გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
330210018002415379
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე - შპს „ა------------------–---------–----------–------–--------–-----

ს---------------------–----ა“

წარმომადგენელი - მ-----–-–--–---–ი, ს-----------–---–ი

მოპასუხე - ი-----–----ე

წარმომადგენლები - თ------------ე, ა-----------ე

დავის საგანი -ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი-----–----ეს შპს „ა------------------–---------–----------–------–--------–----- ს---------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით 7995,57 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ი-----–----ე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ა------------------–---------–----------–------–--------–---- ს---------------------–----ასთან“, მას ეკავა უფროსი ექთნის პოზიცია კრიტიკული და ინტერვენციული თერაპიის დეპარტამენტში და წარმოადგენდა ამავე დეპარტამენტში არსებული სახარჯი მასალებისა და მედიკამენტებზე პასუხისმგებელ პირს.

 

მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა 2015 წლის პირველი აპრილიდან შეწყდა, რის შემდეგაც მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა არსებული სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების მისი შემცვლელისთვის გადაბარება.

 

2017 წელს კ-–----აში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ი-----–----ის მუშაობის პერიოდში სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების დანაკლისი 7995,57 ლარს შეადგენს. დანაკლისი მოპასუხის პერიოდიდან რომ მომდინარეობს, ამავე პოზიციაზე მოპასუხის უფლებამონაცვლის მოხსენებითი ბარათიდანაც დგინდება, სადაც აღნიშნულია, რომ გადაბარების პერიოდში არსებული ნაშთი არ დაემთხვა პროგრამულ ნაშთს, ეს პრობლემა ი-----–----ესთან გადაბარების დროსაც არსებობდა. თავად ინვენტარიზაცია მხოლოდ 2017 წელს იმიტომ ჩატარდა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ გადაბარების პროცესი მოპასუხის მიზეზით დროულად ვერ განხორციელდა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის უშუალო ვალდებულებაში შედიოდა სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების აღრიცხვა, დანაკლისის ან შეუსაბამობის შემთხვევაში მასზე პასუხისმგებლობა მოპასუხეს ეკისრებოდა. დანაკლისის ანაზღაურების მოთხოვნით კ-–----ამ მიმართა ი-----–----ეს, თუმცა ვალდებულება მას ამ დრომდე არ შეუსრულებია.

 

მტკიცებულება:

- სარჩელი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (03.09.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობითი წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კ-–----აში ამ კუთხით არსებობდა პროგრამული ხარვეზები. მის მიერ ხდებოდა რეაგირება, რაიმე სახის დანაკლისის ან ზედმეტობის შესახებ მიუთითებდა მოხსენებით ბარათებში, თუმცა ამას რეაგირება არასდროს მოჰყოლია, ხოლო პროგრამული ხარვეზების გამოსწორება მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

 

ინვენტარიზაციის შემდგომ მიღებულ ინფორმაციით არ დგინდება, რა პერიოდს მოიცავს დანაკლისი და რომელ წლებში მიიღო კ-–----ამ დანაკლისი, შესაძლოა იგი მოიცავდეს ასევე 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდსაც, როდესაც შრომითი ურთიერთობა მხარეებს შორის უკვე შეწყვეტილი იყო. გარდა ამისა, თავად ინვენტარიზაციაც კ-–----ას უნდა განეხორციელებინა არა 3 წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველწლიურად, როგორც ეს ევალებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 23.07.2010 წლის N605 ბრძანებით.

 

გარდა ამისა, მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა 2015 წლის აპრილის თვეში შეწყდა. ინვენტარიზაცია მოსარჩელეს ყოველწლიურად არ ჰქონდა ნაწარმოები, ხოლო 2017 წელს განხორციელებული ინვენტარიზაციით არ დგინდებოდა, რომ დანაკლისი მოპასუხის მუშაობის პერიოდში იყო წარმოქმნილი. ასეც რომ ყოფილიყო, ხანდაზმულობის ვადაში მხოლოდ 2015 წელის იმ პერიოდის დანაკლისი შეეძლო მოსარჩელეს მოეთხოვა, სანამ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა.

 

მტკიცებულება:

- შესაგებელი;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (03.09.2018 წლის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის რეპლიკა (14.09.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ა------------------–---------–----------–------–--------–---- ს---------------------–----ას“ და ი-----–----ეს შორის 2007 წლიდან 2015 წლის 1 აპრილამდე პერიოდში არსებობდა შრომითი ურთიერთობა, მოპასუხეს ეკავა უფროსი მედდის თანამდებობა და დასაქმებულის სამუშაო აღწერილობა განისაზღვრა ხელშეკრულების N1 დანართით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება.

 

3.1.2. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მისი, როგორც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი მედდის, უშუალო ფუნქციას წარმოადგენდა დეპარტამენტისთვის თვის განმავლობაში გადაცემული სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიურ რეჟიმში დეტალური აღრიცხვა და მონაცემების ბუღალტერიისთვის გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. შპს „ა------------------–---------–----------–------–--------–---- ს---------------------–----აში“ 2017 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს გამოვლინდა სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების დანაკლისი. ინვენტარიზაცია შეეხო 2007 წლიდან 2017 წლების პერიოდს და დანაკლისი შეადგენდა 7995,57 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 24.10.2017 წლის N---------- წერილი.

 

3.1.4. შრომითი ურთიერთობის პერიოდში ი-----–----ის მიერ კ-–----ის დირექტორის სახელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათების საშუალებით, პერიოდულად ხდებოდა ჩამოწერილი, კ-–----ის სხვა დეპარტამენტისთვის გადაწერილი, გახარჯული ან ვადაგასული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ინფორმაცია ეხებოდა ასევე მედიკამენტების ჟურნალში გატარებული მედიკამენტების რაოდენობასა და ელექტრონულ ხართჯაღრიცხვას (კალკულაციას) შორის სხვაობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.08.2013 წლის, 31.03.2014 წლის, 04.04.2014 წლის, 12.03.2015 წლის მოხსენებითი ბარათები;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი დანაკლისი 2007 წლიდან 2017 წლამდე პერიოდის დანაკლისს წარმოადგენს. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

მოპასუხის ახსნა-განმარტებით, შპს „ა------------------–---------–----------–------–--------–----- ს---------------------–----ასთან“ შრომითი ურთიერთობის გაფორმებისას მასთან გადაბარება არავის მოუხდენია და მუშაობის დაწყება ნულიდან განხორციელდა. აღნიშნულიდან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ შრომითი ურთიერთობის დაწყებისას კ-–----ას სახარჯო მასალებისა და მედიკამენტების დანაკლისი არ ჰქონდა.

 

დადგენილია, რომ ი-----–----ის უშუალო ფუნქციას წარმოადგენდა დეპარტამენტისთვის თვის განმავლობაში გადაცემული სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიურ რეჟიმში დეტალური აღრიცხვა და მონაცემების ბუღალტერიისთვის გადაცემა.

 

ი-----–----ის შემდგომ უფროსი მედდის პოზიციაზე მუშაობდა დ-------------------ი, როლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს უკვე ქ--------------ე. ქ--------------ის 2017 წლის 16 მაისის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ მასსა და დ-------------------ს შორის განხორციელდა გადაბარება, რაც მოიცავდა კრიტიკული მედიცინის მიმართულების საწყობში, ასევე განყოფილებაში (ე.წ. „პოსტებზე“) არსებული რაოდენობების დათვლას და პროგრამაში არსებულ მონაცემებთან შედარებას. გადაბარებისას არსებული ნაშთი არ დაემთხვა პროგრამის ნაშთს. აღნიშნული პრობლემა არსებობდა ასევე დ-------------------სა და ი-----–----ეს შორის გადაბარებისას. ადრეულ პერიოდზე დანაკლისის არსებობაზე მიუთითებს ასევე თავად ი-----–----ის 2017 წლის 3 მაისის მოხსენებითი ბარათით, თუმცა მოპასუხე აღნიშნულ პრობლემას უკავშირებს მატერიალური რესურსების პროგრამულ ხარვეზს. მისი განმარტებით, სამუშაო პროცესში შედარება ხდებოდა ავადმყოფების ისტორიასა და ხარჯვის ჟურნალს შორის, ხოლო ელექტრონულ პროგრამაში არსებულ მონაცემებთან შედარება ხდებოდა თვეში ერთხელ და ფიქსირდებოდა ხარვეზები. აღნიშნული პროცედურა არაეფექტური იყო და არ უზრუნველყოფდა სიზუსტით პროგრამულად ხარჯვის პროცესს. ხოლო ოპერატორის მუშაობის კონტროლი და ხარჯის პროგრამული კონტროლი მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას პროგრამულ ხარვეზთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი ახსნა-განმარტების გარდა სხვა რაიმე მტკიცებულება ამ გარემოებას არ ადასტურებს. ხოლო მტკიცებულება, რაც მოპასუხის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა.

 

მოპასუხე მიუთითებს ასევე, ხარჯვის ფურცლებზე, სადაც აღწერილი იყო მასალებისა და მედიკამენტების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ვინაიდან მოპასუხის განმარტებით, ეს მის მტკიცების ტვირთს არ წარმოადგენდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებენ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.

 

გარდა ამისა, დანაკლისის დაკორექტირების მიზნით 2015 წლიდან შემდგომში გარკვეული პერიოდი კ-–----ასა და მოპასუხეს შორის ხდებოდა თანამშრომლობა - მოპასუხე აწვდიდა კ-–----ას ინფორმაციას სხვადასხვა საწყობებში ვადაგასული სახარჯი მასალების, მედიკამენტებისა თუ დაზიანებული იარაღების შესახებ, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის გადაწერილი ან სხვა წესით ჩამოსაწერი მასალებისა და მედიკამენტების შესახებ. სწორედ მოპასუხის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მასში მითითებული მონაცემების გამოკლებით, კ-–----ის მხრიდან შედგა დაკლებული ერთჯერადი სახარჯი მასალის ცხრილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ--------------ის მოხსენებითი ბარათი და დაკლებული ერთჯერადი სახარჯი მასალების სია;

- 19.08.2013 წლის, 31.03.2014 წლის, 04.04.2014 წლის, 12.03.2015 წლის და 08.05.2017 წლის მოხსენებითი ბარათები, 19.08.2013 წლის მოთხოვნა;

 

3.2.2. სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ შპს „ა------------------–---------–----------–------–--------–---- ს---------------------–----ას“, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციას, ინვენტარიზაცია წელიწადში ერთხელ უნდა ეწარმოებინა, თუმცა ამავდროულად ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას ინვენტარიზაციის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ი-----–----ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 2017 წლამდე პერიოდში ინვენტარიზაციის ჩატარებას ხელს უშლიდა მოპასუხის მიერ ინფორმაციის ეტაპობრივად მიწოდება.

 

სადავო არაა, რომ დანაკლისის დაკორექტირების მიზნით 2015 წლიდან შემდგომში გარკვეული პერიოდი კ-–----ასა და მოპასუხეს შორის ხდებოდა თანამშრომლობა - მოპასუხე აწვდიდა კ-–----ას ინფორმაციას სხვადასხვა საწყობებში ვადაგასული სახარჯი მასალების, მედიკამენტებისა თუ დაზიანებული იარაღების შესახებ, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის გადაწერილი ან სხვა წესით ჩამოსაწერი მასალებისა და მედიკამენტების შესახებ. ინფორმაციის მიწოდება კი მოპასუხის მიერ ერთ დღეში არ განხორციელებულა. აღნიშნული გარემოება თავისთავად აფერხებდა ინვენტარიზაციის ჩატარებას.

 

რაც შეეხება მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის პერიოდში ინვენტარიზაციის ჩატარების ფაქტს, ვერცერთმა მხარემ ვერ დაადასტურა და არც გამორიცხა აღნიშნული გარემოება. აღნიშნულის მიუხედავად, მისი განუხორციელებლობა არ გამორიცხავს მოპასუხის მუშაობის პერიოდში დანაკლისის არსებობას და შრომითი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. გარდა ამისა, ი-----–----ის უშუალო ფუნქციას წარმოადგენდა სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიურ რეჟიმში დეტალური აღრიცხვა და მონაცემების ბუღალტერიისთვის გადაცემა და კ-–----ას გააჩნდა იმის მოლოდინი, რომ ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში მოპასუხის მიერ ვალდებულება ჯეროვნად სრულდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება;

- მოხსენებითი ბარათები.

 

3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა------------------–---------–----------–------–--------–----- ს---------------------–----ის“ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და ყოველწლიურად ინვენტარიზაციის განუხორციელებლობა არ ხდის მოთხოვნას ხანდაზმულს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე სადავოდ ხდის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის მომენტს და განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის ყოველწლიურად წარმოების ვალდებულების პირობებში 2015 წლამდე არსებული დავალიანება ხანდაზმულია. ხოლო ვინაიდან ინვენტარიზაციის აქტით საერთოდ არ დგინდება დანაკლისის პერიოდულობა, მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ზოგადად, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა კრედიტორმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი მეორე მხარეს აწევს (იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაკლისის არსებობის შესახებ კ-–----ისთვის ცნობილი ინვენტარიზაციის შედეგად, 2017 წელს გახდა ცნობილი, ხოლო მანამდე მისი ცოდნა მოსარჩელეს გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტში დადგენილი ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო. ამდენად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2017 წლიდან უნდა განხორციელდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 24.10.2017 წლის N---------- წერილი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ა------------------–----------–----------–------–--------–----- ს---------------------–----ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 361.2 შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხოლო 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები 2007 წლიდან 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, სადაც ი-----–----ე იყო დასაქმებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი მედდის პოზიციაზე.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მისთვის ზიანის მიყენება.

 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროს ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე მსჯელობისას აუცილებელია დადგინდეს, თუ რამდენად არის სახეზე ვალდებულების დარღვევა და ამ დარღვევის შედეგად კრედიტორისათვის ზიანის მიყენება. მოდავე მხარემ უნდა დაადასტუროს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად და არასათანადოდ შესრულება, რამაც ზიანი მიაყენა მას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი-----–----ის უშუალო ფუნქციას წარმოადგენდა სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიურ რეჟიმში დეტალური აღრიცხვა და მონაცემების ბუღალტერიისთვის გადაცემა. სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების დანაკლისი მოიცავს იმ პერიოდს, როცა ი-----–----ე შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, ამავდროულად მოპასუხემ დანაკლისის მისი ბრალის გარეშე არსებობის დამაჯერებელ მტკიცებულებებზე ვერ მიუთითა. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს რომ სარჩელით მოთხოვნილი ზიანი არის დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის შედეგი და მას უნდა დაეკისროს ზიანის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

რაც შეეხება ხანდაზმულობას, სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.3.პუნქტით დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა ხანდაზმულობის საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებაზე და მისი პოზიცია გაზიარებული ვერ იქნება.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 240 ლარი. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლით აღნიშნული ბაჟის ანაზღაურება ი-----–----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–----- ს---------------------–----"-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ი-----–----ეს შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–----- ს---------------------–----ა"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 7995.57 ლარი.

 

3. ი-----–----ეს შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–----- ს---------------------–----"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 240 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე