გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 080310017001979523
საქმე №3/804-17 28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ქეთევან კირიაკიდი, ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - შპს ,,ვ-----------’’
წარმომაგენელი - ლ-------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - შ------------–--–---–ი
მოთხოვნა - ქმედების განხორციელების დავალდებულება, ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაევალოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს განახორციელოს ქმედება, კერძოდ: დაუბრუნოს მოსარჩელე შპს ,,ვ--------ი 2’’-ს მისი კუთვნილი ნივთები - Defenol – CS სპრეი 40მლ, 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი; ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ, 160 ცალი.
1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,ვ--------ი 2’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს საბაჟო საწყობში მიბარებული ნივთების შენახვის საფასური 905 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წელს შპს ,,ვ--------ი 2’’-მა გერმანული ფირმა BALLISTOL F.W. KLEER GMBH’’-ისგან შეიძინა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში განახორციელა აეროზოლური მოწყობილობების (თვალებში შესასხურებელი სპრეი) იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სახის პროდუქცია შეზღუდვის გარეშეა დაშვებული ქართულ ბაზარზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ პროდუქციის განბაჟება შეჩერებული იქნა და ბათუმის გ.ე.ზ.-ის მიერ განხორციელდა მისი დასაწყობება. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელემ საპრეტენზიო წერილით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რასაც თან დაურთო იმპორტირებული პროდუქციის შესახებ მონაცემები და საბაჟო დეპარტამენტს მოსთხოვა პროდუქციის განბაჟება, ასევე მისი შეჩერებისა და დასაწყობების შესახებ განმარტების მიცემა.
საბაჟო დეპარტამენტმა, 2016 წლის 21 ოქტომბრის N21-10/110068 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ქვეყანაში სამოქალაქო იარაღად დაშვებულია აეროზოლური მოწყობილობების გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი და ამ პროდუქტის რეალიზაცია რაიმე ლიცენზიას არ საჭიროებს. მიუხედავად აღნიშნულისა, უარი ეფუძნება ხსენებული კანონის მე-12 მუხლს და განმარტებულია, რომ რადგან სახელმწიფოს მიერ დღემდე დადგენილი არ არის აეროზოლური მოწყობილობების შესახებ სტანდარტები და ნორმები აეროზოლური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად არ ჩაითვლება, რის გამოც ვერ განხორციელდებოდა პროდუქციის განბაჟება.
მოსარჩელის განმარტებით, საკითხის გარკვევის მიზნით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლმაც წერილით განუმარტა, რომ აეროზოლური მოწყობილების ქვეყანაში იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რაიმე ნებართვა/ლიცენზიას არ საჭიროებს.
2017 წლის 1 თებერვლის მიმართვაზე, 2017 წლის 11 თებერვალის წერილით შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ რადგან ქვეყანაში არ ხდებოდა ასეთი ტიპის საქონლის რეალიზაცია, მოსარჩელეს შეეძლო გაეტანა იგი სახელმწიფოდან, ან უსასყიდლოდ გაეჩუქებინა სახელმწიფოსათვის ან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოსათვის, ან გაენადგურებინათ.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხემ უკანონოდ უთხრა უარი პროდუქციის განბაჟებაზე, რაც ხელს უშლის სამეწარმეო საქმიანობის წარმართვაში. პროდუქცია დასაწყოებულია და ორგანიზაცია ვერ ახერხებს მის რეალიზაციას, მაშინ როდესაც ამ სახის დამცავი სამოქალაქო თავდაცვის საშუალებები თავისუფალ სავაჭრო მიმოქცევაშია ქვეყნის ბაზარზე. მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის პროდუქცია თბილისის საბაჟო სამსახურის მიერ იქნა დაშვებული ქვეყანაში, რაც ადმინისტრაციული ორგანოების ქმედების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხის - შემოსავლების სამსახურის ქმედება - მისთვის აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევა და უკან დაუბრუნებლობა უკანონოა, რადგან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მას (მოსარჩელეს) არ ევალება, ჰქონდეს შესაბამისი სახისა და შინაარსის ნებართვა საქართველოს საზღვარზე გადმოსატანად;
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებაში სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს სარჩელი (იხილეთ შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,ვ--------ი 2’’-მა გერმანული ფირმა BALLISTOL F.W. KLEER GMBH’’-ისგან შეიძინა აეროზოლური მოწყობილობები - კერძოდ, Defenol – CS სპრეი 40მლ, 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ 160 ცალი, ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი (თვალებში შესასხურებელი სპრეი) და მოახდინა მათი იმპორტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პროდუქციის დასახელება და წარმოშობის სერტიფიკატი(იხ. ს.ფ. 14-20; ს.ფ.38-47).
- ინვოისი;
3.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,ვ--------ი +2“-ის დირექტორმა 2016 წლის 13 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა ბათუმის გ.ე.ზ.-ის მიერ მისი კუთვნილი შეჩერებული და დასაწყოებული პროდუქციის თაობაზე განმარტება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერის სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-10/110068 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ N146538 20.09.2016 ინვოისით შემოტანილ საქონელი (Defenol – CS სპრეი 40მლ 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი) წარმოადგენს გაზის აეროზოლურ მოწყობილობას, ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის განმარტებით, გაზის აეროზოლური მოწყობილობა არის მოწყობილობა რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებითი მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს, ხოლო მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, გაზის აეროზოლური მოწყობილობა განეკუთვნება სამოქალაქო თავდაცვის იარაღის კატეგორიას. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების მომსახურეობის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა). აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებული იქნეს იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს. ამასთან სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები, რომლის შესაბამისადაც აეროზოლური მოწყობილობა ჩაითვლება სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად, დღემდე არ არის დადგენილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ,,ვ--------ი 2“-ის დირექტორის 2016 წლის 13 ოქტომბრის განცხადება (იხ. ს.ფ.13);
- 2016 წლის 21 ოქტომბერის სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-10/110068 წერილი (იხ. ს.ფ. 21);
3.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის 2017 წლის 02 თებერვლის MOD 1 17 00102349 წერილით მოსარჩელეს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტის ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა). ხოლო, რაც შეეხება ბათუმის გ.ე.ზ.-ის მიერ მოსარჩელის პროდუქციის შეჩერება და დასაწყობება, აღნიშნულთან დაკავშირებით განემარტა, რომ საკითხი სცილდებოდა მათ კომპეტენციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის 2017 წლის 02 თებერვლის MOD 1 17 00102349 წერილი (იხ. ს.ფ. 22);
3.1.4. დადგენილია, რომ შპს ,,ვ--------ი +2“-ის დირექტორმა 2017 წლის 01 თებერვალს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა შეჩერებული და დასაწყოებული პროდუქციის თაობაზე განმარტების მიღება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 17 თებერვლის სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-10-10/23344 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი შეიძლება გატანილი იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქონლის განკარგვის ღონისძიებები საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, დეკლარანტის ინიციატივით, საგადასახადო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: ა) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა; ბ) საქონლის განადგურება; გ) საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ვ--------ი -2“-ის დირექტორის 2017 წლის 01 თებერვლის განცხადება (იხ. ს.ფ. 23);
- 2017 წლის 17 თებერვლის სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-10-10/23344 წერილი (იხ. ს.ფ. 25)
3.1.5. დადგენილია, რომ შპს ,,ვ-----------’’-მა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის მიზნით. გამოსაკვლევი ობიექტების ნიმუშები აღებული იქნა ქ. ბათუმში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N23-ში მდებარე შპს ,,G------------------l’’-ის საწყობში. N006022918 დასკვნის თანახმად, ცრემლსადენი აეროზოლების ANTI-HUND CS/CN, CS KO, Defenol CS სეს ესნ-ის კოდია 93040000000.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა;
3.1.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ვ--------ი 2’’-ს ჩამორთმეულ მის კუთვნილ ნივთებს: Defenol – CS სპრეი 40მლ 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი დღემდე ფლობს შემოსავლების სამსახური, რომელიც ფაქტობრივად ინახება შპს ,,G------------------l’’-ის საწყობში, ხოლო პროდუქციის შენახვის ხარჯების დავის განხილვის დროისათვის შეადგენს 905 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,G-------------------”-ისთვის ბანკის გადარიცხვის ქვითრები, ცნობები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი სადაო ფაქტები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება, კერძოდ: დაუბრუნოს მოსარჩელე შპს ,,ვ--------ი 2’’-ს მისი კუთვნილი ნივთები (Defenol – CS სპრეი 40მლ, 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ, 160 ცალი; ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ, 160 ცალი.
6.2. (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 207-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის გაშვება გულისხმობს დეკლარანტისთვის საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭება საქონლის მიმართ გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად; მითითებული მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია საქონლის განკარგვის ღონისძიებები, კერძოდ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; ბ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა; გ) საქონლის განადგურება; დ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. ე) საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები ხორციელდება იმ საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განჩინებაზე საქმეზე Nბს-106-99 (კ-13), სადაც სასამართლომ განმარტა მითითებული მუხლის გამოყენება მსგავს დავაზე და მიუთითა, რომ ,,კოდექსის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილის დათქმა: ,,საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული“, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს ამოსავალ წერტილს წინამდებარე დავის კანონიერი გადაწყვეტისათვის“.
თავის მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით რა დროსაც პრეზუმირებულია, რომ პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ვალდებულია, იცოდეს კანონის მოთხოვნები და ზუსტად შეასრულოს ისინი. რაც შეეხება სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევას, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით მოწესრიგებულია სასაქონლო ოპერაციების სახეები და კონკრეტული მათგანის გამოყენება სწორედ განსახორციელებელ ქმედებაზე არის დამოკიდებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავად ობიექტის სახე, მახასიათებლები, თავისებურებები, რამდენად არის მათი საზღვარზე შემოტანა თუ გატანა აკრძალული ან შეზღუდული.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ვ--------ი 2’’-მა გერმანული ფირმა BALLISTOL F.W. KLEER GMBH’’-ისგან შეიძინა აეროზოლური მოწყობილობები - კერძოდ, Defenol – CS სპრეი 40მლ, 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ 160 ცალი (თვალებში შესასხურებელი სპრეი), ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი, რომლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის პროცედურების განხორციელებაზე მოსარჩელეს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ უარი ეთქვა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები, რომლის შესაბამისადაც აეროზოლური მოწყობილობა ჩაითვლება სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად, დღემდე არ არის დადგენილი.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გაზის აეროზოლური მოწყობილობა არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;
ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს სამოქალაქო იარაღის ცნებას და სახეებს. კერძოდ, მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქოა იარაღია, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო იარაღის სახეებია: ა) თავდაცვის; ბ) სპორტული; გ) სანადირო; დ) საკოლექციო. ე) სასიგნალო.
,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თავდაცვისაა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია ფიზიკური პირის მიერ საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თავდაცვის იარაღის სახეებია: ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) გაზის (აირის) იარაღი; გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა; დ) ელექტროშოკური მოწყობილობა.
ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).
6.4. (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზია არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის თანხმად, ნებართვა არის ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან. ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილია საქმიანობის ლიცენზიის სახეები, ხოლო 24-ე მუხლი განსაზღვრავს ნებართვების სახეებს.
მოცემულის დავის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც ლიცენზიის სახეებისა და არც ნებართვების სახეების ჩამონათვალში არ არის წარმოდგენილი აეროზოლური მოწყობილობა, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელის შპს ,,ვ--------ი 2“-ის კუთვნილი პროდუქციის ქვეყნის საზღვარზე შემოტანისათვის კანონი არ ადგენს არც ლიცენზიის მოპოვება/ფლობის ვალდებულებას და არც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ნებართვის სავალდებულოობას.
სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე მხარემ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (მოსარჩელისთვის აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევის) საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები, რომლის შესაბამისადაც აეროზოლური მოწყობილობა ჩაითვლება სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულად, (იმ დროისათვის) არ იყო დადგენილი. მოპასუხე მხარემ საქმის ზეპირი განხილვის დროს ასევე დაადასტურა, რომ არც 2016 წლის 21 ოქტომბერს, შპს ,,ვ--------ი 2“-ის განცხადებაზე შემოსავლების სამსახურის წერილში მიცემული განმარტების დროს და არც სასამართლოში საქმის განხილვისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ არ არის დადგენილი სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები აეროზოლური მოწყობილობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში 2010 წლის 2 ივლისის განხორციელებული ცვლილებაზე (02.07.2010 წლის N3285 კანონი), რომლის შესაბამისად, კანონს დაემატა მე-141 მუხლი, რომლის მე-3 პუნქტით ადგენდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს. ამავე კანონში შემდგომ განხორციელებულმა ცვლილებამ (24.04.2012 წლის N6058 კანონი) აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი გააუქმა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საკანონმდებლო დონეზე არ არის მოწესრიგებული და განსაზღვრული გაზის აეროზოლური მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს არ აქვს შემუშავებული და დადგენილი ის ნორმატიული მოთხოვნები (წესი, პირობა) რომელიც აეროზოლური მოწყობილობებთან მიმართებაში სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვებობის კრიტერიუმს დაადგენდა, მოპასუხის ქმედება - მოსარჩელე შპს ,,ვ--------ი -2“-ს მიმართ დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროდუქციის დაკავების დროისათვის ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 მუხლის მე-3 პუნქტი გაუქმებული იყო და, შესაბამისად, მოთხოვნას - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლების დამტკიცების შესახებ, არც იმ დროს და არც საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი კანონი, არ ითვალისწინებდა.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს წარმოდგენილ შესაგებელში და საქმის განხილვის დროს დაფიქსირებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის კუთვნილი აეროზოლური მოწყობილობის შეუზღუდავად დაშვება სამოქალაქო ბრუნვაში საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მსგავს განმარტებას არ შეიცავდა მოსარჩელის პროდუქციის დაკავების თაობაზე შემოსავლების სამსახურის წერილები, რაც ცალსახად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის აღნიშნული მოტივაცია უცნობი იყო საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე. რაც შეეხება თავად განმარტებას, მოპასუხე პოზიციის მართებულობის დასადასტურებლად მიუთითებს ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის N394 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ა) სამხედრო პროდუქციის ნუსხა (დანართი №1); და ბ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა (დანართი №2). მითითებული დადგენილების მე-7 ჯგუფი ადგენს ქიმიური ნივთიერებებს ან ბიოლოგიური ტოქსიკური აგენტებს, მასების კონტროლის საშუალებებს, რადიოაქტიური მასალებს, შესაბამისი აღჭურვილობის, კომპონენტებს და მასალებს. ჯგუფის პირველი პუნქტის თანახმად, ბიოლოგიური აგენტები ან სამხედრო მიზნისთვის გამოყენებადი რადიოაქტიური მასალები, რომლებიც გამოიყენება ადაპტირებულ საომარ ვითარებაში ადამიანების და ცხოველების დაზიანების, აღჭურვილობის მწყობრიდან გამოყვანის ან მოსავლისთვის და გარემოსთვის ზიანის მიყენების მიზნით. ამავე ჯგუფის მე-4 პუნქტის თანახმად, მასების კონტროლის ნივთიერებათა ჯგუფი, აქტიური შემადგენელი ქიმიკატები და მათი კომბინაციები, მათ შორის: ბ) [(2-ქლოროფენილი) მეთილენი] პროპანესინიტრილი, (o-ქლორობენზილიდენამალონონიტრილი (CS) (CAS 2698-41-1); გ) 2-ქლორი-1-ფენილეტანონი, ფენილაცილის ქლორიდი (ω-ქლოროაცეტოფენონი) (CN) (CAS 532-27-4);
მოპასუხის განმარტებით პროდუქცია, რომელიც ჩამოერთვა შპს ,,ვ--------ი 2“-ს შეიცავს (CS) და (CN) კომპონენტებს, რომლის დაშვებაც სპეციალურ რეგულირებას ექვემდებარება. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ დადგენილების მოქმედების სფერო მოიცავს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, რომელიც ნამდვილად არ მოიაზრებს სადავო პროდუქციის ამ ჯგუფისადმი კუთვნილებას. ამასთან, ამავე დადგენილების მე-7 ჯგუფის შენიშვნა განმარტავს, რომ ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) მასობრივი არეულობების აღსაკვეთად გამოსაყენებელ ნივთიერებათა ჯგუფზე, რომლებიც ინდივიდუალურად არის შეფუთული თავდაცვის მიზნებისთვის; ბ) აქტიურ შემადგენელ ქიმიკატებზე და მათ კომბინაციებზე, რომლებიც იდენტიფიცირებული და შეფუთულია საკვების მოსამზადებლად და სამედიცინო საჭიროებებისთვის. აღნიშნული ჯგუფის შენიშვნა დასახელებულ ნივთიერებებთან დაკავშირებით გარკვეულ დათქმებს ითვალისწინებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ნივთიერება, ბუნებრივია, გარკვეული ოდენობით თუ დოზით, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკვების მოსამზადებლად და სამედიცინო საჭიროებებისთვის.
მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მოსაზრებას აეროზოლური მოწყობილობების ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერების შემცველობის თაობაზე. აღნიშნული მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი მოსაზრება, რომელიც დავის განხილვის დროს იქნა დაფიქსირებული, მოკლებულია საფუძვლიანობას.
სასამართლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ აეროზოლური მოწყობილობის ANTI-HUND CS/CN, CS KO, Defenol CS სეს ესნ-ის კოდია 93040000000. საკვლევ ობიექტზე სეს ესნ კოდი განისაზღვრა ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის N241 ბრძანების და ჰარმონიზირებული სისტემის განმარტებების თანახმად. აღსანიშნავია, რომ იგივე კოდის - 93040000 შემცველია პროდუქცია, რომელიც დაშვებული იყო ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს სხვა საბაჟო პუნქტის გავლით. აღნიშნული კოდი კი გარკვეული პროდუქციის იდენტურობაზე მიუთითებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანის უფლება მხოლოდ იმ აეროზოლურ მოწყობილობაზე დაიშვება, რომლის შემადგენლობაშიც შედის წიწაკა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებას. აღნიშნული პოზიცია ეყრდნობა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირ განმარტებას და არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებით. ხოლო განმარტება, რომ პროდუქციის შემცველობის (რომელიც ასახულია პროდუქციის კორპუსზე) საშიშროებას განსაზღვრავს საბაჟოს თანამშრომელი ინდივიდუალურად, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მიერ სტანდარტები არ არის დადგენილი, სცილდება სამართლებრივი რეგულირების სფეროს ფარგლებს. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი პროდუქცია შეიცავს ქვეყანაში აკრძალული (ან კონკრეტული კანონმდებლობით რეგულირებულ) ნორმატიული აქტით დადასტურებულ ან უარყოფილ (აკრძალულ, შეზღუდულ) ნივთიერებას, რაც განსაკუთრებული რეგულაციის ქვეშ აქცევს ამ პროდუქციას და უდგენს განსხვავებულ რეჟიმს, ან საფრთხის შემცველია გარშემო მყოფთათვის, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი) 2018 წლის 27 მარტის N3138-21-10 წერილს, სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნულს წარმოადგენს მოპასუხე მხარის პოზიციას - ახსნა-განმარტებას, რომელიც ასევე არ არის გამყარებული ისეთი სახის მტკიცებულებით, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას. მოპასუხის მიერ ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე სახის მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სხვაგვარად შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში მოპასუხეს, გარდა ზემო აღნიშნული ზოგადი შინაარსის განმარტებისა, ხელთ არ აქვს სხვა, შესაბამისი სახისა და/ან შინაარსის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომლებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნებოდა, ემტკიცებინა, რომ მოსარჩელე შპს ,,ვ-----------’’-ის კუთვნილი აეროზოლური მოწყობილობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა აკრძალულია;
იმ პირობებში, როდესაც არ არის შემუშავებული ნორმატიული წესი სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები აეროზოლური მოწყობილობის თაობაზე, მოპასუხის ქმედება - მოსარჩელე შპს ,,ვ-----------’’-ისათვის აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევა უკანონოა, დაუსაბუთებელია; ვიდრე არ იქნება შემუშავებული და დადგენილი ზემოხსენებული ნორმატიული წესი, ითვლება, რომ არ არის აკრძალული შპს ,,ვესტრნი 2’’-ის კუთვნილი აეროზოლური მოწყობილობების საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა;
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
მოპასუხის ქმედებამ - მოსარჩელე შპს ,,ვ--------ი 2’’-ის მისი კუთვნილი ნივთების - აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევამ, განაპირობა მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვა, შელახვა ისე, რომ ეს ქმედება არ იყო დაფუძნებული კანონზე და კანონის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამდენად, სარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს; მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს განახორციელოს ქმედება, კერძოდ, დაუბრუნოს მოსარჩელე შპს ,,ვ--------ი 2’’-ს მისი კუთვნილი ნივთები Defenol – CS სპრეი 40მლ, 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ 160 ცალი, ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი (თვალებში შესასხურებელი სპრეი).
6.7. რაც შეეხება მოსარჩელის კუთვნილი (საბაჟოზე დაკავებული) ნივთების შენახვის თანხის - 905 ლარის ანაზღაურების მოთხოვნას, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს იმ მატერიალური ზიანის გამოხატულებას, რომელიც მიადგა მოსარჩელეს მოპასუხის ბრალით;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილია, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ 1. პირი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, 2. პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი, 3. უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები; დელიქტით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია სამივე პირობის თანადროულობა, თანაარსებობა;
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სადაო შემთხვევაში სახეზეა ზემოთ დასახელებული სამივე პირობის ერთდროულობა; კერძოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე - შემოსავლების სამსახური ქმედების განხორციელების - მოსარჩელე შპს ,,ვ--------ი 2’’-ისათვის აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევის დროს მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ; ქმედების მართლწინააღმდეგობა იმაში გამოიხატა, რომ აეროზოლური მოწყობილობების ჩამორთმევამ განაპირობა მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვა, შელახვა ისე, რომ ეს ქმედება არ იყო დაფუძნებული კანონზე და კანონის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე; ანუ, როდესაც მოსარჩელე გადიოდა საბაჟო პროცედურებს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა ჩამოერთვა მოსარჩელისთვის აეროზოლური მოწყობილობები, მასვე ჩამორთმეული ნივთები არ უნდა გადაეცა შესანახად შპს ,,G------------------l’’-ისათვის’’; რომ არა მოპასუხის უკანონო ქმდება, არ მოხდებოდა ჩამორთმეული ნივთების შესანახად გადაცემა, შესაბამისად მოსარჩელეს არ მოუხდებოდა საწყობში ნივთების შენახვისთვის დადგენილი საფასურის გადახდა;
ამდენად, მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს, რომ მოსარჩელეს - შპს ,,ვ--------ი 2’’-ს აუნაზღაუროს მატერიალური ზიანის სახით 905 (ცხრაას ხუთი) ლარი;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ – შპს ,,ვ--------ი2’’-მა სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 (ასი) ლარი; სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
7.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯის - 1000 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,ვ--------ი 2’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,ვ--------ი 2’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს განახორციელოს ქმედება, კერძოდ: დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს ,,ვ--------ი 2’’-ს მისი კუთვნილი ნივთები Defenol – CS სპრეი 40მლ, 160 ცალი; KO-CS სპრეი 40 მლ 160 ცალი, ძაღლისგან დამცავი სპრეი 50მლ 160 ცალი.
3. სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,ვ--------ი-2’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს შპს ,,ვ-----------’’-ის სასარგებლოდ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.
5. სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,ვ--------ი 2’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს საბაჟო საწყობში მიბარებული ნივთების შენახვის საფასური 905 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი