გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №231210018002465439
N2/131-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.09.2018 წელი ქ. ხობი
ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო
ხობის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: აკაკი ფაჩულია
მოსარჩელე: სს ,,ს------------- კ-------- პ------",წარმომადგენლები: ე-–--- თ---–--–-, ნ--- ჯ-----–---–-,მოპასუხე: შპს „გ----2---“,წარმომადგენლები: ა-–---------- წ---–---, დ----- მ----–---,დავის საგანი: სადაზღვევო პრემიის დავალიანების გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სს ,,ს------------- კ-------- პ------ს“ სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხე შპს „გ----2---“-ს (ს/ნ 4--------) დაეკისროს სს “ს------------- კ-------- პ------ს“ სასარგებლოდ დებიტორული დავალიანების - 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბრის სადაზღვევო შენატანის (პრემიის) – 1270 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2017 წლის 14 ივნისს სს „ს----------- დ--------- ს----------–--სა“ (ამჟამად, სს სადაზღვეო კ-------- პ------) და შპს „გ----2----ს“ შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება NHI-048/17 (შემდგომში ხელშეკრულება).
ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს გადახდილი აქვს 2017 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს სადაზღვევო შენატანები (პრემია), ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე (27.11.2017) დარიცხული სადაზღვევო შენატანები (პრემია) 1270 აშშ დოლარის ოდენობით (2017 წლის სექტემბერი - 635 აშშ დოლარი და 2017 წლის ოქტომბერი - 635 აშშ დოლარი) დღემდე გადახდილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელე ახორციელებდა სადაზღვევო მომსახურებას და მოკლებულ იყო საშუალებას არ აენაზღაურებინა დაზღვეული პირებისათვის სადაზღვევო შეთანხმებასთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯები. 2017 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხემ მიმართა წერილობით მოსარჩელეს ხელშეკრულების ძველი რიცხვით (2017 წლის 19 სექტემბრიდან) ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტში მითითებული პირობების დარღვევით. 2017 წლის 03 ნოემბრის N3016, მოსარჩელემ წერილით შეახსენა და განუმარტა მოპასუხეს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობები (მათ შორის მიუთითა, რომ როგორც წერილის მიღებამდე 27.10.2017), ასევე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (ხელშეკრულების პირობების დაცვით ვადამდე შეწყვეტამდე) სადაზღვევო კომპანია ვალდებულია განახორციელოს სადაზღვევო მომსახურება - (აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული სამედიცინო ხარჯები დაზღვეული პირებისთვის) და მოსთხოვა სადაზღვევო კომპანიის მიმართ დარღვეული ვალდებულების შესრულება და არსებული დავალიანების გადახდა, მაგრამ მოპასუხის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აღნიშნული სამართალწარმოებისას პირველ რიგში, განხილულ უნდა იქნეს სადაზღვევო ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, ვინაიდან ეს სამართლებრივი ურთიერთობა სწორედ სადაზღვევო ურთიერთობიდანაა წარმოშობილი. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე და 799-ე მუხლების მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად (სსკ 816-ე მუხლი). სადაზღვევო სამართალურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე შესატანის არადროულად გადახდისას მზღვეველის უფლებამოსილებაა, დამზღვევს წერილობით განუსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა ან ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. როგორც ყველა სხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში, აქაც კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება, აღნიშნული კი განპირობებულია იმით, რომ თუკი დამზღვევის მიერ შესატანის შეუტანლობა მზღვეველს ათავისუფლებს სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება, გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ასეთ ვითარებაში დამზღვევი, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარე, უარეს პირობებში ვარდება, რაც ერთის მხრივ არღვევს მხარეთა თანასწორუფლებაუნარიანობის პრინციპს და მეორეს მხრივ ასეთ შემთხვევაში დგება ხელშეკრულების მოშლის საკითხი, რომლის ინიციატივასაც კანონმდებელი მზღვეველს აკისრებს (სსკ 818-ე მუხლი). მოსარჩელე მხარე წერილითა (N3016) და სარჩელით აღნიშნავს, რომ იგი უწევდა მომსახურებას სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს და მოკლებული იყო შესაძლებლობას 2017 წლის 27 ნოემბრამდე არ გაეწია მომსახურება ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული პირებს, რაც სამართლებრივად ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ შესატანის შეუტანლობა, სამოქალაქო კოდექსის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლების განმარტებით, გამორიცხავს დამზღვევის ვალდებულებას აუნაზღაუროს მზღვეველს სადაზღვევო პრემია, ამასთანავე დამზღვევს, როგორც უკვე აღვნიშნეთ არაერთხელ განემარტა მზღვეველის მიერ შენატანის გადაუხდელობის შედეგები, რომელიც სადაზღვეო პოლისის შეჩერების საფუძველია. მოსარჩელის ამგვარი მიდგომა და ქმედებები ზუსტადაც, რომ გვიმძიმებს მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლი, დამზღვევს პრემიის შეტანის ვადის გადაცილების გამო, მზღვეველს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, შესაბამისად დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეტყობინების აუცილებლობა გამართლებულია მხარეთა ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად ცალსახაა, რომ მოსარჩელე არ იყო შესაძლებლობას მოკლებული არ მომსახურებოდა ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ პირებს, უფრო მეტიც არ არსებობს არცერთი მტკიცებულება ასეთი მომსახურების განხორციელების 19 სექტემბრის შემდგომ პერიოდში, თავის მხრივ მოპასუხე მხარე თვლიდა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის აღარ არსებობდა და დაზღვეულ პირებსაც (კომპანიის თანამშრომლებს) განემარტათ ეს შესაბამისი წესით, ამიტომაც ბუნდოვანია მოსარჩელე მხარის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით. ამასთანავე გათვალისწინებულ უნდა იქნას მოპასუხე მხარის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობის ირგვლივ, რისი პირდაპირი მტკიცებულებაც სადაზღვევო კომპანიასთან ეს წერილია, რისი შინაარსიც ცხადყოფს, მოპასუხე მხარის მიერ ფაქტიური ხარჯების ანაზღაურების საკითხის განხილვისათვის მზადყოფნას, რასაც მოსარჩელე მხარის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რისი მიზეზიც ის არის, რომ არ განხორციელებულა დროის ამ პერიოდში (სექტემბერ-ოქტომბერი) რაიმე ასანაზღაურებელი მომსახურება/ხარჯის გაწევა შპს „ს----------- დ--------- ს----------–--ს“ მიერ შპს „გ----2---“ სასარგებლოდ. მზღვეველს ჰქონდა შესაძლებლობა დაკავშირებოდა დამზღვევს და გაეფრთხილებინა იგი პრემიის დროულად გადაუხდელობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. მას ეს არ განუხორციელებია, ამასთანავე დამზღვევს კვლავ არ გადაუხდია სადაზღვევო შენატანი, რაც ცხადყოფს მის მოლოდინს, რომ სადაზღვევო კომპანია მას არანაირ მოთხოვნას აღარ აუნაზღაურებს და სადაზღვევო კომპანიის მიერ მოთხოვნის წაუყენებლობაც სწორედ ამ პოზიციის გამამყარებელ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, იმ შემთხვევაში როდესაც დამზღვევი აღარ იხდის პრემიას, უნდა ჩაითვალოს, რომ მას დაკარგული აქვს ინტერესი სადაზღვევო ხელშეკრულების მიმართ და მხოლოდ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანია არ იყენებს სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, არ შეიძლება გახდეს მოცემულ შემთხვევაში ორი თვის გადასახდელი პრემიის გადახდის მავალდებულებელი გარემოება. მოსარჩელე მხარის პოზიციის მიხედვით, თუ იგი ერთი წლის შემდგომ აღმოაჩენდა, რომ მოპასუხეს არ გადაუხდია პრემია მას დაეკისრებოდა მთლიან პერიოდზე განსაზღვრული პრემიის გადახდის ვალდებულება, ხოლო ამგვარი ინტერპრეტაციით შესაძლოა დადგეს მეტად უსამართლო შედეგი, როდესაც პრემიის გადაუხდელობის გამო სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილი იქნება არ აანაზღაუროს ზიანი, მაგრამ იმავდროულად უფლებას დაიტოვებს მთლიანი პერიოდის გასვლის შემდგომ მოითხოვოს აკუმულირებული დავალიანება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 14 ივნისს სს „ს----------- დ--------- ს----------–--სა“ (ამჟამინდელი სს ს------------- კ-------- პ------) და შპს „გ----2---“ შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება NHI-048/17.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულება NHI-048/17.
3.1.2. 2017 წლის 14 ივნისის ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს გადახდილი აქვს 2017 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს სადაზღვევო შენატანი (პრემია).
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2017 წლის 19 ივნისის ინვოისი N02574/HI და სადაზღვევო შენატანის 1615,10 (670 აშშ დოლარი) ლარის გადახდის ქვითარი (ს----------–--ს ბანკი, საგადასახადო დავალება N3968, რეფერენსი 5556932315).
- 2017 წლის 20 ივლისის ინვოისი N02619HI და 2017 წლის 21 ივლისის სადაზღვევო შენატანის 1523,68 (635 აშშ დოლარი) ლარის გადახდის ქვითარი (ს----------–--ს ბანკი, საგადასახადო დავალება N4070, რეფერენსი 5654244580).
- 2017 წლის 23 აგვისტოს ინვოისი N02669HI და სადაზღვევო შენატანის 1520,57 (635 აშშ დოლარი) ლარის გადახდის ქვითარი (ს----------–--ს ბანკი, საგადასახადო დავალება 4199, რეფერენსი 5748893215).
- სარჩელი; შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2018 წლის 23 თებერვალს მოსარჩელეს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ამჟამად მოსარჩელის სახელწოდებაა სს „ს------------- კ-------- პ------“.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4 2017 წლის 27 ნოემბერს 24:00 საათზე, შეწყდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ხელშეკრულების შეწყვეტამდე (27.11.2017) დარიცხული სადაზღვევო შენატანები (პრემია) 1270 აშშ დოლარის ოდენობით (2017 წლის სექტემბერი 635 აშშ დოლარი და 2017 წლის ოქტომბერი 635 აშშ დოლარი) დღემდე გადახდილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელე ახორციელებდა სადაზღვევო მომსახურებას და მოკლებული იყო საშუალებას არ აენაზღაურებინა დაზღვეული პირებისათვის სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯები.
3.2.2. 2017 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხემ მიმართა წერილობით მოსარჩელეს ხელშეკრულების ძველი რიცხვით (2017 წლის 19 სექტემბრიდან) ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტში მითითებული პირობების დარღვევით. 2017 წლის 03 ნოემბრის N3016 წერილით, მოსარჩელემ შეახსენა და განუმარტა მოპასუხეს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობები (მათ შორის მიუთითა, რომ როგორც წერილის მიღებამდე 27.10.2017, ასევე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (ხელშეკრულების პირობების დაცვით ვადამდე შეწყვეტამდე) სადაზღვევო კომპანია ვალდებულია განახორციელოს სადაზღვევო მომსახურება - (აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული სამედიცინო ხარჯები დაზღვეული პირებისთვის) და მოსთხოვა სადაზღვევო კომპანიის მიმართ დარღვეული ვალდებულების შესრულება და არსებული დავალიანების გადახდა, მაგრამ მოპასუხის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ხელშეკრულების თავისუფალი დადების პრინციპი ვრცელდება მოსარჩელესა და მოპასუხეზეც.
6.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ივნისს სს „ს----------- დ--------- ს----------–--სა“ (ამჟამინდელ სს ს------------- კ-------- პ------) და შპს „გ---2---“-ს შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება NHI-048/17. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 19 ივნისიდან, 2018 წლის 18 ივნისის 24 საათამდე (ხელშეკრულების 6.1. პუნქტი).
2018 წლის 23 თებერვალს მოსარჩელეს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ამჟამად მოსარჩელის სახელწოდებაა სს „ს------------- კ-------- პ------“.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 3.3.1. პუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი (პრემია) ხელშეკრულებით დადგენილ წესითა და ვადებში.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს გადახდილი აქვს 2017 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს სადაზღვევო შენატანები (პრემია).
მოპასუხემ მოსარჩელეს მიმართა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 27 ოქტომბერს და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა ძველი რიცხვით (2017 წლის 19 სექტემბრიდან) და არ გადაუხდია სექტემბრის და ოქტომბრის სადაზღვევო შენატანი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მხრიდან სადავო პერიოდში (2017 წლის სექტემბერი და ოქტომბერი) არ განხორციელებულა სადაზღვევო მომსახურება და ამ საფუძვლით მას არ ეკისრებოდა სადაზღვევო შენატანის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულება, მისი მოქმედების პერიოდში, მოპასუხეს ავალდებულებს გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი (პრემია), მიუხედავად იმისა დადგა თუ არა სადაზღვევო შემთხვევა.
სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხის პოზიციას ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, „დამზღვევი“ და „მზღვეველი“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უნდა განხორციელდეს 1 თვით ადრე.
აღნიშნული დანაწესი ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორ მხარეს ავალდებულებდა მეორეს მხარისთვის 1 თვით ადრე წერილობით შეეტყობინებინა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
მოპასუხემ აღნიშნული პუნქტის დარღვევით, 27.10.2017 წლის წერილით მოსარჩელეს მოსთხოვა ძველი რიცხვით, 17 სექტემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა, რაზედაც მოსარჩელისგან უარი მიიღო და ხელშეკრულება, ამავე პუნქტის პირობების დაცვით, შეწყდა 2017 წლის 27 ნოემბერს 24:00 საათზე, შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (2017 წლის 27 ნოემბრის 24 საათამდე), მხარეებს ეკისრებოდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის მოპასუხეს ეკისრებოდა სადაზღვევო შენატანის გადახდის ვალდებულება, რაც მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.
გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, 2017 წლის სექტემბრის და ოქტომბრის სადაზღვევო პრემიის შენატანისაგან გათავისუფლების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს აღნიშნული თვეების სადაზღვევო შენატანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1270 აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 95 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 799-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს „ს------------- კ-------- პ------ს“ სარჩელი შპს „გ----2---“-ის მიმართ, სადაზღვევო პრემიის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე.
2. შპს „გ----2---“-ს სს „ს------------- კ-------- პ------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1270 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
3. შპს „გ----2---“-ს სს დაეკისროს მოსარჩელე სს „ს------------- კ-------- პ------ს“ სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 95 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე