განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
030100118002582499
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#030100118002582499

№1/204-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

27.09.2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - შოთა სირაძე

სხდომის მდივანი - თამარ მგალობლიშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------.

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ---- კ--------–--,ბრალდებული: რ-------- გ--------,მამის სახელი: ა-----–----,დაბადებული: 0--------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომ----: 0----------,ნასამართლეობა: არმქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, ც-------–---------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, რ-------- გ--------მ ქ. ფოთში, ც-------–---------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში ხელი დაარტყა დედას - მ------------ს, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2018 წლის 20 ივლისს 23:45 საათზე დედის - მ------------ს მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ იქნა რ-------- გ--------, რომელმაც 2018 წლის 21 ივლისს დაახლოებით 01:00 საათზე ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლის - კანონიერი დაკავებიდან გათავისუფლების მოთხოვნით, დაახლოებით 1 საათისა და 30 წუთის განმავლობაში წინააღმდეგობა გაუწია შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს, ხოლო უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--–---------–---- უკბინა მარცხენა ხელის მიდამოში და მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2.2. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

ბრალდებულმა რ------- გ--------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია პოლიციის მუშაკი.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული მ------------ არის ბრალდებულ რ------- გ--------ს დედა.

ის, რომ ბრალდებულმა რ------- გ--------მ 2018 წლის 20 ივლისს დაახლოებით, 22:00 საათზე, ქ. ფოთში, ც-------–----------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში ხელი დაარტყა დედას - მ------------ს, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა, ასევე 2018 წლის 21 ივლისს დაახლოებით 01:00 საათზე ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლის - კანონიერი დაკავებიდან გათავისუფლების მოთხოვნით, დაახლოებით 1 საათისა და 30 წუთის განმავლობაში წინააღმდეგობა გაუწია შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს, ხოლო უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--–---------–---- უკბინა მარცხენა ხელის მიდამოში და მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად.

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ რ------- გ--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების გ--–---------–----ა და მ------------ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: გ--–--–-----–---, ი-----–------------, რ----------------, ტ---------------, გ---–-------–-----------, გ----------------–---–--- და თ------–------–---- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ რ------- გ--------ს დაკავების ოქმით.

სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ ქმედება მიმართული იყოს პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისკენ.

საქმის მასალებით იკვეთება აღნიშნული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ რ------- გ--------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში მისი საქმიანობის შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ------- გ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

რ------- გ--------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

4.2. ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: რ------- გ-------- სამართალწარმოების დაწყებისთანავე აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნავს, რომ დაავადებულია ეპილეფსიით, მისთვის ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად აკრძალულია, ეს დანაშაულიც სწორედ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ გამოიწვია, რა დროსაც ვერ გააკონტროლა საკუთარი საქციელი. დაცვის მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ინფორმაციით, ბრალდებული დაავადებულია ეპილეფსიით, მე-2 ჯფგუფის ინვალიდია, აქვს დახურული სივრცის შიში, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მუშაობს მეეზოვედ და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მივიდა დაზარალებულ პოლიციელთან, შეურიგდა და ბოდიში მოუხადა.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

განსახილველ შემთხვევაში რ------- გ-------- არ არის ნასამართლევი, რაც აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ------- გ--------ს მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე.

აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, შეულახავი წარსული) გათვალისწინებით, ასევე ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის, მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი და სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს რ------- გ--------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ორწლიანი გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლო თვლის, რომ დანიშნული სასჯელი და მისი პირობითად ჩათვლა, გახდება საფუძველი მომავალში რ------- გ--------ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ-------- გ-------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ------- გ--------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად, რ------- გ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 2 (ორი) წელი.

3. პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შემთხვევაში, მსჯავრდებულ რ------- გ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 ივლისის 23:45 საათიდან, 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით, 6 (ექვსი) დღე.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ------- გ--------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

5. მსჯავრდებულ რ------- გ--------ს ქცევაზე კონტროლი საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

6. რ------- გ--------ს მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 02 (ორი) წლის ათვლა, დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან, 2018 წლის 27 სექტემბრიდან.

7. მსჯავრდებულ რ------- გ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით ბრალდებულ რ------- გ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის 2000 (ორი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, მ------------ს (პირადი ნომერი: 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ დაყადაღებულ ქონებას, მდებარე ქ. ფოთი, ც-------–----------ში მდებარე 541 მ² არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას (საკადასტრო კოდი: №0-.0-.0-.2--), 2000 (ორი ათასი) ლარი ღირებულების წილს.

8. საქმეს ნივთმტკიცება არ ერთვის.

9. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე