გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330210017001974032
საქმე №2/15982-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელეები დ--------------ი, მ-----------------------------ი,წარმომადგენელი თ--------------ე
მოპასუხე შპს „დ----–--ი“
დირექტორი ზ---------------–---–ი
წარმომადგენლები შ--–------------ე, დ--------------–---–ი
დავის საგანი აუცილებელი გზის მოწყობა-სარგებლობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ--------------სა და მ-----------------------------ს, მათ საკუთრებაში არსებული N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (ქ. თბილისი, დასახლება დიდი ხეივანი, სპორტული მოედნის მიმდებარედ), ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით მიეცეთ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებული N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის - 407 კვ.მ. ფართზე.
(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა, იხ. 17.09.2018წ. სხდომის ოქმი)
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
დ--------------ისა და მ-----------------------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთამდე (მათ შორის საცხოვრებელ სახლამდე) მისასვლელი ერთადერთი გზა გადის შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელეთა მითითებით, იმისათვის, რომ სამომავლოდ უზრუნველყოფილი იყოს მათი საკუთრებით შეუზღუდავი სარგებლობა, აუცილებელია შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე ს/კ 0--------------- დადგინდეს აუცილებელი გზა დ--------------ისა და მ-----------------------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (ს/კ 0--------------- და ს/კ 0---------------) სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „დ----–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ 0---------------) არ არის დ--------------ისა და მ-----------------------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებამდე (ს/კ 0--------------- და ს/კ 0---------------) მისასვლელი ერთადერთი გზა, რაც დასტურდება მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითაც. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებს უკანონოდ აქვთ აღმართული ღობე და სხვადასხვა ნაგებობით შეჭრილები არიან მოპასუხის საკუთრებაში, რითიც არღვევენ შპს „დ----–--ის“ საკუთრების უფლებას. მოსარჩელეთათვის არსებობს სხვა უმოკლესი გზა საჯარო გზებთან დასაკავშირებლად, რის გამოც გაუმართლებელია შპს „დ----–--ის“ საკუთრების უფლების დამატებითი შეზღუდვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დ--------------ის საკუთრებაშია N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, დიდი ხ----ის დასახლება, სპორტული მოედნის მიმდებარედ (დაზუსტებული ფართობი 280 კვ.მ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 41-42).
3.1.2. მ-----------------------------ს საკუთრებაში აქვს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, დიდი ხ----ის დასახლება, სპორტული მოედნის მიმდებარედ, ს/კ 0--------------- (306 კვ.მ დაზუსტებული ფართობი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 43-44).
3.1.3. N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი კი ირიცხება შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში, რომელიც მოიცავს 6474 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ. თბილისი, დიდი ხ----ის მიმდებარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-38).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 აპრილის დასკვნის (N5002019417) თანახმად ქ. თბილისში, დიდი ხ----ის დასახლებაში, სპორტული მოედნის მიმდებარედ:
- N0---------------, N0---------------, N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფაქტობრივი მდგომარეობით გააჩნიათ მხოლოდ ერთადერთი მისასვლელი საავტომობილო გზა, რომელიც მდებარეობს N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.
- N0---------------, N0---------------, N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნიათ დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან.
- N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა, შესაძლებელია მოეწყოს მის სამხრეთ ნაწილიდან N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გავლით, სადაც უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო გზა.
- N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა, შესაძლებელია მოეწყოს მის სამხრეთ ნაწილიდან N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო გზა.
- N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა, შესაძლებელია მოეწყოს მის სამხრეთ ნაწილიდან N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო გზა.
- N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა, შესაძლებელია მოეწყოს მის სამხრეთ ნაწილიდან N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, სადაც უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო გზა.
დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, დიდი ხ----ის დასახლებაში, სპორტული მოედნის მიმდებარედ:
- N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 280 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეა დ--------------ი.
- N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 306 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეა მ-----------------------------ი.
- N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 350 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეა რობერტ მაშაევი.
- N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 890 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეა ნარგიზა ჯაფარიძე.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, N0---------------, N0---------------, N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფაქტობრივი მდგომარეობით არ გააჩნიათ დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ოთხივე მხრიდან ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. აღსანიშნავია, რომ N0---------------, N0---------------, N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთები ფაქტობრივი მდგომარეობით შემოღობილია მყარი ღობით, კერძოდ N0--------------- მიწის ნაკვეთი შემოღობილია რკინაბეტონის ღობითა და მასზე მოწყობილი ხის კონსტრუქციით, ხოლო N0---------------, N0--------------- და N0--------------- მიწის ნაკვეთები შემოღობილია რკინაბეტონისა და ბლოკის ღობით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს გააჩნიათ მხოლოდ ერთი შესასვლელი ჭიშკარი, რომელიც გადის N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ საავტომობილო მისასვლელ გზაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.04.2017წ. ექსპერტიზის დასკვნა.
3.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, დიდი ხ----ის დასახლებაში, სპორტული მოედნის მიმდებარედ N0---------------, N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სამხრეთ ნაწილში არსებული ფაქტობრივი საზღვარი (ღობე) სცდება (არ შეესაბამება) ხსენებული მიწის ნაკვეთების რეგისტრირებულ საზღვარს (წითელ ხაზებს) და მოიცავს (გადაფარავს) N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 11 კვ.მ ფართს, 0--------------- მიწის ნაკვეთი მოიცავს (გადაფარავს) 16 კვ.მ ფართს, ხოლო N0--------------- მიწის ნაკვეთი მოიცავს (გადაფარავს) 15 კვ.მ ფართს. რაც შეეხება N0---------------, N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ საავტომობილო გზას, იგი მოიცავს N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 470 კვ.მ ფართს.
ამავე დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში დიდი ხ----ის ქუჩის მიმდებარედ N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილის - 470 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საავტომობილო გზა) საბაზრო ღირებულება 2018 წლის 11 ივლისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 75 760 ლარს, ხოლო აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 155 აშშ დოლარს, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით საორიენტაციოდ შეადგენს 380 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.07.2018წ. ექსპერტიზის დასკვნა.
[საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებთან მიმართებით უნდა განიმარტოს, რომ დასკვნებით გამოკვლეული და დადგენილი გარემოებები ვერ მიიჩნევა ერთმანეთის გამომრიცხველად, რამეთუ ერთ შემთხვევაში 12.04.2017 წლის ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია შპს „დ----–--ის“ კუთვნილი ქონების აუცილებელ გზად მიჩნევის საჭიროება, რაც არ არის გაქარწყლებული 11.07.2018 წლის დასკვნით, რომლითაც შეფასებულია მოსარჩელეთა ფაქტობრივი საზღვრის მოპასუხის საკუთრებაში გადაცდომაზე. ამავდროულად მითითებულ დასკვნაში შეფასებულია N0---------------, N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოცულობა, რომელიც მოიცავს N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 470 კვ.მ ფართს. ექსპერტიზის დასკვნით, განსაზღვრულია აღნიშნული ტერიტორიის საბაზრო ღირებულება და ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა. შესაბამისად მოხმობილი დასკვნები არ ადგენს ერთმანეთისაგან საპირისპირო გარემოებებს და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ მიიჩნევა 12.04.2017 წლის დასკვნით დადგენილი გარემოებების გამომრიცხველად, რომლითაც თავის მხრივ დადგენილია შპს „დ----–--ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენის სავალდებულოობა.
რაც შეეხება, 11.07.2018 წლის დასკვნას, რომლითაც დადგენილია მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის, N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სამხრეთ ნაწილში არსებული ფაქტობრივი საზღვრით გადაფარვას, აღნიშნული ვერ განიხილება კონკრეტული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის და ვერ შეფასდება არსებული დავის ფარგლებში, რამეთუ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანია აუცილებელი გზის დადგენის საჭიროების განსაზღვრა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ სათანადო წესით (შეგებებული სარჩელის აღძვრა) სადავოდ არ არის გამხდარი გადაფარვის საკითხი, აღნიშნული არსებული დავის ფარგლებში დ--------------ისა და მ-----------------------------ის სარჩელის საფუძვლიანობის კვლევის განსაზღვრისათვის ვერ შეფასდება.
ამავდროულად, მოხმობილი მსჯელობის განვითარებით სასამართლო გამორიცხავს კონკრეტული დავის ფარგლებში მესაკუთრისათვის კანონით გარანტირებული კომპენსაციის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტასაც, რადგანაც კომპენსაციასთან მიმართებით არც სარჩელით არის შეთავაზებული კონკრეტული ოდენობა და არც მოპასუხეს აქვს წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი, კანონით მინიჭებული კომპენსაციის დაკისრებასთან მიმართებით, ამავდროულად შესაგებლის ფარგლებშიც, რამდენადაც მოპასუხის მიერ შედავებული იქნა აუცილებელი გზის დადგენა, კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკითხი არ შეფასებულა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ არ არის მკაფიო და ცალსახა პოზიციები წარმოდგენილი კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით, სასამართლო პროცესში განმტკიცებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე გაუმართლებლად მიიჩნევს არსებული დავის ფარგლებში შეფასდეს კომპენსაციასთან მიმართებით მოთხოვნა, რამეთუ იგი სათანადო წესით არ არის მოთხოვნილი და შესაბამისად მოპასუხის მიერ შედავებული. კონკრეტული დავის ფარგლებში კომპენსაციაზე მსჯელობა იმ პირობებში, როდესაც მისი ოდენობა მხარეთა შორის სადავოა და არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები მიზანშეუწონელია, რამეთუ შესაბამისი დასაბუთებისა და ამ დასაბუთების საწინააღმდეგოდ მოწინააღმდეგე მხარის შედავების არ არსებობის პირობებში დაირღვევა სამოქალაქო პროცესით განმტკიცებული სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი - შეჯიბრებითობა, რაც ვერ იქნება უგულებელყოფილი პროცესის ეკონომიურობის მიზნით. მართალია კანონით აღიარებულია მესაკუთრის უფლება კომპენსაციის მიკუთვნებასთან მიმართებით, თუმცა რამდენადაც მოპასუხის მიერ კომპენსაციის ოდენობა შესაგებლის ფარგლებში არ იქნა დაფიქსირებული, ასევე არ წარმოდგენილა შეგებებული სარჩელი, რომელზეც მოსარჩელე უზრუნველყოფდა შესაბამისი შედავების განხორციელებას, სასამართლო გაუმართლებლად მიიჩნევს შესაბამისი შედავების განხორიცელების შეუძლებლობის პირობებში განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა, რომელიც სადავო საკითხს წარმოადგენს მხარეთა შორის.]
3.2.3. დ--------------ისა და მ-----------------------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები (ს/კ 0--------------- და ს/კ 0---------------) საჯარო გზას უკავშირდებიან შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 0---------------) გავლით.
შპს „დ----–--ის“ კუთვნილი უძრავი ნივთის 407 კვ.მ წარმოადგენს მონაკვეთს, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელ კავშირს საჯარო გზასთან დასაკავშირებლად, რაც ცალსახად დასტურდება, როგორც ექსპერტიზის დასკვნით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის ნახაზებითა და გეგმებით. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების - საჯარო გზასთან კავშირის არ არსებობისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების აუცილებელ გზად გამოყენების საჭიროების დადასტურება, რისი გაქარწყლებაც მოპასუხემ სათანადო წონადი მტკიცებულებებით ვერ მოახერხა. ამავდროულად სასამართლო რეალური საჭიროებიდან გამომდინარე მოთხოვნილ 407 კვ.მ-ს ვერ განიხილავს დაუშვებელ ხელყოფად თავად შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოცულობასთან (6474 კვ.მ) მიმართებითაც.
სადავო ნაკვეთის აუცილებლობის საჭიროებას ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებები და გადაწყვეტილება, რომელთა გაცნობის შედეგად დგინდება, რომ სადავო მონაკვეთი წლების მანძილზე მიიჩნეოდა მოსარჩელეების საკუთრებასთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზად და აღნიშნული ნაკვეთით თავად მოსარჩელეებიც, ასევე მათი წინამორბედი მესაკუთრეები შეუზღუდავად სარგებლობდნენ და ამგვარად უკავშირდებოდნენ საჯარო გზას. შესაბამისად უგულებელყოფილი უნდა იქნეს მოპასუხის მტკიცება, თითქოს მისი ნაკვეთი არ წარმოადგენს ერთადერთ დამაკავშირებელ მანძილს მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საჯარო გზას შორის. აღნიშნული არც 12.04.2017 წლის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, მათ შორის იმ პუნქტით, რომლითაც მოპასუხესთან ერთად მითითებულია სხვა მიწის ნაკვეთი, აღნიშნული ვერ გამორიცხავს მოთხოვნის საფუძვლიანობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი ნახაზებით თვალნათელია, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთადერთ დამაკავშირებელ გზას საჯარო სივრცესთან.
კონკრეტული მიწის ნაკვეთის აუცილებელ გზად მიჩნევის საკითხს ადასტურებს ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 აგვისტოს მიწერილობა, რომლითაც დ--------------ს განემარტა, რომ მის საკუთრებაში არსებულ საკადასტრო ერთეულამდე (0---------------) მისასვლელი გზა მოქცეულია შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 0---------------) წითელ ხაზებში. იმის გათვალისწინებით, რომ დ--------------ის სახლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზა არ ფიქსირდება.
ამდენად, არსებულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ N0--------------- საკადასტრო კოდით მოცული მიწის ნაკვეთის 407 კვ.მ. წარმოადგენს აუცილებელ გზას მოსარჩელეების კუთვნილი მიწის ნაკვეთებიდან საჯარო გზებთან დასაკავშირებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ. 124);
- 12.04.2017წ. ექსპერტიზის დასკვნა;
- გეგმა (ს.ფ. 45);
- ორთოფოტო (ს.ფ. 46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.5. 2014 წლის 19 ივნისს შპს „დ----–--ის“ დირექტორმა ზ---------------–---–მა ნოტარიული წესით განაცხადა თანხმობა, შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთის (ს/კ 0---------------) მიმდებარედ ნარგიზა ჯაფარიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) აშენდეს საცხოვრებელი სახლი და ნარგიზა ჯაფარიძემ შეუზღუდავად ისარგებლოს შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, რომელიც წარმოადგენს მის უძრავ ქონებასთან მისასვლელ გზას.
სასამართლო ამ მხრივ ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ ნარგიზა ჯაფარიძის მიწის ნაკვეთი მდებარეობს უშუალოდ მ-----------------------------ის მიწის ნაკვეთის გვერდით და იგი თავისი მდებარეობით საჯარო გზიდან მეტად მოშორებითაა, ვიდრე დ--------------ის ნაკვეთი, შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც შპს „დ----–--ი“ ადასტურებს, რომ ნარგიზა ჯაფარიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან მისასვლელად საჭიროა მისი ნაკვეთის გავლა, გაუგებარია რა საფუძვლით არ წარმოადგენს აღნიშნული ნაკვეთი მოსარჩელეების შემთხვევაში დამაკავშირებელ მონაკვეთს, მაშინ, როდესაც ფოტოსურათებით, გეგმებით თვალნათელია მათი განლაგება და ამავდროულად ნარგიზა ჯაფარიძის მიერ სარჩელის გახმობის შედეგად შემცირდა მოთხოვნილი ფართის ოდენობა, რადგანაც ნარგიზა ჯაფარიძის ქონება, მოსარჩელეებთან შედარებით მოშორებით მდებარეობს საჯარო გზიდან, შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც ნების გამოვლენის (გარიგების) საფუძველზე აღიარებულია ნარგიზა ჯაფარიძის უფლება, გაუმართლებელია მოსარჩელეებთან მიმართებით აღნიშნული უფლების შეზღუდვა და ნების არ არსებობის პირობებში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კანონისმიერი დანაწესის შესაბამისად დაადგინოს კონკრეტულ ნაკვეთზე აუცილებელი გზა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოსარჩელეებისათვის საჯარო გზასთან კავშირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გეგმა (ს.ფ. 45);
- ორთოფოტო (ს.ფ. 46);
- თანხმობა (ს.ფ. 127-128);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--------------ისა და მ-----------------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 180-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
საკუთრების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული უფლების საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილია, როგორც კონსტიტუციით, ასევე სამოქალაქო კოდექსის მეორე თავით. საკუთრების უფლების შეზღუდვის საკითხის განხილვისას სასამართლო მკაცრი და დასაბუთებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს იმ მიზნით, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდოს იგი, როგორც ინდივიდის უფლების განუყოფელი მახასიათებელი. მაშინ როცა სასამართლო საკუთრების შეზღუდვის მართებულობაზე მსჯელობს, იგი გამორიცხავს ყველა შესაძლო სხვა ვარიანტს და თუ დაადგენს, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების შეზღუდვის თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე JAHN AND OTHERS v. GERMANY განმარტა, რომ საკუთრების თავისუფლად სარგებლობაში ჩარევისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესებსა და კერძო პირის ფუნდამენტური უფლების დაცვის მოთხოვნილებებს შორის. უნდა არსებობდეს პროპორციულობის გონივრული ურთიერთმიმართება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის, როდესაც ხდება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ეხება საკუთრების უფლების ჩამორთმევას ან შეზღუდვას.
ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც“. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის ულებები შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები“ (იხ.სუსგ №ას-144-486-07, 26 ივლისი, 2007 წელი).
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ--------------ისა და მ-----------------------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები (ს/კ 0--------------- და ს/კ 0---------------) საჯარო გზას უკავშირდებიან შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 0---------------) გავლით. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა დამატებითი მტკიცებულებების ერთობლიობით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ვერ უკავშირდებიან დამოუკიდებლად საჯარო გზას და შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს აუცილებელ კავშირს საჯარო გზასთან მოსახვედრად, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხის საკუთრების უფლების აღნიშნული ფარგლებით შეზღუდვასთან მიმართებით.
6.2. სკ-ს 180-ე მუხლი მესაკუთრეს ანიჭებს უპირობო უფლებას კომპენსაციის მოთხოვნასთან მიმართებით, თუმცა სასამართლო კონკრეტული დავის ფარგლებში შესაბამისი პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებისა და სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის საფუძვლით მიზანშეუწონლად მიიჩნევს კომპენსაციის დაკისრების საკითხის გადაწყვეტას.
უნდა განიმარტოს, რომ აუცილებელი გზის დადგენიდან გამომდინარე „თმენის ვალდებულება“ წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, რაც განსხვავდება ზიანის ინტიტუტისაგან. ზიანის ანაზღაურება ემსახურება იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, ამ ქმედებას რომ არ გამოეწვია პირის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა. ამასთან ერთად, როგორც წესი, ამ ხელყოფის გამომწვევია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის აკისრებს „თმენის ვალდებულებას“. კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის სასამართლო მნიშვნელოვანად მიიჩნევს ამ შეზღუდვის ფარგლებისა და იმ ინტერესის გარკვევას, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამასთან, მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი. მოხმობილი ნორმით დადგენილი საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას, მნიშვნელობა ენიჭება მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილებას, სხვის მიერ მისი საკუთრების შეზღუდვის გამო, თმენის ვალდებულებისათვის, რაშიც მოიაზრება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელი გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 0---------------) 407 კვ.მ-ზე დადგინდა აუცილებელი გზა დ--------------ისა და მ-----------------------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ, შესაბამისად შპს „დ----–--ს“ წარმოეშობა საკუთრების შეზღუდვის თმენისათვის შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნასთან მიმართებით, თუმცა იმ პირობებში, როდესაც კომპენსაციის ოდენობასთან მიმართებით მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ამავდროულად არც სარჩელში და არც შესაგებელში არ მითითებულა კომპენსაციის კონკრეტული ოდენობა და მისი დასაბუთება, ამავდროულად წარმოდგენილი არ არის შეგებებული სარჩელი, რომლითაც პროცესით დადგენილი წესით მოთხოვნილი იქნებოდა შესაბამისი კომპენსაცია და შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს მიეცემოდა შესაძლებლობა სათანადო მტკიცებულებებით უზრუნველეყო მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობის შედავება. სასამართლო ვერ გასცდება მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებების საზღვრებს და ვერ დაარღვევს სამოქალაქო სამართალწარმოების ერთერთ ფუნდამენტურ პრინციპს - შეჯიბრებითობას.
სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ "საკუთრების უფლების შეზღუდვა აუცილებელი გზის მოწყობის მეშვეობით, რაღა თქმა უნდა, სამართლიანი კომპენსაციის პირობებში უნდა მოხდეს, რითაც დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები, ანუ გარკვეული თმენის ვალდებულება სწორედაც რომ შესატყვისი კომპენსაციით უნდა იქნეს ანაზღაურებული. თუმცა კომპენსაციის ოდენობა შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის პირობებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ იქნება". კონკრეტულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა, ცალსახად და არაორაზროვნად ეხება მხოლოდ აუცილებელი გზის დადგენას და არა რაიმე ოდენობით კომპენსაციის სანაცვლოდ აუცილებელი გზის დადგენას. ასეთი მოთხოვნის არ არსებობის პირობებში, სასამართლო ვერ გამოიკვლევს თუ რამდენად გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითხოვს აუცილებელი გზის დადგენას მოსარჩელეები. თუ სარჩელში ამგვარი მოთხოვნა იქნებოდა სახეზე, ასეთ შემთხვევაში, მოპასუხესაც მიეცემოდა შესაძლებლობა შესაგებლით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას შეცილებოდა. აუცილებელი გზის დადგენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებია, თუმცა, ასეთ ვითარებაში, მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშობა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს როგორც შეგებებული სარჩელის აღძვრის, ასევე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის გზით. საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. თმენა კი ეხება არამხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა, შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ. ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება არამხოლოდ აუცილებელი გზის ფარგლებში არსებული თმენის ვალდებულება, ასევე ის შეზღუდვა, დანაკარგი, დანაკლისი, თუ ზემოქმედება, რისი თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე აუცილებელი გზის ფარგლებს გარეთ წარმოეშობა. ანაზღაურების პირობები არის ხელშესახები, იმის შეფასებისას - მიღებული ზომები იცავს, თუ არა, აუცილებელ სამართლიან ბალანსს და ხომ არ აკისრებს განმცხადებელს არაპროპორციულ ტვირთს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ დავაში არ არსებობდა რა სასარჩელო მოთხოვნა არც მოსარჩელის მხრიდან, თუ რა კომპენსაციის სანაცვლოდ ითხოვდა აუცილებელი გზის დადგენას და არც შეგებებული სარჩელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ამიტომ სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმაზე მეტს, ვიდრე არ უთხოვია. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება, საქმე N2ბ/2601-14, 09.09.2014წ.)
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სათანადო წესით არ არის მოთხოვნილი აუცილებელი გზის დადგენისათვის კომპენსაციის დაკისრების საკითხი სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში მიზანშეუწონლად მიიჩნევს კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტას, რაც არ ართმევს მოპასუხეს შესაძლებლობას დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის გზით მოითხოვოს კომპენსაციის დაკისრება, რომლის ოდენობაც ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარეც უნდა შეფასდეს და გადაწყდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ერთ სარჩელში გაერთიანებულია დ--------------ისა და მ-----------------------------ის მოთხოვნები, მათ საკუთრებაში არსებული დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთებისათვის აუცილებელი გზის მოწყობასთან დაკავშირებით, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟთან მიმართებით მოსარჩელეები ვერ განიხილებიან სოლიდარულ კრედიტორებად და მათ მიმართ მოპასუხის ვალდებულება უნდა განისაზღვროს ერთმანეთისაგან გამიჯნულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება სრულად, სსსკ-ს 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „დ----–--ს“ დ--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარი და ანალოგიურად მ-----------------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მისი სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--------------ის და მ-----------------------------ის სარჩელი შპს „დ----–--ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. დ--------------სა და მ-----------------------------ს, მათ საკუთრებაში არსებული N0--------------- და N0--------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (ქ. თბილისი, დასახლება დიდი ხეივანი, სპორტული მოედნის მიმდებარედ), ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით მიეცეთ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება შპს „დ----–--ის“ საკუთრებაში არსებული N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის - 407 კვ.მ. ფართზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 აპრილის N002044217 (5002019417) დასკვნის და თბილისის არქიტექტურის სამსახურის გეგმის შესაბამისად.
3. შპს „დ----–--ს“ დ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა, ხოლო მ-----------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე