გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2528592-2/553-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - ი-----–- გ-----–--
მოპასუხე - ს-------- ბ-------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-------- ს--------–---–-
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ საკრდიტო ხელშეკრულებიადან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 2751.64 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1474.39 ლარი, პროცენტი - 771.97 ლარი, პირგასამტეხლო - 505.28 ლარი.
1.2. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 1836.17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1273.43 ლარი, პროცენტი - 140.64 ლარი, პირგასამტეხლო - 422.10 ლარი.
1.3. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ 09.03.2017წ. ხელშეკრულებიდან (ვირტუალური სესხის) გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 476.24 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 218.20 ლარი, პროცენტი/საკომისიო - 45.60 ლარი, პირგასამტეხლო - 212.44 ლარი.
1.4. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 09 მარტს მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ზე გაცემული იქნა ექსპრეს საკრედიტო ბარათი. აღნიშნულთან დაკავშირებით ბანკს და მსესხებელს შორის გაფორმებული იქნა შესაბამისი საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ განაცხადი. ასევე მხარეთა შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ბარათზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 1 200 ლარის ოდენობით. საკრედიტო ლიმიტი დაშვებული იქნა უვადოდ ანუ მსესხებელს საკრედიტო (ხარჯვის) ლიმიტი შეეძლო გამოეყენებინა უვადოდ მომსახურების პირობების შესაბამისად. საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ მნიშვნელოვანი პირობების თანახმად განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისათვის სარგებელი შეადგენდა 48%. ასევე, მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარის ოდენობით, ასევე ვადაგადაცილებული დავალიანების 1,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 100 ლარით და დავალიანების 5%–ის ოდენობით. ასევე საკრედიტო ბარათის გაუქმების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დავალიანების 0.1%.
2017 წლის 09 მარტს სს "ს----------–--------ს" და ს-------- ბ-------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N5427225, რომლის თანახმადაც ს-------- ბ-------–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, წლიური 18.1% სარგებლის დარიცხვით, 12 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით. ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო.
2017 წლის 09 მარტს მსესხებელ ს-------- ბ-------–---–ზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას (ანუ 400 ლარს) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 0 პროცენტი, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%–ის ოდენობით. ამასთან მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა საკომისიო მუხლის 3.13.1 თანახმად.
სს "ს----------–--------ის" მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად მსესხებელზე გაიცა სესხი და საკრედიტო ბარათი. მსესხებელს სესხის და საკრედიტო ბარათით გამოყენებული (გახარჯული) ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ მნიშვნელოვანი პირობების მიხედვით. საკრედიტო ბარათით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საკრედიტო ბარათით მომსახურების მნიშვნელოვანი პირობები და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. მოპასუხემ 2017 წლის აგვისტოს შემდეგ შეწყვიტა გადახდები.
ს-------- ბ-------–---–ს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ. სესხის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა პირობების და ვადების დარღვევა, მის მიერ დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება პირგასამტეხლო.
2017 წლის 09 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან №5427225 გამომდინარე არსებულ დავალიანებაზე სააპლიკაციო განცხადება შეტანილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში, თუმცა მოპასუხის მხრიდან წარდგენილი იქნა პროტესტი. შესაბამისად აპლიკანტს (სს "ს----------–--------ს") უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე. სასამართლოს მოვახსენებთ, რომ სს "ს----------–--------ის" მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური – 100 ლარი, რაც ბანკს არ უბრუნდება, შესაბამისად აღნიშნული თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის მხოლოდ ძირითადი თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ს----------–--------სა“ და ს-------- ბ-------–---–ს შორის 2017 წლის 9 მარტს გაფორმებული იქნა საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელზეც დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 1200 ლარი, უვადოდ. სარგებელი შეადგენდა - 48%. პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარი, ასევე ვადაგადაცილებული დავალიანების 1.5% ვადაგადაცილებულ დღეზე, საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 100 ლარით და დავალიანების 5%–ის ოდენობით. ასევე საკრედიტო ბარათის გაუქმების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დავალიანების 0.1%.
3.1.2. 2017 წლის 09 მარტს სს "ს----------–--------ს" და ს-------- ბ-------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N5427225, რომლის თანახმადაც ს-------- ბ-------–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, წლიური 18.1% სარგებლის დარიცხვით, 12 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით.
3.1.3. 2017 წლის 09 მარტს მსესხებელ ს-------- ბ-------–---–ზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 0 პროცენტი, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%–ის ოდენობით. ამასთან მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა საკომისიო.
3.1.4. მოპასუხემ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და პირობები.
3.1.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპრეს პაკეტის განაცხადი N5427225;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- საკრედიტო ხელშეკრულება N547225;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- საბანკო მომსახურების პირობები;
- ანგარიშიდან ამონაწერები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- შეტყობინება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ის დავალიანება 2017 წლის 9 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2751.64 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1474.39 ლარი, პროცენტი - 771.97 ლარი, პირგასამტეხლო - 505.28 ლარი.
3.2.2. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ის დავალიანება 2017 წლის 9 მარტის საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 1762,74 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1200 ლარი, პროცენტი - 140.64 ლარი, პირგასამტეხლო - 422.10 ლარი.
3.2.3. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ის დავალიანება 2017 წლის 9 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ვირტუალური სესხი) შეადგენს - 476.24 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 218.20 ლარი, პროცენტი - 45.60 ლარი, პირგასამტეხლო - 212.44 ლარი.
3.2.4. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპრეს პაკეტის განაცხადი N5427225;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- საკრედიტო ხელშეკრულება N547225;
- სესხის გადახდის გრაფიკი;
- საბანკო მომსახურების პირობები;
- ანგარიშიდან ამონაწერები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- შეტყობინება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ს-------- ბ-------–---–მა ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''ს----------–--------სა'' და ს-------- ბ-------–---–ს შორის საკრედიტო (სესხის) ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ს-------- ბ-------–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და ს-------- ბ-------–---–ს) შორის გაფორმებული 2017 წლის 9 მარტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ს-------- ბ-------–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს 09.03.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1474.39 ლარს, 09.03.2017წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან - 1200 ლარს, ხოლო 09.03.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან (ვირტუალური სესხი) - 218.20 ლარს. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს. აქვე, სასამართლო აღნიშნავს რომ საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს უნდა დაეკისროს ძირითადი თანხის 1200 ლარის გადახდა, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულბით სესხის ოდენობა განისაზღვრა 1200 ლარით, ამდენად დამატებით - 73,43 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება საფუძველს მოკლებულია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამავე კოდესის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 09.03.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან - 771.97 ლარს, 09.03.2017წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან - 140.64 ლარს, ხოლო 09.03.2017წ. ვირტუალური სესხიდან - 45.60 ლარს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს ძირითადი თანხის 1/6 მდე.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 9 მარტის სესხის ხელშეკრულების 5.2. მუხლში მითითებულია: მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ 09.03.2017წ. N5427225 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 154.93ლარი.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ს-------- ბ-------–---–მა სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრვი, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 43.21 ლარის გადახდა. ასევე სს ს----------–--------ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 86,77 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ 09.03.2017წ. საკრდიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 2492.09 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1474.39 ლარი, პროცენტი - 771.97 ლარი, პირგასამტეხლო - 245.73 ლარი.
გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.2. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ 09.03.2017წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 1552,87 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1200 ლარი, პროცენტი - 140.64 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი.
1.3. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ 09.03.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან (ვირტუალური სესხი) გამდომაინრე დაეკისროს დავალიანების - 300.16 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 218.20 ლარი, პროცენტი - 45.60 ლარი, პირგასამტეხლო - 36.36 ლარი.
2. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ს-------- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 43.21 ლარის გადახდა.
4. სს ს----------–--------ს დაუბრუნდეს 03.07.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 154.93 ლარიდან 86,77 ლარი
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი