გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
120210018002494377
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №494377-2/476-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - სს ,,-----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ი-----–- გ-----–--

მოპასუხე - ა-- მ------–---–ი (დასწრების გარეშე)

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ა-- მ------–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს – 2417.13 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 700 ლარი, პროცენტი – 524.33 ლარი, პირგასამტეხლო – 1192.80 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 13 თებერვალს მსესხებელ ა-- მ------–---–ზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით, სესხი გაცემულ იქნა 12 თვის ვადით. სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შესრულებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სამომხმარებლო კრედიტის თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა-35 ლარით, გადახდის პერიოდულობა კი თვეში ერთხელ, ყოველი თვის 13 რიცხვში.

 

სესხის სახით 700 ლარის გაცემა დასტურდება მსესხებლის საბანკო ანგარიშის ამონაწერით.

 

სს ”ს----------–--------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, კერძოდ ბანკმა მსესხებელზე სრულად გასცა კრედიტის თანხა 700 ლარის ოდენობით. სესხის პირობების თანახმად მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის-საკომისიოს დაფარვა უნდა ეწარმოებინა ყოველთვიურად თანდართული გრაფიკის მიხედვით.

 

კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. 2017 წლის 13 აპრილს შემდეგ შეწყდა გადახდები.

 

დავალიანების შესახებ მოპასუხეს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა და მიეცა ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ა-- მ------–---–ის მიერ სასამართლოში შესაგებელი არ ყოფილა წარმოდგენილი, მოპასუხე ასევე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ს----------–--------სა“ და ა-- მ------–---–ს შორის 2017 წლის 13 თებერვალს დაიდო ონლაინ სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მასზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით, სესხის ვადა განისაზღვრა 12 თვე. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.5%. სესხის სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა 35 ლარით, გადახდის პერიოდულობა - თვეში ერთხელ ყოველი თვის 13 რიცხვში.

 

3.1.2. მოპასუხემ დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

3.2.1. მოპასუხე ა-- მ------–---–ის დავალიანება 2017 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ შეადგენს – 2417.13 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 700 ლარი, პროცენტი (საკომისიო)– 524.33 ლარი, პირგასამტეხლო - 1192.80.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო მომსახურების პირობები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- კრედიტის დაფრავის გრაფიკი;

- 13.06.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;

- შეტყობინება;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლოს 200 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდე შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული იქნა სხდომა. არ გამოცხადდა მოპასუხე, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები სესხის პირგასამტეხლოს ნაწილში იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში სს „ს----------–--------სა“ და ა-- მ------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა-- მ------–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,-----------–--------სა’’ და ა-- მ------–---–ს) შორის დადებული 2017 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა-- მ------–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 700 ლარი, ხოლო პროცენტი 524,33 ლარს. ამდენად ძირითადი თანხის და პროცენტის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 700 ლარი, რომელის თითქმის ორმაგი ოდენობისაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია, რადგან იგი სესხის თანხაზე მეტია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1192.80 ლარი უნდა შემცირდეს 200 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,-----------–--------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 100 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხე ა-- მ------–---–ს მოსარჩელე სს ,,-----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა. ასევე სს ს----------–--------ს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,-----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ა-- მ------–---–ს (პ/ნ 4----------) სს ,,საქართველოს ბანკის’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1424.33 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 700 ლარი, პროცენტი/საკომისიო - 524.33 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი.

 

3. მოპასუხე ა-- მ------–---–ს (პ/ნ 4----------) სს ,,საქართველოს ბანკის’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

4. სს ,,საქართველოს ბანკს’’ (ს/კ 2--------) ხაზინიდან დაუბრუნდეს 13.06.2018წ. გადახდილი სახელმწიოფ ბაჟიდან 100 ლარიდან 50 ლარი (რეფერენსი 180613025).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი