გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.09.2018
საქმის ნომერი
330310116001564461
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3/7673-16 28 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - ი-----–---–--ე

წარმომადგენელი - ლ--–-----–---ი

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

წარმომადგენლები - ლ-–---------–--ე, გ--------------ე

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები - თ---------–------ე, თ--------–--ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 თებერვლის N----- ბრძანების ბათილად ცნობა.

1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის N–----- დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 აგვისტოს N------ ბრძანების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2016 წლის 23 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ი-----–---–--ის მიმართ N0----- მითითება შეადგინა. აღნიშნული მითითების მიხედვით, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, ა-------–ი მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ იყო დამონტაჟებული ხის შენობა-ნაგებობა და ღობე. ამავე მითითებით ი-----–---–--ეს 20 დღის ვადა მიეცა განხორციელებული მშენებლობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 23 მაისის N0----- მითითება (ტომი I, ს.ფ. 145-146, 171-172); ფოტო (ტომი I, ს.ფ. 179); საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო გეგმა (ტომი I, ს.ფ. 149-150; 151).

 

3.2. 2016 წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა N0----- შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2016 წლის 23 მაისის N0----- მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დააფიქსირა.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 13 ივნისის N0----- შემოწმების აქტი (ტომი I, ს.ფ. 174-175), ფოტო (ტომი 1, ს.ფ. 176).

 

3.3. 2016 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ი-----–---–--ის მონაწილეობით 2016 წლის 23 მაისის N0----- მითითებისა და 2016 წლის 13 ივნისის შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. განხილვაზე ი-----–---–--ემ განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ განხორციელდა 2016 წელს, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, რის გამოც დემონტაჟს არ აპირებს.

მტკიცებულება: 2016 წლის 19 ივლისის N0----- ოქმი (ტომი I, ს.ფ. 180).

 

3.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებით ი-----–---–--ე დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით ქალაქ თბილისში, ა-------–ი მდებარე N---------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ ხის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის (განთავსებისთვის). ამავე დადგენილებით ი-----–---–--ეს უნებართვოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟი დაევალა.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილება (ტომი I, ს.ფ.163-165).

 

3.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის N–----- დადგენილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით:

- სამშენებლო სამართალდარღვევის შინაარსი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ქალაქ თბილისში, ა-------–ი N---------------- საკადასტრო კოდზე მოქალაქე ი-----–---–--ის მიერ განხორციელდა ხის შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა (განთავსება) შესაბამისი სანებართვოს დოკუმენტაციის გარეშე“;

- 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და მე-2 პუნქტები კი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ი-----–---–--ე დაჯარიმდეს 10 000 (ათი ათასი) ლარით ქალაქ თბილისში, ა-------–ი, N---------------- საკადასტრო კოდზე უნებართვოდ ხის შენობა-ნაგებობის და ღობის მშენებლობისთვის (განთავსებისთვის)“; „მოქალაქე ი-----–---–--ეს დაევალოს ქალაქ თბილისში, ა-------, N---------------- საკადასტრო კოდზე უნებართვოდ აშენებული (განთვსებული) ზის შნობა-ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი“.

 

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის N–----- დადგენილება (ტომი I, ს.ფ. 166-167).

 

3.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2016 წლის 15 აგვისტოს ი-----–---–--ის განცხადება, 2016 წლის 26 აგვისტოს კი მისი წამომადგენლის - ლ--–-----–---ის დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილების, ამავე სამსახურის 2016 წლის 23 მაისის მითითებისა და 2016 წლის 13 ივნისის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო დადგენილებით უნებართვოდ მიჩნეული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ი-----–---–--ის ერთადერთ საცხოვრებელს, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია, ასევე, არ მომხდარა მხარის ფაქტობრივი მდგომარეობისა და საჭიროების შესწავლა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ განხორციელებულა შეთავაზება ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

მტკიცებულება: განცხადება (ტომი I, ს.ფ. 127); ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი I, ს.ფ. 128-144).

 

3.7. 2017 წლის 5 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ი-----–---–--ის წარმომადგენლის ლ--–----–---ის ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის N–----- დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო დადგენილებით მოხდა არა ტექნიკური ხასიათის შესწორება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ N0----- დადგენილებაში, არამედ არსებითი სახის დამატების შეტანა მასში, რითაც არსებითად გაუარესდა სამართალდამრღვევის მდგომარეობა.

მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 60-65)

 

3.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 თებერვლის N----- ბრძანებით ი-----–---–--ის 2016 წლის 5 აგვისტოს N--------- და მისი წარმომადგენლის ლ--–-----–---ის 2016 წლის 26 აგვისტოს N3-------- ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილება.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 თებერვლის N----- ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 119-126).

 

3.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 აგვისტოს N------ ბრძანებით ი-----–---–--ის წარმომადგენლის ლ--–-----–---ის 2017 წლის 5 იანვრის N---------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის N–----- დადგენილება.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 აგვისტოს N------ ბრძანება (ტომი 2, ს.ფ. 100-104).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილების, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 თებერვლის N----- ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის N–----- დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 აგვისტოს N------ ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებისა და 2016 წლის 16 დეკემბრის N–----- დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, მათი შეფასებისათვის არსებითია, გაირკვეს, მართლზომიერად დაჯარიმდა თუ არა ი-----–---–--ე ქალაქ თბილისში, ა-------–ი მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე ხის შენობა-ნაგებობისა და ღობის დამონტაჟებისათვის და მართლზომიერად დადგინდა თუ არა შესაბამისი სამუშაოების შედეგების დემონტაჟი, ასევე, კანონიერად განხორციელდა თუ არა 2016 წლის 16 დეკემბრის N–----- დადგენილებით 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებაში შესწორების შეტანა.

საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს. დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, თანახმად მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტისა.

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლისა. დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და მითითებული კოდექსით განსაზღვრული ზოგადი ნორმები და პრინციპები გამოიყენება სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევების მიმართ, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უზრუნველყოფს.

დასახელებული კოდექსის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები (მე-15 მუხლის „ი“ პუნქტი).

ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნორმებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი შემდეგი სახით განსაზღვრავს: სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმების მიხედვით, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლი). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი).

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

მითითებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–---–--ისთვის გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შესაბამისი სახდელის - ჯარიმის დაკისრება და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟს დაქვემდებარება კანონიერად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმათა დაცვით მოხდა და მოსარჩელეს არ მიუთითებია შესაბამისი დადგენილების გამოტანისას კანონმდებლობის ისეთ დარღვევაზე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სადავო დადგენილების მიღებისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ა-------–ი მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებული ხის შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა განხორციელდა უნებართვოდ, მასზე პასუხისმგებელი პირი ი-----–---–--ე იყო, სამართალდარღვევა გამოსწორებული არ ყოფილა და მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენდა.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 თებერვლის N----- და 2017 წლის 11 აგვისტოს N------ ბრძანებების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მითითებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებასთან დაკავშირებული დასკვნებიც მიუთითებს (პუნქტი 6.1).

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც სასამართლო ხარჯები გადახდება სახელმწიფოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი-----–---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია