გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ე------------–-----ე წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი
მოპასუხე - მ-----------–---–ი მოპასუხე - ი-------------–---–ი წარმომადგენელი - მ-----------–---–ი დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, პირგასამტეხლოს შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს 2018 წლის 03 მაისს ნოტარიუს ი-------------–---–ის მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელი; 1.2. შემცირდეს 2015 წლის 15 ივნისის სესხის და იპოთეკის ხლშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.11%-დან 0.01%-მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 1.3. შესაბამისად შემცირდეს N--------- სააღსრულებო ფურცლით მოპასუხე მ-----------–---–ის სასარგებლოდ ე------------–-----ის 04.05.2018 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანება 54033.50 ლარი - 27635 ლარამდე (მათ შორის ძირი თანხაა 25000 ლარი, პროცენტი - 0 ლარი და პირგასამტეხლო 2635 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხე მ-----------–---–ი სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და უთითებს, რომ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნაწილობრივ შემცირებას ეთანხმება, მაგრამ არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ 0.01%-მდე. არ ეთანხმება სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას და საბოლოო დავალიანების 27635 ლარით განსაზღვრას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2.2. მოპასუხე ნოტარიუსი ი-------------–---–ი სარჩელს არ ცნობს და უთითებს, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონის სრული დაცვით. ამასთან მოცემულ დავაში თვითონ არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს. მოსარჩელე დაობს თანხის ოდენობაზე, რაც უნდა გადაწყდეს მხარეებს (ე------------–-----ესა და მ-----------–---–ს) შორის. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 15 ივნისს ე------------–-----ესა და მ-----------–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ე------------–-----ეზე გაიცა სესხი 25000 ლარი 3 თვის ვადით - 2015 წლის 15 სექტემბრამდე დაბრუნების პირობით, ძირითად თანხაზე ყოველთვიური 3.37% სარგებლის დარიცხვით. სარგებელი გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველთვიურად, ხოლო ძირითადი თანხა ვადის ბოლოს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომლის ოდენობა განისაზღვრა 0.11%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე------------–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 3077 კვ.მ. და შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 204.80 კვ.მ. მდებარე: ქ------–------------–-----------ი, საკადასტრო კოდი N------------. 3.1.2. 2015 წლის 15 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მე-16 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მსესხებელი ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. 3.1.3. მხარეები არ დავობენ, რომ 2015 წლის 15 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული მოსარჩელის მიერ და მას კრედიტორის მიმართ გააჩნია დავალიანება. 3.1.5. 2018 წლის 02 მაისს მ-----------–---–მა მიმართა ნოტარიუს ი-------------–---–ს, რომელმაც გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2018 წლის 03 მაისის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 25 000 ლარი, სარგებელი სამი თვის - 2527.50 ლარი (დარიცხვა გრძელდებოდა 2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით), აგრეთვე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.11% (ანუ 27.50 ლარი) 2015 წლის 16 სექტემბრიდან - აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 15 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება; - ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; - 03.05.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი; - მხარეთა ახსნა-განმარტება - სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, კერძოდ, ე------------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლით, ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. ,,ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ,,ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. დადგენილია, რომ 2018 წლის 02 მაისს მ-----------–---–მა მიმართა ნოტარიუს ი-------------–---–ს, რომელმაც გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2018 წლის 03 მაისის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 25 000 ლარი, სარგებელი სამი თვის - 2527.50 ლარი (დარიცხვა გრძელდებოდა 2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით), აგრეთვე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.11% (ანუ 27.50 ლარი) 2015 წლის 16 სექტემბრიდან - აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად. მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა გამომდინარეობს 2015 წლის 15 ივნისს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მ-----------–---–მა მოსარჩელე ე------------–-----ეს ასესხა თანხა - 25 000 ლარი, 3 თვის ვადით. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 15 ივნისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული ე------------–-----ის მიერ და მას კრედიტორის მიმართ გააჩნია დავალიანება. დადგენილია, რომ ე------------–-----ის აღსასრულებელი ვალდებულებიდან სესხის ძირითადი თანხაა - 25 000 ლარი, სარგებელი სამი თვის - 2527.50 ლარი (დარიცხვა გრძელდებოდა 2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით), პირგასამტეხლო 2018 წლის 04 მაისის მდგომარეობით - 26400 ლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად. დადგენილია, რომ მ-----------–---–მა ე------------–-----ეზე გადაცემული სესხის 25000 ლარის სამი თვის პროცენტი წინასწარ მიიღო, რაზედაც მხარეები არ დაობენ. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. აღნიშნულის გამო, კრედიტორმა მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილმა თანხამ 2018 წლის 04 მაისის მდგომარეობით შეადგინა - 26400 ლარი. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ,,პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. (თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/3112-14). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. განსახილველ შემთხვევაში, მოვალის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი დავალიანების თანხის 0.11%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერია მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 3-ჯერ და პირგასამტეხლოს სახით ე------------–-----ის მიერ გადასახდელი თანხა 2018 წლის 04 მაისამდე ნაცვლად 26400 ლარისა უნდა განისაზღვროს - 8800 ლარით, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლოს თანხა 0.11%-დან უნდა შემცირდეს 0.0366%-მდე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მ-----------–---–ის მიმართ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო მოპასუხე ნოტარიუს ი-------------–---–ის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ,,ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.
7. საპროცესო ხარჯები 7.1. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ე------------–-----ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 800 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა არის მთლიანი დავალიანების 54033.50 ლარიდან დავალიანება განისაზღვროს 27635 (25 000 ძირი და 2635 ლარი პირგასამტეხლო) ლარით, შესაბამისად სადაო თანხა არის 26398.50 ლარი, რომლის 3%-ია 792 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია 800 ლარი სახ. ბაჟი და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (8800 ლარის ნაწილში), მოპასუხე მ-----------–---–ს ამ ნაწილის პროპორციულად მოსარჩელის მიერ გადახდილი 264 ლარი და უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარი სახ. ბაჟი, სულ 264+50=314 ლარი უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზედმეტად გადახდილი 8 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 528 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ე------------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შევიდეს ცვლილება 2018 წლის 03 მაისს ნოტარიუს ი-------------–---–ის მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელში შემდეგი სახით: შემცირდეს პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.11%-დან 0.0366%-მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, შემცირდეს სააღსრულებო ფურცლით მოპასუხე მ-----------–---–ის სასარგებლოდ ე------------–-----ისათვის 04.05.2018 წლის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო 26400 ლარი - 8800 ლარამდე;
1.2. ე------------–-----ის დავალიანება 04.05.2018 წლის მდგომარეობით განისაზღვროს 33906 ლარით, მათ შორის 25 000 ლარი არის ძირი თანხა, 8800 ლარი პირგასამტეხლო, მიუღებელი სარგებელი (პროცენტი) 0 ლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი;
1.3. 2018 წლის 03 მაისს ნოტარიუს ი-------------–---–ის მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი;
2. მოსარჩელე ე------------–-----ის სარჩელი ნოტარიუს ი-------------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე მ-----------–---–ს მოსარჩელე ე------------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 314 ლარის გადახდა;
4. მოსარჩელე ე------------–-----ეს (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 06 ივნისს სს ,,თ----- ბანკში” (საგადასახადო დავალება N-) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 800 ლარიდან (გადამხდელი - ჯ-----------------–-–---–ი პ/ნ 6----------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თ----- ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 8 (რვა) ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე