გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2018
საქმის ნომერი
330210017002094937
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/24770-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე

მოსარჩელე - ოდ-----------------

წარმომადგენელი - ლა–-----–------ა

მოპასუხე - ნა-----------–-ა

წარმომადგენლები - მა------–---------ა

აპ---–----------–-ა

დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვა--------------–--ს სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენლი - რუ--------------–---–ი

დავის საგანი - არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ოდ-----------------ს ნება დაერთოს შვილი, 20---–-–----------------- დაბადებული გუ---------------- ინახულოს მის ადგილსამყოფელზე შეუზღუდავად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს; ასევე, მიეცეს უფლება გუ---------------- იყოლიოს მასთან, მოსარჩელის ადგილსამყოფლის მიხედვით, ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან, შაბათი, კვირა და ორშაბათი დღის 10:00 საათამდე; ასევე, ოდ-----------------ს მიეცეს უფლება ყოველ წლიურ საზაფხულო, სამთვიანი არდადეგების პერიოდში ერთი თვით, 15 ივნისიდან 15 ივლისამდე და ზამთრის სეზონის არდადეგებზე 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გუ---------------- იყოლიოს მასთან.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე ოდ----------------- და მოპასუხე ნა-----------–-ა იმყოფებოდნენ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ერთი შვილი, 20---–-–----------------- დაბადებული გუ----------------. მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის შედეგად, ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა. ნა-----------–-ა იმყოფება მშობლების ოჯახში შვილთან ერთად, მისამართზე ქ.თბილისი, სა----------------------------. მოპასუხე ოჯახის წევრებთან ერთად არ აძლევს საშუალებას მეორე მშობელს ინახულოს და ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში რის გამოც ოდ----------------- იძულებულია მომართოს სასამართლოს არასრულწლოვანის ნახვის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით. მოსარჩელეს უფლება აქვს თვალყური ადევნოს შვილის მდგომარეობას, მის ადგილსამყოფელზე არსებულ ჰიგიენურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, სწავლა-განათლების მიღებას და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანსაღ გარემოში აღზრდას, უფლების შეზღუდვა კი არღვევს უპირველესად გუ----------------ს საუკეთესო ინტერესებს.

 

შესაბამისად, არასრულწლოვანის ინტერესის გათვალისწინებით, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 26-39),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნა-----------–-ა არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მეუღლეთა 6 წლიანი ფაქტობრივი თანაცხოვრება ხასიათდება მათ შორის რთული ურთიერთობით, რაც უპირველესად გამოწვეული იყო ოდ-----------------ს აგრესიული დამოკიდებულებით ალკოჰოლური თრობისას მოპასუხის მიმართ, რაც ფიზიკური შეხებითაც მთავრდებოდა. აღნიშნულ ინციდენტებს ესწრებოდა არასრულწლოვანი, რამაც ასახვა ჰპოვა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ოდ-----------------ს მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, მიეცა მას გაფრთხილება, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა 20---–-–-----------------ს, ყოველგვარი გაფრთხილებისა და დედის ნებართვის გარეშე, მოსარჩელემ ადვოკატის დახმარებით მოტყუებით გაიტაცა ბავშვი. ისინი დაკავებულ იქნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ფოთი-ბათუმის ცენტრალურ სატრანსპორტო გზაზე.

 

ნა-----------–-ას მითითებით, ბავშვს, გადატანილი მოვლენების გამო თავადაც არ სურს მამასთან შეხვედრა, მოსარჩელესთან არასრულწლოვანის დატოვება საფრთხის შემცველია, მას არ აქვს გამომუშავებული მშობლის ის უნარ-ჩვევები, რომლითაც შეძლებს შვილის სათანადო პატრონობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი ( იხილეთ ს. ფ. 52-60).

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის #4--- (20/11/2017წ) მიხედვით, მიუხედავად ყოფილი ცოლ-ქმრის დაძაბული ურთიერთობისა, ბავშვს ორივე მშობელთან უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, რაც აუცილებელია გუ----------------ს სრულფასოვანი განვითარებისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მითითებით, ბავშვის ასაკის, მისი პოზიციის, მხარეთა საცხოვრებელ ადგილებს შორის მანძილის, მოსარჩელესა და გუ----------------ს შორის ამ ეტაპზე მიჯაჭვულობის არარსებობის გათვალისწინებით, ურთიერთობის აღდგენისა და შეგუება-შეჩვევის მიზნით, ამ ეტაპზე შეუძლებელია საუბარი ღამე დარჩენასთან დაკავშირებით. ბავშვი შეესწრო კონფლიქტს, რამაც დააზიანა მისი ფსიქიკა. ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ დამოკიდებულია დედის ხელშეწყობაზე. მიზანშეწონილია მამას მიეცეს მონახულებისა და წაყვანის უფლება მხოლოდ დღის საათებში. მშობელთან შეჩვევის შემდეგ კი შესაძლებელია გაიზარდოს ოდ-----------------სა და არასრულწლოვანს შორის ურთიერთობის როგორც პერიოდულობა, ასევე ხანგრძლივობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა #4---, 20/11/2017წ ( ს. ფ. 95),მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ოდ-----------------სა და მოპასუხე ნა-----------–-ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 20---–-–----------------- დაბადებული გუ----------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გუ----------------ს დაბადების მოწმობა #0---------- (ს.ფ.19);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოსარჩელე ოდ-----------------სა და მოპასუხე ნა-----------–-ას შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მათ შორის ქორწინება შეწყდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან, გუ----------------სთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში, უძრავ ქონებაში მდებარე მისამართზე - თბილისი, ს-----------------------------. არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის ფაქტობრივად დედასთან განსაზღვრას სადავოდ არ ხდის მოწინააღმდეგე მხარე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმეზე #2---------, 19/06/2017წ (ს.ფ.15-18).

 

3.1.3. მოსარჩელე ოდ----------------- ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე მდებარე ჩხ------–-------------------------------ო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. არასრულწლოვანი გუ---------------- ამჟამად საბავშვო ბაღის აღსაზრდელია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. ოდ-----------------ს და ნა-----------–-ას შორის მწვავე, კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- შემაკავებელი ორდერი #0-----, 15/06/2017წ (ს.ფ.67);

-შემაკავებელი ორდერი #0-----, 15/08/2017წ (ს.ფ. 68);

-გადაწყვეტილება დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ (ს.ფ.142-148);

-შემაკავებელი ორდერი #0-----, 30/03/2018წ (ს.ფ.251).

 

3.1.6. გუ----------------სა და ოდ-----------------ს უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ჰქონიათ ნორმალური, მამა-შვილური ურთიერთობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1 ოდ-----------------ს ოჯახი ცხოვრობს სოფ.ნა----------ში, ორსართულიან კაპიტალურად ნაგებ სახლში, სადაც არის 9 ოთახი: ორი მისაღები, სამზარეულო, 6 საძინებელი, კეთილმოწყობილი აბაზანა. ოთახები მოწყობილია შესაბამისი ავეჯით, საცხოვრებელი კარგ მდგომარეობაშია, დაცულია წვიმის, ქარისა და დიდთოვლობის დროს. ჰიგიენური მდგომარეობა დაცულია. ოჯახის შემოსავალს შეადგენს ოდ-–----ს კერძო საქმიანობა, სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციიდან 600-700 ლარი, კოოპერატივი ,,ნა----------დან“ 600 ლარი, სეზონზე აქვთ 1,5 ტ თხილი.

 

არასრულწლოვანს მამისეულ სახლში აქვს საკუთარი ოთახი, ასევე ერთი ოთახი, სადაც მხოლოდ მისი სათამაშოები ალაგია. ოჯახს ჰყავს დიდი თანადგომის ქსელი, რომლებიც უწევენ ფსიქოემოციურ მხარდაჭერას და ოჯახს მხარში უდგანან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა #4---, 20/11/2017წ (ს.ფ 95-96).

 

3.2.2. ჩხ------–---ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული დახასიათების #0------, 17/11/2017 წ მიხედვით, ოდ----------------- მუშაობს შპს სამშენებლო საპროექტო ,,ინ–-------------–--ში“ დირექტორად, ახლობლებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან სარგებლობს კარგი ავტორირეტით. სოფელში იცნობენ, როგორც კარგი რეპუტაციის ახალგაზრდას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დახასიათება #0------, 17/11/2017წ(ს.ფ.97).

 

3.2.3. საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში, საქმეზე #3/6------ მითითებულია, რომ 20---–-–-----------------ს ოდ-----------------მ, დედის თანხმობის გარეშე წაიყვანა ბავშვი, გუ---------------- სოფელში. ნა-----------–-ამ ბავშვი დაიბრუნა პოლიციის მეშვეობით, 2017 წლის 12 სექტემბერს. ფაქტთან დაკავშირებით ოდ-----------------ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0-----. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ნა-----------–-ამ მიმართა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს სადაც იგი შვილთან ერთად გადის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სარგებლობს სამართლებრივი მომსახურებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, #3/6------, 18/10/2017წ.

 

3.2.4. თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ფსიქოლოგის დასკვნა/შეფასების 04/05/2018წ მიხედვით, გუ----------------ს აქვს კარგი კოგნიტური უნარ-ჩვევები, კოოპერატიულობის მაღალი ხარისხი, ადაპტაციის უნარ-ჩვევები, ზრდა-განვითარებისა და ფსიქიკური პროცესების მხრივ დევიაცია არ აღინიშნება. თერაპიის პროცესში მეგობრულია, სერიოზული, ჩართულია მოტივაციით, არის პოზიტიური. სოციალური მუშაკის კითხვებს: ეშინია თუ არა მამის - პასუხობს რომ არა, ხოლო კითხვას წაყვება თუ არა მამას ბაღიდან - პასუხობს რომ არა. გუ---------------- მშვიდია, უსაფრთხოების განცდა აღსდგა, იცის, რომ საკუთარი სურვილის გარეშე მას არავინ წაიყვანს - რეკომენდირებულია ატრავმული გარემო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ფსიქოლოგის დასკვნა/შეფასება 04/05/2018წ (ს.ფ.262).

 

3.2.5. სასამართლო სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის რეკომენდაციით, რომელიც ასევე ესწრებოდა არასრულწლოვანთან გასაუბრებას, ბავშვი დაცული უნდა იყოს მშობლების კონფლიქტის ნახვისგან. არასრულწლოვანი ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამამ გაუყიდა ბინა, გაუუქმა პასპორტი, აბრაზებს დედას, 6 წლის ბავშვისათვის ამგვარი საკითხების ცოდნა -მიუღებელია. გუ----------------ს არ ახსოვს, არ იცის მამასთან ურთიერთობა, მაგრამ მას არც რაიმე სახის უარყოფითი ფაქტი გაუხსენებია. სავარაუდოა, რომ ამჟამად მამის ნახვაზე უარის თქმის მიზეზი მშობლებს შორის კონფლიქტური ურთიერთობაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

3.2.6. სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის ასაკის, მისი პოზიციის, მხარეთა საცხოვრებელ ადგილებს შორის მანძილის, მოსარჩელესა და გუ----------------ს შორის ამ ეტაპზე მიჯაჭვულობის არარსებობის გათვალისწინებით, ურთიერთობის აღდგენისა და შეგუება-შეჩვევის მიზნით, ამ ეტაპზე შეუძლებელია საუბარი ღამე დარჩენასთან დაკავშირებით. ბავშვი შეესწრო კონფლიქტს, რამაც დააზიანა მისი ფსიქიკა.ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ დამოკიდებულია დედის ხელშეწყობაზე. მიზანშეწონილია მამას მიეცეს მონახულებისა და წაყვანის უფლება მხოლოდ დღის საათებში. მშობელთან შეჩვევის შემდეგ კი შესაძლებელია გაიზარდოს ოდ-----------------სა და არასრულწლოვანს შორის ურთიერთობის როგორც პერიოდულობა, ასევე ხანგრძლივობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

3.2.7. არასრულწლოვან გუ----------------ს არ სურს მამასთან შეხვედრა, მასთან ერთად წასვლა მის საცხოვრებელ ადგილას. უარის მიზეზად ბავშვი ასახელებს იმ გარემოებებს, რომ მამამ გაუყიდა ბინა, გაუუქმა პასპორტი, აბრაზებს დედას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-არასრულწლოვანის განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1200-ე, 115-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-9, მე-12 და მე-18 მუხლები.

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარი

 

ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.)

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ისეთ ქცევის წესს, რომ მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ გუ---------------- არის ოდ-----------------სა და ნა-----------–-ას შვილი, რომელიც დაიბადა 20---–-–-----------------. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი გუ---------------- ცხოვრობს და იზრდება დედასთან, ნა-----------–-ასთან ერთად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ოდ-----------------ს უკანასკნელი თვეებია არასრულწლოვანი, 20---–-–----------------- დაბადებული გუ----------------, არ უნახავს. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით კი არ დასტურდება გარემოება, რომ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის მიმართ უარყოფითი ზემოქმედების ფაქტს.

 

მართალია 20---–-–-----------------ს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ოდ-----------------მ დედის, ნა-----------–-ას ნებართვის გარეშე წაიყვანა შვილი თავისთან, მაგრამ მასთან ყოფნის 2 დღის განმავლობაში ფაქტი ბავშვის მიმართ საფრთხისშემცველი ქცევისა არ დაფიქსირებულა. რაიმე უარყოფით გარემოებას ვერ იხსენებს გასაუბრებისას ვერც გუ----------------. არასრულწლოვანის წაყვანის დროს მამას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული რაიმე სახის აქტით, არ ჰქონია შეზღუდული შვილთან მიახლოვება.

 

შესაბამისად, არასრულწლოვანი გუ----------------ს ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დავაში მონაწილე თითოეულმა მხარემ, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამოდინარე შეგებებული სარჩელით მოპასუხე კარინა გორბუნოვამ მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის, ოდ-----------------ს უფლებას, ურთიერთობა იქონიოს თავის შვილთან.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნული ნორმის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.) მითითებულია ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი)*#, მე-60 პუნქტის მე-2 წინადადებაში მიუთითებს, რომ ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი).

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

 

ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.

 

მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომნდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ)

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v.Poland, no. 17254/11, 15 april 2014)

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.

 

ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად აღნიშნული უფლების შემცირების, შეზღუდვის ან გამორიცხვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: 1. არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; 2. არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და 3. არის თუ არა უფლების შეზღუდვის, შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების საგანია არის თუ არა არასრულწლოვანი გუ----------------ს საუკეთესო ინტერესებში იგი ინახულოს მამამ მის ადგილსამყოფელზე შეუზღუდავად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს; ასევე, მიეცეს მშობელს უფლება ბავშვი იყოლიოს მასთან, მოსარჩელის ადგილსამყოფლის მიხედვით, ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან, შაბათი, კვირა და ორშაბათი დღის 10:00 საათამდე; ასევე, ოდ-----------------ს მიეცეს უფლება ყოველ წლიურ საზაფხულო, სამთვიანი არდადეგების პერიოდში ერთი თვით, 15 ივნისიდან 15 ივლისამდე და ზამთრის სეზონის არდადეგებზე 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გუ---------------- იყოლიოს მასთან.კვლევის საგანია საკითხი იმის თაობაზე, თუ მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით რამდენად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, გუ----------------სთან ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

 

ბავშვის, გუ----------------ს ჭეშმარიტი ინტერესის დადგენისათვის, მშობლის ბავშვთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას თავად ბავშვის ნება და სურვილი, რათა არ მოხდეს მისი იძულება და ამით საფრთხე არ შეექმნას არასრულწლოვანის ფსიქიკურ სტაბილურობას.

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარისა და “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გუ---------------- როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასევე, ფსიქოლოგის თანდასწრებით სასამართლოს წინაშე აღნიშნავს, რომ მას არ სურს მამასთან ურთიერთობა, მისი ნახვა, ღამით დარჩენა. მას აღარ ახსოვს მშობელთან ურთიერთობა. არასრულწლოვანს მისი ასაკისა და გარკვეული გარემოფაქტორების გათვალისწინებით ჩამოყალიბებული აქვს ამგვარი ნება, შესაბამისად სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის ამგვარი სურვილისათვის დაბრკოლების შექმნამ, მისი ნების გარეშე ამ ეტაპზე მამასთან ღამით წაყვანის იძულებამ, შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ინტერესებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწვეული ფსიქოლოგის რეკომენდაციით, რომელიც ასევე ესწრებოდა არასრულწლოვანთან გასაუბრებას, ბავშვი დაცული უნდა იყოს მშობლების კონფლიქტის ნახვისგან. არასრულწლოვანი ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამამ გაუყიდა ბინა, გაუუქმა პასპორტი, აბრაზებს დედას, 6 წლის ბავშვისათვის ამგვარი საკითხების ცოდნა -მიუღებელია. გუ----------------ს არ ახსოვს, არ იცის მამასთან ურთიერთობა, მაგრამ მას არც რაიმე სახის უარყოფითი ფაქტი გაუხსენებია. სავარაუდოა, რომ ამჟამად მამის ნახვაზე უარის თქმის მიზეზი მშობლებს შორის კონფლიქტური ურთიერთობაა.

 

არასრულწლოვანის ნებასთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობის პროცესში რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენის ან არასრულწლოვანის რომელიმე საჭიროების უგულებელყოფის ფაქტს ოდ-----------------ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მტკიცებულება აღნიშნულის შესახებ საქმეში არ მოიპოვება და არც ნა-----------–-ას წარმოუდგენია. მარტოოდენ მეუღლეთა შორის მწვავე, კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება, არ წარმოადგენს ბავშვის მიმართ მამის უარყოფითი გავლენის დამადასტურებელ დასაბუთებას.

 

შესაბამისად, სასამართლო ბავშვის, გუ----------------ს საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის ყოველდღიური რეჟიმის მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ოდ-----------------ს მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით, მამა-შვილს შორის ურთიერთობა უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: პირველი - სამი თვე: ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღის 10 საათიდან 18 საათამდე არასრულწლოვანი შვილის (მისი საცხოვრებელი ადგილიდან) წაყვანის უფლებით და 18 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით; სამი თვის შემდეგ (შესაძლოა მანამდეც) არასრულწლოვანი გუ----------------ს, მამასთან დარჩენის სურვილის შემთხვევაში, შვილის, ყოველი თვის, ყოველი კვირის პარასკევს, სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ, მისი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და კვირას 20 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით; ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში, არასრულწლოვანი შვილის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2.2 პუნქტით დადგენილი განრიგი შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომლებიც მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებზე ბავშვთან მიმართებით, მაგრამ სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი გუ----------------ს წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის ასაკის, მისი პოზიციის, მხარეთა საცხოვრებელ ადგილებს შორის მანძილის, მოსარჩელესა და გუ----------------ს შორის ამ ეტაპზე მიჯაჭვულობის არარსებობის გათვალისწინებით, ურთიერთობის აღდგენისა და შეგუება-შეჩვევის მიზნით, ამ ეტაპზე შეუძლებელია საუბარი ღამე დარჩენასთან დაკავშირებით. ბავშვი შეესწრო კონფლიქტს, რამაც დააზიანა მისი ფსიქიკა.ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ დამოკიდებულია დედის ხელშეწყობაზე. მიზანშეწონილია მამას მიეცეს მონახულებისა და წაყვანის უფლება მხოლოდ დღის საათებში. მშობელთან შეჩვევის შემდეგ კი შესაძლებელია გაიზარდოს ოდ-----------------სა და არასრულწლოვანს შორის ურთიერთობის როგორც პერიოდულობა, ასევე ხანგრძლივობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე ნა-----------–-ას უნდა დაეკისროს მოსარჩელე ოდ-----------------ს სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 ლარიდან 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა. ხოლო მოსარჩელე ოდ-----------------ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 (ასი) ლარიდან, 25 ლარი უნდა ჩაითვალოს გადახდილად;

 

ამასთან, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე ოდ-----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 ლარიდან, რომელიც ჩარიცხულია 18/09/2017 წელს, სს ,, სა---------–--------–ი“, მიმღების ანგარიში:300773150, ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 42-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ოდ-----------------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილეს;

 

2. ოდ-----------------ს არასრულწლოვანი შვილის, 20---–-–----------------ს დაბადებულ გუ----------------სთან ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგნაირად:

 

2.1. პირველი - სამი თვე: ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღის 10 საათიდან 18 საათამდე არასრულწლოვანი შვილის (მისი საცხოვრებელი ადგილიდან) წაყვანის უფლებით და 18 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით;

 

2.2. სამი თვის შემდეგ (შესაძლოა მანამდეც) არასრულწლოვანი გუ----------------ს, მამასთან დარჩენის სურვილის შემთხვევაში, შვილის, ყოველი თვის, ყოველი კვირის პარასკევს, სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ, მისი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლებით და კვირას 20 საათზე დედის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით;

 

2.3. ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში, არასრულწლოვანი შვილის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2.2 პუნქტით დადგენილი განრიგი შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

 

3. მოპასუხე ნა-----------–-ას (პ/ნ 0----------) დაეკისროს მოსარჩელე ოდ-----------------ს (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 ლარიდან 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა;

 

4. მოსარჩელე ოდ-----------------ს (პ/ნ 4----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 (ასი) ლარიდან, 25 ლარი ჩაითვალოს გადახდილად;

 

5. დაუბრუნდეს მოსარჩელე ოდ-----------------ს (პ/ნ 4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის სახით ჩარიცხული 100 ლარიდან, რომელიც ჩარიცხულია 18/09/2017 წელს, სს ,, სა---------–--------–ი“, მიმღების ანგარიში:300773150, ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია