გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ს---–-ა“
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
მოპასუხე - შ--–---------–-–---–ი
წარმომადგენელი - დ----------------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე შ--–---------–-–---–ს შპს ,,ს---–-ა’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 16 ივნისის N------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4166.08 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3000 ლარი, პროცენტი - 166.08 ლარი და პირგასამტეხლო - 1000 ლარი (სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა მოსამზადებელ სხდომაზე).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 16 ივნისს შპს ,,ს---–-ა’’-ს და შ--–---------–-–---–ს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება N-------, რომლის საფუძველზეც შ--–---------–-–---–ზე გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 366 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.18 %, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+პროცენტი) – 356.03 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ერთჯერადი ჯარიმა ოთხ დღემდე 50 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა ოცდაათ დღემდე 150 ლარი და გადასახდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ 2017 წლის 12 აგვისტოდან მოყოლებული არაჯეროვნად სრულდებოდა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდა, ხოლო ბოლო გადახდა სესხზე (გადავადების მიზნით) დაფიქსირდა 2018 წლის 01 იანვარს, რის შემდეგაც მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
2018 წლის 14 მაისის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს 5144.73 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3000 ლარი, პროცენტი - 166.08 ლარი, პირგასამტეხლო - 1978.65 ლარი, რაც ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობისა, შეადგენს ნარჩენი ძირითადი თანხის დღიურ 0.41%-ს ხელშეკრულების დარღვევის მომდევნო დღიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულად დღეებზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხე შ--–---------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ამასთან დაეთანხმა სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიციით, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის - 3000 ლარის, პროცენტის - 166.08 ლარისა და პირგასამტეხლოს - 300 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხემ ასევე მიუთითა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 16 ივნისს შპს ,,ს---–-ა’’-ს და შ--–---------–-–---–ს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება N-------, რომლის საფუძველზეც შ--–---------–-–---–ზე გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 366 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.18 %, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+პროცენტი) – 356.03 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ერთჯერადი ჯარიმა ოთხ დღემდე 50 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა ოცდაათ დღემდე 150 ლარი და გადასახდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.14-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. მოპასუხეს 2017 წლის 16 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან N------- გამომდინარე გადავადება განხორციელებული აქვს 21-ჯერ, კერძოდ 2017 წლის 14 ივლისიდან 2018 წლის 01 იანვრის ჩათვლით მას გადახდილი აქვს გადავადების (21-ჯერ 7 დღის გადავადება) საკომისიო 881.37 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო ისტორია (ს.ფ.25-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოპასუხე შ--–---------–-–---–ის მიერ 2017 წლის 12 აგვისტოდან მოყოლებული არაჯეროვნად სრულდებოდა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდა, ხოლო ბოლო გადახდა სესხზე (გადავადების მიზნით) დაფიქსირდა 2018 წლის 01 იანვარს, რის შემდეგაც მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო ისტორია (ს.ფ.25-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 14 მაისის მდგომარეობით, მოპასუხე შ--–---------–-–---–ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5144.73 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3000 ლარი, პროცენტი - 166.08 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო -1978.65 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოპასუხე შ--–---------–-–---–მა სარჩელი ცნო 2017 წლის 16 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან N------- გამომდინარე ძირი თანხის - 3000 ლარის, პროცენტის - 166.08 ლარისა და პირგასამტეხლოს - 300 ლარის დაკისრების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ შპს ,,ს---–-ა’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე შ--–---------–-–---–მა სარჩელი ცნო 2017 წლის 16 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან N------- გამომდინარე ძირი თანხის - 3000 ლარის, პროცენტის - 166.08 ლარისა და პირგასამტეხლოს - 300 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის, დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1000 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - 300 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 154.35 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის, სარგებლისა და 300 ლარი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (მთლიანობაში 3466.08 ლარი), მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 133.34 ლარი, ამასთან სარჩელზე უარის თქმის - 700 ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 21 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ს---–-ა“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შ--–---------–-–---–ს (პ/ნ 0----------) შპს ,,ს---–-ა“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3466.08 ლარი.
3. შპს ,,ს---–-ა“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 30.05.2018წ. N-- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (154.35 ლარიდან) 133.34 ლარი (გადამხდელი - შპს ,,ს---–-ა“ ს/ნ 4--------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თ----- ბანკი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა, ბანკის კოდი - T---GE22);
4. სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 21 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე