გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.09.2018
საქმის ნომერი
330210016001613374
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35663-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14.09.2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

 

მოსარჩელე გუ------------–---–- (მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

წარმომადგენელი დი-----–----–---–-

 

მოპასუხე შპს „---–---

წარმომადგენელი ვა-------------- (პარტნიორი), (შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელე)

ვა------------ძის წარმომადგენელი თო---------------–---,პარტნიორის ნი---------–----ის

(შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელე)

წარმომადგენელი მა--------------–---–-

 

პარტნიორების გ-------------–---–ისა და

ლ--–-----------–--ლის წარმომადგენელი

რუ----------–----

 

დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება

 

შეგებებული

სარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ფ-–---------“ მოსარჩელე გ-------------–---–ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 22 615.09 ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.2. მოპასუხე შპს „ფ-–---------“ მოსარჩელე გ-------------–---–ის სასარგებლოდ სარგებლის სახით 4523.01 ლარის გადახდის დაკისრება.

 

გ-------------–---–სა და შპს „ფ-–---“ შორის 2010 წლის 10 იანვარს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N-------, რომლის თანახმად, მსესხებელი სარგებლობდა უფლებით, ექვსი წლის განმავლობაში გამსესხებლისაგან სესხის სახით მიეღო თანხა 30 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში. მხარეთა შეთანხმებით, გაცემული სესხის წლიურ სარგებლად განისაზღვრა 20%.

 

სესხის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოპასუხემ 2010 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 10 იანვრამდე პერიოდში მოსარჩელისაგან მიიღო: 2010 წელს - 4134.70 ლარი; 2011 წელს - 2203 ლარი; 2012 წელს - 1662 ლარი; 2013 წელს - 3895.39 ლარი; 2014 წელს - 3785 ლარი; 2015 წელს - 6935 ლარი. ჯამში, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოპასუხის სასარგებლოდ გაცემულმა სესხის საერთო ოდენობამ შეადგინა 22 615.09 ლარი.

 

სესხზე დარიცხულმა სარგებელმა შეადგინა 2010 წელს გაცემული 4134.70 ლარის 20% - 826.94 ლარი; 2011 წელს გაცემულ 2203 ლარზე წლიური 20% -440.60 ლარი; 2012 წელს გაცემულ 1662 ლარზე წლიური 20% -332.40 ლარი; 2013 წელს გაცემულ 3895.39 ლარზე წლიური 20% -779.07 ლარი; 2014 წელს გაცემული - 3785 ლარის 20%- 757 ლარი; 2015 წელს გაცემულ 6935 ლარის წლიური 20%-1387 ლარი. ჯამში, მისაღები სარგებლის ოდენობამ შეადგინა 4523.01 ლარი.

 

სესხის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4. პუნქტის მიხედვით, მსესხებელს ეძლევა შესაძლებლობა მიღებულ სესხზე დარიცხული სარგებელი გადაიხადოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ეტაპობრივად (ნაწილ-ნაწილ) ან/და ერთაიანად. მიღებული სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის საბოლოო ვადაა 2016 წლის 10 იანვარი.

 

მოპასუხე ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის მიუხედავად, არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და არ იხდის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილ თანხას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს „ფ-–---“ პარტნიორებმა ვა--------------მ და ნი---------–----ემ წარმოადგინეს შეგებებული სარჩელი, მოპასუხე გ-------------–---–ის მიმართ, (ტომი მე-2, ს.ფ. 116-131) რომელთაც მოითხოვეს სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

ვა-------------- წარმოადგენს შპს „ფ-–---“ პარტნიორს 50%-იანი წილით, ხოლო ნი---------–----ე - 22%-იანი წილით. საზოგადოების დაფუძნების დღიდან მისი დირექტორია მოპასუხე გ-------------–---–ი, რომელიც არის საზოგადოების პარტნიორი 12%-იანი წილით.

 

საზოგადოების წესდების თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება იხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, მათ შორის საკითხზე, რომელიც ეხება საზოგადოების მიერ იმ სესხების აღებას, რაც აღემატება ცალკე ან მთლიანად პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე უნდა ემსჯელა საზოგადოების პარტნიორთა კრებას, აღნიშნული კი მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

გ-------------–---–მა, როგორც კომპანიის დირექტორმა გადაწყვეტილება შპს „ფ-–---“ მიერ სესხის აღების თაობაზე მიიღო ერთპიროვნულად, ისე, რომ არ ჩაუტარებია პარტნიორთა საერთო კრება და შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას, როგორც კომპანიის მმართველს/დირექტორს თანხმობა არ მიუღია კომპანიის დანარჩენი დამფუძნებლებისაგან.

 

გუ------------–---–-ს, როგორც კომპანიის წარმომადგენლის უფლება, საკუთარ თავთან დაედო გარიგება შპს „ფ-–---“ წესდებით არ ყოფილა განსაზღვრული.

 

შპს „---–--- არის კვების ობიექტი, ყოფილი რესტორანი „---–---, რადგან მას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, ის ყოველწლიურად იხდის ქონებისა და მიწის გადასახადს. ამის გადახდის ვალდებულება იკისრეს პარტნიორებმა პირადი შემოსავლებიდან, რადგან კომპანიას არ ჰქონდა შემოსავალი. 2010 წლიდან გ-------------–---–მა უარი განაცხადა შენატანების განხორციელებაზე და დანარჩენ პარტნიორებს შეთავაზა კომპანიაში პირადი მეურნეობის მოწყობა, დროებით მთელი ქონების დათმობა და ამის სანაცვლოდ კომპანიის საგადასახადო და სხვა ვალდებულებების შესრულება. კომპანიის პარტნიორები დაეთანხმნენ მის წინადადებას და გადასცეს მფლობელობაში კომპანიის ქონება. იგი აქირავებდა ფაცხებს, მოაშენა საქონელი და იმის ნაცვლად, რომ მიღებული შემოსავლიდან გადაეხადა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები, თავის თავთან დადო სესხის ხელშეკრულება და უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა კომპანია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გ-------------–---–ი (პ/ნ 0----------) , გ-------------–---–ი (პ/ნ 0----------), ნი---------–----ე, ლ--–-----------–--ლი და ვა-------------- არიან შპს „ფ-–---“ პარტნიორები შემდგომი წილობრივი მონაწილეობით: გ-------------–---–ი (პ/ნ 0----------) - 12%, გ-------------–---–ი (პ/ნ 0----------)- 10%, ნი---------–----ე - 22%, ლ--–-----------–--ლი - 6% და ვა-------------- - 50%.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 140-141).

 

3.2.2. შპს „ფ-–---“ დირექტორია გ-------------–---–ი. (პ/ნ 0----------).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 140-141).

 

3.2.3. გუ------------–---–სა (პ/ნ 0----------) და შპს „ფ-–---“ შორის 2010 წლის 10 იანვარს გაფორმდა წერილობითი სესხის ხელშეკრულება N-------, რომლის თანახმად, მსესხებელი სარგებლობდა უფლებით, ექვსი წლის განმავლობაში გამსესხებლისაგან სესხის სახით მიეღო თანხა 30 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში. მხარეთა შეთანხმებით, გაცემული სესხის წლიურ სარგებლად განისაზღვრა 20%. სესხის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4. პუნქტის თანახმად, მსესხებელს ეძლევა შესაძლებლობა მიღებულ სესხზე დარიცხული სარგებელი გადაიხადოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ეტაპობრივად (ნაწილ-ნაწილ) ან/და ერთიანად. მიღებული სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის საბოლოო ვადაა 2016 წლის 10 იანვარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

სესხის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 17-19).

 

3.2.4. სესხის ხელშეკრულების N--------ის 2010 წლის 27 თებერვლის N1 დანართის თანახმად, გამსესხებელმა გ-------------–---–მა შპს „ფ-–---“ სესხის სახით გადასცა 1001 ლარი; 2010 წლის 06 ივლისის დანართი N2-ის თანახმად - 1302 ლარი; 2010 წლის 26 ოქტომბრის დანართი N3-ის თანახმად - 111.70 ლარი; 2010 წლის 25 ნოემბრის დანართი N4-ის თანახმად - 98 ლარი; 2010 წლის 24 დეკემბრის N5 დანართის თანახმად - 1622 ლარი; 2011 წლის 25 იანვრის დანართი N6 -ის თანახმად - 163 ლარი; 2011 წლის 24 თებერვლის N7-ის თანახმად - 137 ლარი; 2011 წლის 06 აპრილის დანართი N8-ის თაანხმად - 401 ლარი; 2011 წლის 04 ოქტომბრის დანართი N9-ის თანახმად - 501 ლარი; 2011 წლის 22 დეკემბრის დანართი N10-ის თანახმად - 1001 ლარი; 2012წლის 23 იანვრის დანართი N11-ის თანახმად - 701 ლარი; 2012 წლის 27 აპრილის დანართი N12-ის თანახმად - 160 ლარი; 2012 წლის 30 აპრილის დანართი N13-ის თანახმად - 500 ლარი; 2012 წლის 09 ნოემბრის დანართი N14-ის თანახმად - 301 ლარი; 2013 წლის 08 იანვრის დანართი N15-ის თანახმად - 3000 ლარი; 2013 წლის 02 აგვისტოს დანართი N16-ის თანახმად - 800 ლარი; 2013 წლის 19 ნოემბრის დანართი N17-ის თანახმად - 95.39 ლარი; 2014 წლის 02 აპრილის დანართი N18-ის თანახმად, 3120 ლარი; 2014 წლის 15 აგვისტოს დანართი N19-ის თანახმად - 665 ლარი; 2015 წლის 22 იანვრის დანართი N20-ის თანახმად - 1100 ლარი; 2015 წლის 19 თებერვლის დანართი N21-ის თანახმად- 2035 ლარი; 2015 წლის 28 აპრილის დანართი N22-ის თანახმად - 800 ლარი; 2015 წლის 27 ოქტომბრის დანართი N23-ის თანახმად - 3000 ლარი;

 

ჯამში, სესხის ხელშეკრულების დანართებიდან გამომდინარე, დასტურდება გამსესხებლის გ-------------–---–ის მიერ შპს „ფ-–---------“ 2010 წლის 27 თებერვლიდან - 2015 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, 22 615.09 ლარის გადაცემის ფაქტი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

სესხის ხელშეკრულების დანართები (ტომი 1, ს.ფ. 20-42).

 

3.2.5. საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებიდან, საგადასახადო დავალებებიდან და საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან დგინდება, სესხის ხელშეკრულების დანართებით გამსესხებლის მიერ მსესხებლის შპს „ფ-–---------“ გადაცემული თანხების შეტანა მსესხებლის სალაროში და ამ თანხებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების, კომუნალური და სხვა მომსახურების ხარჯების გადახდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები,საგადასახადო დავალებებით, საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან (ტომი 1, ს.ფ. 43-138).

 

3.2.6. სასამართლო არ იზიარებს შპს „ფ-–---“ პარტნიორების აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ გ-------------–---–ის მიერ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხა 212 615.09 ლარი, არ წარმოადგენდა მის კუთვნილ თანხას და რეალურად იყო შპს „ფ-–---“ ფუნქციონირების შედეგად მიღებული შემოსავალი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

 

ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, საპირისპირო მტკიცების ტვირთი, რომლითაც გამოირიცხებოდა სადავო თანხაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, მოპასუხის მხარეზეა, რომელიც მიუთითებს, რომ თანხა, რომელიც გ-------------–---–ის მიერ შპს „ფ-–---“ სალაროშია შეტანილი წარმოადგენს თავად ამ საზოგადოების საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს.

 

საქმეზე დართულია ხელწერილები, რომლის თანახმად, დგინდება, რომ 2005 -2006 წლების განმავლობაში ვა-------------- გ-------------–---–ს გადასცემდა თანხას შპს -ს ქონებისა და სხვა საჭიროებებისათვის. მოპასუხე შპს-ს პარტნიორებმა ეს მტკიცებულებები, წარმოადგინეს იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ პარტნიორები პირადი შემოსავლებიდან იხდიდნენ საზოგადოების ქონებისა და სხვა გადასახდელებს. (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 164-170). სასამართლო მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების დადგენისათვის, ამ გარემოებას არა აქვს მნიშვნელობა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ გააქარწყლა ის ფაქტი, რომ შპს-ში გ-------------–---–ის მიერ შეტანილი თანხა მის კუთვნილებას არ წარმოადგენდა, მხოლოდ მხარის განმარტებით, ამ გარემოებას სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს.

3.2.7. შპს „ფ-–---“ დირექტორს წესდების თანახმად, 30 000 ლარის ფარგლებში სესხის ასაღებად პარტნიორების თანხმობა არ სჭირდებოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

შპს „ფ-–---“ პარტნიორები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ წესდების თანახმად, დირექტორი არ იყო უფლებამოსილი სესხის ხელშეკრულება დაედო პარტნიორთა კრების (თანხმობის) გადაწყვეტილების გარეშე.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს „ფ-–---“ წესდების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის „თ“ პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება იხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე: მათ შორის: იმ სესხებისა და კრედიტების აღების თაობაზე, რომლებიც აღემატება ცალკე ან მთლიანად პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას. თავად მხარეები ადასტურებენ და სადავო არ არის ის გარემოება, რომ არ არსებობს პარტნიორებს შორის შეთანხმება, რომლითაც დირექტორს შეეზღუდებოდა ერთპიროვნულად სესხისა და კრედიტის აღება გარკვეულ თანხაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ფ-–---“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს - დირექტორს გ-------------–---–ს გამსესხებლის გ-------------–---–ისთან 30 000 ლარის ფარგლებში, სესხის ხელშეკრულების გასაფორმებლად და ამ ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ასაღებად პარტნიორთა თანხმობა არ სჭირდებოდა, რადგან არ არსებობს შეთანხმება, რომელიც აუკრძალავდა დირექტორს პარტნიორების გადაწყვეტილების გარეშე, სადავო გარიგების დადებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ფ-–---“ პარტნიორების სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 327-ე, 59-ე, 111-114-ე, 316-ე, 361-ე, მე-400 მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მსესხებლის შპს „ფ-–---“ პარტნიორები სადავოდ ხდიან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პარტნიორთა თანხმობის გარეშე დაიდო სადავო გარიგება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ 3.2.7. ფაქტობრივ გარემოებაში დადგენილია, რომ შპს „ფ-–---“ წარმომადგენელს გ-------------–---–ს საზოგადოების წესდების თანახმად, 30 000 ლარის ფარგლებში სესხის ხელშეკრულების დასადებად არ სჭირდებოდა წარმოდგენილი პირის პარტნიორების თანხმობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული, სადავო სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მსესხებლის პარტნიორები სადავო სესხის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მიუთითებენ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც არ არსებობს სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ წარმომადგენლის მიერ სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლით განსაზღვრული გარიგების დადებაზე თანხმობა არის ცალმხრივი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა და არ საჭიროებს სპეციალურ ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლში, მიუხედავად შეზღუდვისა, გათვალისწინებულია გამონაკლისი, როდესაც საკუთარ თავთან გარიგების დადებაა დასაშვები. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპებს. (54-ე მუხლს და სხვა) ზემოაღნიშნული მუხლი ადგენს საკუთარ თავთან დადებული გარიგების აკრძალვის საგამონაკლისო „უფლებრივი სარგებლის“ ცნებასთან დაკავშირებით შემთხვევებს. ნებადართულია წარმომადგენლის მიერ მსგავსი გარიგების დადება - ან წარმოდგენილისაგან თანხმობის არსებობისას, ან იმ დროს, როდესაც ეს გარიგება, გამონაკლისის სახით, არსებული ვალდებულების შესრულებას ემსახურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს წინასწარ გაცემულ თანხმობა -ნებართვას (მე-100 მუხლი) და შემდგომ თანხმობას -მოწონებას (101-ე მუხლი).

 

იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილს შესაძლებლობა აქვს უკეთ შეაფასოს ხსენებული გარიგების სამართლებრივი შედეგები მისი დადების შემდეგ და არა მის დადებამდე, განსახილველი დანაწესი ანიჭებს წარმოდგენილს უფლებას მოიწონოს წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგება და ამ მოწონების საფუძველზე დატოვოს ის ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლი ადგენს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მხოლოდ შეზღუდვის წინაპირობას, რომლის თანახმად, წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულება არა მისი დადებისთანავე უპირობოდ ბათილია, არამედ მის მოწონებამდე-მერყევად ბათილია. წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება 111-113-ე მუხლები, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილი პირისათვის ნებისმიერ დროს უნდა იყოს შესაძლებელი თავისი ინტერესების შესაბამისად ასეთი გარიგება მოიწონოს და ამით ხელშეკრულება ნამდვილად აქციოს, ან არ მოიწონოს და ამით გააბათილოს იგი.

მართალია, წარმოდგენილი არ არის ვალდებული მოიწონოს გარიგება, თუმცა გამონაკლისის სახით შესაძლოა მოწონების ვალდებულება მაინც წარმოიშვას. ასეთი შემთხვევა კი მაშინაა სახეზე, თუკი აღნიშნულის განუხორციელებლობა ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლით განმტკიცებულ კეთილსინდისირებისა და გულისხმიერების პრინციპებს.

სასამართლო მიუთითებს,რომ სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს თუ არც გარეგნული და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. ამ ნორმების მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა, შეიძლება სხვადასხვა გზითა და საშუალებით გამოიხატოს. ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როცა მხარეები სიტყვიერად გამოხატავენ თავიანთ ნებას. მაგრამ 53-ე მუხლი იმაზეც მიუთითებს, რომ შესაძლებელია არსებობდეს ნების გამოხატვის სხვა საშუალებებიც. ამგვარი გამოხატვის ყველაზე გავრცელებული ფორმებია დუმილი და კონკლუდენტური მოქმედებები.

კონკლუდენტური მოქმედებებისას ნების გამოვლენა თვით გარემოებათაგან ივარაუდება. ასეთ შემთხვევაში ივარაუდება გარიგების დადების სურვილი. კონკლუდენტური მოქმედება საკმარისია გარიგების დასადებად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლით გათვალისწინებული წარმოდგენილი პირის თანხმობა ან მოწონება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას წარმოადგენს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კონკლუდენტური მოქმედებებით.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც სასამართლოს მიერ 3.2.4. და 3.2.5. პუნქტებით არის დადგენილი, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის სადავო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 22 615.09 ლარის ოდენობის თანხა, მსესხებელის მიერ მიღებულია და გახარჯულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საჭიროებებისათვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს-ს პარტნიორებმა კონკლუდენტური მოქმედებით - გ-------------–---–ისაგან სესხად გაცემული თანხის ათვისებით მოიწონეს გამსესხებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგება. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც გ-------------–---–ისაგან მიღებული სესხის თანხა მსესხებელმა შპს „ფ-–---“ აითვისა, მას გარიგების მოწონების ვალდებულება წარმოეშობა, რადგან ასეთი მოწონების განუხორციელებლობა მოცემულ შემთხვევაში ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული კეთილსინდისიერების პრინციპს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამსესხებელს გ-------------–---–სა და მსესხებელს შპს „ფ-–---“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნამდვილი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, გ-------------–---–მა შპს „ფ-–---“ 2010 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, სესხის სახით, საკუთრებაში გადასცა ჯამში, 22 615.09 ლარი, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით, რაც შეადგენს 4523.01 ლარს. მსესხებელმა შპს „ფ-–---“ იკისრა ვალდებულება ნასესხები თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ეტაპრივად ან/და ერთიანად, 2016 წლის 10 იანვრამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსესხებელს შპს „ფ-–---“ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებულ ვადაში, არ დაუბრუნებია ნასესხები თანხა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „ფ-–---“ მოსარჩელე გ-------------–---–ის წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „ფ-–---“ ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ, მას გადასახდელი აქვს სესხის ძირითადი თანხა 22 615.09 ლარი და სარგებელი 4523.01 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 814.15 ლარი. (ტომი 1, ს.ფ. 142-143). რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება. შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის გამო, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელებზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ფ-–---“ მოსარჩელე გ-------------–---–ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 22 615.09 ლარისა და სარგებლის 4523.01 ლარის გადახდა.

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „ფ-–---“ მოსარჩელე გ-------------–---–ის სასარგებლოდ 814.15 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

3. შპს „ფ-–---“ პარტნიორების ვა------------ძისა და ნი---------–----ის სარჩელი სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია