განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
190100118002596165
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/595-18

(№012260718004)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ოქტომბერი 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი: ხატია ხაჩიძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული გ-------------ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–-----------სი;

 

ადვოკატები: ფრიდონ კენკებაშვილი და ზაზა ნაჭყებია,თარჯიმანი: ორხან რამაზანოვი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.რუსთავში, ს------–---------–------------------–-------–----ის მიმდებარედ არსებული მინდვრიდან გ-------------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ--------–--ის სამ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას. აღნიშნული ქმედებით ნ--------–--ეს მიადგა 3000 (სამი ათასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დასკვნა, გ-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ნ--------–--ის, ი------------------------–--ეების და ი-–---------------ის გამოკითხვის ოქმებს და მათგან მიღებული ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მსხვილფეხა პირუტყვის ამოღების ოქმს, ნ--------–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ამოცნობის ოქმს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 7 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ მიყენებული ქმედებით დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ასევე მნიშვნელოვანია პირის აღქმა, კერძოდ, შეგნებული აქვს თუ არა მას, რომ ნივთს სხვისგან ფარულად ეუფლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაუფლების დროს მოქმედებდა ფარულად, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისი ქმედება არ იყო შესამჩნევი.

 

იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. ვინაიდან გ-------------ის განზრახვა მოიცავდა იმ საგნის (მსხვილფეხა საქონელი) დაუფლებას, რომელიც არ იყო მისი საკუთრება და არანაირი მართლზომიერი უფლება არ გააჩნდა მასზე, დასაუფლებლად იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მიზნით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებებათა ერთობლიობით, გ-------------ის ქმედებამ დაზარალებულს მიაყენა 150 ლარის ზევით მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-------------მა ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საქონელი დაბრუნებული აქვს დაზარალებულს, ხოლო ისეთი ხასიათის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------ს, უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, არ არის ნასამართლევი, გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, მსხვილფეხა პირუტყვი დაბრუნებულია - დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგი.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

გ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

საქმეზე ამოღებული ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახ.ნომრით QU-849-UQ და სამი სული დედალი მსხილფეხა პირუტყვი, უნდა დაუბრუნდეს მათ მფლობელებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

2. გ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. გ-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 29 ივლისიდან 2018 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

 

4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6. საქართველოს სსსკ-ს 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახ.ნომრით QU-849-UQ და სამი სული დედალი მსხილფეხა პირუტყვი, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე