გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2018
საქმის ნომერი
330210117002134373
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/28251-17

გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე – შპს ,,პრ-------------ს“

წარმომადგენელი – გი-----------–---ა

მოპასუხეები – 1. შპ-----–-------პ“

2. ნი------–--ე, ლე----------–---–ი

წარმომადგენელი - შა-–----------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს - შპ-----–-------პ“-ს, ნი------–--ესა და ლე----------–---–ს შპს ,,პრ-------------ს“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 25 362,32 ლარის გადახდა, საიდანაც ნი------–--ისა და ლე----------–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 1000 ლარით.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

შპს ,,პრ-------------სი” წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის და დასახელების საკვები პროდუქციის იმპორტს და დისტრიბუციას. შპ-----–-------პი” ახორციელებდა საკვები პროდუქციის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმიანობას, კერძოდ, ის ახდენდა მალფუჭებადი გაყინული საკვები პროდუქციის შეძენას შპს ”პრ-------------სისგან”, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

 

შპს ,,პრ-------------სმა”, შპ-----–-------პს” 20.02.2017 წლიდან 23.02.2017 წლის ჩათვლით მიაწოდა 44362.32 ლარის ღირებულების პროდუქცია (აღნიშნული არ მოიცავს უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ღირებულებას). ამასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება, თუმცა პროდუქციის მიწოდების საკითხი მხარეებმა მოაწესრიგეს ზეპირი ფორმით. ამ პერიოდში პროდუქციის მიწოდება წარმოადგენს ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შპს ”პრ-------------სის”, როგორც გამყიდველის მიერ, შპს ”ლ--------ისთვის”, როგორც მყიდველისთვის 44362.32 ლარის ოდენობის მოძრავ ქონებაზე (პროდუქცია) საკუთრების უფლების გადაცემას, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, პროდუქციის გადაცემის ფაქტის და შესასრულებელი ფულადი ვალდებულების აღიარებით.

 

შპს ”პრ-------------სის” მიერ შპს ”ლ--------ისთვის” მიწოდებული პროდუქციიდან შპს ”ლ--------მა” გადაიხადა პროდუქციის ღირებულების მხოლოდ ნაწილი, 19000 ლარი, რაც მისი განმარტებით შეადგენდა რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას. აღნიშნულის შემდეგ შპ-----–-------პს” არ განუხორციელებია გადახდა, მიუხედავად მოსარჩელის არაერთგზის განხორციელებული მოთხოვნისა. შპს ”ლ--------ის” შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შპს ”პრ-------------სის” წინაშე შეადგენს 25362.32 ლარს.

 

შპს ”ლ--------ის” მიერ ბოლო გადახდა მოხდა 2017 წლის 31 მაისს, რის შემდეგაც მან შეწყვიტა თავისი სამეწარმეო საქმიანობა, მის ბალანსზე აქტივების არარსებობის და ფინანსური პრობლემების გამო. შპს ”ლ--------ს” არ აქვს არანაირი საიჯარო ფართი, ასევე, მას საკუთრებაში არ აქვს უძრავი ქონება. შპს ”პრ-------------სის” მიერ შპს ”ლ--------ისთვის” 20.01.2017 წლიდან 23.02.2017 წლის ჩათვლით პროდუქციის მიწოდების შემდეგ შპ-----–-------პს არ განუხორციელებია ფულადი ვალდებულების შესრულება. აღნიშნული კი, შპს ”ლ--------ის” სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე ადასტურებს მისი საქმიანობის შეწყვეტის და არსებითი ფინანსური პრობლემების ფაქტს, ვინაიდან ის შემოიფარგლებოდა მხოლოდ შპს ”პრ-------------სისგან” შეძენილი პროდუქციის მესამე პირებზე რეალიზაციით, ხოლო მყისიერად უმოქმედობის გამოვლინება, მიუთითებს ვალდებულების შესრულებისთვის და საქმიანობის გაგრძელებისთვის მის ბალანსზე საჭირო აქტივის არარსებობაზე, გადახდისუუნარობაზე. 31.05.2017 წლიდან შპს ”ლ--------მა” შეწყვიტა თავისი სამეწარმეო საქმიანობა და იმყოფებოდა გადახდისუუნარო მდგომარეობაში, მას არ გააჩნია არანაირი აქტივი კრედიტორების მიმართ ფულადი ვალდებულების შესასრულებლად. შპს ”ლ--------ის” დირექტორებს წარმოადგენენ ნი------–--ე და ლე----------–---–ი, რომლებიც ახორციელებენ შპს ”ლ--------ის” ხელმძღვანელობით-წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ნი------–--ე და ლე----------–---–ი ასევე წარმოადგენენ შპს ”ლ--------ის” მეწილეებს, ისინი 50% -50% წილის მესაკუთრეები არიან. მათ სათანადო წესით არ განაცხადეს შპს ”ლ--------ის” გადახდისუუნარობის შესახებ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონით დადგენილი წესით, რაც დასტურდება შპ-----–-------პის” ამონაწერით მეწარმეთა რეესტრიდან. მათ იცოდნენ შპს ”ლ--------ის” ფინანსური პრობლემებისა და გადახდისუუნარობის თაობაზე, მიუხედავად ამისა, მიზანმიმართულად არ განაცხადეს ამის თაობაზე კანონით დადგენილი წესით, რამაც წარმოშვა შპს ”პრ-------------სის”, კრედიტორის ზიანი. ნი------–--ისა და ლე----------–---–ის მიერ შპს ”ლ--------ის” გადახდისუუნარობის თაობაზე კანონით დადგენილი წესით განცხადების განუხორციელებლობა წარმოადგენს მათი, როგორც დირექტორების კომპანიის კრედიტორების მიმართ ვალდებულებების დარღვევას, რადგან მათ ბრალეული და მიზანმიმართული უმოქმედობით, ხელი შეუწყვეს შპს ”ლ-------ის” ბალანსიდან აქტივის გადინებას, შესაბამისად კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შეუძლებლობას. ნი------–--ისა და ლე----------–---–ის უმოქმედობის შედეგად შპს ”პრ-------------ს” მიადგა ზიანი, რომელიც შეადგენს 1000 ლარს.

 

(იხ. სარჩელი ტომი I, ს.ფ. 3-10, განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, ტომი II, ს.ფ. 82-84).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპ-----–-------პ“-ის სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

2.2. მოპასუხეებმა ნი------–--ემ და ლე----------–---–მა შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.

 

მოპასუხეების განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24.1 მუხლით ,,იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ“, ხოლო ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის პირველი წინადადებით ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. საქმეში წარმოდგენილი არ არის მოპასუხე კომპანიის დირექტორთა ქმედებების მართლწინააღმდეგობის, ბრალეულობისა და ამ უკანასკნელთა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე კომპანიის ნარჩენი ვალდებულების შეუსრულებლობასთან, ამიტომ ნი------–--ის და ლე----------–---–ის მიმართ მოთხოვნა არ წარმოშობილა და მის განხორციელებაზე საუბარი არარელევანტურია.

 

სამეწარმეო საქმიანობის მრავალჯერადობისა და მოგების მიზნიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მტკიცება, რომ მასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივი შეუსრულებლობის გამო დირექტორებს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება უნდა დაეწყოთ და ამ უკანასკენლის შემთხვევაში მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. საქმეში წარმოდგენილი არ არის დირექტორთა კეთილსინდისიერების პრეზუმფციის დამრღვევი და ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც, კომპანიის ვალდებულებების დირექტორთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველად გამოყენება მოკლებულია საფუძვლიან არგუმენტაციას და ეწინააღმდეგება იურიდიული პირის, ამ შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების არსს, განსხვავებით სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისაგან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,პრ-------------სა“ და შპ-----–-------პ“-ს შორის არსებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,პრ-------------სი“ მოპასუხეს 2017 წლის 20 თებერვლიდან 2017 წლის 23 თებერვლის პერიოდში აწვდიდა პროდუქციას, მათი შემდგომი რეალიზების მიზნით.

 

მითითებულ პერიოდში, შპს ,,პრ-------------ს“-მა შპ-----–-------პ“-ს მიაწოდა 44 362,32 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც შპ-----–-------პ“-ის მიერ გადახდილი იქნა 19 000 ლარი და შპ-----–-------პ“-ის შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შპს ,,პრ-------------ს“-ის მიმართ შეადგენს 25 362,32 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადებები (ტომი I, ს.ფ. 29-32).

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ტომი I, ს.ფ. 33-34);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. მოპასუხეები ნი------–--ე და ლე----------–---–ი 2017 წლის 26 ოქტომბრამდე იყვნენ შპ-----–-------პ“-ის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები - დირექტორი, ამავე დროს იყვნენ საზოგადოების 50-50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორები.

 

დღეის მდგომარეობით შპ-----–-------პ“-ის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორია გრიგოლ ალანია, რომელიც ამავე დროს არის საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 52-53, 99-101);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. საგადასახადო ანგარიშფაქტურების თანახმად, შპ-----–-------პის“ მიერ 2017 წლის 24 თებერვლიდან 2017 წლის 23 აგვისტომდე შეძენილი პროდუქციის ღირებულება შეადგენს 771 522,32 ლარს, ხოლო გაყიდული პროდუქციის ღირებულება 2017 წლის 06 მარტიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე შეადგენს - 877 655,36 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახდო ანგარიშფაქტურები (ტომი II, ს.ფ. 43-73).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე შპს ,,პრ-------------სი“ მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ნი------–--ემ და ლე----------–---–მა დაარღვიეს ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობა.

 

მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ შპ-----–-------პ“-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი და კანონიერია. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,პრ-------------ს“-ის სარჩელი მოპასუხე შპ-----–-------პ“-ისათვის 25 362,32 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით.

 

რაც შეეხება შპს ,,პრ-------------ს“-ის სასარჩელო მოთხოვნას საწარმოს დირექტორის/პარტნიორისთვის თანხის დაკისრების შესახებ, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები.

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-9, 44-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 25 სექტემბერს 17:00 საათზე.

 

სასამართლოს სხდომის შესახებ მოპასუხე შპ-----–-------პ“-ის დირექტორი გრიგოლ ალანია გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით - მოპასუხე სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ გაფრთხილდა სატელეფონო შეტყობინებით, რაც დასტურდება საქმეში არსებული აქტით ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ (ს.ფ.78).

 

2018 წლის 25 სექტემბერს 17:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე შპ-----–-------პ“-ის უფლებამოსილი პირი არ გამოცხადებულა, მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ამდენად, მოპასუხის საწინააღმდეგოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოწმდება სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სარჩელის მოთხოვნას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპ-----–-------პ“-სათვის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 25 362,32 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, შპს ,,პრ-------------სა“ და შპ-----–-------პ“-ს შორის დადებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველს 2017 წლის 20 თებერვლიდან 2017 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში შეძენილი პროდუქციის ღირებულებიდან წარმოეშვა დავალიანება 25 362,32 ლარის ოდენობით. თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

6.3. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

6.4. სარჩელში მითითებული დადასტურებლად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებასაც ითხოვს მოსარჩელე, მას წარმოეშვა შპ-----–-------პ“-თან.

 

შპ-----–-------პ“-ის ყოფილი პარტნიორისა და დირექტორის ნი------–--ისა და ლე----------–---–ის, როგორც ფიზიკური პირის, პასუხისმგებლობის საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. სწორედ ამაში გამოიხატება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა.

 

თუმცა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ.

 

„მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

 

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ საწარმო გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს 3 კვირისა, უნდა განაცხადონ ამის თაობაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადება ბრალეულ გაჭიანურებად არ მიიჩნევა, თუ ზემოხსენებული პირები ამ განცხადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით ეპყრობიან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეებმა ნი------–--ემ და ლე----------–---–მა იცოდნენ შპ-----–-------პის” ფინანსური პრობლემების და გადახდისუუნარობის თაობაზე, მიუხედავად ამისა, მიზანმიმართულად არ განაცხადეს ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით, რამაც წარმოშვა შპს ,,პრ-------------სის”, კრედიტორის ზიანი. ნი------–--ისა და ლე----------–---–ის მიერ შპს ”ლ--------ის” გადახდისუუნარობის თაობაზე კანონით დადგენილი წესით განცხადების განუხორციელებლობა წარმოადგენს მათი, როგორც დირექტორების კომპანიის კრედიტორების მიმართ ვალდებულებების დარღვევას, რადგან მათ ბრალეული და მიზანმიმართული უმოქმედობით, ხელი შეუწყვეს შპ-----–-------პის” ბალანსიდან აქტივის გადინებას, შესაბამისად, კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შეუძლებლობას.

 

მოსარჩელე შპ-----–-------პ“-ის გადახდისუუნარობის დადასტურების მიზნით უთითებს შემდეგ გარემოებებზე - 2017 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმზე, რომელიც მისი განმარტებით ადასტურებს შპ-----–-------პის“ ბალანსზე აქტივის არარსებობას, ნულოვან ფაქტობრივ კაპიტალს და შესაბამისად საწარმოს გადახდისუუნარობას. მოსარჩელე თვლის, რომ 2017 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით, წილების უსასყიდლოდ გასხვისება პრეზუმფციულად ადასტურებს იმას, რომ შპ-----–-------პს“ არ გააჩნდა არანაირი ქონება/აქტივი.

 

მოსარჩელე უთითებს აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც შპ-----–-------პის“ მთლიან ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკაა გავრცელებული და განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს სახელმწიფოს ბიუჯეტის მიმართ შპ-----–-------პის“ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების არსებობას, შესაბამისად მის გადახდისუუნარობას.

 

სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობის თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია განვითარებული ქვეყნების საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები.

 

დირექტორის ვალდებულება კრედიტორთა მიმართ, ერთგულების და კეთილსინდისიერების ვალდებულებას მოიცავს. დირექტორი ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განცხადება კომპანიის გადახდისუუნარობის შესახებ, როდესაც ამას ადგილი ექნება.

 

მიიჩნევა, რომ კომპანია გადახდისუუნარობის პირასაა, თუკი შესაძლებლობა, რომ კომპანია გადახდისუუნაროა გადაწონის საპირისპირო შედეგის დადგომის შესაძლებლობას.

 

ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს სასამართლოები მიმართავენ ძირითადად ორ ტესტს იმის დასადგენად, იყო თუ არა კომპანია გადახდისუუნარო. კერძოდ, ეს არის კომპანიის ბალანსის ტესტი (Balance-Sheet Test) და კომპანიაში ნაღდი ფულის არსებობის ტესტი (Cash-Flaw Test). დელავერის საკანცლერო სასამართლოს მიერ განმარტებულ იქნა, რომ კომპანია გადახდისუუნაროა, თუკი მას არ შეუძლია (არ ექნება შესაძლებლობა მომავალში) დაფაროს ვადამოსული ვალდებულება ბიზნესის ჩვეულებრივ წარმოების პროცესში (Cash-Flaw Test), ან როდესაც კომპანიის აქტივების გონივრული, (რეალისტური) საბაზრო ღირებულება მის ვალდებულებებზე ნაკლებია (Balance-Sheet Test) (იხ. Haworth, Ohlgren, Director’s Liabilities and Corporate Governance in Insolvency and Pre-Insolvency Cases Worldwide, http://www.iiiglobal.org/component/jdownloads/ fi nish/19/319.html [12.07.2015]);

 

თუმცა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონი არ აღიარებს ე.წ. Balance-Sheet ტესტს, როგორც გადახდისუუნარობის ინდიკატორს. (იხ.Fleickner, Hopt, (Edit) Chanturia, Jugeli, Georgia: Coprporate Givernance of Business Corporations in: Comparative Corporate Governance, A Functional and International Analysis, Cambridge University Press, New York, 2013, 511)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,პრ-------------სი“ ვალდებული იყო ემტკიცება ის გარემოება რომ წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების საშუალება შპ-----–-------კს“ არ გააჩნია და საწარმო, არსებითად, გადახდისუუნაროა.

 

მოცემულ შემთხვევაში კი შპს ,,პრ-------------ს“-ის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მისი განმარტებით ადასტურებს საწარმოს გადახდისუუნარობას წარმოადგენს წილის გასხვისების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შპ-----–-------პის“ მთლიან ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა.

 

მხარეებისათვის სადავო არაა ის გარემოება, რომ შპ-----–-------პი“ არის მეწარმე, რომელსაც აკისრია ვალდებულება გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული კუთვნილი გადასახადი. მისი გადასახადის გადახდის ვალდებულება გამომდინარეობს საგადასახადო კოდექსიდან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო კოდექსის 20-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

ამავე კოდექსის მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

კოდექსის 238-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

 

ამდენად, გირავნობა/იპოთეკა თავისი სამართლებრივი ბუნებით არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა სამართლებრივად არ ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ საწარმო გადახდისუუნაროა და გადახდისუუნარობის წინაშე დგას. თანხის გადაუხდელობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარემოებებით.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებს, რომ წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების საშუალება კომპანიას არ გააჩნდა და საწარმო, არსებითად, გადახდისუუნარო იყო სადავო პერიოდისათვის. მით უმეტეს, იმ პირობებში როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება დღეის მდგომარეობით საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა, ახალი ხელმძღვანელის (დირექტორის) პირობებში.

 

მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლის მიხედვითაც 2017 წლის თებერვლიდან 2017 წლის ნოემბრამდე, ანუ იმ დრომდე სანამ მოპასუხეები წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელდნენ, შპ-----–-------პ“ ახორციელებდა სხვა სუბიექტებთან პროდუქციის შეძენასა და შემდგომ მის რეალიზაციას.

 

აღნიშნული გარემობები სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მოსარჩელის მსგავსი მითითებები მომდინარეობს არა საწარმოს რეალური ფინანსური მდგომარეობიდან, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელე გარემოებებს აფასებს მისთვის სასურველი შედეგების მიღწევის სურვილიდან გამომდინარე. აღნიშნულ გარემოებას ცხადყოფს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სადაც იგი აპელირებდა, რომ შპს ,,პრ-------------სის“ მიერ შპ-----–-------პისათვის“ 20.02.2017 წლიდან 23.02.2017 წლის ჩათვლით პროდუქციის მიწოდების შემდეგ შპ-----–-------პს“ არ განუხორციელებია შეკვეთა პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით, ხოლო 31.05.2017 წლიდან შპ-----–-------პმა“ შეწყვიტა თავისი სამეწარმეო საქმიანობა. თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხეების მიერ საქმეში წარმოდგენილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლის მიხედვითაც შპ-----–-------პის“ მიერ 2017 წლის 24 თებერვლიდან 2017 წლის 23 აგვისტომდე შეძენილი პროდუქციის ღირებულება შეადგენს 771 522,32 ლარს, ხოლო გაყიდული პროდუქციის ღირებულება 2017 წლის 06 მარტიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე შეადგენს - 877 655,36 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოპასუხეების მიერ ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევას ადგილი არა აქვს, ხოლო საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა შპ-----–-------პ“-ის გადახდისუუნარობა სადავო პერიოდში, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 761 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი შპ-----–-------პ“-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ხოლო დანარჩენი მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხე შპ-----–-------პ“-ის უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ 761 ლარი, სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,პრ-------------ს“-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე ნი------–--ეს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია - მარკა, მოდელი: ტოიოტა კამრი, სანომრე ნიშანი - A------, გამოშვების წელი - 2010, საიდენტიფიკაციო ნომერი: 4----------------, სარეგისტრაციო მოწმობა: A--------, რეგისტრაციის თარიღი: 04.08.2017 - გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებებით დატვირთვა;

 

ვინაიდან შპს ,,პრ-------------ს“-ის სარჩელი მოპასუხეების ნი------–--ისა და ლე----------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,პრ-------------ს“-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს და გამოტანილი იქნეს ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

2. მოპასუხე შპ-----–-------პ“-ს მოსარჩელე შპს ,,პრ-------------ს“-ის სასარგებლოდ დაკისროს 25 362,32 ლარის გადახდა.

 

3. შპს ,,პრ-------------ს“-ის სარჩელი მოპასუხეების ნი------–--ისა და ლე----------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე შპ-----–-------პ“-ს შპს ,,პრ-------------ს“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 761.00 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნი------–--ეს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია - მარკა, მოდელი: ტოიოტა კამრი, სანომრე ნიშანი - A------, გამოშვების წელი - 2010, საიდენტიფიკაციო ნომერი: 4----------------, სარეგისტრაციო მოწმობა: A--------, რეგისტრაციის თარიღი: 04.08.2017 - გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებებით დატვირთვა;

 

6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპ-----–-------პ“-ისათვის თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მხარისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი