გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210018002439981
საქმე №2/345-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: ნო-----------–---–ი;
მოპასუხე: ალ-----------------–---–ი;
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ალ-----------------–---–ს მოსარჩელე ნო-----------–---–ის სასარგებლოთ დაეკისროს 7200 (შვიდი ათას ორასი) ლარის გადახდა.
1.1.სარჩელის დასაბუთება
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. ხელწერილის მიხედვით სესხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო 10 დრის ვადაში. ამის გარდა მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ სესხი იყო სარგებლიანი, მსესხებელს 10 დღეში უნდა დაებრუნებინა ძირი თანხა 4500 ლარი და პროცენტი 500 ლარი, სულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარი. მოპასუხე ალ-----------------–---–მა ხელწერილში მითითებულ ვადაში თანხა არ დააბრუნა და ამის შემდეგ მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ სესხის თანხის დაბრუნებამდე მოპასუხე გადაიხდიდა ყოველთვიურად მხარეთა მიერ დადგენილ სარგებელს 500 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოპასუხის ჩვენება, რომ მოპასუხემ დაახლოებით ერთი თვის ვადაში მას დაუბრუნა 2000 ლარი და ამის შემდეგ იგი ნაწილ-ნაწილ იხდიდა თანხებს, თვეში 500-600 ლარის ოდენობით ხუთი თვის მანძილზე სულ გადაიხადა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარი და ამის შემდეგ არანაირი თანხა აღარ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ სარჩელზე წარმოდგენილი სესხის მიღების შესახებ ხელწერილი მის მიერ არის დაწერილი. ამ ხელწერილით 2016 წლის 06 იანვარს მოსარჩელისაგან ისესხა 4500 ლარი 10 დღის ვადით. ამის გარდა მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ სესხი იყო სარგებლიანი, მსესხებელს 10 დღეში უნდა დაებრუნებინა ძირი თანხა 4500 ლარი და პროცენტი 500 ლარი, სულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
2.2. წარმოდგენილი შესაგებელით ალ-----------------–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 4700 ლარი. სასამართლო სხდომაზე დააზუსტა თანხა და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით დადგენილ 10 დღის ვადაში მოსარჩელეს დაუბრუნა 2000 ლარი, საიდანაც 1500 ლარი იყო ძირი, ხოლო 500 ლარი სარგებელი. ამის შემდეგ იგი ნაწილ-ნაწილ იხდიდა თანხებს, თვეში 500-600 ლარის ოდენობით ხუთი თვის მანძილზე და სულ მოსარჩელეს ვალში გადასცა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ არსებობდა ზეპირი შეთანხმება მხარეთა შორის, რომ თუ არ მოხდებოდა სესხის გაცემიდან 10 დღის ვადაში თანხის სრულად დაფარვა იგი გადაიხდიდა პროცენტს, თუმცა პროცენტის ოდენობა ამ შემთხვევაში განსაზღვრული არ ყოფილა.
2.3. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ თუ მოსარჩელე სასამართლოში სარჩელს არ შეიტანდა იგი თანახმა იყო ნაწილ-ნაწილ გადაეხადა დამატებით 2000 ლარი სარგებლის სახით, თუმცა რადგან მხარემ სარჩელი აღძრა და მას არ მოურიგდა იგი სარჩელის მოთხოვნას საერთოდ აღარ ცნობს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
3.2. სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო წერილობით სესხის ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. მხარეები დამატებით ზეპირად შეთანხმდნენ, რომ სესხი იყო სარგებლიანი, მსესხებელს 10 დღეში უნდა დაებრუნებინა ძირი თანხა 4500 ლარი და პროცენტი 500 ლარი, სულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარი. მოპასუხე ალ-----------------–---–მა ხელწერილში მითითებულ ვადაში თანხა არ დააბრუნა და ამის შემდეგ მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ სესხის თანხის დაბრუნებამდე მოპასუხე გადაიხდიდა ყოველთვიურად მხარეთა მიერ დადგენილ სარგებელს 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შინაურული ხელწერილები სესხის თანხის აღების თაობაზე;
3.3. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ალ-----------------–---–მა მოსარჩელე ნო-----------–---–ისაგან 2016 წლის 06 იანვარ ამ ხელწერილის საფუძველზე მიიღო 4500 ლარი და ერთი თვის ვადაში მოსარჩელეს დაუბრუნა 2000 ლარი, საიდანაც 1500 ლარი იყო ძირი, ხოლო 500 ლარი სარგებელი. ამის შემდეგ იგი ნაწილ-ნაწილ იხდიდა თანხებს, თვეში 500-600 ლარის ოდენობით ხუთი თვის მანძილზე და სულ მოსარჩელეს გადასცა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შინაურული ხელწერილები სესხის თანხის აღების თაობაზე;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 131-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 10-ე, 54-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 389-ე, 427-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით: სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში სესხის თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობას ორივე მხარე ადასტურებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის თაობაზე შეთანხმებისაგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, კერძოდ მოპასუხის ვალდებულება სესხის დაბრუნების თაობაზე არ იყო შესრულებული ჯეროვნად და დროულად. მოპასუხემ სესხად მიიღო 4500 ლარი და შეთანხმების თანახმად უნდა გადაეხადა სარგებელი 500 ლარი. მოპასუხემ ხუთი თვის ვადაში დაფარა 5200 ლარი, ნაცვლად გადასახდელი 7000 ლარისა. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1800 (ათას რვაასი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 216 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 1800 ლარის ფარგლებში. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს 54 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 427-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნო-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.მოპასუხე ალ-----------------–---–ს მოსარჩელე ნო-----------–---–ის სასარგებლოთ დაეკისროს 1 800 ( ათას რვაასი ) ლარის გადახდა.
3.დარჩენილი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე ალ-----------------–---–ს მოსარჩელე ნო-----------–---–ის სასარგებლოთ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება 54 (ორმოც და თოთხმეტი) ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე