გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
340210018002304968
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210018002304968

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.10.2018 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე დ------ი მო-----ძე,მოსარჩელის წარმომადგენელი ლ--–----------–---–--

მოპასუხე თ-------- გიგ---–-–--ლი,მოპასუხის წარმომადგენელი ა-----–---------–---–-

დავის საგანი: უძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დ------ი მო-----ძე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების , მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჭაბუკიანი, საკადასტრო კოდი- №54.13.60.0-- , ორი მესამედის მესაკუთრედ

1.2. შესაბამისი ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრში, კერძოდ, დ------ მო-----ძე დარეგისტრირდეს ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჭაბუკიანი, №54.13.60.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ .

 

მოსარჩელის მითითებით, დ------ი მო-----ძე ცხოვრობს საზღვარგარეთ. მან 2013 წლის 23 მაისს წარმომადგენლის დახმარებით საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა უძრავი ნივთი, მდებარე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანი, საკადასტრო კოდით N 54.13.60.0--. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საარქივო ცნობა, გაცემული ლაგოდეხის არქივის მიერ. მოსარჩელეს წარმომადგენლისგან ჰქონდა ინფორმაცია ქონების რეგისტრაციის შესახებ. სარეგისტრაციო მასალები და ამონაწერის შინაარსი მისთვის ცნობილი არ იყო. 2016 წლის ივლისში, მოსარჩელის საქართველოში ყოფნის დროს, თ-------- გიგ---–-–--ლმა მისი სახლის ეზოში მიიტანა შეშა, რის შემდეგაც მოსარჩელემ შეიტყო, რომ სახლის თანამესაკუთრედ მოპასუხეც იყო აღრიცხული .

2016 წელს მოსარჩელემ საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა სარეგისტრაციო მასალები, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული საარქივო ცნობასთან ერთად რეესტრში წარდგენილი ჰქონდა სამკვიდრო მოწმობა, რითაც დედის, ნ---- მო-----ძის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობა სრულად მიიღო მოსარჩელემ, თუმცა ეს გარემოება სარეგისტრაციო ჩანაწერში წილების განსაზღვრის დროს გათვალისწინებული არ ყოფილა .

სარჩელში აღნიშნულია, რომ თ-------- გიგ---–-–--ლის სახელზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გაასაჩივრეს იმ საფუძვლით, რომ საარქივო ცნობა საკომლო წიგნის ჩანაწერების შესახებ არ იყო კანონიერად შეფასებული. 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რადგან მოცემული დავა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განსჯადია, ხოლო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით, სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დარჩა უცვლელი.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ნ---- მო-----ძის ოჯახი ყოფილ საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა. 1993 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომლის წევრები იყვნენ ნ---- მო-----ძე და დ------ი მო-----ძე, ამიტომ კოლმეურნეობების გაუქმების გამო კომლის ქონება გახდა კომლის წევრების თანასაკუთრება, თანაბარ წილში. შესაბამისად, 1999 წელს მოპასუხის კომლში რეგისტრაციით მას ნ---- მო-----ძის კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის მითითებით, იგი კომლის ქონებაზე თ-------- გიგ---–-–--ლის უფლებას სადავოდ არ ხდის, სადავოდ ხდის მხოლოდ წილს, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნის საზიარო ქონებაში. დავის საგანს წარმოადგენს კომლის ქონების 1/3 ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ნ---- მო-----ძის წილს და მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული აქვს მოსარჩელე დ------ი მო-----ძეს, ამიტომ მისი წილი შეადგენს სადავო ქონების 2/3 ნაწილს , რის მესაკუთრედ ცნობასაც ითხოვს სარჩელით .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი უსაფუძვლო და ხანდაზმულია.

მოპასუხის მითითებით, მოსარჩელისთვის მოპასუხის თანამესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტი 2013 წლის მაისიდან იყო ცნობილი, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის თებერვალში, ამიტომ სარჩელი ხანდაზმულია. ამასთან სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო იხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, ხოლო ნ---- მო-----ძე არ ყოფილა კომლის ბოლო წევრი, ამიტომ კომლის ცოცხალი წევრები უფლებამოსილი იყვნენ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყვნენ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად, თანაბარ წილში, ხოლო თუ კომლის ქონებაზე გავრცელდება სამკვიდროს ზოგადი წესები, ამ შემთხვევაში მხარეებს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება მაინც თანაბრად ეკუთვნით, რადგან თ-------- გიგ---–-–--ლიც არის იმავე რიგის მემკვიდრე, როგორც მოსარჩელე და მას სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე დ------ი მო-----ძე და მამკვიდრებელი ნ---- მო-----ძე დედა-შვილი არიან, ხოლო მოპასუხე თ-------- გიგ---–-–--ლი ნ---- მო-----ძის შვილიშვილია .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება ;

 

3.1.2. ნ---- მო-----ძე გარდაიცვალა 2011 წლის 02 ნოემბერს. 2012 წლის 27 დეკემბერს დედოფლისწყაროს ნოტარიუსმა მ------ ახ--–-----მა გასცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, რითაც დ------ი მო-----ძემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო ნ---- მო-----ძის სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდროში შემავალი აქტივებით და პასივებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 36);

3.1.3. მამკვიდრებლის ნ---- მო-----ძის ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 06/03/2017 წელს გაცემული # 36/24451 საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანის საკომლო წიგნებში :

- 1986-1996 წლებში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ---- ტა------ ასული მო-----ძე; კომლში ირიცხებიან : დ------ი მო-----ძე-შვილი , რომლის გასწვრივ მითითებულია ,,გადახაზულია 17.08.1987 წ ქ. ყარაგანდიდან ამოწერილია 23.03.1988 ;

- დ------ი მო-----ძე- შვილი , ქ. ყარაგანდიდან 19.09.1991წ.

კომლს ერიცხება 1960 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი: 1986 წელს -50 კვ. მ, 1987 წელს -56 კვ. მეტრი . 1986-1996 წლებში კომლს ერიცხება მიწის ფართობი 0.31 ჰა .

-1997-2006 წლებში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ---- ტა------ ასული მო-----ძე; კომლში ირიცხებიან : დ------ი მო-----ძე-შვილი , თ-------- გ---------- ძე გიგ---–-–--ლი -შვილიშვილი, ჩაეწერა 1999 წ;

კომლს ერიცხება 1960 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართი- 56 კვ. მეტრი . მიწის ფართობი 1.25 ჰა .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 26-27)

3.1.4. 2013 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრში დ------ი მო-----ძის და თ-------- გიგ---–-–--ლის სახელზე თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 54.13.60.0--. რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 22/07/2011 წელს გაცემული საარქივო ცნობა.

სარჩელს ერთვის საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 22/07/2011 წელს გაცემული საარქივო ცნობა, სადაც მითითებულია, რომ სოფელ აფენის საკრებულოს 1997-2006 წლების საკომლო წიგნებში ნ---- ტა------ ასული მო-----ძე რეგისტრირებულია ცალკე კომლად. მისი კომლის წევრები არიან: თვითონ ნ---- მო-----ძე; დ------ი მო-----ძე-შვილი ; თ-------- გოგ---–-–--ლი-შვილიშვილი, მის გასწვრივ მითითებულია: ჩაეწერა 1999 წ. კომლს ერიცხება 56 კვ. მ. საცხოვრებელი სახლი და 1.25 ჰა მიწის ფართობი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19) .

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 21) .

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს .

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო სამართლის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №21 დეკრეტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ხელშემშლელ გარემოებად მოთხოვნის უსაფუძვლობა და ხანდაზმულობა მიუთითა. მხარის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ დარღვეულია ხანდაზმულობის ვადა, რაც მის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 138. მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება და ქონების მიკუთვნება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მოთხოვნაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ათ წელს. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წელს, როცა მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წელს, ამიტომ მოსარჩელეს მოთხოვნის ვადა არ დაურღვევია, და ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველი არ არსებობს

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2011 წელს გარდაცვლილი ნ---- მო-----ძის ოჯახი ყოფილ საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა , რომლის სამართლებრივი რეჟიმი 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით იყო რეგულირებული, ამიტომ

სადავო ურთიერთობების ნაწილი შესაბამისი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.

 

ზემოაღნიშნული სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ხოლო ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კომლის არსებობა სამართლებრივად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №21 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან კოლმეურნეობები გაუქმდა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლების (1964 წლის რედ) შესაბამისად, კომლის ქონება თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა კომლის წევრებზე და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც 1993 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. სასამართლოს აღნიშნული განმარტება შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, რომლის მიხედვით, ,,1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების,კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის „(სუს27.07.2006წ-ის განჩინება№ას-988-1242-05)

ამდენად, 1993 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი გახდა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზეც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი ვრცელდება .

 

ამდენად, კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა იხსნება სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით და ამ დროს არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი, რომელიც სამკვიდროს გახსნის დროს სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესისაგან განსხვავებულად ადგენს, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო იხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნ---- მო-----ძის გარდაცვალებით კომლის ქონებიდან მის წილზე მემკვიდრეობა არ გახსნილა, რადგან საკოლმეურნეო კომლის ქონება არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზეც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი ვრცელდება. შესაბამისად, კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა ზოგადი წესების მიხედვით იხსნება, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319 მუხლის შესაბამისად, ნ---- მო-----ძის გარდაცვალების გამო მის წილზე გაიხსნა სამკვიდრო .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328. მუხლით, 1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსის 1421 მუხლით, 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ხოლო ამავე კოდექსის 1433. მუხლით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2011 წელს გარდაცვლილი ნ---- მო-----ძის ოჯახი ყოფილ საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, რომლის წევრებიც 1993 წლის მდგომარეობით ნ---- მო-----ძე და დ------ი მო-----ძე იყვნენ, ხოლო 1999 წელს კომლში რეგისტრირებულია თ-------- გიგ---–-–--ლი, ანუ საკოლმეურნეო კომლის ლიკვიდაციის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის გამოცხადების დროისათვის თ-------- გიგ---–-–--ლი კომლის წევრს არ წარმოადგენდა და იგი უფრო გვიან არის კომლში რეგისტრირებული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე თ-------- გიგ---–-–--ლის, როგორც კომლის წევრის, საკუთრების უფლებას სადავოდ არ ხდის, მხარეებს შორის სადავოა წილები, ანუ წილი, რომელიც თითოეულ მათგანს საზიარო ქონებაში ეკუთვნის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ამიტომ სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ---- მო-----ძის კომლზე რიცხული ქონება გახდა მისი წევრების: ნ---- მო-----ძის, დ------ი მო-----ძის და თ-------- გიგ---–-–--ლის საერთო საკუთრება თანაბარ წილში, ანუ თითოეულის წილი შეადგენდა კომლის ქონების 1/3 ნაწილს. მხარეთა შორის დავის საგანსაც სწორედ ნ---- მო-----ძის კუთვნილი 1/3 ნაწილის, როგორც სამკვიდრო ქონების, მიკუთვნება წარმოადგენს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2012 წლის 27 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობით დ------ მო-----ძემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო ნ---- მო-----ძის სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით. შესაბამისად, დ------ მო-----ძეს ნ---- მო-----ძის სამკვიდროში შემავალ აქტივებზე და პასივებზე, მათ შორის სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა სამკვიდროს გახსნის დღიდან .

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრში დ------ი მო-----ძის და თ-------- გიგ---–-–--ლის სახელზე თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 54.13.60.0--. რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 22/07/2011 წელს გაცემული საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით, სოფელ აფენის საკრებულოს 1997-2006 წლების საკომლო წიგნები ნ---- ტა------ ასული მო-----ძე რეგისტრირებულია ცალკე კომლად და ოჯახის უფროსად. მისი კომლის წევრები არიან: თვითონ ნ---- მო-----ძე; დ------ი მო-----ძე-შვილი ; თ-------- გოგ---–-–--ლი-შვილიშვილი. კომლს ერიცხება 1960 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი და 1.25 ჰა მიწის ფართობი .

 

ამდენად, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე სადავო უძრავი ქონება, ს/კ 54.13.60.0-- წარმოადგენს ნ---- მო-----ძის კომლის ქონებას, საიდანაც ნ---- მო-----ძეს ეკუთვნის 1/3 წილი, რაზეც 2011 წელს, ნ---- მო-----ძის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო , ხოლო 2012 წლის 27 დეკემბერს გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობით დ------ მო-----ძემ, როგორც პირველი რიგის კანონით მემკვიდრემ, მიიღო ნ---- მო-----ძის სამკვიდრო ქონება სრულად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამკვიდროს გახსნის დღიდან დ------ი მო-----ძეს ნ---- მო-----ძის კუთვნილ 1/3 წილზე წარმოეშვა საკუთრების უფლება , ამიტომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში მდებარე სადავო უძრავი ქონებიდან ს/კ 54.13.60.0-- , დ------ი მო-----ძეს ეკუთვნის 2/3 (1/3 +1/3) წილი, ხოლო თ-------- გიგ---–-–--ლს- 1/3 წილი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე თ-------- გიგ---–-–--ლი ასევე წარმოადგენს ნ---- მო-----ძის 1 რიგის კანონით მემკვიდრეს, რადგან მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს გარდაცვლილი იყო მისი დედა, რომელიც მამკვიდრებლის 1 რიგის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და მოპასუხეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდრო, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მოპასუხეს მამკვიდრებლის მემკვიდრედ ყოფნის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი დედის გარდაცვალების დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336 მუხლის თანახმად, შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სწორედ მოპასუხეს ეკისრება. ამასთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის გარდაცვალების შესახებ გარემოება მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე არ შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, ხოლო შესაბამისი მტკიცებულება, რაც შეიძლება იყოს გარდაცვალების მოწმობა, გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წამოუდგენია.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების , მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჭაბუკიანი, საკადასტრო კოდი- №54.13.60.0-- , ორი მესამედის მესაკუთრედ აღიარების და საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ, დასაბუთებულია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დ------ მო-----ძის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ. მოსარჩელეს არც სარჩელით და არც სასამართლო განხილვის დროს პროცესის ხარჯების ანაზღაურება არ მოუთხოვია

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დ------ მო-----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. დ------ მო-----ძე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების , მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჭაბუკიანი, საკადასტრო კოდი- №54.13.60.0-- , ორი მესამედის მესაკუთრედ

1.2. შესაბამისი ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრში: დ------ მო-----ძე დარეგისტრირდეს ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჭაბუკიანი, №54.13.60.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 2/3 ნაწილის მესაკუთრედ .

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი