განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2018
საქმის ნომერი
140100118002618809
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002618809

საქმე №1/339-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი

სხდომის მდივანი ანა ტეტუნაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნათია კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლავრენტი მ-----–ის ძე ქ--------–- - დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: კასპის რაიონი, სოფელი ქ---------------

 

ადვოკატი - მაია გ-------–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 პირველი ეპიზოდი - 2016 წლის მარტის თვეში, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში და საავტომობილო გზაზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ--------- ქ--------–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოანი შვილის - გ------ ქ--------–-ს თანდასწრებით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ----- კ------ის მიმართ განახორციელა ძალადობა - რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელ-ფეხი ტანისა და სახის არეში, რა დროსაც თ----- კ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. მეორე ეპიზოდი - 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 01:30 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ--------- ქ--------–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ----- კ------ის მიმართ განახორციელა ძალადობა - ერთხელ ხელი დაარტყა სახის არეში და რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა კისრის არეში, რა დროსაც თ----- კ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე დროს, ლ--------- ქ--------–- მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ----- კ------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თ----- კ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც შესაბამის დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.“ აღნიშნული ნორმის დანაწესი, საქმის არსებითი განხილვისას პრეიუდიციის რეალიზაციის შესაძლებლობას წარმოადგენს. წინასასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის სუბიექტია ბრალდებულის ოჯახის წევრი. ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ საქმეზე, დაზარალებულ - თ----- კ------ის ჩვენებით დგინდება, რომ ის არის ბრალდებულის მეუღლე და არასრულწლოვან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, ცხოვრობდა ლ--------- ქ--------–თან და ერთად მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნული ჩვენება თანხვედრილია გ------ ქ--------–-ს გამოკითხვის ოქმთან, სადაც აღნიშნავს, რომ მისი მშობლები არიან ლ--------- ქ--------–- და თ----- კ------ე. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ----- კ------ე, სისხლის სამართლის კანონის მიზნებისათვის ბრალდებულის ოჯახის წევრია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მიზნებისათვის, ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის პირველი ეპიზოდის შემთხვევაში ხელ-ფეხის ტანისა და სახის არეში რამოდენიმეჯერ დარტყმით და მეორე ეპიზოდის შემთხვევაში ხელის ერთხელ დაარტყმით სახის არეში და რამოდენიმეჯერ ხელის კისრის არეში დარტყმით. აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის ცნებას არ განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად, ვინაიდან 1261-ე მუხლის ნორმის დისპოზიცია ბლანკეტური ხასიათისაა, სასამართლო მიმართავს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით,“ ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.“

 

განსახილველ საქმეზე, ბრალდებულის მიერ დაზარალებულ თ----- კ------ის მიმართ პირველი ეპიზოდის შემთხვევაში (2016 წლის მარტის თვის ფაქტი) ხელ-ფეხის ტანისა და სახის არეში რამოდენიმეჯერ დარტყმის და მეორე ეპიზოდის შემთხვევაში (2018 წლის 30 ივლისის ფაქტი) სახის არეში ხელის ერთხელ დარტყმის და რამოდენიმეჯერ ხელის კისრის არეში დარტყმის ფაქტი, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული დადასტურებულია, როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეების - გ------ ქ--------–-ს, ნუნუ ხ-----ის, კობა გ---–---–ის და კ---- გ---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ფოტოცხრილით და სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ლ--------- ქ--------–მა ხსენებული ფორმით ჩაიდინა ძალადობა თ----- კ------ის მიმართ..

 

ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ

კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობის შედეგად გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილს, რაც დროსაც აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ბრალდებულის ქმედებასა და შედეგს შორის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.“ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულ თ----- კ------ის ჩვენებას, სადაც აღნიშნულია, რომ პირველი ეპიზოდის შემთხვევაში ხელ-ფეხის ტანისა და სახის არეში რამოდენიმეჯერ დარტყის და მეორე ეპიზოდის შემთხვევაში სახის არეში ხელის ერთხელ დარტყმის და რამოდენიმეჯერ ხელის კისრის არეში დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებულის - თ----- კ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკური ტკივილის განცდას და შეგედობრივად, აღნიშნულ ძალადობას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით.

 

სიცოხლის მოსპობის მუქარა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან

გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს მუქარისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა სპეციფიკურ დანაშაულს წარმოადგენს. ის ძალიან ახლოს დგას განზრახვის გამომჟღავნებასთან, ვინაიდან მუქარის შემთხვევაში სუბიექტის ქმედება ძირითადად გამოიხატება საუბარში, თუმცა მას შეიძლება თან ახლდეს უარყოფითი ემოციების გამოხატვა, გარკვეული ქმედებებიც, საერთო დაძაბული ფონი, წარსულში რაიმე ფაქტები და ა. შ. როგორც ცნობილია, სისხლის სამართალი ქმედების სამართალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისჯება არა განზრახვის გამომჟღავნება, არამედ ქმედების ჩადენა, თუმცა კანონმდებელმა მუქარა იმდენად საშიშად და საფრთხის შემცველად მიიჩნია, რომ საწყის ეტაპზევე მისი დასჯადობა დააწესა, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა ის რეალურად. აღნიშნულით კონკრეტული ფიზიკური აქტის განხორციელებამდე დაიცვა კონსტიტუციით დაცული სიცოცხლე (განსახილველ საქმეში ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას). მიუხედავად იმისა, რომ მუქარა ჰგავს განზრახვის გამომჟღავნებას, ის მაინც ვერ მიიჩნევა ასეთად და სინამდვილეში სსკ-ის 151-ე მუხლი განზრახვის გამომჟღავნების ფარგლებს სცდება, რის გამოც ასევე გამართლებულია მისი დანაშაულად აღიარება. კერძოდ, ერთი მხრივ, ის გულისხმობს არა ნებისმიერ მუქარას, არამედ მხოლოდ სიცოცხლის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მიმართ არსებულს მუქარას, რა დროსაც დაცულია უმაღლესი ღირებულებები. მეორე მხრივ, აღნიშნული ნორმის შემადგენლობა დაფუძნებული არ არის ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული და მას ისეთი ფონი ერთვის, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, შედეგად კი დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს. ამდენად, ამ ეტაპზევე მუქარას გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვება.

 

საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო მუქარაში, სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებას. დაზარალებულის - თ----- კ------ის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული მას დაემუქრა მოკვლით, რაც გამოიხატა სიტყვიერი ფორმით, რომ „ნაკუწ-ნაკუწ აჩეხავდა,“ რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მუქარა განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნაში მითითებულ სუბიექტს, კონკრეტულად მეუღლეს, ვისთანაც ბრალდებული მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, მართებულია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ ლავრენტი ქ--------–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის მარტის თვის ფაქტი), ასევე, დანაშაული, რაც გათვალსიწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 ივლისის ფაქტი).

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, უნდა აღინიშნოს, რომ მუქარა მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის რომ სიცოცხლის მოსპობის თაობაზე ბრალდებულის მხრიდან აგრესიული მუქარით დაზარალებულს შეექმნა მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება, დადასტურდა საქმეში არსებულს მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სუბიექტურ მხრივ მუქარა ჩადენილია განზრახვით. მუქარის მოტივს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ამ დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუვალობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. შესაძლოა ბრალდებულს არ ჰქონდეს მიზნად სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის დაშინება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ბრალდებულის მეუღლეს - თ----- კ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ--------- ქ--------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--------- ქ--------–ს თითოეულ დანაშაულთან მიმართებით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ოდენობით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ--------- ქ--------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ--------- ქ--------–ს განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ--------- ქ--------–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ლ--------- ქ--------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 ივლისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი