გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
010210017002048507
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210017002048507

N2-585/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

მოსარჩელე - ხე-–----------------–----–-----------------ა

წარმომადგენელი - ლე--ნ ბე----ე

მოპასუხე - შპს „სა---------------ა“

წარმომადგენელი - ირ---–ი კა-----–--ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „სა---------------ას“ ხე-–---------ს მუ--–----–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად გადახდილი თანხა 5760 ლარის ოდენობით;

1.2. შპს „სა---------------ას“ ხე-–---------ს მუ--–----–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 19567.7 ლარის ოდენობით.

2. მხარეთა პოზიცია

მოსარჩელის პოზიცია:

2012 წლის 1 თებერვალს, მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ახორციელებდა ხე-–---------ს მუ--–----–-------ს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას. ხელშეკრულების მიხედვით, ტერიტორიაზე აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ყოველდღიურად. 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა არა ყოველდღიურად, არამედ ორ დღეში ერთხელ, თუმცა ანაზღაურება მიიღო სრული მოცულობით. საერთო ჯამში, მოსარჩელის განმარტებით, ამ პერიოდის მანძილზე მოპასუხეს ზედმეტად გადაურიცხა 5760 ლარი. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებით შპს „სა---------------ამ“ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლი და უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 19567.7 ლარს.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი და შემაფერხებელი შესაგებელი. შესაგებლის თანახმად, ყველა სამუშაოები ტარდებოდა ხელშეკრულების შესაბამისად, სათანადოდ და ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას მხარეების მიერ დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, რაც იმით შეიძლება იყოს განპირობებული, რომ 2011 წელს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ანალოგიური სამუშაოები ტარდებოდა ორ დღეში ერთხელ და ახალი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენისას გამოყენებული იქნა ძველი შაბლონი. ამდენად, მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ პოზიციას ზედმეტად გადარიცხული თანხის დაბრუნებისა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ამავე დროს, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი არის ხანდაზმული. მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ხე-–---------ს მუ--–----–------სა და შპს "სა---------------ას“ შორის 2012 წლის 1 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N23 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ახორციელებდა ხე-–---------ს მუ--–----–-------ს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას. ხელშეკრულება მოქმედებდა 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 163048 ლარით. ხელშეკრულების მეათე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ვალდებულების დამრღვევ მხარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ფასის 0.2%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლს ახორციელებდნენ ააიპ „ხე-–---------ს გამწვანებისა და დასუფთავების სამსახური“ და ხე-–---------ს მუ--–----–-------ს შესაბამისი თემის რწმუნებულები. ამავე მუხლის თანახმად, გაწეული და/ან გასაწევი მომსახურების მოცულობის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნული პირები ახორციელებდნენ კონტროლს, ზედამხედველობას და მიღება-ჩაბარების გაფორმებას. ხელშეკრულების მეხუთე მუხლი ითვალისწინებდა მომსახურების გაწევას ყოველდღიურად, ხოლო მეექვსე მუხლით შესყიდვის ობიექტი მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ითვლებოდა.

 

3.1.2. დადგენილია, რომ ხელშეკრულების პირობის თანახმად, სარფის გზის, კერძოდ, ხე-–---------ს საზღვრიდან სარფამდე მონაკვეთის (40000 კვმ) ტერიტორიის დასუფთავება გათვალისწინებული იყო ყოველდღიურად (დღეში ერთჯერადად).

 

3.1.2. 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩააბარეს, ხოლო ააიპ „ხე-–---------ს გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურისა“ და შესაბამისი თემის რწმუნებულებმა ჩაიბარეს შესრულებული სამუშაო შემდეგი ღირებულებით - 2012 წლის თებერვლის - 13461.7ლარის, მარტის - 13461.7 ლარის, აპრილის - 13461.7 ლარის ოდენობით. ამავე აქტების თანახმად, თითოეული თვის მიხედვით, შესრულდა შემდეგი მოცულობის სამუშაო 1.დაგვა დასუფთავება (ყოველ დღე, ორჯერადი) - 22734 კვმ, 2. დაგვა-დასუფთავება (ორ დღეში ერთჯერ) - 40000 კვმ, 3. სანაპიროს დასუფთავება (ყოველდღე) - 36000 კვმ.

 

3.1.3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური შესაბამისობის ანგარიშის თანახმად ხე-–---------ს მუ--–----–------ს ეცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად იმის გამო, რომ 40000 კვმ მიწის ნაკვეთის დაგვა-დასუფთავება, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველი დღისა, ხდებოდა ორ დღეში ერთხელ, დაბრუნებას ექვემდებარებოდა 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ზედმეტად გადახდილი თანხა 5760 ლარის ოდენობით. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა 2015 წლის 16 სექტემბრის წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N23 (ს.ფ14-18)

-ტენდერის ტექნიკური პირობა (ს.ფ. 91)

-მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ.20-38)

-სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში (ს.ფ. 39-51)

-წერილის (ს.ფ.53)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმიდან გარკვეულ გამონაკლისს ადგენს ამავე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. რაც გულისხმობს შემთხვევას, რომლის დროსაც გარკვეული ფაქტების დადასტურების მტკიცება მხოლოდ კონკრეტული მტკიცებულებებით შეიძლება, მტკიცების ტვირთის გადანაწილების გარეშე. ეს შემთხვევები, როგორც წესი, გათვალისწინებულია კონკრეტული სამართალურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებში, რომლითაც დადგენილია აღნიშნული მტკიცებულების სახეც.

 

მოცემული სამართალურთიერთიერთობის სახეა ნარდობა. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ნაკლი. მოსარჩელე უთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მოპასუხემ შეასრულა არა ყოველდღიურად, არამედ დღეგამოშვებით და უთითებს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე, რომლის თანახმად 40000 კვმ ტერიტორიის დასუფთავება გათვალისწინებულია ორ დღეში ერთხელ. მოპასუხე განმარტავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა და სამუშაოს ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ყოველდღიურად. მისივე განმარტებით, მოსარჩელემ შესრულებული სამუშაო მიიღო და აღნიშნულზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი (მ. ახალაძე, მტკიცების ტვირთი, 2018 წ. გვ. 9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის მარეგულირებელი მატერიალურ- სამართლებრივი ნორმების თანახმად (სსკ მუხლი 649, 652) შემკვეთის მიერ ნაკეთობის (სამუშაოს) მიღებამდე მენარდეს ეკისრება ნივთის უნაკლოობის მტკიცება, ხოლო სამუშაოს მიღების შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი შეტრიალდება (იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი სასწავლო კომენტარი გვ. 479). ამასთან, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი არ არის ის მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელია სადავო ფაქტის ანუ შესრულებული სამუშაოს მოცულობის ან ხარისხის პრეზუმირება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო კოდექსი მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი სპეციალური მტკიცებულების სახეს არ ადგენს. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. (სუსგ საქმე №ას-67-64-2016 18 მარტი 2016წ). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა მიერ მტკიცების პროცესში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება, რომელსაც კავშირი აქვს დავის არსთან, შესაძლებელია გახდეს, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენის საფუძველი.

 

სასამართლო, სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ადგენს, რომ მოპასუხემ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები და წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს:

 

3.2.2. მოსარჩელე უთითებს მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე და აცხადებს, რომ 40000 კვმ ტერიტორიის დასუფთავება მოპასუხის მიერ ხორციელდებოდა ორ დღეში ერთხელ, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველდღიური რეჟიმისა. სხვა რაიმე მტკიცებულება საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მხარეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე საცილოდ ხდის აღნიშნულს და აცხადებს, რომ აქტებში ტექნიკური უზუსტობაა, ვინაიდან, სამუშაო მთლიანად შეასრულა, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტში ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა, ვინაიდან, მიღება-ჩაბარების აქტის ნიმუში გადმოღებული იქნა მანამდე გაფორმებული ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტის ნიმუშიდან.

 

მოწმე მალხაზ ბოლქვაძემ, რომელიც მითითებული სადავო პერიოსათვის წარმოადგენდა შპს „სა---------------ის“ კონტროლიორს და ახორციელებდა გონიო-სარფის გზის დასუფთავების კონტროლს, განმარტა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას ასუფთავებდნენ ყოველდღიურად დილას და საღამოს. მოწმე ზურაბ გელაძემ, რომელიც მითითებულ პერიოდში, 2012 წლის თებერვლიდან მუშაობდა შპს „სა---------------ის“ დაგვა-დასუფთავების სამსახურის უფროსის პოზიციაზე, განმარტა, რომ 2010 წლამდე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო მითითებული ტერიტორიის დასუფთავება ორ დღეში ერთხელ, ხოლო 2012 წლიდან დასუფთავება ხდებოდა უკვე ყოველდღიურად, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დღეში რამდენჯერმეც.

 

საქმეში წარმოდგენილი ტაბელებით, რომლებსაც ხელს აწერს მოწმედ დაკითხული პირი მალხაზ ბოლქვაძე, დასტურდება, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა ყოველდღიურ რეჟიმში. მოსარჩელე მხარეს სადავოდ აღნიშნული ტაბელების უტყუარობა არ გაუხდია.

 

დადგენილია, რომ სამუშაოს მიღებისას მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხთან დაკავშირებით არ განუცხადებია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოს მოპასუხემ შეასრულა სანახევროდ, დღეგამოშვებით, რადგან ასეა მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული. სასამართლო უთითებს, რომ ნებისმიერი მტკიცება უნდა ემყარებოდეს თანმიმდევრული ფაქტების და არგუმენტების ერთობლიობას, რომლებიც გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის ჩანაწერზე მითითება, ვერ გახდება მოსარჩელის პოზიციის დამადასტურებელი საკმარისი არგუმენტი. მოსარჩელე აპელირებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია სადავო ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების პერიოდულობა ორ დღეში ერთხელ, ამიტომ უნდა განახევრდეს ანაზღაურებული თანხის ოდენობა. თუმცა ვერ ადასტურებს განაცხადა თუ არა სამუშაოს მიღებისას პრეტენზია მისაღები სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით. მოპასუხე ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სამუშაოს ნაკლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ წარმადგინა მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N23 ხელშეკრულების შესაბამისად 40000 კვმ ტერიტორია სუფთავდებოდა ყოველდღიურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოწმეთა ჩვენებები

-შპს „სა---------------ის“ ტაბელი (ს.ფ.96-98)

 

3.2.3 მოპასუხე განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინიდან მოთხოვნის უფლების წარმოშობის დღიდან, 2012 წლის მაისიდან, გასულია სამ წელზე მეტი. აღნიშნულის საწინაარმდეგოდ, მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია და იგი უნდა შეფასდეს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ხალვაჩაურის მუ--–----–-------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-სამოქალაქო კოდექსი

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ხე-–---------ს მუ--–----–------სა და შპს “სა---------------ას“ შორის 2012 წლის 1 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N23 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ახორციელებდა ხე-–---------ს მუ--–----–-------ს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას (მომსახურების ხელშეკრულების ტიპი).

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების პირობის თანახმად, სარფის გზის, კერძოდ, ხე-–---------ს საზღვრიდან სარფამდე მონაკვეთის (40000 კვმ) ტერიტორიის დასუფთავება გათვალისწინებული იყო ყოველდღიურად (დღეში ერთჯერადად). ასევე, დადგენილია, რომ 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით პერიოდში მხარეებს შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც სადავო ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების პერიოდულობა მითითებულია ორ დღეში ერთხელ, თუმცა, სასამართლო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამუშაო სრულდებოდა მთლიანი მოცულობით და აღნიშნულზე პრეტენზია მოსარჩელეს არ განუცხადებია.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა სათანადოდ და მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევად ვერ ჩაითვლება მარტოოდენ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ჩანაწერი სამუშაოს შესრულების პერიოდულობასთან დაკავშირებით. შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის შესაბამისობა გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან, მოპასუხე მხარემ დაადასტურა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც ვერ იქნა გაქარწყლებული მოსარჩელის მიერ.

 

6.2. მოსარჩელე აცხადებს, რომ მიიღო ნაკლიანი შესრულება. სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლს ახორციელებდნენ ააიპ „ხე-–---------ს გამწვანებისა და დასუფთავების სამსახური“ და ხე-–---------ს მუ--–----–-------ს შესაბამისი თემის რწმუნებულები. ამავე მუხლის თანახმად, გაწეული და/ან გასაწევი მომსახურების მოცულობის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნული პირები ახორციელებდნენ კონტროლს, ზედამხედველობას და მიღება-ჩაბარების გაფორმებას. სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის თანახმად თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო. ნორმის შინაარსი გულისხმობს შემკვეთის ვალდებულებას შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი მენარდესთან ერთად და ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც ამცირებს მის ღირებულებას და ხარისხს, დაუყოვნებლივ განუცხადოს მენარდეს პრეტენზია. თუ შემკვეთი მაინც მიიღებს შესრულებულ სამუშაოს პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ იგი კარგავს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებას ამ ნაკლის გამო (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი გვ. 287).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2012 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით შპს „სა---------------ის“ მიერ შესრულებული სამუშაო მიიღო, რაზედაც შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელეს შესრულების მიღებისას რაიმე პრეტენზია სამუშაოს მოცულობის ან ხარისხის თაობაზე მენარდისთვის არ განუცხადებია, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული სამუშაოს მოცულობის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმის კვლევის გარეშეც, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა თუ არა, მატერიალური ნორმა გამორიცხავს, მიღებული სამუშაოს თაობაზე რაიმე პრეტენზიის გამოთქმას მომავალში. სამუშაოს მიღებით, შემკვეთი კარგავს თავის თავდაპირველ მოთხოვნას შესრულებაზე ან ზიანის ანაზღაურებაზე

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხემ სამუშაო შეასრულა, ხოლო მოსარჩელემ სამუშაო მიიღო და მის ნაკლზე პრეტენზია არ განუცხადებია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მენარდის მიერ მიღებული ანაზღაურება არ ექვემდებარება დაბრუნებას. ასევე, არ ექვემდებარება ანაზღაურებას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

6.3. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმული, ვინაიდან გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი მატერიალური საფუძველია. მხარის ვალდებულებაა მიუთითოს აღნიშნულის შესახებ, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ემყარება მოპასუხის პოზიცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის სპეციალურ წესზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსი იმ სამართალურთიერთობისათვის, რომელიც გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის თანახმად მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან, ხოლო ამავე კოდექსის 656-ე მუხლით თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სასარჩელო ხადაზმულობის სპეციალური ერთწლიანი ვადა, ხოლო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 24 დეკემბრიდან, სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2016 წლის 3 თებერვალს. ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია ნარდობის სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა და სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის უ) ქვეპუნქტის შესაბამისად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ხე-–---------ს მუ--–----–-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე