გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
330210018002288863
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3448-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: კახა კომლაძე

მოსარჩელე მზ-----------------

წარმომადგენელი მა---------–-

მოპასუხე ქე----------------

წარმომადგენელი ნა-------------

დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ქე----------------სათვის მოსარჩელე მზ-----------------ს სასარგებლოდ 2800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

2016 წლის 18 თებერვლის ხელწერილის საფუძველზე მოსარჩელე მ------------------მა მოპასუხე ქ----------------ს ასესხა 2800 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის ოდენობა შეადგენდა 7%-ს. მოსარჩელის განმარტებით მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ თანხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო 2017 წლის 18 თებერვალს. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეს არ გადაუხდია სარგებელი, რის გამოც ძირითადი თანხის დაბრუნება მოითხოვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ხელწერილით სესხის დაბრუნების კონკრეტული ვადა არ იყო განსაზღვრული. მოპასუხე სესხის აღებიდან ყოველთვიურად პროცენტის სახით იხდიდა 190 აშშ დოლარს, ასევე იხდიდა სესხის სახით ცალკე აღებული 100 აშშ დოლარისათვის გათვალისწინებულ სარგებელს თვეში 10 აშშ დოლარს. მისი განმარტებით მთლიანად პროცენტის სახით გადახდილი აქვს 2000 აშშ დოლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ------------------მა მოპასუხე ქ----------------ს ასესხა ჯამში 2800 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის ოდენობა შეადგენდა 7%-ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ხელწერილი.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას მის მიერ პროცენტის სახით გადახდილი 2000 აშშ დოლარის ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად ჩათვლისა და ამ ნაწილში ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე შესაგებელში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ უსახსრობის გამო, მის მიერ პროცენტის სახით გადახდილი 2000 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში და ამ თანხით უნდა შემცირდეს კრედიტორის წინაშე გადასახდელი სესხის ძირი თანხა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, გასარკვევია: 1. გამსესხებელს - მ------------------ს მიღებული აქვს თუ არა 2000 აშშ დოლარი. 2. მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იყო თუ არა პროცენტი. 3. გადასახდელი პროცენტის ოდენობა.

 

1.მოსარჩელე სადავოდ ხდის პროცენტის სახით 2000 აშშ დოლარის მიღების ფაქტს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. აქედან გამომდინარე, მოვალეს ეკისრება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წერილობითი სახის მტკიცებულება, რა სახის მტკიცებულების წარდგენაც კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მხოლოდ მოპასუხის განმარტებას, სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტის სახით 2000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.

 

2. მხარეთა განმარტებებით დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ შეთანხმებით ორივე სესხისათვის გათვალისწინებული იყო ყოველთვიური სარგებელი 7%-ის ოდენობით.

 

მოპასუხემ შესაგებელშიც და სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ სესხისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს ყოველთვიურად 7% სარგებლის გადახდა.

 

3. სესხის ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი პროცენტის ოდენობა აღემატება 2000 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 18 თებერვალს. მოპასუხე სადავოდ ხდის ამ გარემოებას და აღნიშნავს, რომ მხარეები სესხის დაბრუნების ვადაზე არ შეთანხმებულან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის საფუძვლად წარმოდგენილ ხელწერილში სესხის დაბრუნების ვადაზე მითითება არ არსებობს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეთანხმება ვადასთან დაკავშირებით წერილობით არ არის გაფორმებული და მოპასუხე უარყოფს ვადაზე შეთანხმებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, არ დგინდება მხარეთა შეთანხმება 2017 წლის 18 თებერვალს სესხის დაბრუნების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. სასამართლო მიუთითებს, რომ სესხის დაბრუნების ვადასთან დაკავშირებით, თუ გაზიარებული იქნებოდა მოსარჩელის განმარტება, 2016 წლის 18 თებერვლიდან ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი პროცენტის თანხა შეადგენს 2352 აშშ დოლარს, რაც აღემატება მოპასუხის მიერ მითითებულ 2000 აშშ დოლარს. (2800 აშშ დოლარის 7% თვეში), ხოლო მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ვადაში გადასახდელი პროცენტის გადახდევინება გაგრძელდებოდა კრედიტორის მიერ მოთხოვნის უფლების გამოყენებამდე, სარჩელის აღძვრამდე 2018 წლის 05 თებერვლამდე პერიოდზე.

 

ამდენად, გარდა იმისა, რომ მოპასუხის მიერ პროცენტის სახით 2000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი არ დგინდება, სასამართლოს მიერ დადგენილი სესხის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მსესხებელს ქ----------------ს ამ ოდენობის თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა გამსესხებლის წინაშე. მოპასუხის მიერ მითითებული მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მზ-----------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 2800 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 427-ე, 429-ე, 361-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, 800 აშშ დოლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის 800 აშშ დოლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ან ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხე ქ----------------ს სესხის სახით გადასცა 2800 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე მზ-----------------ს წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 213 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ქ----------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მზ-----------------ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 152.18 ლარის გადახდა.

 

საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 60.82 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მზ-----------------ს სარჩელი ქე----------------ს მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასეხე ქ----------------ს მოსარჩელე მზ-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2800 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა.

1.2 მოპასეხე ქ----------------ს მოსარჩელე მზ-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 152.18 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

2. მოსარჩელე მ------------------ს დაუბრუნდეს 2017 წლის 25 დეკემბრის N-- საგადახდო დავალებით მა---------–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 213 ლარიდან, 60.82 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია