გარეშე. ანაბრის მიმდინარე საპროცენტო განაკვეთის ოდენობა მეანაბრეს შეეძლო შეეტყო ბანკის განყოფილებაში ამ ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

ხელშეკრულების მე-18 მუხლის თანახმად, მეანაბრესა და ბანკს უფლება ჰქონდათ ვადაზე ადრე შეეწყვიტათ ხელშეკრულება, რაზედაც ერთმანეთისთვის უნდა ეცნობებინათ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ორი საბანკო დღით ადრე.

 

ხელშეკრულების მე-19 მუხლის თანახმად, ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის შემცირების გარეშე, მეანაბრეს სრულად უბრუნდებოდა ანაბრის თანხა და სარგებელი დარიცხული ანაბრის ფაქტიური ვადის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.12.2014 წლის ხელშეკრულება საანაბრო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 20-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2015 წლის 21 იანვარს ნ----- ქ--------–-–---–სა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება საანაბრო მომსახურების შესახებ, რომლის მე-6 მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი ანაბრის ვადის ამოწურვისას მეანაბრე ბანკს არ განუცხადებდა თანხების გატანის შესახებ, მაშინ ანაბრის ვადა ავტომატურად გრძელდებოდა კიდევ ერთი ვადით, რომელიც მითითებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების პუნქტში ,,ანაბრის მონაცემები“.

 

აღნიშნული ხელშეკრულებით ანაბრის ვადად განისაზღვრა 12 თვე, ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი კი - 12,5%, პირველადი შენატანი - 6500 ლარი, ხოლო სარგებლის დარიცხვა კი ყოველთვიურად უნდა განხორციელებულიყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.01.2015 წლის ხელშეკრულება საანაბრო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 23-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.3. სს ,,ს----------–--------ის“ 2015 წლის 0-------- გადაწყვეტილებით, სს ,,ს----------–--------თან“ შერწყმის (მიერთების) გზით, სს ,,პ-----------ის“ უფლებამონაცვლე გახდა სს ,,ს----------–--------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 1---------- დირექტორთა საბჭოს კრების ოქმი (ს.ფ. 29-32)

- სს ,,პ------------ის“ აქციონერის სს ,,ს----------–--------ის“ 2015 წლის 0-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 33-34)

- 2015 წლის 11 მაისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 26-28)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. E------------ის მიერ გაცემული ინფორმაციით სს ,,ს----------–--------ში“, ფიზიკური პირებისათვის, უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე მოქმედებდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:

 

05/06/2015 წლის მდგომარეობით 180-269 დღეზე - 4%;

05/12/2015 წლის მდგომარეობით,180-269 დღეზე - 3%;

05/06/2016 წლის მდგომარეობით 180-269 დღეზე - 2.50%;

05/12/2016 წლის მდგომარეობით 180-269 დღეზე - 2.50%;

05/06/2017 წლის მდგომარეობით 180-269 დღეზე - 2%;

 

E------------ის მიერ გაცემული ინფორმაციით სს ,,ს----------–--------ში“, ფიზიკური პირებისათვის, ეროვნულ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე მოქმედებდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:

 

21/01/2016 წლის მდგომარეობით 360-449 დღეზე - 11%;

21/01/2017 წლის მდგომარეობით 360-449 დღეზე - 10%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- E------------ის 27/11/2017 წლის ინფორმაცია (ს.ფ. 38-40)

- 2018 წლის 18 მაისის წერილი (ს.ფ. 80)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.5. სს ,,ს----------–--------ის“ 2017 წლის 18 აგვისტოს და 2017 წლის 12 სექტემბრის წერილების თანახმად, მოსარჩელე ნ----- ქ--------–-–---–ს ბანკმა განუმარტა, რომ სს ,,პ-----------ის“ და სს ,,ს----------–--------ის“ შერწყმამდე, სერვისცენტრებში მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული იყო საინფორმაციო სახის განცხადება, სადაც მითითებუოლი იყო, თუ რა პირობებით ისარგებლებდნენ მომხმარებლები შერწყმის შემდეგ. სს ,,ს----------–--------ის“ ვებ-გვერდზე (www.b-----------.ge ) განთავსებული იყო პირობები და ტარიფები. ვინაიდან, სს ,,ს----------–--------ში“ არ მომხდარა სს ,,პ------------იდან“ მიგრირებული ანაბრების ვადის ავტომატური გაგრძელება ვადის ამოწურვის შემდეგ, ბანკი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეხდინა სარგებლის დარიცხვა ანგარიშზე არსებულ თანხებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის10 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 42-43)

- განცხადება (ს.ფ. 45-46)

- სს ,,ს----------–--------ის“ 2017 წლის 18 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 44)

- სს ,,ს----------–--------ის“ 2017 წლის 12 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 47)

- სს „ს----------–--------ის“ მიმართვა მომხმარებლებს (ს.ფ. 73)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.6. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 04 სექტემბერს განხორციელდა ანაბარზე განთავსებული თანხების - 4237 აშშ დოლარისა და 7333 ლარის გატანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 04 სექტემბრის ქვითრები (ს.ფ. 48)

- ამონაწერი ნაგარიშიდან (ს.ფ. 52-58)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ნ----- ქ--------–-–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 874-ე, 875-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის თანახმად, ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს უკან გამოთხოვილი. ანაბრებს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტები. ანაბრის მიმღები და საკრედიტო დაწესებულების დირექტორები (მენეჯერები) ვალდებულნი არიან მეანაბრეს მიაწოდონ ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ. ის პირი, რომელიც ბრალეულად გასცემს არასწორ ინფორმაციას ან უარს ამბობს საჭირო მონაცემების მიწოდებაზე, ვალდებულია მეანაბრეს აუნაზღაუროს არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან ინფორმაციის გაუცემლობით წარმოშობილი ზიანი. ასევე აგებენ პასუხს სოლიდარულად ბანკის დირექტორები (მენეჯერები), რომლებიც სარეკლამო ბროშურების მეშვეობით ან სხვაგვარად საჯაროდ ავრცელებენ არასწორ მონაცემებს ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 875-ე მუხლის თანახმად, საკრედიტო დაწესებულება შემნახველი წიგნაკის გაცემისას უფლებამოსილია შეავსოს იგი მხოლოდ სახელობით (კონკრეტულ პირზე).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ანაბრის (დეპოზიტის) ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური ან იურიდიული პირი გადასცემს საკრედიტო დაწესებულებას ფულად თანხას განსაზღვრული ვადით ან მისი მითითების გარეშე, საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს თანხაზე საკუთრების უფლებას და კისრულობს ვალდებულებას, მეანაბრის მოთხოვნისთანავე ან შეთანხმებული ვადის დადგომისას გადაუხადოს პროცენტთან ერთად. ანაბრის ხელშეკრულების დადების მიზანი საკრედიტო დაწესებულებისათვის არის მეანაბრის თავისუფალი ფულადი სახსრების მოზიდვა კომერციული ოპერაციების წარმოებისათვის, მეანაბრისათვის კი – თავისი კაპიტალიდან პროცენტის მიღება. ანაბარი არის რეალური ხელშეკრულება, რადგან დადებულად ითვლება საკრედიტო დაწესებულებაში ფულის შეტანის მომენტიდან. სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია რთული იურიდიული შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ორ იურიდიულ ფაქტს: წერილობითი შეთანხმების გაფორმება და თანხის გადაცემა. ამდენად, მეანაბრის მიერ თანხის შეტანა წარმოადგენს ხელშეკრულების დადების ერთ-ერთ ელემენტს და არ მოიაზრება თავად ხელშეკრულების შინაარსში (ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებად).

 

ანაბრის ხელშეკრულება წარმოშობს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის ძალითაც კრედიტორს შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს შეთანხმებული მოქმედების შესრულება. მეანაბრე უფლებამოსილია, საკრედიტო დაწესებულებას მოთხოვოს როგორც ანაბარზე განთავსებული ფულადი თანხის, ისე მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება. ბანკის ვალდებულებაა, დაუბრუნოს მეანაბრეს ანაბარზე განთავსებული თანხა მასზე დარიხული პროცენტით ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით იმავე ვალუტაში.

 

ანაბრის ხელშეკრულება სასყიდლიანია, ანაბარს უნდა დაერიცხოს პროცენტი. ბანკი, თანხის თავისუფალი განკარგვის უფლების მოპოვების სანაცვლოდ კლიენტს უხდის პროცენტს ანაბარზე. ბანკი როგორც ვადიან, ისე მოთხოვნამდე ანაბარს არიცხავს პროცენტს ეს იმპერატიული დათქმაა. შესაბამისად, არ არსებობს საბანკო ანაბრის ხელშეკრულება პროცენტის ანაზღაურების გარეშე.

 

ანაბარზე დარიცხული პროცენტის როლი მნიშვნელოვანია ფულადი ვალდებულებების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღურების ურთიერთობებშიც. ფულის მაღალი ბრუნვაუნარიანობის გამო ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანი მტკიცებას არ საჭირობს და იგულისხმება, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დაყოვნება კრედიტორისათვის ყოველთვის ზიანის მომტანია.

 

ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა (მეანაბრის მოთხოვნის უფლება და საკრედიტო დაწესებულების ვალდებულება) წარმოიშობა მხოლოდ იმ ფულადი თანხის მიმართ, რომელიც შეტანილია ანაბრის სახით. ანაბარზე თანხის განთავსება შეიძლება როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საანაბრე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საბანკო დაწესებულების მიერ მეანაბრის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საპროცენტო სარგებლის ანაზღაურება დროის იმ პერიოდზე, რომელიც ხელშეკრულების შესაბამისი მუხლებით იქნა ავტომატურად გაგრძელებული, მიუხედავად საკრედიტო დაწესებულების რეორგანიზაციის, კერძოდ, სს “პ------------ის“ მიერ სს ,,ს----------–--------თან“ შერწყმისა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სადავოა მოსარჩელის მიერ სს „პ------------თან“ 2014 წლის 05 დეკემბერსა და 2015 წლის 21 იანვარს დადებული ანაბრის ხელშეკრულებები. მხარეები სადავოდ ხდიან როგორც ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხს, ასევე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის წესს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო გარემოება არ ყოფილა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ანუ იმ პერიოდის განმავლობაში რაც მოსარჩელესა და სს „პ------------ს“ შორის არსებობდა თავდაპირველი სახით, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლემ, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მოახდინა მოსარჩელის ანაბარზე თანხის დარიცხვა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 05 დეკემბრისა და 2015 წლის 21 იანვრის საანაბრე ხელშეკრულებების მოქმედების ვადა ავტომატურად იქნა გაგრძელებული ამავე ხელშეკრულებების მე-6 მუხლის საფუძველზე, კერძოდ:

 

2014 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულების 6 თვაინი ვადა ამოიწურა 2015 წლის 05 ივნისს. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის დათქმის მიხედვით, ვინაიდან მხარეთა შორის საწინააღმდეგო შეთანხმება არ განხორციელებულა, ხელშეკრულება იგივე პირობებით, გარდა საპროცენტო სარგებლის ოდენობის ნაწილში, გაგრძელდა ავტომატურ რეჟიმში. რაც შეეხება საპროცენტო სარგებელს, თავად მხარეთა მიერ საპროცენტო სარგებლის დარიცხვის წესი განისაზღვრა ხელშეკრულების მე-8 პუნქტით, რომლის მიხედვით, ახალი ვადით ანარის ავტომატურად გაგრძელების შემთხვევაში პროცენტების დარიცხვა ანაბრის თანხაზე ხორციელდებოდა იმ საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ბანკში ამავე დასახელებისა და ვადის ანაბარზე წინა ანაბრის ვადის დამთავრების დღისთვის ხელშეკრულებაზე ყოველგვარი დამატებითი შეთანხმების გაფორმების გარეშე.

 

ხელშეკრულების მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, არა მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში მოხდა ხელშეკრულების იმავე ვადით გაგრძელება, არამედ სარგებელი განისაზღვრა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს არსებული ოდენობით.

 

შესაბამისად, 2014 წლის 05 დეკემბრის საანაბრე ხელშეკრულება 6 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ანუ 2015 წლის 05 ივნისიდან ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა 2015 წლის 05 დეკემბრამდე, რა დროის მონაკვეთშიც სს „ს----------–--------ში“ ექვსთვიან ანაბარზე მოქმედებდა 4%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პრინციპი.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სს „ს----------–--------ის“ მიერ სერვის-ცენტრებსა და ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება იმის თაობაზე, რომ იგი, როგორც სს „პ------------ის“ უფლებამონაცვლე, ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ განახორციელებდა სარგებლის დარიცხვას, არ წარმოადგენს მოსარჩელის ინფორმირებულობას იმის თაობაზე, რომ ბანკი აღარ აპირებდა მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას. უფრო მეტიც, გაფრთხილების ასეთ ფორმას არც თავად ხელშეკრულებები ითვალისწინებდა. რაც შეეხება მოაპსუხე მხარის პოზიციას, რომ კლიენტების სიმრავლის გამო მათ საერთო საჯარო შეტყობინება განახორციელეს აღნიშნულზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი ქმედებით ბანკმა გასწია რისკი იმის თაობაზე, რომ შედავების შემთხვევაში ასეთი გარემოება ვერ ჩაითვლებოდა მეორე მხარისათვის სათანადო წესით ინფორმაციის მიწოდებად ხელშეკრულებების გაგრძელება-არ გაგრძელების თაობაზე თუ ხელშეკრულებაში რაიმე სახის ცვლილებების შეტანის წინაპირობად.

 

2014 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულება მეორედ გაგრძელდა 2015 წლის 05 დეკემბრიდან 2016 წლის 05 ივნისამდე პერიოდში, რა დროსაც სს „ს----------–--------ის“ საპროცენტო სარგებლის გათვალსწინებით მოქმედებდა 3%-იანი საპროცენტო სარგებელი.

 

იგივე ხელშეკრულება ავტომატურ რეჟიმში მესამედ გაგრძელდა 2016 წლის 05 ივნისიდან 2016 წლის 05 დეკემბრამდე პერიოდით, რა დროის მონაკვეთშიც სს „ს----------–--------ში“ მოქმედებდა 2.5%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პრინციპი.

 

2014 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულება ავტომატურ რეჟიმში მეოთხედ გაგრძელდა 2016 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 05 ივნისამდე პერიოდში, რა დროსაც სს „ს----------–--------ის“ იმავე პირობების შესაბამისად ანაბრის საპროცენტო სარგებელი იყო 2.5%, ხოლო მეხუთედ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 05 ივნისიდან კიდევ 6 თვის ვადით, თუმცა მოსარჩელის მიერ 2017 წლის 04 სექტემბერს მოხდა თანხის გატანა, რითაც შეჩერდა დარიცხვა. მითითებულ პერიოდში მოქმედებდა 2%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პრინციპი.

 

რაც შეეხება მეორე საანაბრე ხელშეკრულებას, რომელიც ნ----- ქ--------–-–---–მა სს ,,პ------------თან“ გააფორმა 2015 წლის 21 იანვარს, სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ამ ხელშეკრულების ვადა, რომელიც ამოიწურა 12 თვინი ვადის გასვლის შედეგად 2016 წლის 21 იანვარს, პირველად გაგრძელდა 2017 წლის 21 იანვრამდე ვადით საანაბრე ხელშეკრულების მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად. მითითებულ პერიოდში სს „ს----------–--------ში“ მოქმედებდა 11%-იანი სარგებლის დარიცხვის წესი. სასამართლოს მაიჩნია, რომ ხელშეკრულება ავტომატურ რეჟიმში მეორედ გაგრძელდა 2017 წლის 21 იანვრიდან კვლავ 12 თვის ვადით, თუმცა მოსარჩელის მიერ 2017 წლის 04 სექტემბერს თანხის გატანით შეწყვიტა ხელშეკრულება ბანკთან. მითითებულ პერიოდში სს „ს----------–--------ში“ მოქმედებდა 10%-იანი სარგებლის დარიცხვის წესი.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სს „პ------------ის“ უფლებამონაცვლე 2015 წლის 11 მაისიდან ანუ იმ დროიდან, როდესაც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერების მიხედვით განხორციელდა სს „პ------------ის“ შერწყმა სს „ს----------–--------თან“, შესაბამისად, ანაბრის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა სასამართლოს მიერ უნდა განხორციელდეს სწორედ სს „ს----------–--------ის“ იმავე სახის პროდუქტზე არსებული პირობების შესაბამისად.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე ხელშეკრულება მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ იმავე ვადით გაგრძელდა ავტომატურ რეჟიმში და ამისათვის მხარეთა რაიმე დამატებითი შეთანხმება თუ დათქმა არ იყო საჭირო.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას უპირველეს ყოვლისა, დაეყრდნო თვით სადავო ხელშეკრულებების მე-6 პუნქტს, რომლის მიხედვით მხარეები შეჯერდნენ შემდეგ პოზიციაზე: თუკი ანაბრის ვადის ამოწურვისას მეანაბრე ბანკს არ განუცხადებდა თანხების გატანის შესახებ, მაშინ ანაბრის ვადა ავტომატურად გრძელდებოდა კიდევ ერთი თვით, რომელიც მითითებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების პუნქტში ,,ანაბრის მონაცემები“. ანაბრის ვადა არაერთგზის გრძელდებოდა ბანკში მეანაბრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ანაბრის ახალი ვადის ათვლა იწყებოდა წინა ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

 

ხელშეკრულების აღნიშნული ნორმა, მხარეთა დათქმა აბსოლუტურად ნათელ და ამომწურავ პასუხს სცემს შეკითხვას, უნდა ჩაითვალოს თუ არა ანაბრის ხელშეკრულებების მოქმედების ვადები გაგრძელებულად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ. მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნ----- ქ--------–-–---–მა ანაბრის თანხები საკრედიტო დაწესებულებიდან გამოიტანა 2017 წლის 04 სექტემბერს, შესაბამისად, სწორედ ამ დრომდე საკრედიტო დაწესებულება შეუზღუდავად სარგებლობდა მოსარჩელის თანხებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოხდა საბანკო დაწესებულებების რეორგანიზაცია, კერძოდ, სს ,,პ-----------ის“ შერწყმა სს ,,ს----------–--------თან“, არ წარმოადგენს სს ,,ს----------–--------ის“ ფულადი ვალდებულების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს, რადგან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საწარმოთა რეორგანიზაციის დროს, კომპანიის უფლება-მოვალეობები ისეთვე სახით გადაეცემა ახალ კომპანიას, როგორიც ჰქონდა თავდაპირველ კომპანიას.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ზრდადი საპროცენტო სარგებლის მოპასუხე საბანკო დაწესებულებისთვის დაკისრების თაობაზე. ანაბრის ხელშეკრულებაში ცალსახად არის მითითებული, რომ ანაბარზე პროცენტის დარიცხვა იწყება ბანკში ფულადი სახსრების შეტანის მომდევნო დღიდან და ხორციელდება ყოველ კალენდარულ დღეზე, წელიწადში დღეების ფაქტიური რაოდენობის მიხედვით, იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის, პროცენტების გაანგარიშების წესის გათვალისწინებით ვადის გაგრძელებისას, ანაბრის უკან დაბრუნების დღე შედის პროცენტების დარიცხვის პერიოდში. აქვე აღსანიშნავია ხელშეკრულებების მე-6 პუნქტში მითითებული ტერმინი „თქვენი თანხები“, რაზეც მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მასში ნაგულისხმებია როგორც თავდაპირველი თანხა, ასევე მასზე დარიცხული სარგებელი, სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაში არ არის მითითება ზრდად საპროცენტო სარგებელზე, უფრო მეტიც ხელშეკრულების მე-8 პუნქტში პირდაპირ არის მითითება, რომ „ახალი ვადით ანარის ავტომატურად გაგრძელების შემთხვევაში პროცენტების დარიცხვა ანაბრის თანხაზე ხორციელდება“. რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ანაბარზე თავდაპირველად განთავსებულ თანხაზე უნდა განხორციელდეს ყველა იმ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, რასაც მოსარჩელე უთითებს და არა ანაბრის თანხას დამატებული სარგებლის თანხა და მათ ჯამურ ოდენობაზე კიდევ დამატებული საპროცენტო სარგებელი. ასეთი შეთანხმება არ გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან.

 

შესაბამისად, მოპასუხე სს ,,ს----------–--------ს“ მოსარჩელის ნ----- ქ--------–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საანაბრე სარგებელი, ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გაგრძელების სრულ პერიოდზე 2017 წლის 04 სექტემბრამდე სხვადასხვა დროს არსებული საპროცენტო სარგებლის განაკვეთების ოდენობის გათვალისწინებით, კერძოდ, 2014 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულებაზე 2015 წლის 05 ივნისიდან 2017 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით ანაბრის საპროცენტო სარგებელი სულ 259,50 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების მიხედვით 2016 წლის 21 იანვრიდან 2017 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე საანაბრე სარგებელი სულ 1117,28 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, ნ----- ქ--------–-–---–ის სარჩელი სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულად, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხე სს ,,ს----------–--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის - 1753,06 ლარის 3%, რაც შეადგენს 52,59 ლარს, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ----- ქ--------–-–---–ის სარჩელი სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. სს ,,ს----------–--------ს“ ნ----- ქ--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 05 დეკემბრის საანაბრე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი 259,50 აშშ დოლარის ოდენობით;

 

1.2. სს ,,ს----------–--------ს“ ნ----- ქ--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 21 იანვრის საანაბრე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი 1117,28 ლარის ოდენობით;

 

2. მოსარჩელე ნ----- ქ--------–-–---–ის მიერ 2018 წლის 02 მაისს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხე სს ,,ს----------–--------ს“ მოსარჩელე ნ----- ქ--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 52.59 ლარის ანაზღაურება.

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე და 365-ე მუხლების საფუძველზე, მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე