გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
110210118002477402
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210118002477402

N 2/528-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.09.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე სს ,,--------------”,წარმომადგენელი კ----------ა,მოპასუხე მ----------------ე,გ-------------–---–ი,ბ-------------ე,ვ--–-------------------ე,წარმომაადგენელი მ-----------ე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს მ----------------ეს, გ-------------–---–ს, ბ-------------ეს და ვ--–-------------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,--------------ს“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4480.74 აშშ დოლარის ანაზღაურება;

1.2. მოსარჩელე სს ,,--------------ს“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 332.27 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, სატრანსპორტო საშუალებებზე ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯის 52 ლარის და გამარტივებული წარმოებისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 283.63 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელის პოზიცია

2015 წლის 30 აპრილს შპს ,-------------------------------–-------------“ და მოპასუხე მ----------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N 20150430MKVAN, რის საფუძველზედაც მასზე გაიცა სესხი 5000 ლარი 36 თვის ვადით - 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.25%-ს თვეში; გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 5%, ნაგრამ არა ნაკლები 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

2015 წლის 30 აპრილს მოპასუხეებმა გ-------------–---–მა, ბ-------------ემ და ვ--–-------------------ემ თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს სოლიდარული თავდებობის ვალდებულება მ----------------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე და მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7697.38 აშშ დოლარის ფარგლებში.

მოპასუხე მ----------------ის მიერ რამდენჯერმე დაირღვა სესხის გადახდის გრაფიკი და მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ შესრულდა და ერიცხებათ დავალიანება 4480.74 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2627.43 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 683.51 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი 125.11 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 16.06 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო -1028.63 აშშ დოლარი.

მოსარჩელე მხარის მიერ ასევე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის, სატრანსპორტო საშუალებებზე ცნობის აღებისათვის გასწია ხარჯი 52 ლარი. გამარტივებული წარმოებისათვის მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გადაიხადა ხარჯი 283.63 ლარი. მოპასუხეების პროტესტის საფუძველზე საქმის წარმოება შეწყდა. გაწეული საპროცესო ხარჯები უნდა აანაზღაურონ მოპასუხეებმა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

წარმოდგენილი შესაგებლებებით მოპასუხეებმა მ----------------ემ, გ-------------–---–მა, ბ-------------ემ და ვ--–-------------------ემ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, თანახმა არიან მოსარჩელეს გადაუხადონ 3000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად. პირგასამტეხლო და ჯარიმა კი მიაჩნიათ შეუსაბამოდ მაღალი და მიაჩნიათ, რომ არ უნდა დაეკისროთ.

სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზეც მოპასუხეთა წარმომადგენელმა მ-----------ემ და მოპასუხე ბ-------------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანახმაა მოსარჩელეს აუნაზღაურდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გარეშე სესხის ძირი და სარგებლის ნაწილი სულ 3000 აშშ დოლარის ფარგლებში. ვინაიდან სარგებლის ოდენობაც მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალია და სცილდება ეროვნული ბ----- მიერ დადგენილ ოდენობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 30 აპრილს შპს ,-------------------------------–-------------“ და მოპასუხე მ----------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N 20150430MKVAN, რის საფუძველზედაც მასზე გაიცა სესხი 5000 ლარი 36 თვის ვადით - 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულება N 20150430MKVAN დადებული 2015 წლის 30 აპრილს;

- მხარეთა განმარტება

 

3.1.2. 2015 წლის 30 აპრილს მოპასუხეების გ-------------–---–ის, ბ-------------ის და ვ--–-------------------ის თავდებობის შესახებ განცხადების საფუძველზე მათსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე იკისრეს სოლიდარული თავდებობის ვალდებულება მ----------------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე და მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7697.38 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- თავდების განცხადებები;

- ხელშეკრულებები თავდებობის შესახებ;

- მხარეთა განმარტება

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი და მოპასუხე მ----------------ეს ყოველი თვის 8 რიცხვში უნდა გადაეხადა 212.62 აშშ დოლარი. მოპასუხემ 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით გადახდილი აქვს ვადის დარღვევით ძირი თანხიდან 2372.57 აშშ დოლარი. შემდეგ საერთოდ შეწყვიტა გადახდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- გადახდების ისტორია;

- მხარეთა განმარტება

 

3.1.4. 2016 წლიდან მოპასუხე მ----------------ემ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი. როგორც ძირითადი მსესხებელი, ასევე თავდები პირები გაფრთხილებული იყვნენ დაეცვათ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და განეხორციელებინათ გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახდელი თანხის გადახდა, მაგრამ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- გაფრთხილებები მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. 2018 წლის 11 აპრილს მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით და გაიღო ხარჯი 283.63 ლარი. მოპასუხეების პროტესტის წარდგენის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

- მხარეთა განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2.25%-ს თვეში; გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 5%, ნაგრამ არა ნაკლები 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულება N 20150430MKVAN დადებული 2015 წლის 30 აპრილს;

- მხარეთა განმარტება

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ ს.ს. ,------------–-----------’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 403-ე, 417-ე, 420-ე, 463-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 , 49-ე, 53-ე, 131, 208-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს როგორც მოსამზადებელ ასევე მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ ბ-------------ემ და მოპასუხეთა წარმომადგენელმა მ-----------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ თანახმაა მოპასუხეებმა აუნაზღაურონ მოსარჩელე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა და დარიცხული პროცენტის ნაწილი ჯამში 3000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე სარჩელს ცნობენ შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის, სატრანსპორტო საშუალებებზე ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯის 52 ლარის და გამარტივებული წარმოებისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 283.63 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ხოლო დარიცხული პროცენტის ნაწილის და პირგასამტეხლოს გადახდაზე უარი განაცხადეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოებების არსებობის ან არასებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე მოპასუხეთა მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2015 წლის 30 აპრილს შპს ,-------------------------------–-------------“ და მოპასუხე მ----------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N 20150430MKVAN, რის საფუძველზედაც მასზე გაიცა სესხი 5000 ლარი 36 თვის ვადით - 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით. სესხის დაბრუნების პირობით. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 2.25% თვეში; აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ თვეში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად 36 თვის განმავლობაში 2018 წლის 08 მაისის ჩათვლით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი მოპასუხე მ----------------ის მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი და კანონსაწინააღმდეგო არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

მოპასუხე მხარემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა სესხის დაფარვა, შესაბამისად მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის სახით აღებული როგორც ძირი თანხა ასევე სარგებელი 683.51 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეებმა - გ-------------–---–მა, ბ----- ჩ--------- და ვ--–-------------------ემ 2015 წლის 30 აპრილს მოსარჩელესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბ----- წინაშე აიღეს ვალდებულება ბ----ა და მოპასუხე მ----------------ეს შორის 2015 წლის 30 აპრილს დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ. მათი პასუხისმგებლობა კი განისაზღვრა 7697.38 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მ----------------ის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მიუხედავად გაფრთხილებისა მან ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად ვალდებულების შესრულება და მოსარჩელეს წარმოეშვა თავდებთა მიმართ მოთხოვნის უფლება.

 

უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეულია სესხის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,--------------“ უფლებამოსილია მოპასუხეებისაგან სოლიდალურად მოითხოვოს მ----------------ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

6.4. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის თანახმად ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 5%, ნაგრამ არა ნაკლები 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დარიცხულმა ჯარიმამ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 0.27% შეადგენს 887.98 აშშ დოლარს ხოლო 5% შეადგენს 140.65 აშშ დოლარს, ჯამში შეადგინა 1028.63 აშშ დოლარი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იგი მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ვერ მიენიჭება მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, მისი დაკისრება მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას და არა დარღვეული უფლების აღდგენას, რაც საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს. მოპასუხეებს მ----------------ეს, გ-------------–---–ს, ბ----- ჩ--------- და ვ--–-------------------ეს მოსარჩელის სს ,,--------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 5%-ის ნაცვლად 0,5% ანუ 140.65 აშშ დოლარის, ნაცვლად 14.06 აშშ დოლარი, მაგრამ არა ნაკლები 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27% -ის ნაცვლად 0,027%, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, თანხით 887.98 აშშ დოლარის ნაცვლად 88.80 აშშ დოლარი, რაც ჯამში შეადგენს არა 1028.63 აშშ დოლარს არამედ 102.86 აშშ დოლარს.

 

6.6. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საბოლოო ჯამში სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეების მ----------------ის, გ-------------–---–ის, ბ----- ჩ--------- და ვ--–-------------------ის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 3554.97 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2627.43 აშშ დოლარი, პროცენტის თანხა- 683.51 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი 125.11 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო 16.06 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 102.86 აშშ დოლარი. მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გამარტივებული წარმოების დაწყებისათვის გადახდილი თანხის 283.63 ლარის და სატრანსპორტო საშუალებებზე ცნობისათვის გაწეული ხარჯის 52 ლარის ანაზღაურება.

 

ხოლო მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს 925.77 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე მხარეები თავისუფალი არიან 3000 აშშ დოლარის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც პროპორციულად შეადგენს 67% ლარს, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც პროპორციულად შეადგენს 222.62 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს - მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 12%-ის ანაზღაურება, რაც პროპორციულად შეადგენს 39.87 ლარს.

 

არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს ,,--------------ს“ სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავიდან 925.77 აშშ დოლარის ნაწილში და ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანუ 21% თანხით 69.78 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 250-ე, 257, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ს.ს. ,, კ------- ბ----- ’’ ( ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1 მოპასუხე მ----------------ეს (პ/ნ 1----------), გ-------------–---–ს (პ/ნ 2----------), ბ----- ჩ--------- (პ/ნ 2----------) და ვ--–-------------------ეს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე ს.ს. ,, კ------- ბ----- ’’ ( ს/კ 2--------) , სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3554.97 აშშ დოლარის (სამი ათას ხუთას ორმოცდათოთხმეტი აშშ დოლარის და 97 ცენტის) ანაზღაურება, საიდანაც ძირითადი თანხაა 2627.43 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 683.51 აშშ დოლარი, სადაზღვევო შესატანი 125.11 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო 16.06 აშშ დოლარი, 102.86 აშშ დოლარი პირგასამტეხლო.

 

1.2 მოპასუხე მ----------------ეს (პ/ნ 1----------), გ-------------–---–ს (პ/ნ 2----------), ბ----- ჩ--------- (პ/ნ 2----------) და ვ--–-------------------ეს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე ს.ს. ,, კ------- ბ----- ’’ ( ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 425.50 (ოთხას ოცდახუთი ლარის და 50 თეთრის) ანაზღაურება, საიდანაც 52 ლარი არის სატრანსპორტო საშუალებებზე ცნობის აღების ხარჯი, 283.63 ლარი არის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი ხარჯი, 39.87 ლარი არის სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო 50 ლარი არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

2. სარჩელი პირგასამტეხლოს 925.77 აშშ დოლარის (ცხრაას ოცდახუთი აშშ დოლარის და 77 ცენტის) ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოსარჩელე ს.ს. ,, კ------- ბ---- ’’ ( ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 222.62 ლარი ( ორას ოცდაორი ლარი და 62 თეთრი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღია 2018 წლის 31 მაისი, საგადასახადო დავალება N 235018.

 

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 69.78 ლარი (სამოცდაცხრა ლარი 78 თეთრი) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

5. სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ს.ს. ,, კ------- ბ-----’’ შუამდგომლობის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ვ--–-------------------ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარჩეს უცვლელი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელენე ოსაძე