გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310017002013183
საქმე №3/200-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
სხდომის მდივანი - ნინო არაბული
მოსარჩელე: მ-------- ა--------ი
წარმომადგენელი: ე------ ზ-------–---–ი, გ------- გ--------–---–ი
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: გ------- მა-----–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გადაუდებელი აუცილებლობის გამო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ განკარგულების გამოცემა
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2015 წლის 12-13 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო დაზიანდა მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მათი სახურავები. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის და გუბერნიის წარმომადგენლების თხოვნით სხვა სამშენებლო კომპანიებთან ერთად შპს ,,ა-–-----მა” მონაწილეობა მიიღო მათ აღდგენაში. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების დაპირებით უნდა დაეწყოთ აღდგენა დაზიანებული შენობების და ხელშეკრულებას დადებდნენ მოგვიანებით. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ა-–-----მა” შეაკეთა შენობები და სახურავები, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, შემდეგ მერიამ არ მიიღო განკარგულება გადაუდებელი აუცილებლობის გამო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და არ გამოაცხადა გამარტივებული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-9-ე მუხლის თანახმად. მოპასუხე უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ შპს ,,ა-–-----ს” ჰქონდა კანონიერი ნდობა რაც შემდეგ არ შესრულდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული განკარგულების გამოცემას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შპს ,,ა-–-----ის” მიმართ არ ყოფილა გაცემული დანაპირები არც ზეპირი და არც წერილობით სახით. შესაბამისად, ვინაიდან კანონიერი ნდობა არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის და ადმინისტრაციული დაპირების მიმართ და მოითხოვს წერილობით ფორმას, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება შპს ,,ა-–-----ს” და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის რაიმე შეთანხმების არსებობა. არაოფიციალურ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიებს ეთხოვათ დახმარებოდნენ მუნიციპალიტეტს და უსასყიდლოდ წარედგინათ ხარჯთაღრიცხვა სამუშაოს მოცულობასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავდნენ ხელშეკრულების დადებას. კონკრეტული დავალება არ ყოფილა მიცემული არავის მიმართ. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების თანახმად გადაუდებელი აუცილებლობის დროს გამარტივებული წესით ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო არ გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს, არამედ აფორმებს პირდაპირ ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მ-------- ა--------ი არის შპს ,,ა-–-----ის” დირექტორი და 100% წილის მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.2. შპს ,,ა-–-----ის” მიერ შეკეთდა და აღდგა 2015 წლის 12-13 ნოემბერს მომხდარი სტიქიის გამო დაზიანებული გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სახურავები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შპს ,,ა-–-----ის” ხარჯთაღრიცხვა.
მოწმეთა ჩვენებები.
გამოძიების მასალები (დათვალიერების ოქმები, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა).
მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები.
3.3. 2015 წლის 22 თებერვალს შედგა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენედერო კომისიის სხდომა სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. სხდომაზე სატენდერო კომისიამ განიხილა ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებით ბარათში მოცემული შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოება, რომ სტიქიის გამო დაზიანებული სახურავების ნაწილი აღარ საჭიროებდა სამუშაოებს, რადგან უკვე გადახურული იყო. სიაში მითითებულია ის პირები და შენობები, რომლებიც შპს ,,ა-–-----ის” მიერ იყო აღდგენილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2015 წლის 22 თებერვლის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენედერო კომისიის სხდომის ოქმი №3.
შპს ,,ა-–-----ის” ხარჯთაღრიცხვა.
გამოძიების მასალები.
3.4. შპს ,,ა-–-----ის” წარმომადგენელმა მიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა ინფორმაციის მიწოდება 2015 წლის 22 თებერვლის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენედერო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ. კერძოდ, რის საფუძველზე იქნა ამოღებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია და ვის მიერ იქნა აღდგენილი დაზიანებული სახლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შპს ,,ა-–-----ის” წარმომადგენლის წერილი.
3.5. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 15 ივნისის №ზ-56 წერილით შპს ,,ა-–-----ის” წარმომადგენელს განემარტა, რომ სატენდერო კომისიის სხდომაზე მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები სატენდერო დოკუმენტაციიდან ამოღებული იქნა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით. მოხსენებითი ბარათის მიხედვით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 28 სახლის სახურავი აღარ საჭიროებდა რეაბილიტაციას, ხოლო ინფორმაცია თუ ვის მიერ იქნა აღდგენილი დაზიანებული სახურავები გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის უცნობია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 15 ივნისის №ზ-56 წერილი.
3.6 2015 წლის 30 დეკემბრის საქართველოს მთავრობის განკარგულებით გორის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება 2015 წლის 12-13 ნოემბერს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები 815 400 ლარის ფარგლებში განეხორცილებინა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-101 მუხლის მე-31-ე პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2015 წლის 30 დეკემბრის საქართველოს მთავრობის განკარგულება.
3.7 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს მიერ დათვალიერდა შპს ,,ა-–-----ის” საბუღალტრო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ასახვდა 2015 წლის ნოემბრის თვეში გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის შეძენილ მასალას. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებები და ნარდობის ხელშეკრულებები. დაინიშნა და ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ამ სამუშაოებთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გამოძიების მასალები;
3.8 გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 16 ნოემბრის №1-707 ბრძანებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 12-13 ნოემბერს მომხდარი სტიქიის (ძლიერი ქარი) და გადაუღებელი უხვი ნალექების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებზე და მუნიციპალურ ქონებებზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის შესახებ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, რიტუალების სახლების, კულტურის სახლების, საბავშვო ბაგა-ბაღების და ადმინისტრაციული შენობების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, სახელწიფო შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულებაა 300 000 ლარი განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 16 ნოემბრის №1-707 ბრძანება.
3.9 სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 24 ნოემბრის განკარგულებით დაკმაყოფილდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვა და შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცა თანხმობა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე, სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-7 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების საფუძველზე. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ითხოვდნენ თანხმობის მიცემას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობა განპირობებული იყო 2015 წლის 12-13 ნოემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების აღდგენითი სამუშაოებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 24 ნოემბრის განკარგულება.
3.10 სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 3 დეკემბრის განკარგულებით მართლზომიერად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვა. განკარგულებაში მითითებულია, რომ
შემსყიდველ ორგანიზაციის განმარტებით შესყიდვები გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, რადგან 2015 წლის 12-13 ნოემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების სახურავების რეაბილიტაციაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაგან მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს თანხმობა, მშენებლებთან წინასწარი მოლაპარაკების დროს, როგორც მომსახურების, ასევე სამშენებლო მასალების შეძენა, რამდენიც საკმარისი იქნებოდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩასატარებელი სამუშაოების უზრუნველსაყოფად, შესაბამისად მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 26 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება გადახურვის მასალების საკუთარი ხარჯებით შეძენაზე, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება N1707 გამოიცა 2015 წლის 16 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 3 დეკემბრის N1291 განკარგულება.
3.11 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2015 წლის 2 დეკემბრის წერილით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთხოვს დააზუსტონ ინფორმაცია, რამ განაპირობა მომწოდებელთან ხელშეკრულების 2015 წლის 26 ნოემბერს დადება, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება N1707 გამოცემულია 2015 წლის 16 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 დეკემბრის N5320 წერილი.
3.12 სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 26 ნოემბრის N1138 განკარგულებით მართლზომიერად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვა. განკარგულებაში მითითებულია, რომ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვა წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვის მიხედვით. აღნიშნულ მიმართვაში ადმინისტრაციული ორგანო აღწერდა, რომ სტიქიის შედეგად დაზიანდა საბავშვო ბაღების, შენობების, კულტურის სახლების, რიტუალების სახლების, ადმინისტრაცული შენობების და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სახურავები, ხოლო მეტეოროლოგიური პირობები აზიანებდა კედლებსაც. ამის გამო შესყიდვის განხორცილების დაბრკოლება დიდი ალბათობით გამოიწვევდა შენობების კიდევ უფრო დაზიანებას. აქვე სააგენტო აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სისტემის შესაბამის მოდულში არ გამოუხატავთ მოსაზრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 26 ნოემბრის N1138 განკარგულება.
3.13 შპს ,,ა-–-----ის“ მიერ 2015 წლის 23 ნოემებრს შეძენილია 10950 ლარის მოთუთიებული ნაგლინი, 30 ნოემბერს 564 ლარის ლურსმანი და 195 ლარის საჭრელი რგოლი, სილიკონი, 4250 ლარის მოთუთიებული ნაგლინი, 9 დეკემბერს 19650 ლარის მოთუთიებული ნაგლინი, 25 დეკემბერს 11376 ლარის მოთუთიებული ნაგლინი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სასაქონლო ზედნადებები.
3.14 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის 15 დეკემბერს რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან დადებულია ხელშეკრულება, შესყიდვების საფუძვლად მითითებულია გადაუდებელი აუცილებლობა, ხელშეკრულების ტიპად გამარტივებული შესყიდვა, ხელშეკრულების ძირითად საგნად მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები, კონკრეტულად სახურავის გადახურვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან.
3.15 2016 წლის 21 მარტს გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენედერო კომისიის სხდომა, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. სხდომაზე სატენდერო კომისიამ განიხილა სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ გამარტივებული ელექტრონულ ტენდერი პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი დოკუმენტაცია. შპს ,,ა---ის“ განესაზღვრა პერიოდი ხელშეკრულების გასაფორმებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2015 წლის 21 მარტის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №6.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი, სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 13 ნოემბრის ბრძანება ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მესამე მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობა – ეს არის ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართვე-ლოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;
ამავე კანონის ,,ს1” ქვეპუნქტის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში; ხოლო ,,ბ1”” ქვეპუნქტით, სახელმწიფო შესყიდვის ამ კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, იმავე მუხლის 33 პუნქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს; ამავე კანონის მე-101-ე მუხლის განსაზღვრავს ელექტრონულ სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებს: სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ: ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს; ამავე მუხლის მე-33 ნაწილით შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა შეუთანხმოს სააგენტოს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოსთან სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით თანხმდება. ამ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მიმართვა საჯაროა და უზრუნველყოფილია დაინტერესებული პირების მიერ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების მიერ მასთან დაკავშირებით გამოხატულ მოსაზრებებს.
მოსარჩელე ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გადაუდებელი აუცილებლობის გამო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ განკარგულების გამოცემა. სასამართლოს განმარტავს, რომ ამგვარ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადების შესახებ, რომელსაც ათანხმებს სააგენტოსთან. აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მომართვის სისტემაში წარდგენის გზით თანხმდება. ამრიგად, მომართვის საფუძვლიანობა მოწმდება შემდეგ სააგენტოს მიერ. სასამართლო ასევე განმარტავს რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის §13 ბრძანებით დადგენილი ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის” მე-5 მუხლის მე-6 ნაწილი აკონკრეტებს გამონაკლის შემთხვევის პირობებს: თუ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან შესყიდვის დაყოვნება ალბათობის მაღალი ხარისხით გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სიკეთეს, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაიწყოს შესყიდვის პროცედურები, რაზეც იგი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და მიმართავს დაუყოვნებლივ სააგენტოს მომართვით. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, ეს არის ვითარება, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/საზოგადოებრივ ინტერესებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღებას, გამოცემას ითხოვს მოსარჩელე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით გარემოებები, რომლებსაც ემყარება სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დამტკიცდეს თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა ნიშნავს მხარის მიერ ახსნა-განმარტებაში დასახელებული გარემოებების შეჯერებას საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან და მათი ურთიერთშესაბიმისობის შეფასებას. განსაკუთრებული გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოწმეთა ჩვენებების თანხვედრას, რაც მათი სარწმუნოობის მაღალი მაჩვენებელია.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მფლობელები და წარმომადგენლები - ლ---- დ--------–---–ი, გ-------– რ---------–---–ი, ხ---- ს-----–-–---–ი, კ--- დ------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს 2015 წლის 12-13 ნოემბრის სტიქიის შემდეგ მუნიციპალიტეტის ინიციატივით მათი შეხვედრა, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე გუბერნიის და მთავრობის წარმომადგენლებთან. მათ ცალსახად მიუთითეს, რომ დაზიანებული სახლების სახურავების აღსადგენად ეთხოვათ სასწრაფოდ სამუშაოების დაწყება, ხარჯთაღრიცხვების გაკეთება და წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოში და შემდეგ მათთან მალე დაიდებოდა ხელშეკრულებები. ამგვარი თხოვნა განპიროებული იყო იმით, რომ სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდი იყო და მოსახლეობა ფაქტიურად ღია ცის ქვეშ იყო დარჩენილი. რამდენიმესთან შემდეგ დაიდო ხელშკრულება, ხოლო რამდენიმესთან არა. მათ ასევე დაასტურეს, რომ რწმუნებულბთან ჰქონდათ ურთიერთობა აღნიშნულ საკითხზე. ამასთან, ლ---- დ--------–---–მა აჩვენა, რომ მან მუშაობისას გაარკვია, რომ მხოლოდ გარკვეულ თანხას აუნაზღაურებდნენ, შეაჩერა სახურავების შეკეთება და შემდეგ ისევ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების თხოვნით და დაპირებით, რომ სრულად გადაუხდიდნენ, გააგრძელა სამუშაოები. თუმცა არ შეასრულეს პირობა. მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად შესაბამისია მოსარჩელის მიერ დასახელებულ გარემოებებთან.
სასამართლო სხდომაზე ასევ დაიკითხნენ გუბერნატორის მოადგილე - ი----- ო--------–--ე, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი პ----- პ----ა, ზ----- ა----–---–ი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დ----- ო---–---–ი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ა-–---- ვ-–------ი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, რომლებმაც ასევე დაადასტურეს 2015 წლის 12-13 ნოემბრის სტიქიის შემდეგ საერთო შეხვედრის გამართვა სამშენებლო კომპანიებთან. ამასათან დ----- ო---–---–მა აჩვენა, რომ შეკრებას ორგანიზებას უკეთებდა კანცელარია, პრემიერ-მინისტრის აპარატი და სწორედ იქ შექმნილი კომისია იყო ერთობლივი. მათ შორის ჩართული იყო სამხარეო ადმინისტრაცია გამგეობასთან ერთად. შეხვედრის მიზანი იყო დროულად სტიქიასთან გამკლავება.
მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ამ შემთხვევაში ცალმხრივად და ერთპიროვნულად არანაირი დავალება არ გაცემულა მუნიციპალიტეტის მიერ. რადგან სტიქია საკმაოდ მასშტაბური იყო გორის მუნიციპალიტეტში და დაზარალდა მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამ შეხვედრის მიზანი იყო ზარალის აღწერა. აღწერის შემდეგ უნდა დაწყებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახელმწიფოს უნდა ეყიდა სამშენებლო მასალები და კერძო კომპანიებს, რომლებიც თვითონ გადაინაწილებდნენ ტერიტორიას, უნდა შეესრულებინათ სამუშაოები. მათ არ უნდა ეყიდათ მასალა, მასალას ყიდულობდა სახელმწიფო, რომელსაც შემდეგ გადასცემდა და შესაბამისად ეს გარემოება აისახა ხელშეკრულებებში. იმ კომპანიებთან, ვინც ეს სამუშაო შეასრულა მუნიციპალიტეტმა გააფორმა ხელშეკრულებები. ეს იყო ორი ეტაპი. პირველ ეტაპზე აღიწერა ინჟინრების დახმარებით და მეორე ეტაპზე ინჟინრებს გადაეცათ მასალები და მათ უნდა ეწარმოებინათ გადახურვები. სამუშაოები დასრულდა თებერვლის ბოლოს.
რაც შეეხება შპს ,,ა-–-----ს”, დ.ო---–---–ის განმარტებით, მისი შესრულებული სამუშაოების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა ფინანსური პოლიციის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ. მას სიტყვიერი დავალება არ მიუცია არცერთი კომპანიისთვის. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ შპს ,,ა-–-----ის” წარმომადგენელს - ა--------ს ნათლად აუხსნეს, მათ შორის სამშენებლო კომპანიების წარმომადაგენლებმა, მათ შორის კ--- დ----–---–მა, რომ მასალა არ უნდა ეყიდა თვითონ. მანვე აღნიშნა, რომ მოსარჩლის ქმედებას იგი აფასებს არაადეკვატურად, რადგან არ უნდა დაეწყო სახურავების გადახურვა ხელშკრულების გარეშე. აგრეთვე დაადასტურა, რომ თვითონ გაინაწილეს კომპანიებმა რომელ სოფელს ვინ გაარემონტებდა. ხოლო ის ფაქტი, რომ შეპირდნენ კომპანიებს, რომ აუცილებლად დადებდნენ მათთან ხელშეკრულებას, სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერ ხელშეკრულება დაიდო, რის შემდეგაც დაიწყეს სამუშაოები. სისტემატურად ამოწმებდნენ შესრულებულ სამუშაოებს, რწმუნებულების და ინფრასტრუქურის სამსახურის თანამშრომელების მეშვეობით, რადგან ბევრი სახლი იყო გასაკეთებელი. სწრაფად ვერ მოხდა შეკეთება, ამიტომ მეორედ ჩაატარეს აღწერა და ამოიღეს გადასახური სახლების სიიდან უკვე გაკეთებული სახლები. თუმცა არ იცის როგორ მოხდა მათი აღდგენა. ივარაუდა, რომ თვითონ მოსახლეობამ გაარემონტა და ამით აიხსნებოდა სხვაობა.
ამასთან, მოწმე ა-–---- ვ-–------მა განმარტა, რომ ხელშეკრულებების გარეშე ანაზღაურება ვერ მოხდებოდა. ხელშეკრულება იმის გამო არ დაიდო, რომ სტიქიის დროს, ნაწილი თანხა იყო მუნიციპალიტეტის, ხოლო ნაწილი მერე უნდა გადმოერიცხა მთავრობას. რაც ჰქონდათ იმ თანხის ნაწილით, რამდენიმე კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. დანარჩენ ნაწილზე კი თვითონ სამშენებლო კომპანიებს ჰქონდათ აღწერა დავალებული და ეს გახანგრძლივდა, რის გამოც დანარჩენებთან არ დაიდო ხელშეკრულებები და დროის გაჭიანურების გამო გამოცხადდა ტენდერი. ზედამხედველობის სამსახური ამოწმებდა შესრულებულ სამუშაოებს და აღწერის გარდა რაიმე დავალება მისთვის ცნობილი არ არის.
სარეაბილიტაციო ნუსხიდან ამოღებული იქნა სახლები, ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ამაზე გამოძიებაც ჩატარდა. ვინ შეაკეთა სახურავები, მათ არ იცოდნენ. იგივე გარემოებები დაადასტურა ზ----- ა----–---–მა, სარებილიტაციო სიიდან კონკრეტული სახლების ამოღების შესახებ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ა-–---- ვ-–------ის განმარტებას, რომ მშენებლებს ამ აღწერების ჩატარება დავალებული ჰქონდათ ადგილობრივ რწმუნებულებთან ერთად და ეს მონაცემები თვითონ უნდა მიეტანათ მუნიციპალიტეტში. იგივე გარემოება დადგინდა ა-–---- მ--------ის ჩვენებით, რომელიც სოფელ შ------ის რწმუნებულია, რომელმაც დაადასტურა შპს ,,ა-–-----ის” მიერ მის სოფელში სახლების სახურავების აღდგენა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 12-13 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული შენობები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობის მიერ აღნიშნული მდგომარეობა შეფასდა გადაუდებელ აუცილებლობად. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 16 ნოემბრს გამოიცა №1-707 ბრძანება, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 12-13 ნოემბერს მომხდარი სტიქიის(ძლიერი ქარი) და გადაუღებელი უხვი ნალექების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებზე და მუნიციპალურ ქონებებზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის შესახებ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, რიტუალების სახლების, კულტურის სახლების, საბავშვო ბაგა-ბაღების და ადმინისტრაციული შენობების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, სახელწიფო შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულებაა 300 000 ლარი განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 24 ნოემბრის განკარგულებით, დაკმაყოფილდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვა და შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცა თანხმობა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე, სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 13 ნოემბრის ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-7 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების საფუძველზე. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ითხოვდნენ თანხმობის მიცემას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობა განპირობებული იყო 2015 წლის 12-13 ნოემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების აღდგენითი სამუშაოებისათვის.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან დადო ხელშეკრულება და შეიძინა სამშენებლო მთლიანი ან ნაწილობრივი სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები, კონკრეტულად სახურავის გადახურვა.
სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 3 დეკემბრის განკარგულებით, მართლზომიერად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვა. განკარგულებაში მითითებულია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით, შესყიდვები გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, რადგან 2015 წლის 12-13 ნოემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობების სახურავების რეაბილიტაციაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაგან მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს თანხმობა, მშენებლებთან წინასწარი მოლაპარაკების დროს როგორც მომსახურების ასევე სამშენებლო მასალების შეძენა, რამდენიც საკმარისი იქნებოდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩასატარებელი სამუშაოების უზრუნველსაყოფად. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო- მუნიციპალიტეტ- სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის მართლზომიერად ცნობისათვის ერთერთ მთავარ არგუმენტად ასახელებს მშენებლებთან წინასწარ მოლაპარაკებას მოსახურების და სამშენებლო მასალების შესაძენად და აღნიშნავს, რომ მათი თანხმობა აქვს. ეს ფაქტობრივი გარემოება შესაბამისობაშია მოწმეების და მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან, რომ სტიქიის შემდეგ სამშენებლო კომპანიებმა მუნიციპალიტეტის თხოვნით დაიწყეს სახურავების აღდგენა.
სასამართლო ასევე განამარტავს, რომ მოწმეების, როგორც სამშნებლო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგნელები, მათ შორის რწმუნებულები ცალსახად უთითებენ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სტიქიის შემდეგ შედგა რამდენიმე შეხვედრა მუნიციპალიტეტსა და გუბერნიაში, რომლებზეც სთხოვეს მისვლა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და ასევე მონაწილეობის მიღება დაზიანებული სახურავების აღსადგენად. ვინაიდან ძალიან ბევრი სახლი მძიმე მდგომარეობაში იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა შეკეთებას, მათ სთხოვეს სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება, ხარჯთაღიცხვების წარდგენა იმის გასაგებად, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა აჩვენეს მათ მიმართ მუნიციპალიტეტის და როგორც თვითონ აღნიშნეს, მთავრობის წარმომადგენლების მიერ თხოვნის შესრულებისათვის მიცემული პირობა, რომ ხელშეკრულებები მალე დაიდებოდა. აქვე საყურადღებოა, რომ ამავე გარემოებებს ეყრდნობა მუნიციპალიტეტის მიმართვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსადმი.
საქმეში წარმოდგენილი გამოძიების მასალებით (საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, საბუღალტრო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, სასაქონლო ზენადებები), მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ აღდგენილია მოქალაქეთა სახლების და სხვა შენობების სახურავები. სასამართლო მოპასუხე მხარის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომ მასთან ამ სამუშაოების შესრულებისათვის ხელშეკრულების დასადებად უნდა წარედგინა ხარჯთაღრიცხვა და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილებოდა აღნიშნული საკითხი, უნდა გამახვილდეს ყურადღება ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობაზე მკაფიოდ და ნათლად აწარმოოს წინასწარი მოლაპარაკებები, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან, რათა მათთვის განჭვრეტადი იყოს მომავალი გადაწყვეტილებები. მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა საზოგადოებრივ ინტერესებს, რომელსაც მიადგა და შესაძლოა კიდევ მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი.
დადგენილია, რომ ამასთან, მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ მოსარჩელემ რწმუნებულთან ერთად აღწერა სახლების მდგომარეობა და დაზიანების ხარისხი და განსაზღვრა შემდეგი სამოქმედო გეგმა. მოწმემ აღნიშნა, რომ ძალიან სწრაფად მოხდა სახურავების აღდგენა. მოწმის, რომელიც გამგებლის წარმომადგენელი იყო იმ დროისათვის, ჩვენებით გაირკვა, რომ აღსადგენი სახლების სახურავების და ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე, რომელიც მან შეადგინა შპს ,,ა-–-----ის” წარმომადგენელთან ერთად, ინფორმაცია- იგივე სია მიაწოდა გამგებელს და გამგეობას. გამგეობას არ უმსჯელია ამასთან დაკავშირებით, ეს სია და ინფორმაცია წარმოადგენდა თუ არა ხარჯთაღიცხვას. აგრეთვე არ განუმარტავს, შეხვედრაზე მყოფი არც ერთი სამშენებლო კომპანიისათვის თანხის სავარაუდო ოდენობის შესახებ. მოწმეები ცალსახად ადასტურებენ მათ მიერ დასახელებულ პირობას, რომ თანხას მნიშვნელობა არ ჰქონდა მთავარი მოსახლეობის დახმარება იყო.
2015 წლის 22 თებერვალს შემდგარი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენედერო კომისიის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ 2015 წლის 22 თებერვალს შედგა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენედერო კომისიის სხდომა, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. სხდომაზე სატენდერო კომისიამ განიხილა ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებით ბარათში მოცემული გარემოება, რომ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სტიქიის გამო დაზიანებული სახურავების ნაწილი აღარ საჭიროებდა სამუშაოებს, რადგან უკვე გადახურული იყო. ამავე დროს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 15 ივნისის №ზ-56 წერილით შპს ,,ა-–-----ის” წარმომადგენელს განემარტა, რომ 28 სახლის სახურავი აღარ საჭიროებდა რეაბილიტაციას, ხოლო ინფორმაცია თუ ვის მიერ იქნა აღდგენილი დაზიანებული სახურავები, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის უცნობია. სასამართლო სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ მან სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების მდგომარეობა შეამოწმა და სია მიაწოდა გამგეობას, მაგრამ არ გაურკვევია თუ როგორ და ვის მიერ მოხდა შეკეთება. ამ გარემოების და აგრეთვე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების მიერ დასახელებული გარემოებების ურთერთშეჯერების და ანლიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა სრულყოფილად ფაქტობრივი გარემოებები და ისე უთხრა უარი მოსარჩელეს გადაწყვეტილების მიღებაზე. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გამოიკვლიოს 2015 წლის 12-13 ნოემბრის სტიქიის შედეგების გამო დაგეგმილ შეხვედრაზე ხომ არ გამოიცა ზეპირად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე-58-ე მუხლების მოთხოვნები და რომელიც შემდეგ აღარ გამოიცა 3 დღის ვადაში წერილობით. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გამოარკვიოს მიმდინარეობდა თუ არა შპს ,,ა-–-----თან” წინასწარი მოლაპარაკებები დაზიანებული სახლების აღდგენის შესახებ, 2015 წლის 12-13 ნოემბრის სტიქიით დაზიანებული სახლების და შენობების აღდგენაში, სახურავების შეკეთებაში, მონაწილეობდა თუ არა შპს ,,ა-–-----ი” და ამ მონაწილეობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის შპს ,,ა-–-----ს” და გორის მუნიციპალიტეტის მერიას(გამგეობას) შორის ურთიერთობა, ასევე სატენდერო კომისიის სხდომის დროს შეკეთებული სახლების სიიდან ამოღების მიზეზი და შესწავლა, თუ რატომ არ მოხდა იმ საკითხის შესწავლა, როგორ და ვის მიერ განხორციელდა სახურავების აღდგენა და ამ გარემოებათა გამოკველვა-შეფასების შემდეგ საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განკარგულების) გამოცემის თუ გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე საქმე უნდა დაუბრუნდეს გორის მუნიცილაპიტეტის მერიას, ამ გარემოებათა გამოსაკვლევად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, ამგვარ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 100 ლარია. შპს ,,ა-–-----ის” წარმომადგენლის ე------ ზ-------–---–ის მიერ სარჩელზე 2017 წლის 17 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100(ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ხოლო გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა შპს ,,ა-–-----ის” სასარგებლოდ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ა-–-----ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს 2015 წლის 12-13 ნოემბრის სტიქიის დროს დაზიანებული სახლების და სხვა შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებში შპს ,,ა-–-----ის” მონაწილეობა და ამ მონაწილეობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის შპს ,,ა-–-----ის” და გორის მუნიციპალიტეტის მერიის(გამგეობის) ურთიერთობა, ასევე 2015 წლის 22 თებერვლის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიის სხდომის დროს აღდგენილი სახლების სიიდან ამოღების მიზეზი, ასევე მიმდინარეობდა თუ არა შპს ,,ა-–-----თან” წინასაწარი მოლაპარაკებები, შესწავლილი იქნა თუ არა, როგორ და ვის მიერ იქნა აღდგენილი სახურავები და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.
3. შპს ,,ა-–-----ის” წარმომადგენლის ე------ ზ-------–---–ის მიერ სარჩელზე 2017 წლის 17 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100(ასი) ლარი (საგადასახადო დავალება 1, რეფერენსი 1---------) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული