გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2466878-2/415-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - გ------ი ბ--------–---–ი
წარმომადგენელი - შ------- კ-----ე
მოპასუხე - რ---- მ--------–---–ი
წარმომადგენელი - ე---------- ა--–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე რ---- მ--------–---–ს მოსარჩელე გ------ი ბ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7121.56 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გ------ი ბ--------–---–ს ქ. ბ---------ში, თ-----------ა N--ში თანასაკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, რომლის თანამესაკუთრე მოსარჩელესთან ერთად არის მოპასუხე რ---- მ--------–---–ი. აღნიშნული ქონება თანასაკუთრებაში მიიღეს მშობლებისგან.
სახლი იყო ორი სართულის, საიდანაც საცხოვრებელ ფართს წარმოადგენდა მხოლოდ მეორე სართული, ხოლო პირველი სართულის მცირე ნაწილზე განთავსებული იყო სარდაფი. აღნიშნული სარდაფი პირველ სართულზე წლების განმავლობაში წარმოადგენდა მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ ფართს, რაც არასოდეს არ გამხდარა დავის საგანი და ყოველთვის ითვლებოდა, რომ პირველი სართულზე არსებული ფართი იყო მოსარჩელის ოჯახის საკუთრება.
2012 წელს, მოსარჩელის მიერ მოხდა პირველი სართულზე არსებული ფართის გადაკეთება-გაფართოება კომერციული მიზნით. საშენებლო სამუშაოების წარმოების დროს რ---- მ--------–---–ის მიერ არ ყოფილა დაფიქსირებული მოთხოვნა, რომ პირველი სართული მასაც ეკუთვნოდა.
2017 წელს რ---- მ--------–---–მა წარმოიწყო დავა პირველ სართულზე საზიარო უფლების გაუქმების და ქონების ნატურით გაყოფის მოთხოვნით. მის საკუთრებაში გადავიდა პირველი სართულის ½ წილი, რითაც მან საკუთრებაში მიიღო ერთის მხრივ გაზრდილი და მეორეს მხრივ გარემონტებული ფართი, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ხარჯმა შეადგინა 7121,56 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რ---- მ--------–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა არ განუცხადებია, შესაბამისად მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. ბ---------ში, თ--------. N--ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 6-----03.---), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ------ი ბ--------–---–ის (1/2 წილი) და რ---- მ--------–---–ის (1/2 წილი) სახელზე.
3.1.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის N1---------------წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა რ---- მ--------–---–ის და გ------ი ბ--------–---–ის საზიარო უფლება ქ. ბ---------ი, თ--------. N--ში მდებარე უძრავ ქონებაზე ნატურის გამოყოფის გზით და რ---- მ--------–---–ს მიეკუთვნა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან კუთვნილი ½ წილი - 65.87 კვ.მ., საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის დანართი N2-ის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
· ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
· ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დასათვალიერებელი ობიექტი წარმოადგენს ორ სართულიანი შენობა-ნაგებობის - საცხოვრებელი სახლის, პირველ სართულს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბ---------ში, თ-----------ა N--ში, ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს. სადავო სარდაფი შედგება ორი ოთახისგან. მხარეთა განმარტებით, პირველი ოთახის ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო ნაწილი მოპასუხის საკუთრებას, კერძოდ შესასვლელიდან პირველი რიგელის ჩათვლით ფართი მიკუთვნებული აქვს მოსარჩელეს, ხოლო დანარჩენი ფართი მიკუთვნებული აქვს მოპასუხე მხარეს. აღნიშნული სარდაფი ტიხრით/კედლით არ არის გაყოფილი (გამიჯნული). მხარეთა განმარტებით მოსარჩელე გ------ი ბ--------–---–მა სარდაფში აწარმოა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, კერძოდ ამოაშენა კედლები და შელესა, დააგო მოჭიმული იატაკი, შელესა ჭერი. სარდაფიდან თ-----------აზე გასასვლელია, აღნიშნულ გასასვლელთან, ჭერზე პლასმასის შეკიდული ჭერია, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, ასევე მის მიერ არის გაკეთებული. სარდაფის აღნიშნული ოთახიდან გადიხარ სარდაფის მეორე ოთახში, რომელიც საზიარო ქონების გამიჯვნისას, სრულად მიეკუთვნა მოპასუხე რ---- მ--------–---–ს. მხარეთა განმარტებით, აღნიშნული ფართიც გარემონტდა გ------ი ბ--------–---–ის მიერ, კერძოდ, შელესა კედლები, ჭერი და დააგო მოჭიმული იატაკი. სარდაფის გარეთა მხარე თ-----------ის ცენტრალური გზის მხარესაა. მოსარჩელე მხარის განმარტებით გარეთა მხრიდანაც მან მოახდინა აღნიშნული კედლის ფუნდამენტის ჩასხმა და კედლების გალესვა, მანვე გადახურა შესასვლელი თუნუქის სახურავით. ასევე დათვალიერებული იქნა რ---- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებული სარდაფი, პირველ სართულზე. ვიზუალური დათვალიერებით აღნიშნული სარდაფის კედლები ძველი აშენებულია, ნაშენია აგურით, არ არის შელესილი, იატაკი არის მიწის საფარის. მოსარჩელის განმარტებით, სადავო სარდაფიც ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში იყო მის მიერ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებამდე.
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------ი ბ--------–---–მა ქ. ბ---------ში, თ--------. N--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 6-----03.---) პირველი სართულის ნაწილზე, რომელიც ნატურით გამიჯვნის შემდეგ მიეკუთვნა მოპასუხე რ---- მ--------–---–ს, როგორც თავისად დაგულებულ ქონებაზე, 2012 წელს, ჩაატარა 7121.56 ლარის ღირებულების სამშენებლო -რემონტო სამუშაოები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
გ------ი ბ--------–---–ის მიერ თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლის (ს/კ 6-----03.---) პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე სადაოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გ------ი ბ--------–---–ისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ქონება ეკუთვნოდა რ---- მ--------–---–ს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მისი თანხობის გარეშე ჩაატარა გ------ი ბ--------–---–მა სარემონტო სამუშაოები მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. როგროც ზემოთ აღნიშნა მოპასუხე რ---- მ--------–---–ი ამტკიცებს, რომ გ------ი ბ--------–---–ისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა რ---- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. შესაბამისად მასვე ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.
საქმეზე დაკითხული მოწმეები, კერძოდ მოწმე ა---------------მ დაადასტურა, რომ ხელოსნებთან კერძოდ ზ------–----–---სთან და ზ----------------სთან ერთად ქ. ბ---------ში, თ--------. N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მოსარჩელის გ------ი ბ--------–---–ის დაკვეთით ჩაატარა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, კერძოდ ჭერზე შეცვალეს კოჭები, გალესეს კედლები, დაასხეს მოჭიმული იატაკი, ამოიყვანეს ტიხრები და ა.შ. ჩატარებული სამუშაოების ღირებულებას მათ უნაზღაურებდა გ------ი ბ--------–---–ი. სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას მისთვის ხელი არავის შეუშლია და აღნიშნულის სამუშაოების ჩატარების წინააღმდეგი არავინ ყოფილა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმე ზ------–----–--ემ და ზ----------------მ. მოწმე დ---------–---–--ემ დაადასტურა, რომ გ------ი ბ--------–---–მა სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალა შეიძინა მისგან. მანვე აღნიშნა, რომ იმ დროს როდესაც გ------ი ბ--------–---–ი ატარებდა სარემონტო სამუშაოებს მას რ---- მ--------–---–მა უთხრა, რომ გ------ი ბ--------–---–ს ჯერ დაესრულებინა სამუშაოები, გეკეთებინა რემონტი და ამის შემდეგ წაართმევდა ქონებას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------ი ბ--------–---–ის მიერ ქ. ბ---------ში, თ--------. N--ში მდებარე შენობის პირველ სართულზე, ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება წარდგენილი დოკუმენტაციის, დამკვეთის მარწმუნებლის გ------ი ბ--------–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების, მოქმედი ნორმატიული აქტების, 2012 წლის დონეზე არსებული სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით, დღგ-სა და ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით შეადგენს 7121.56 ლარს. დასკვნის სისწორე და მასში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო-----------------ემ.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ გ------ი ბ--------–---–მა, როგორც თავისად დაგულებულ ქონებაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები.
მოსარჩელემ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს სათანადო რეალიზება და წარმოადგინა მის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. ხოლო მოპასუხე მხარემ ფაქტობრივად ვერ წარმოადგინა სარჩელზე არგუმენტირებული პოზიცია, შესაბამისად მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება სარჩელის უსაფუძვლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე რ---- მ--------–---–ის ქონებაზე მოსარჩელის გ------ი ბ--------–---–ის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯზე მოხდა მოპასუხის გამდიდრება, რის შედეგადაც ერთი პირის (მოსუხის) ქონების გაზრდა მოხდა მეორე პირის (მოსარჩელის) ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
· მოწმეთა ჩვენებები;
· სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟონრო ექსპერტიზის დასკვნა;
· ექსპერტის ო-----------------ის ჩვენება;
· მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ გ------ი ბ--------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 976-ე, 979-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (მოცემულ შემთხვევაში სადავოა ფულადი სახსრები, რომლებიც დახარჯა მოსარჩელემ თავისად დაგულებული სახლის რემონტში). ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლოდ ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------ი ბ--------–---–მა ქ. ბ---------ში, თ--------. N--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 6-----03.---) პირველი სართულის ნაწილზე, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოპასუხე რ---- მ--------–---–ს, როგორც თავისად დაგულებულ ქონებაზე 2012 წელს ჩაატარა სარემონტო სამუშაოები რომლის ღირებულებამ იმ დროის ფასების მიხედვით შეადგინა 7121.56 ლარი. ამდენად, გ------ი ბ--------–---–მა გასწია კონკრეტული ოდენობის ხარჯი თავისად დაგულებულ ქონებაზე, რომელიც მოგვიანებით საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ნატურით გამიჯვის შემდეგ მიეკუთნა მოპასუხე რ---- მ--------–---–ს. შესაბამისად საფუძვლიანია მოსარჩელის მითითება - სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული თანხით 7121.56 ლარით მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების თაობაზე. მოპასუხე რ---- მ--------–---–მა მოსარჩელისაგან შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძველის გარეშე მიიღო 7121.56 ლარის ღირებულების სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის Nას-1051-991-2015).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის მიერ შესაბამისი ვალდებულების არსებობის გარეშე მოხდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფართში 7121.56 ლარის ღირებულების სამშენებლ-სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რის შედეგადაც მოპასუხის ქონება მითითებული თანხით გაიზარდა. აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი სიკეთის ამოღებით უნდა აღდგეს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა და სამართლიანობა. ამ მიზნით ქონებრივი სარგებელი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოპასუხე გამდიდრდა. 7121.56 ლარის გადახდით მოსარჩელე აღსდგება თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში. თავის მხრივ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღსდგება სამართლიანი ბალანსი. დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 220 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი. მის მიერ ასევე გაწეულია ექსპერტიზის ხარჯი - 200 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი - 625 ლარი. მოპასუხე რ---- მ--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - 270 ლარის გადახდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 284.86 (7121,56*4%) ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის N2466878-2/415-18წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე რ---- მ--------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბ---------ი, თ--------. N-, ს/კ 6-----03.--- (1/2 წილი) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის N2466878-2/415-18წ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ------ი ბ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე რ---- მ--------–---–ს მოსარჩელე გ------ი ბ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7121.56 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე რ---- მ--------–---–ს მოსარჩელე გ------ი ბ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 220 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა, ასევე ექსპერტიზის ხარჯის 200 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 284.86 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი