გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს “JE-O”
წარმომადგენელი - სა------------------–---–ი
მოპასუხე- შპ------ა“, გუ-----------ე
წარმომადგენელი - გუ-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების შპ------ასა“ და გუ-----------ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 11 993,00 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება.
მოსარჩელემ მოითხოვა დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2015 წლის 4 დეკემბერსა და 14 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საქონლის მიწოდების ხელშეკრულებები თავდებობით. მყიდველის შპ------ას“ ვალდებულებების შესრულებას თავდებად დაუდგა ამავე კომპანიის დირექტორი და პარტნიორი გუ-----------ე.
2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის იანვარში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 66 411,00 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 54 418,00 ლარი, ხოლო 11 993,00 ლარი შპ------ას“ არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის შპ------ას“ წარმომადგენელმა გუ-----------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
გუ-----------ეს, როგორც თავდებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 04 დეკემბერს შპს “JE-O“-სა (მიმწოდებელს) და შპ------ას“ (მყიდველს) შორის გაფორმდა საქონლის მიწოდების ხელშეკრულება თავდებობის პირობით №1------, რომლის საფუძველზე მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (გოფრირებული მილი SN4-300 მმ - 270 მეტრი; ერთეულის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) – 21,00 ლარი; გოფრირებული მილი SN4-400 მმ - 174 მეტრი; ერთეულის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) – 38,00 ლარი; გოფრირებული მილი SN4-500 მმ - 306 მეტრი; ერთეულის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) – 56,00 ლარი); ხოლო მყიდველმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით გადაეხადა მიმწოდებლისათვის საქონლის ღირებულება.
ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 29 418,00 ლარს, რომელიც შეიძლებოდა დაკორექტირებულიყო ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი კვირის ვადაში, 2015 წლის 18 დეკემბრამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).
2015 წლის 4 დეკემბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).
3.1.2. 2015 წლის 14 დეკემბერს შპს “JE-O“-სა (მიმწოდებელს) და შპ------ას“ (მყიდველს) შორის გაფორმდა საქონლის მიწოდების ხელშეკრულება თავდებობის პირობით №1------, რომლის საფუძველზე მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (გოფრირებული მილი SN8-300 მმ - 270 მეტრი; ერთეულის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) – 26,00 ლარი; გოფრირებული მილი SN8-400 მმ - 174 მეტრი; ერთეულის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) – 47,00 ლარი; გოფრირებული მილი SN8-500 მმ - 306 მეტრი; ერთეულის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) – 67,5 ლარი); ხოლო მყიდველმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ოდენობით გადაეხადა მიმწოდებლისათვის საქონლის ღირებულება.
ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 35 853,00 ლარს, რომელიც შეიძლებოდა დაკორექტირებულიყო ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი დღის ვადაში (2015 წლის 16 დეკემბერი) მყიდველი გადარიცხავდა 50%-ს (17926,50 ლარი), ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დაფარულიყო არაუგვიანეს 2015 წლის 24 დეკემბრისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).
2015 წლის 14 დეკემბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულება (ს.ფ. 23-26).
3.1.3. 2015 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებით (მე-4 პუნქტი) თავდებმა გუ-----------ემ იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა მყიდველის შპ------ას“ მიერ ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 35 500,00 ლარით.
2015 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულებით თავდებმა გუ-----------ემ იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა მყიდველის შპ------ას“ მიერ ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 41 900,00 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).
2015 წლის 4 დეკემბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).
2015 წლის 14 დეკემბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულება (ს.ფ. 23-26).
3.1.4. საქონლის მიწოდების შესახებ ორივე ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).
2015 წლის 4 დეკემბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).
2015 წლის 14 დეკემბრის საქონლის მიწოდების ხელშეკრულება (ს.ფ. 23-26).
3.1.5. გამყიდველმა შპს “JE-O”-მ 2015 წლის 4 დეკემბრისა და 2015 წლის 14 დეკემბრის საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპ------ას“ მიაწოდა 66 411,00 ლარის საქონელი, საიდანაც მყიდველმა აანაზღაურა მხოლოდ 54 418,00 ლარი, დანარჩენი - 11 993,00 ლარი შპ------ას“ არ გადაუხდია.
შესაბამისად, შპ------ას“ მიერ შპს “JE-O”-თვის ასანაზღაურებელი, მიწოდებული საქონელის ღირებულება შეადგენს 11 993,00 ლარს.
გუ-----------ეს არც ერთი ამ გარემოებათაგან სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო ემყარება შემდგე მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
მოპასუხის გუ-----------ის ახსნა-განმარტება (ს.ფ 157-158; იხ, 2018 წლის 24 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, 17:06:48-დან).
სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 27-54).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს არც ერთი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “JE-O”-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 4 დეკემბერსა და 14 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით შპს “JE-O”-მ იკისრა შპ------ასთვის“ საქონლის მიწოდების ვალდებულება. დადგენილია, რომ ხელშეკრულებების ფარგლებში გამყიდველმა შეასრულა ვალდებულება და მიაწოდა მყიდველს შეთანხმებული საქონელი, რის შემდეგაც შპ------ას“ წარმოეშვა ნასყიდობის საგნის ღირებულების გამყიდველისათვის ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია, რომ მყიდველმა ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპ------ას“ შპს “JE-O”-ს წინაშე ერიცხება დავალიანება, მიწოდებული საქონლის საფასური, 11 993,00 ლარი.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, შპ------ა“ ვალდებულია აუნაზღაუროს შპს “JE-O”-ს დავალიანება მოთხოვილი - 11 342,00 ლარის ოდენობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. მოცემულ შემთხევაში სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია ხელშეკრულებიდან და, შესაბამისად, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს “JE-O”-სა და გუ-----------ეს, როგორც ფიზიკურ პირს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 4 დეკემბრისა და 2015 წლის 14 დეკემბრის თავდებობის პირობით საქონლის მიწოდებისა ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა გი-------------ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ამავე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 35 500,00 ლარითა (2015 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) და 41 900,00 ლარით (2015 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე).
შესაბამისად, შპს “JE-O” უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის დავალიანების 11 993,00 ლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, ამასთან, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის 2015 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 35 500,00 ლარისა და 2015 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 41 900,00 ლარის ფარგლებში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლად მითითებული თავდებობის პირობით საქონლის მიწოდების ხელშეკრულებების 6.4 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 360,00 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული ბაჟი 50,00 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელით (ს.ფ. 7) მოითხოვა წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, თუმცა მიუთითა, რომ ხარჯის ოდენობას დააკონკრეტებდა შემდეგომ ეტაპზე. რამდენადაც, მოსარჩელე მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ოდენობით მოითხოვდა წარმომადგენლის ხარჯის ანაზღაურებას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ პროცესუალურ მოთხოვნაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ JE-O”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. შპ------ასა“ და თავდებს გუ-----------ეს შპს „JE-O“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 11 993,00 ლარის სოლიდარულად გადახდა, ამასთან, თავდების გუ-----------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 2015 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს 35 500,00 ლარის ფარგლებში, ხოლო 2015 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 41 900,00 ლარის ფარგლებში.
2. მოპასუხეებს შპ------ასა“ და თავდებს გუ-----------ეს შპს „JE-O“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 360,00 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული ბაჟის 50,00 ლარის სოლიდარულად გადახდა.
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ.რობაქიძის გამზ. №7ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე