გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210117001940072
( 2/340-2017 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ს----ი
შესავალი ნაწილი
ს----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - თემურ ჩიტაია
მოსარჩელე - კო-–-–-- გრ----- ტო---
თარჯიმანი - ნე-–- ოს------ი
მოპასუხე - კო-- გრ-----–-ა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხის კო-- გრ-----–-ას უკანონო მფლობელობიდან კო-–-–-- გრ----- ტო---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ-4--0--2--1--) -ქ. ს----ში, აგ------ს ქ.№7--ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (448.00 კვ/მ) და შენობა-ნაგებობის (105 კვ/მ) გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კო-–-–-- გრ----- ტო---ისათვის ჩაბარება.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
აუქციონზე შეიძინა -ქ. ს----ში, აგ------ს ქ.№7--ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ-4--0--2--1--), რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე.
აღნიშნულ უძრავ ქონებას მოპასუხე კო-- გრ-----–-ა, ფლობს უკანონოდ, მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, იგი არ ათავისუფლებს ფართს. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს არ ეძლევა თავისი კუთვნილი უძრავი ქონებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე კო-- გრ-----–-ამ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მასსა და უძრავი ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს -რ---–----ი კ------ს შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება, მოპასუხემ მიუთითა, რომ მათ შორის არსებობდა შეთანხმება სესხის სრულად დაბრუნებამდე ეცხოვრა სადავო სახლში. სახლის თავდაპირველი მესაკუთრის მიერ ფულადი ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.ამასთან, კანონდარღვევით იქნა მიღებული აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მისთვის აღნიშნულის შესახებ არ იყო ცნობილი და მას არ მიეცა შესაძლებლობა დაეცვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 20 იანვრის N1--------------- განკარგულებით აუქციონში გამარჯვებულ კო-–-–-- გრ----- ტო---ს საკუთრების უფლება გადაეცა -ქ. ს----ში, აგ------ს ქ.№7--ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ-4--0--2--1--).
3.2.2. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 იანვრის №------------ გადაწყვეტილებით აღირიცხა კო-–-–-- გრ----- ტო---ის სახელზე.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ს----ში, აგ------ს ქ.№7--ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია 4--0--2--1--. ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს მოპასუხე კო-- გრ-----–-ას მის თანმხლებ პირებთან ერთად.
3.2.4. მოპასუხე მიუხედავად მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს კო-–-–-- გრ----- ტო---ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
3.2.5. ქ. ს----ში, აგ------ს ქ.№7--ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს კო-–-–-- გრ----- ტო---ს არა აქვს თავისი საკუთრებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება, რისი საფუძველია კო-- გრ-----–-ას მიერ 4--0--2--1--.საკადასტრო კოდის უძრავი ქონების უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე კო-–-–-- გრ----- ტო---ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე კო-- გრ-----–-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას კო-–-–-- გრ----- ტო---ის საკუთრებაში არსებული ქ. ს----ში, აგ------ს ქ.№7--ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია 4--0--2--1--, და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს მოსარჩელე კო-–-–-- გრ----- ტო---ს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე და 312-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს და ამას მოპასუხე მხარეც არ უარყოფს, რომ ქ. ს----ში, აგ------ს ქ.№7--ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია 4--0--2--1--, არის კო-–-–-- გრ----- ტო---ის საკუთრება. აღნიშნულ უძრავ ქონებას, მისი ნების, ანუ მოსარჩელე კო-–-–-- გრ----- ტო---ის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე კო-- გრ-----–-ა და არ აძლევს აღნიშნული ქონებით სარგებლობის საშუალებას მის კანონიერ მესაკუთრეს კო-–-–-- გრ----- ტო---ს, ანუ კო-- გრ-----–-ას მხრიდან ხელყოფილია მესაკუთრის საკუთრების უფლება 4--0--2--1--, საკადასტრო კოდის უძრავ ქონებასთან მიმართებაში, რის გამოც მესაკუთრე მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით:
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ქ. ს----ში, აგ------ს ქ.№7--ში მდებარე უძრავი ქონებას(ს/კ 4--0--2--1--), ამჟამად უკვე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება.
მოსარჩელის მიერ არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მუხლის შესაბამისად შეადგენს 120 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხის ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, 120 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს კო-- გრ-----–-ას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.დაკმაყოფილდეს მოსარჩელე კო-–-–-- გრ----- ტო---ის სარჩე-–- უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
1.1.გამოთხოვილ იქნას მოპასუხის კო-- გრ-----–-ას (პ/ნ 3----------) უკანონო მფლობელობიდან კო-–-–-- გრ----- ტ-------ს საკუთრებაში არსებული ქ. ს----ში, აგ------ს ქN7--ში მდებარე უძრავი ქონება (4--0--2--1--) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელე კო-–-–-- გრ----- ტო---ს (პ/ნ 6------------).
2. დაეკისროს მოპასუხე კო-- გრ-----–-ას (პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ს----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ს----ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია